ხშირად კაცს გარდაცვალების შემდეგ უფრო ვაფასებთ. მის განვლილ ცხოვრებას გულთბილად ვიხსენებთ და ქებასაც არ ვიშურებთ. რაკი ყველაფერი ღვთის ხელშია, ღმერთზე მინდობილებმა სასო არ უნდა წარვიკვეთოთ და უფლის და დედაეკლესიის წიაღში მოვკალათდეთ.
"კარიბჭე" ახალ რუბრიკას გთავაზობთ. კარგა ხანს ვფიქრობდი მის სახელზე, ბოლოს "გახსოვდეთ გმირები" დავტოვე.
ჩვენი რუბრიკის პირველ სტუმრად კი ჩემთვის ყველაზე ახლობელი ოჯახი შევარჩიე - წმინდა ექვთიმე კერესელიძის ახლო ნათესავი, ჩემი ნათლიის, ნოდარ კივილაძის ვაჟი, ბესო. ვფიქრობდი, როგორ დამეწყო დამწუხრებულ დედ-მამასთან მტკივნეულ თემაზე საუბარი...
"თეთრი არწივის" ცოცხლად დარჩენილ წევრებს კარგა ხანს ემახსოვრებათ სარდლის, გია ყარყარაშვილის სიტყვები, - არტილერიის იმედი ყოველთვის მქონდაო, მაგრამ როდესაც სარდალს ამ ბიჭებისთვის პროფესია უკითხავს, მათ უთქვამთ: მეცნიერი-თანამშრომელი... ასპირანტი... მეცნიერებათა კანდიდატი... დიპლომანტი ფიზიკოსი... მათემატიკოსი... კიბერნეტიკოსი... და მათი ნაწილისთვის სიყვარულით "ფიზიკოსები" შეურქმევიათ - ისინი ომშიც წარმატებული ფიზიკოსები იყვნენ.
1992 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ბიჭები უკვე ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ. წმინდა გიორგის შემწეობით, მიყოლებით გაათავისუფლეს ტამიში, შრომა, კინდღი... ღამღამობით კი, კოცონის პირას, სამხედრო ტექნიკის გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ. ერთ-ერთ თანამებრძოლს ირაკლისთვის უთქვამს, - ეს ფორმულები თბილისში არ გეყო, ცეცხლის შუქზეც მაგას რომ ჩაჰკირკიტებო? რამდენიმე დღეში მაღალჩინოსან სამხედრო პირს დაუმტკიცა, რომ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილს მათემატიკური გამოთვლის შედეგად ზედმეტი სროლის გარეშე უსათუოდ გაანადგურებდა. როდესაც ნაწილის უფროსი დარწმუნდა ირაკლის ნაფიქრის სისწორეში, გაოცებულმა თქვა, - ესენი არ ხუმრობენო. ავტომატური იარაღი არასდროს უტარებია. გადამცემ აპარატურას მართავდა. როდესაც საბრძოლო ოპერაციის წინ ხელში ჩაუჩრიათ ავტომატი, ღიმილით უთქვამს, - იარაღი რად მინდა, ჩემი სიკეთე და სიმართლე დამიფარავსო.
სამი დღით ადრე ირაკლის ვიოლონო გატეხილა. მხოლოდ ერთი სიმი შერჩენია. ძალიან უდარდია. ბიჭებს გაუმხნევებიათ: - ახალ ვიოლინოს გიშოვით, თუ არადა, რითი ხარ პაგანინიზე ნაკლები, თუკი ის უკრავდა ცალ სიმზე, განა შენ ვერ დაუკრავო?
ბიჭები მამუკას "ხუთკუნჭულას" ეძახდნენ. ერთ-ერთ მათგანს უთქვამს: მამუკა, ხომ არ გწყინს, ხუთკუნჭულას რომ გეძახითო? გაკვირვებია: - ხუთკუნჭულა ჩემზე ცუდი ბიჭი რით იყო? მთელ სადევეთს კუდით ქვა ასროლინა. დამიძახეთ, ეგებ მისი წყალი გადმომესხასო. მამუკას საოცარი იუმორის გრძნობაც ჰქონია და ყველაზე მძიმე წუთებში მალამოსავით ჭრიდა მისი გამამხნევებელი სიტყვა.
