ადამისა და მის მემკვიდრეთა - კაენისა და აბელის და მათ შთამომავალთა ხვედრი საყოველთაოდაა ცნობილი და ამაზე ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.
რაც შეეხება წარღვნის შემდგომ კაცობრიობას, იგი ნოეს შთამომავალთაგან წარმოდგა. ნოეს სამი ძის - სემის, ქამისა და იაფეტის ისტორია უძველესი ისტორიის იდენტურია.
ამ დროისათვის კაცობრიობა ერთიანი, ერთ ენაზე მეტყველი და ეთნიკურადაც მსგავსი იყო. აი, რას გვაუწყებს დაბადება ამის შესახებ: "ერთპირი იყო მთელი დედამიწა და ერთ ენაზე მეტყველი. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, პოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად - ფისი. თქვეს: აბა, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი... თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელ დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბადება 11:1-9).
ნოეს ძე, ქამი, ქანაანის მამამთავარი იყო, სემმა ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი, იაფეტმა კი ევროპისა და აზიის მრავალ ხალხს, მათ შორის - ქართველებს. საინტერესოა, რომ თავად სიტყვა "იაფეტი" გავრცელებას ნიშნავს.
იაფეტისადმი ქართველთა განსაკუთრებული ინტერესი ბუნებრივია. მასაც, როგორც ნოეს სხვა მოდგმას, თავისი სახე და მისია აქვს. მაინც, რა ვიმემკვიდრევეთ მისგან და რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენთვის?
სანამ ამ კითხვას ნაწილობრივ მაინც გავცემდეთ პასუხს, ფაქტებს ჩავუღრმავდეთ და ისევ დაბადებაში მოვიძიოთ ჩვენი ძირები: "იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავიანთ ქვეყანაში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში" (დაბადება 10:2-5).
ამ სახელებს ბიბლიის კომენტატორი ასე განმარტავს: გომერი - ამ ხალხის სახელს სხვაგანაც ვხვდებით ბიბლიაში, წინასწარმეტყველ ეზეკიელთან, რომელიც ამ უკანასკნელთ თუბალისა და მოსოხის მეზობლად აღწერს.
მაგოგი - ეზეკიელთან ეს ტომები გამოცდილი და დახელოვნებული მოისარნი არიან. ისინი ზემოთ დასახელებულთა მეზობლად, ჩრდილოეთით ცხოვრობენ. მათში ზოგი სკვითებს ხედავს, რომლებიც აზოვის ზღვის პირას დასახლდნენ, ასევე - სკვით-თურანელებსაც. სკვითების ბედისწერა, ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად, აღსრულდა და ისინი მაშინ განადგურდნენ, როდესაც დაბრუნდნენ და დასნეულდნენ (ჰეროდოტე).
მადაის სახელით არიელები და დასავლეთ აზიის მკვიდრი მიდიელები იწოდებიან. მათი დიდი ნაწილი თანდათან აღმოსავლეთში გადმოსახლდა და ინდუსთა სახელი მიიღო.
მიდიელთა სპარსელებთან და, საერთოდ, არიელებთან ნათესაობის შესახებ წინასწარმეტყველი დანიელიც წერდა.
იავანი - ბერძნებზე, უპირველესად კი - იონიელებზე მიუთითებს.
თუბალები და მესხები დაბადებაშიც და წმინდა წერილშიც მაგოგის მოხარკეებად ერთად იხსენიებიან. ერთხელ იავანთან ერთიანდებიან, ორ ადგილას კი მათი სამკვიდრო პალესტინის ჩრდილოეთით განისაზღვრება. ასირიელ მეფეთა ანალებში ისინი არცთუ იშვიათად კილიკიაში მცხოვრებ ორ მეზობელ ხალხად იხსენიებიან. ჰეროდოტე კი ტიბარეკთა, იბარიანელთა (იბერიელთა) და მოსოხთა შესახებ წერს, - კოლხიდის მეზობელნი არიანო. მეცნიერთა შეფასებით, თავიდან ორივე ხალხი ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან, მიდიასა და სკვითიას შორის, ე. ი. კოლხეთსა და იბერიაში ცხოვრობდა (თუბალში - იბერიელნი ანუ ქართველნი ივარაუდებიან).
