18.03.2010
"იყავ მორწმუნე სიკვდილამდე - მართლმადიდებლობის ხვედრი ოსმალეთის იმპერიაში XV-XX ს-ში"
ასე ჰქვია ამ მშვენიერ წიგნს, რომელიც 2005 წელს გამოსცა მოსკოვში მაცხოვრის წინადაცვეთის სახელობის მონასტერმა.
მკითხველს ვთავაზობთ ამ წიგნს მცირეოდენი შემოკლებით.
წინასიტყვაობა. როცა 1453 წლის 29 მაისის საღამოს, უდიდესი კატასტროფის ბურუსში მზე ჩაესვენა თეოდორიას დანგრეულ კედლებს მიღმა, ბინდმა, რომელშიც გაეხვია დედამიწა, სათავე დაუდო საუკუნეთა მანძილზე ყველაზე გრძელ და მტკივნეულ ღამეს, რომლის დროსაც სული მართლმადიდებელი ბერძენი ერისა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ერკინებოდა სიკვდილს. კონსტანტინოპოლის აღების მერე თურქეთის არმია შევიდა ათენში (1456), 1458 წელს დანებდა აკროპოლისი, 1460 წელს მორეა, 1461 წელს დაეცა ტრაპიზონი, 1571 წელს კი დაიპყრეს კვიპროსი.
"უსაზღვროდ მიკვირს, როგორ შესძლო გადარჩენა ქრისტიანულმა რწმენამ თურქეთში, - აღფრთოვანებით წერს ევროპელი რიშარი XVIII საუკუნეში, - ანდა როგორ ცხოვრობს საბერძნეთში მილიონ ორასი ათასი ქრისტიანი. აბა, წარმოიდგინეთ ნერონის, დომიციანესა და დიოკლეტიანეს დროიდან მოყოლებული ქრისტიანობას ისეთი სასტიკი დევნა არ განუცდია, რა დღეშიცაა დღეს აღმოსავლეთის ეკლესია... და მაინც, დიდება ღმერთს, რომ ბერძნები ქრისტიანებად რჩებიან. ვფიქრობ, ამას უნდა უმადლოდნენ ღვთისმშობელს, რომელსაც პატივს მიაგებენ... თითოეულ სახლში ნახავთ ღვთისმშობლის ხატს. იგია მცველი, უფრო სწორად, იგია ამ ოჯახის დიასახლისი. ამ ხატისკენ მიაპყრობენ მზერას, როცა უბედურება დაატყდებათ თავს და შეწევნას სთხოვენ, მასთანვე მიდიან ღვთისთვის მადლობის შესაწირად, თუ ოჯახში, ღვთისმშობლის წყალობით, საბედნიერო ამბავი მოხდება... მომისმენია, როგორი უშუალობით, განცდით, ამაღელვებლად საუბრობენ ბერძნები ღვთისმშობელზე".
ბიზანტიის მიწებზე თურქების გაბატონების შემდეგ, მრავალგვარი შეზღუდვა დაწესდა. ქრისტიანს არ შეეძლო განცხადებულად ეღიარებინა თავისი რწმენა, არ შეეძლოთ, ლიტანიობით მსვლელობა მოეწყოთ, ზარი დაერეკათ, ერთმორწმუნეები საკუთარ სახლებში ლოცვისთვის შეკრებილიყვნენ. ეკვდერები ან ეკლესიები აეშენებინათ, ეტარებინათ იარაღი ან მუსლიმანთა სამოსი ჩაეცვათ. ქრისტიანს შეეძლო მხოლოდ ვირზე მჯდარს ემგზავრა, თუმცა როცა მუსლიმანს გვერდით ჩაუვლიდა, აუცილებლად უნდა ჩამოქვეითებულიყო. ქრისტიანთა სახლებს განსაკუთრებული ნიშნებით აღნიშნავდნენ, რათა მოწყალების სათხოვნელად შეცდომით მასთან მისული რომელიმე ღარიბი მუსლიმანისთვის არ ეთქვათ, - "ღვთის კურთხევა" მოგვეცითო.