ბესო და ირაკლი ფიზიკის ინსტიტუტში ერთ კაბინეტში ისხდნენ. საერთო საქმემ ბიჭები ერთმანეთს დააახლოვა. ფრონტზე წასვლის წინ ამოცანის გაანგარიშებაში დაათენდათ. ამოცანა ამოუხსნელი დატოვეს. საარტილერიო ნაწილს გაჰყვნენ სოხუმის დასაცავად. თავიანთ გადაწყვეტილებას ამგვარად ამართლებდნენ, - გვრცხვენია აჩიკო ამაღლობელის დაღუპვის შემდეგ თბილისში სიარულიო. როდესაც ბესომ ირაკლის დაღუპვის ამბავი შეიტყო, დარდისგან ადგილს ვერ პოულობდა. დედისთვის კი უთქვამს: მშურს, ირაკლის ისე ვაჟკაცურად უბრძოლიაო.
ფრონტზე წასვლის წინ ბესოს ფიზიკური მდგომარეობა ექიმს საგანგაშოდ ჩაუთვლია და კატეგორიულად აუკრძალავს მისთვის საველე პირობებში ცხოვრება. ბესოს დაუფიცებია, - ირაკლის სისხლს მტერს არ შევარჩენო.
22 სექტემბერს ალყაშემორტყმულ სოხუმში საჰაერო ლაინერი უნდა დაშვებულიყო. თვითმფრინავი მტრის არტილერიამ ჩამოაგდო და ზეციურ საქართველოს შეუერთდა ბესოს სულიც.
ირაკლის, მამუკას და ბესოს თანამშრომლები დანანებით ამბობენ: არასდროს დაგვავიწყდება კოცონთან გატარებული საღამოები, ირაკლის აკვნესებული ვიოლინო, ბიჭების ნაღვლიანი სიმღერა და ის საბედისწერო დილა, რომელმაც 21 ქართველი ბიჭის სიცოცხლე შეიწირაო. ალყაში მოქცეულ ერთ-ერთ მებრძოლს შემოუძახებია: - სიკვდილი ნუ დაგჯაბნით, ვიმღეროთ, ბიჭებოო, და სიმღერა დაუწყიათ. წამით ყველაფერი დადუმდა, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ავტომატი აკაკანდა და ნელ-ნელა ქართული სიმღერის ხმა მისუსტდა.
ფრონტის წინა ხაზზე ირაკლიმ დაჭრილი ღვიძლი ძმა შეცვალა. როდესაც დროებით თბილისში დაბრუნდა, დედას გამოუტყდა, ადამიანის ბოროტ გონებას ომზე საშინელი არა მოუგონია რა. მერწმუნეთ, არ არსებობს საქმე, რომლის მოგვარება უომრად შეუძლებელი იყოს. თუკი ომი გაჩაღდება, ამაში ჩვენ, ადამიანები, ვცოდავთო.
ბესოს უპასუხია, - ჩვენ ყველას ერთნაირად გვსურს ჩვენს მიწაზე მშვიდობა. ჩვენი ოცნება თავისუფალი, ბედნიერი და ერთიანი საქართველოა. ხოლო ირაკლის ისე ძლიერ უყვარს სამშობლო, რომ ოღონდ საქართველომ იცოცხლოს და მას ამისთვის სიკვდილიც კი ეცოტავებაო.
იქნებ მაშინ ბესომ საკუთარი აზრი გააიგივა ირაკლის ნაფიქრალთან და ვინ იცის, უკანასკნელად 22 სექტემბერს გაუელვა თავში ამ სიტყვებმა, როდესაც ზეციურ საქართველოში ირაკლის ამოუდგა გვერდით.
ომში წასვლის საღამოს ბიჭებს თურმე ერთი უცნაური სადღეგრძელო შეუსვამთ: იმ უკანასკნელი არაგველის ხსოვნა იყოს, ვინც კარგად უწყოდა, რომ სიკვდილს ერკინებოდა, მაგრამ მისი ცელის წინაშე შიშით არ დაუღრეჯია პირიო. უცნაური და მრავლისმეტყველი ნათქვამია. გუმანმა თუ ასწავლა ამ გონიერ ბიჭებს ეს სადღეგრძელო. თქვენც ხომ უკანასკნელი არაგველები იყავით - ბესო, მამუკა, ირაკლი.
უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში ჩაირიცხა. იმავე წელს თბილისში ჩატარდა სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მაშინდელი საბჭოთა და ფინელი მეცნიერები. აღმოჩნდა, რომ თემაზე, რომელიც ბესოს მიერ იყო დასაბუთებული ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშე, მუშაობდნენ ჰელსინკის ლაბორატორიაში და დამტკიცებულ იქნა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე. ბესო ფინეთში მიიწვიეს. მისი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი ხარაძე ასე ახასიათებს უმცროს კოლეგას: "ბესო ჩვენი დიდი იმედი იყო და ამ იმედის გაცრუებამ ფრთები შეგვკვეცა. იგი თავდადებული კაცი იყო ყველგან და ყველაფერში, მას უხვად ჰქონდა ღვთიური ნიჭი და სიბეჯითე. ნაყოფიერად მუშაობდა ფინელ კოლეგებთან ერთად, მიიწვიეს ლონდონში, მისი ნაშრომი გაიგზავნა ამერიკაში, მისი გარდაცვალების შემდეგ იქიდან მოვიდა მოწვევა - ბესოს სამუშაოდ იწვევდნენ ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტში. ბესო სამუდამოდ არის დატოვებული ინსტიტუტის თანამშრომელთა სიაში და მისი კუთვნილი ხელფასი გარდაცვალების დღიდან ოჯახს ეძლევა. ეს უნიჭიერესი კაცი სამშობლოს სიყვარულმა გმირად აქცია".
დეკემბრის ბოლოს ჯანმრთელობაშერყეული ბესო თბილისში დაბრუნდა. 1993 წლის ივნისში გაიგო მეგობრის, ირაკლი ქიმერიძის დაღუპვის ამბავი და 5 ივლისს კვლავ აფხაზეთისკენ გასწია. რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა უვადო მივლინების ფურცლით.
თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა, მაგრამ... ბესომ მამას სთხოვა, - ჩემი პატარა გოგონები სამაგალითოდ აღზარდეო. "სჯეროდა, მე შევძლებდი ამას. იმ დღის შემდეგ შვილი აღარ მინახავს", - თვალცრემლიანი მიამბობს მამა.
"ჩემს სანახავად რაჭაში ჩამოვიდა, - იხსენებს დედა, ქალბატონი იზა მინდელი, - ოთხი დღე დარჩა ჩემთან. მაშინ სხვაგვარი მომეჩვენა ბესო. უმეტეს დროს ფიზიკის სახელმძღვანელოს კითხვაში ატარებდა და თან ისე მელაპარაკებოდა. მითხრა კიდეც, რამდენჯერ მინატრია წიგნი იმ საშინელ ღამეებში, როცა ირგვლივ საზარელი სიცარიელე სუფევდაო". ალბათ, ამიტომაც, 21 სექტემბერს ბესომ ფრთხილად ჩადო ფიზიკის სახელმძღვანელო ზურგჩანთაში. ავტობუსით უნდა ემგზავრა აფხაზეთამდე, მაგრამ ვერ მოხერხდა. იმ დღეს სამი თვითმფრინავი მიფრინავდა სოხუმისკენ.Pერთ-ერთში ამერიკელი კორესპონდენტები ჩასხდნენ. მეორე თვითმფრინავის ტრაპზე ასული ბესო უკან ჩამოიყვანეს, როგორც ინგლისურის მცოდნეს, სთხოვეს, სტუმრებთან დამჯდარიყო.
პირველი ბრიგადის პირველი სპეცდანიშნულების ასეულის ოცეულის მეთაური ბესო კივილაძე 22 სექტემბერს აფეთქდა თვითმფრინავში სოხუმის მისადგომებთან.
მისი ცხედარი ამოუცნობი დარჩა. როცა თვითმფრინავის აფეთქების საშიშროება გაუგიათ ბიჭებს, პირჯვარი გადაუწერიათ...
"წლები კი გავიდა, მაგრამ ჩვენი, მშობლების ტკივილი კი არ გამქრალა, - განაგრძობს დედა, - ბესოს გოგონები უკვე სტუდენტები არიან. სკოლის დამთავრებამდე ბესიკის სამსახური მამის ხელფასს უხდიდა ბავშვებს. ბესო იყო მეცნიერი და ჯავშანი ჰქონდა. საკუთარი სურვილით ჩაეწერა არტილერისტთა კურსებზე, მოემზადა ყველანაირად და გვარდიის სარდლის ბრძანებით ჩაირიცხა გვარდიაში, ხელში იარაღი აიღო. საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის პრეზიდიუმის 1997 წლის დადგენილებით, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის შექმნასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის ამ ასოციაციის პირველი პრეზიდიუმის წევრს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს ბესო კივილაძეს, მიენიჭა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული მცირე აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. აგრეთვე, მეცნიერებასა და ტექნიკაში საუკეთესო აღმოჩენისა და გამოგონებისათვის დაწესდა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრის, მეცნიერისა და გამომგონებლის ბესარიონ კივილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია".
ოჯახები, რომლებმაც ასეთი ბიჭები დაკარგეს, საზოგადოებამ არ უნდა მიივიწყოს. მომავალმა თაობამ ხომ უნდა იცოდეს სამშობლოსათვის თავდადებული ბიჭების სახელები.