გომერის ძე აშქეზანი, იმაზე დაყრდნობით, რომ თანამედროვე ებრაელები გერმანიას ასკენაზს უწოდებენ, გერმანელთა წინაპრად მოიაზრება.
თოგარმა ეზეკიელთან კიდევ ორჯერ გვხვდება, როგორც ცხენებისა და ვირების მიმწოდებელი ტირელ ვაჭართათვის. მოსე ხორენაცის მიერ შემონახული ტრადიციის თანახმად, სომხეთის მკვიდრთა მამამთავრად თოგარმას შვილი ითვლება.
თავის დროზე ქართველურ ტომებში გათქვეფილა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შესულა ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემოქმედი ხალხების გარკვეული ნაკადი (გ. მელიქიშვილი). მეტიც: ზოგი მეცნიერი სულაც არ გამორიცხავს გენეტიკურ კავშირს შუმერთა, ხურიტთა, ხეთთა, ურარტუელთა და ქართველთა შორის. სწორედ ამიტომაცაა ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესო შუამდინარეთისა და წინა აზიის მკვიდრთა ისტორია.
ბიბლიის გენეალოგიური ცხრილები თავად ნოეს ეპოქიდან წამოსული უძველესი ძეგლებია, რასაც მეცნიერებაც ადასტურებს.
მოდით, ისევ ფაქტებს მივყვეთ და ნოეს სამი ძის შესახებ ვისაუბროთ: თანამედროვე ენათმეცნიერება სემიტურ ენათა ჯგუფში ასურულ-ბაბილონურს ანუ აქადურს, ძველ ებრაულს (ბიბლიის ენას), ფინიკიურს, არამეულს, სირიულს, არაბულს, ეთიოპურს მოიაზრებს.
ქამიტურ ენებს ბერბერულსა და კუშიტურ ენებს, აგრეთვე ძველ ეგვიპტურსა და კოპტურს აკუთვნებს.
რაც შეეხება იაფეტურს, იგი ყველაზე მეტ ლინგვისტურ შტოს აერთიანებს: ინდურ, ირანულ, სლავურ, ბალტიკურ, გერმანულ, რომანულ, კელტურ, ბერძნულ შტოებსა და ცალკეულ ენას. ინდოევროპულ ოჯახში 76-ზე მეტი ენა შედის.
ბიბლიის გენეალოგიური ცხრილის საფუძველზე, რომელსაც ცნობილი მეცნიერი ლენორმანი მსოფლიოს ხალხთა განსახლების სრულ ისტორიას უწოდებს, მკვლევარნი ასკვნიან, რომ მსოფლიოს თავდაპირველ ხალხთა შორის ქართველთა წინაპრები მნიშვნელოვან რაოდენობრივ წილს ფლობდნენ. ამ მოსაზრებას ლინგვისტთა ის თეორიებიც განამტკიცებს, რომელთა თანახმად, ინდოევროპულ ფუძეებზე პროტოქართველურ ენას მოუხდენია გავლენა.
საინტერესოა, შეძლეს თუ არა პირველსამშობლოდან - მესოპოტამიიდან გამოსვლის შემდეგ ეთნიკური სახის შენარჩუნება ან დედამიწის რომელ ადგილებში ჩანს მათი კვალი? ეს კითხვა არა მარტო ლინგვისტებს, ბიბლიის კომენტატორებსა თუ მეცნიერებს, ეკლესიის მამებსაც აინტერესებთ.
მე-13-14 საუკუნეთა მემატიანის, "ეკლესიის ისტორიის" ავტორის, ნიკიფორე ქსანტოპულოსის აზრით, ქართველნი "ისპანიის იბერთაგან არიან გადმოსახლებულნი". უფრო ადრე ქართველთა წარმომავლობის შესახებ სხვა მამებიც წერდნენ. მაგრამ საბოლოოდ დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრები წინა აზიის მკვიდრნი იყვნენ და მსოფლიოს უძველეს კულტურულ მოსახლეობას ენათესავებოდნენ. არაერთი მეცნიერი (ლენორმანი, ნიკო მარი, ტურაევი, ლემან-ჰაუპტი, მაიერი, კიპერტი და სხვანი) აღნიშნავდა, რომ ისინი კაცობრიობის კულტურის ყველაზე ადრეულ კერათა შემოქმედი ხალხების - შუმერების, ხეთების, მითანელებისა და სხვათა მემკვიდრენი არიან.