ისლამის მიღებას აიძულებდნენ, ხშირად თურქები ართმევდნენ ქრისტიანებს ბავშვებს (6-დან 14 წლამდე "ითს ოღლან") სულთანის კარზე სამსახურისთვის კონსტანტინოპოლში ანდა ანდრიანოპოლში, ასევე ყმაწვილებს (14-დან 20 წლამდე "აჯემ ოღლან) - სამხედრო სამსახურისთვის. მათ დედაქალაქში ასწავლიდნენ თურქულ, სპარსულ და არაბულ ენებს, იარაღის ხმარებას, წვრთნიდნენ ფანატიკოს მუსლიმან-იანიჩარებად. სამხედრო გაწვევა ხდებოდა ოლქებში, საეკლესიო-სამრევლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, თავიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მერე კი ხშირად. თურქების ბატონობის პირველ ორ საუკუნეში ბერძნებს წაართვეს მილიონამდე ბავშვი. მაგრამ მურატ IV-ის (1632) რეფორმის მერე მდგომარეობა გამოსწორდა, ვინაიდან სამხედრო სამსახურში თურქების გაწვევაც დაიწყეს. 15-50 წლამდე ძლიერსა და ჯანმრთელ ბერძნებს თურქები თავიანთ სასამართლოში სამსახურისთვისაც იყენებდნენ. ყოველ მეოთხე წელს სოფელი ვალდებული იყო, ახალგაზრდები თურქეთის ფლოტში გაეგზავნა.
ზოგიერთი ისლამის მზაკვრული ქადაგების მერე მაჰმადიანდებოდნენ - ღმერთმა ქრისტიანები ცოდვების გამო მიატოვა და ახლა მუსლიმანებს ეხმარებაო. თუ ქრისტიანი მოისურვებდა გამაჰმადიანებას, აუცილებლად ხალხის წინაშე უნდა გასულიყო, თითი ზევით აეწია და ეთქვა: "ლა ილ ლაჰ ილლალაჰ" ("მუჰამედი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია ღვთისა"). ამის მერე წაიყვანდნენ უმაღლეს მსაჯულთან და მის წინაშე უნდა გაემეორებინა ნათქვამი, უარეყო ქრისტიანული რწმენა. შემდეგ უმაღლეს სასამართლოში ახალ სამოსს მიუტანდნენ და თავზე ახალ სარიკს შემოახვევედნენ. ხშირად სრულიად უდანაშაულოებს აბეზღებდნენ თურქეთის ხელისუფლებასთან. თუ სასამართლოზე არ დაადასტურებდა ნათქვამს, მაშინ გამოსასწორებელ სასჯელს ანდა სიკვდილს განუჩენდნენ.
მრავალი ქრისტიანი, რომლებიც ისტორიული გარემოებების გამო დამონებული და ისლამიზებული აღმოჩნდებოდა, ინახავდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ღვთისმსახურებას მიწისქვეშა კატაკომბურ ეკლესიებში აღასრულებდნენ. ისტორიკოს მანუელ გედეონის მოწმობით, დედაქალაქის ზოგიერთ კერძო სახლში მოწყობილი ჰქონდათ მიწისქვეშა ტაძრები, ეს სახლები მეგარონებს ეკუთვნოდათ, რომლებიც სააშკარაოდ მუსლიმანები იყვნენ, დაფარულად კი ქრისტიანები, მათ თავიანთი მღვდელიც ჰყავდათ".
დაფარულ ქრისტიანებს ანუ კრიპტოქრისტიანებს, ეძახდნენ: კლოსტებს, სტაროვერებს, კრომლიდებს, ოფიტებს (პონტოში), ლინობამბაკებს (კვიპროსში, კრეტაზე) ჰპაფიოტებს (ალბანეთში).
ფარული ქრისტიანობის ფენომენი წარმოიშვა ბიზანტიაში, არაბთა დაპყრობების დასაწყისიდან. მართლმადიდებელ ეკლესიას მუსლიმანური ეკლესიის ცთომილებაზე ცხადად ჰქონდა გამოხატული პოზიცია, 1180 წლის კონსტანტინოპოლის კრების ტომოსით, ხელი მოაწერეს იმპერატორმა მანუელ კომნენოსმა, მღვდელმთავრებთან ერთად, მათი დამოკიდებულება იმ ქრისტიანების მიმართ, რომლებიც გარდაუვალი ისლამიზაციის პირობებში მოხვდნენ, იკონომიის პრინციპებზე დაყრდნობით საკმაოდ რბილი რჩებოდა. როცა 1330 წელს ბითვინიის ნივეა სულთანმა ორჰანმა დაიპყრო, ოკუპირებული ტერიტორიიდან იქ მცხოვრებთა შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ცხონება რწმენის შეცვლის შემთხვევაშიო, კონსტნატინოპოლის პატრიარქმა იოანე XIV-მ (1334-1347) ორი ეპისტოლით უპასუხა 1330 და 1340 წლებში. იგი წერდა, რომ არსებობს ორი გზა. პირველი - უარყოფა ისლამისა ანუ მოწამეობა, მეორე კი ფარული აღმსარებლობა ქრისტინობისა, ქრისტეს მცნებების ცხადი დაცვით.
მამა პაისის, რომელიც წარმოშობით მცირე აზიელი იყო, მხოლოდ განაგონი არ ჰქონდა ფარულ ქრისტიანებზე, ადასტურებდა ასეთ შესაძლებლობას: "ნამდვილ ფარულ ქრისტიანებს რწმენაზე უარი არ უთქვამთ. როცა თურქებმა კაპადოკიაში ფარასას კუთვნილი 27 სოფელი გადაწვეს, ზოგიერთი მცხოვრები იქიდან შორს, სხვა მხარეში წავიდა. სადაც მათი ქრისტიანობა არ იცოდნენ, მათ მუსლიმანებად თვლიდნენ... ეს ხალხი ფარული ქრისტიანები არიან, მაგრამ თუ მათ შეიპყრობენ და ჰკითხავენ, - გავიგეთ, რომ შენ ქრისტიანი ხარო, უნდა უპასუხონ: - დიახ, მე ქრისტიანი ვარო. ერთ თურქულ სოფელში ბევრი ფარული ქრისტიანი ცხოვრობდა, მათი მამასახლისი კი მღვდელი იყო, მამა გიორგი, მაგრამ ხალხი ჰასანს ეძახოდა. ერთხელ მასთან თურქები მივიდნენ და მოახსენეს, - ამა და ამ ადგილას კატაკომბებში ქრისტიანები იმალებიანო. ნუ ღელავთ, წავალ და ვნახავო, - უთხრა მათ მამასახლისმა. მოჰკიდა თავის ხალხს ხელი და კატაკომბებისკენ გაემართა. იქ მართლაც უამრავი ქრისტიანი შეკრებილიყო. ის მივიდა სამეუფეო კარებთან, კაუჭიდან ჩამოხსნა ოლარი, გაიკეთა, მწუხრის ლოცვა დაიწყო და თავისიანები გააფრთხილა, - სათანადო ზომები მიიღეთო. თურქები კი დაამშვიდა, - იქ არავინ არის, ცრუ ხმები გაუვრცელებიათო. "ასეთი ხალხი განდგომილი არ არის".
ფარული ქრისტიანების ცხოვრების ამბები გვეხმარება, სრულად წარმოვიდგინოთ მათ მიერ არჩეული ეკლიანი გზა და განსაცდელები, რომელთანაც უხდებოდათ შეჯახება და ასევე სოციალური სიკეთეები, რომელიც, საეჭვოა, რომ უმსუბუქებდათ სინდისის ქენჯნას. ქვემოთ მოტანილი ერთ-ერთი მოთხრობის გმირის თქმით, "სოფელი სხვანაირებს გვიცნობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთები ვართ, როგორიც მათ ვგონივართ (ანუ თურქები, - კ.კ.). შინაგანად კი ჩვენი რწმენით ვცხოვრობთ (ანუ მართლმადიდებლობით). ერთი საწინააღმდეგოა მეორისა, ესაა ჩვენი ტრაგედია". ბევრი ვერ უძლებდა ამ გაორებას და აღმსარებლობაზე მიდიოდა, როგორც მონგლენის მიტროპოლიტი იოანე. ეპარქიის ისლამიზაციიდან რამდენიმე წლის მერე, როცა "კეთილმორწმუნე მუსლიმანები მუჰამედს თაყვანს სცემდნენ", მეუფე შევიდა მეჩეთში, გამოისახა ჯვრის ნიში და თქვა: "ერთი არს ჭეშმარიტი ღმერთი ძე მისი მხოლოდშობილი ქრისტე"... სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, ისე გაგლიჯა მუსლიმთა ბრბომ.