იაფეტური ენათმეცნიერების განვითარებაში ქართულმა ენამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მის "კულტურულ შუბლზე" ნიკო მარმა მსოფლიო ენათა ერთიანი განვითარების კანონები ამოიკითხა: "ქართულ ენაში ცხადდება, დიახ, უძველესი ხანების, ისტორიაზე წინდასწრებული ხანების, კაცობრიობის კულტურული წინსვლის ყოველი ნაბიჯი. ქართული ენა გაჟღენთილია უძველეს ეპოქების ჩარჩენილობებით, რელიქტური კავშირებით, ელემენტებით, გარდმონაცხოვრით. ქართულსა და მის მონათესავე ენებში სხვადასხვა ისტორიაზე წინდასწრებული ეპოქების წინალექნი ირკვევიან და მათის გათხრით შუქი ეფინება საზოგადოდ ადამიანის ენის ზრდას მისი გაჩენის დღიდან და, მაშასადამე, შუქი ეფინება მთელი კაცობრიობის ისტორიაზე წინდასწრებულ კულტურის ზრდასაც... ვიკადრებ თქმას, რომ, დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული სიძველის საკითხი ვერ გადაიჭრება".
მარი ქართულსა და მის მონათესავე ენებს იაფეტურს უწოდებდა და ამით ქართული ენის მსოფლიო ენებზე უძველესობის წარმოჩენა სურდა. მანვე განავითარა ,,იაფეტური თეორია", რომლის თანახმად, იაფეტურის საფუძვლიდან აღმოცენებულან ელინები (ბერძნები), რომაული თუ სხვა მსოფლიო კულტურის შემოქმედი ხალხი, ხოლო ქართველურ-კავკასიური მედიტერანული ენები ის სუბსტრატია, რომელზეც აღმოცენდნენ და გაიშალნენ ინდოევროპელები.
მეორე თეორიის თანახმად, რომელიც ლეონტი მროველს ეკუთვნის, ქართველი ერი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა და ამ ტომთა ეთნარქნი იყვნენ ქართლოსი, ეგროსი, ჰეროსი და სხვანი, ხოლო მათი წინაპარი თარგამოსი სამხრეთის ქვეყნიდან ჩამოსახლდა ამიერკავკასიაში.
იოსებ ფლავიოსი იაფეტის შვიდ ძეთაგან ორის - თუბალისა და მოსოხის შესახებ, აი, რას გვამცნობს: "დაამკვიდრებს უკუე თოვილოსცა თოვილთაცა, რომელ აწ ივირად იწოდებიან, ხოლო მესქინნი, მესხოის მიერ აღშენებულნი, კაჰპადუკად იწოდებიან".
ივერიელთა წინაპრად ბიბლიის მიხედვით თუბალი მიიჩნევა, "ქართლის ცხოვრებით" კი - ბიბლიური თარგამოსი.
და რა გადარჩა ერთ დროს პირენეიდან პამირამდე (ნ. მარი) განფენილი ქართული ეთნოსიდან?
ქრისტეშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ქართველური წარმომავლობის ხალხები მცირე ტომებად გადაიქცნენ, მათი ერთ დროს სახელოვანი სახელმწიფოები დაემხო და რამდენიმე ნაკადად მოაშურეს კავკასიას, სადაც მონათესავე კოლხნი ეგულებოდათ. მართალია, კოლხეთის დიდება იმ დროისთვის ჩამქრალიყო, მაგრამ მაინც მყარად იდგა ფეხზე და ბუნებრივი საზღვრით დაცულს ძლიერი მოქიშპენიც ნაკლებ ჰყავდა.
მომავალი საქართველოსკენ მოიწევდნენ ტიბარანებად ქცეული თუბალები, მესხებად ქცეული მუშქები, მცირე ტომებად ქცეული ქალდეველები ანუ ხალიბები, კარდუხები...
უფლის წყალობით, ამ ტომებმა შეძლეს ერთიან ერად ქცევა და ასევე ერთიან ქართლის სამეფოდ ჩამოყალიბება.
საქართველომ პირველ საუკუნეებშივე მიიღო ღვთისმშობლის წილხვდომილობა და უფლის ერთიანი კვართი.