დაფარული ქრისტიანი მღვდლები გადაცმულები ხოჯებად, დერვიშებად, მწვანილისა და შეშის გამყიდველებად, ქალაქებსა და სოფლებში დაეხეტებოდნენ თავიანთი სულიერი შვილების მოსანახულებლად. 1888 წელს ტრაპიზონში ერთმა მღვდელმა შინ ღამის გასათევად ხოჯა შეუშვა. მცირე ხნის საუბრის შემდეგ გამოირკვა, რომ იგი დაფარული მართლმადიდებელი მღვდელი იყო. სახელგანთქმული ჰაჯი-ოსმან-ფაშა, რომელიც უმოწყალოდ გაუსწორდა იანიჩარების თავხედობას კრეტაზე, კუნძულის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წლებში, იყო მსოფლიო საპატრიარქოს პირველი მდივანი, მღვდელი ბასილი, რომელიც პატრიარქის კურთხევით გაეგმგზავრა კრეტაზე ადგილობრივი ქრისტიანების დასახმარებლად.
თავისუფლების პირველი ყლუპი თურქეთის ქრისტიანებმა ხანი ნატი სერიფეს (1839) დროს იგემეს. ყირიმის ბრძოლაში თურქების გამარჯვების მერე (1856) მისმა მოკავშირე ინგლისელებმა, ფრანგებმა და ავსტრიელებმა თურქეთის ხელისუფლებას ქვეშევრდომთა რჯულთშემწყნარებლობის მოთხოვნა წაუყენეს: "არავინ აიძულოთ, რწმენა შეიცვალოს". 1856 წელს სულთან ხატი ჰუმაიუნის ბრძანებით, რელიგიური თავისუფლება მიეცათ თურქეთში ეროვნულ უმცირესობებს, მაშინ პონტოში ათასობით ქრისტიანულმა ოჯახმა აშკარად აღიარა ქრისტიანული რწმენა.
მაგრამ დღემდე ცოცხლები არიან ფარულ ქრისტიანთა შთამომავალნი, "რომლებიც დიდი თრთოლვით იგონებენ იმ სულის გამგმირავ სცენებს, 6 საუკუნის მანძილზე რომ თამაშდებობდა მათი წინაპრების თვალწინ. ბერძნულენოვანი თურქებით არის დასახლებული ტონიასის, ოფის, სურმენის, მასტუკარის პროვინციები. ისინი ძალით მოაქციეს ისლამზე XVII-XVIII საუკუნეებში დღემდე "ოფიტები" რამაზანს (მუსლიმანთა მარხვას, - კ.კ.) ტრიოდს ეძახიან. საუბრობენ "ბერძნული ენის პონტოურ დიალექტზე, იციან პონტოური ცეკვა-სიმღერები. კონსტანტინე ფოტიადისმა 1980-იან წლებში ჩაიწერა ერთი ოფელი თურქის მონათხრობი, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს: "ოფში დღემდე არიან ფარული ქრისტიანები. დღეს ეკლესიები მხოლოდ კონსტანტინოპოლში დარჩა, ამიტომ ჯვრის დასაწერად კონსტანტინოპოლში (ანუ სტამბოლში) მიემგზავრებიან "საქორწინო მოგზაურობით. კონსტანტინოპოლშივე ნათლავენ ბავშვებს". დღემდე თურქეთის სოფლებში შეიძლება შეხვდე ორსახელიან "თურქს", საოჯახო სკივრებში წააწყდე ხატებს, სანთლებს და ჯვრებს. ზოგიერთ ზღვისპირა ქალაქსა და მთის სოფლებში ცხოვრობენ კლოსტების შთამომავლები. ასეთ ოჯახებში მოხუცები პონტოურ დიალექტზე საუბრობენ, მაგრამ ახალგაზრდებს უკვე არ ესმით ეს ენა, ასევე ვერ გრძნობენ კავშირს ბერძნულ ქრისტიანულ ტრადიციებსა და თავიანთ ბერძნულ წარმომავლობას შორის.
დაფარული ქრისტიანობა - რთული და არაერთგვაროვანი მოვლენაა ბალკანეთის ეკლესიების ისტორიაში, მათი მოუშუშებელი იარაა.
ბალკანეთის ეკლესიებმა თურქეთის ბატონობას ღვთის მოწყალებით, ღვთისმშობლისა და რწმენისთვის დაღვრილი ახალმოწამეთა სისხლის მეოხებით გაუძლეს. "როგორ არ უნდა შეწიროს ღმერთს მადლობა იმან, ვინც ხედავს... ამდენ მოწამეს, რომლებმაც ჩვენი რწმენის თავისუფლებისა და კეთილშობილების შესანარჩუნებლად არად ჩააგდეს სიმდიდრე, დილემა, გართობა, სხვა ყველა ხორციელი სიამოვნება და განმზადებულად მიეცნენ სიკვდილს" (ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი).
ბერძნული, სერბული და ბულგარული ტრადიციებით წმინდანებს ეძახიან ბალკანეთში თურქეთის ბატონობისას ვნებულ ახალმოწამეებს. "ახალმოწამეთა სვინაქსარის" თანახმად, XV საუკუნიდან ცნობილია 9 წმინდანის ცხოვრება. XVI საუკუნიდან 22, XVIIს. - ოცდათვრამეტი. XVIIIს. - 50, XIXს. - 58. მათი სისხლითა და ღვაწლით, 5-საუკუნოვანი გამოცდის მერე, ამოანათა მზემ სიმართლისა და XIX საუკუნის ბოლოს ბერძენი, სერბი და ბულგარელი ხალხები განთავისუფლდნენ თურქეთის ძალადობისაგან და ამასთან დაკარგეს თავიანთი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი.
უფრო ხშირად ახალმოწამეები ხდებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე (ახალმოწამენი - დუკა მკერავი, ნიკოლოზ მედუქნე, არგისა, მიქაელ მებაღე). მიიღეს ისლამი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და განცხადებულად აღიარეს მართლმადიდებლობა (ახალმოწამენი: მიქაელ სმირნელი, გიორგი ქიოსელი). ძალზე იშვიათად თურქი მართლმადიდებლობაზე გადასულნი (ახალმოწამენი: ომარი და აჰმედ ალფასი), ახალ მოწამეთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ ე.წ. "ეროვნული მოწამეები" - მღვდელმთავრები, რომელთაც "სამშობლოსა და რწმენისთვის" სიკვდილი აირჩიეს (მათ შორისაა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გრიგოლ V, რომელიც თურქებმა 1921 წლის აღდგომა დღეს მოკლეს).
ის, ვინც ქრისტესთვის სიკვდილს მოისურვებდა, ჯერ უნდა მისულიყო გამოცდილ და სათნოებებით აღსავსე სულიერ მამასთან, ეღიარებინა ცოდვები და გაეცხადებინა თავისი სურვილი. მერე მისგან ზეთის კურთხევის საიდუმლო მიეღო, განმარტოებულიყო, ემარხულა, მღვიძარებასა და ლოცვაში ღვთისგან ცოდვათა მიტევება ეთხოვა, გაძლიერებულიყო კეთილმოკრძალებული ზიარებით და ბოლოს მისულიყო მუსლიმანთა თავშესაყარში, საჯაროდ ეღიარებინა ქრისტე და დაეღვარა სისხლი მისთვის.
ახალმოწამეთა გარდა თურქების ბატონობის წლებში განდიდნენ და ელადის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა სახარების მრავალი მქადაგებელი მონაზონი, რომლებიც ბერძნებს თავიანთ მართლმადიდებლურ ფესვებთან აბრუნებდნენ (მღვდელმოწამე კოზმა ეთოლელი და მღვდელმთავარი მაკარი ნოგარისი).
შემდგომში გაგაცნობთ ისტორიულ და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, ბიზანტიის იმპერიის ყოველი ტერიტორიის მკვიდრ ქრისტიანებზე, რეალურ ამბებს ადამიანთა ხვედრისა თურქების ბატონობის ჟამს და განთავისუფლების შემდეგ.