18.02.2010
ქრისტეს სარწმუნოება აკეთილშობილებს კაცს
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის ("წმიდა ორმეოცის") პირველ კვირას აღნიშნავს დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლობის კვირიაკე.
იგი დღესასწაულად დაწესდა 842 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა წმინდა მეთოდე კონსტანტინოპოლელი. იგი გახლდათ კონსტანტინოპოლის პატრიარქი 843-847 წლებში (წარმოშობით სიცილიიდან). ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მონაზვნად კუნძულ ქიოსზე (ეგეოსის ზღვაში), შემდეგ მსახურობდა პატრიარქ ნიკიფორეს კარზე. ხატმბრძოლი იმპერატორების - ლეონ სომეხის (813-820), მიქაელისა (829-829) და მისი ძის, თეოფილეს (829-842) ზეობის პერიოდში მეთოდეს დევნიდნენ და ავიწროებდნენ, მაგრამ არ ღალატობდა მართლმადიდებლობას.
თეოფილეს შემდეგ გამეფდა მისი მცირეწლოვანი ძე მიქაელი (842-867). ამ დროს იმპერიას ფაქტობრივად მიქაელის დედა, ნეტარი თეოდორა მართავდა, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა. ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა იყო მიზანი VII მსოფლიო კრებისა, რომელიც შედგა ნიკეაში 787 წელს. ხატებს უარყოფდნენ ნესტორიანელები და მონოფიზიტები. VIII საუკუნეში ბიზანტიაში დაიწყო ხატმბრძოლობა, რომელმაც უმაღლეს წერტილს მიაღწია კონსტანტინე კოპრონიმეს (741-745) დროს. ლევ IV-ის დროს იგი რამდენადმე შესუსტდა ხატთა თაყვანისმცემლის, დედოფალ ირინეს შემწეობით. პატრიარქ ტარასის რჩევით, ირინემ, რომელიც მართავდა იმპერიას თავისი ძის, კონსტანტინე VI-ის (780-797) მცირეწლოვანების გამო, მოიწვია კრება კონსტანტინოპოლში, რომელსაც ხელი შეუშალა ხატმბრძოლთა მხარეზე მყოფმა მხედრობამ. მომდევნო წელს (787 წ.) კრება მოიწვიეს ნიკეაში. იქ შეიკრიბა 307 ეპისკოპოსი და გაიმართა რვა სხდომა. კრებამ შეიწყნარა მონანული ეპისკოპოსები, რომლებიც ეკლესიის დევნის ჟამს განუდგნენ მას. III სხდომაზე დაიწყეს ხატთა თაყვანისცემის საკითხის განხილვა. დაშვებული იყო აზრის გამოთქმის სრული თავისუფლება. კრებამ თავისი აზრები დაამყარა საღვთო წერილსა და ეკლესიის პირველ მამათა მოძღვრებაზე. 754 წლის ცრუ "მსოფლიო კრების" საწინააღმდეგოდ, რომელმაც აკრძალა ხატთა თაყვანისცემა საკუთარი განსჯისა და დიალექტიკის მოშველიებით, დადგენილ იქნა, რომ ქრისტიანებს მართებთ ხატთა თაყვანისცემა და მოკრძალებით მთხვევა. ხატთა თაყვანისცემა ეკუთვნის არა იმ მასალას, რომლისგანაც ისინი არიან შექმნილნი, არამედ მასზე გამოსახულ პირველსახეებს. ამასთან, თაყვანისცემა არ ნიშნავს მსახურებას; მსახურება შეეფერება მხოლოდ ღმერთს, თაყვანისცემა კი არის გამოხატულება პატივისცემისა. კრების დადგენილებებს ხელი მოაწერეს დედოფალმა ირინემ და მისმა ვაჟმა, იმპერატორმა კონსტანტინემ.
842 წელს კონსტანტინოპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც საპატრიარქო ტახტიდან გააძევა ერეტიკოსი ანი და მის ნაცვლად აირჩია წმინდა მეთოდე. ამავე კრებაზე დადგინდა, ყოველწლიურად ედღესასწაულათ მართლმადიდებლობის აღდგენა, რითაც განმტკიცდა ზეიმი მართლმადიდებლობისა. პატრიარქმა მეთოდემ საგანგებოდ ამ დღისთვის შეადგინა "წესი მართლმადიდებლობისა".
მართლმადიდებლობის კვირიაკეს წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "მართლმადიდებლობის კვირიაკე ძლევის დღესასწაულია. ჩვენ ვზეიმობთ იმ ძლევას, რომელიც სოფელსა ზედა მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ მოიპოვა. მაგრამ რითი მიიღო ეს ძლევა ჩვენმა სჯულმა? რით გაიმარჯვა ქრისტიანობამ? - სარწმუნოებითა, რამეთუ ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (1 ინ. 5,4). სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმუნოების შეგონებით, შემწეობითა და ძალით არის აღსრულებული. ჩვენი სჯული, ქრისტეს სარწმუნოება, აკეთილშობილებს კაცს, აუმჯობესებს და წარმატებისკენ მიჰყავს - თუკი ადამიანმა შეიყვარა იგი და მთელი სულითა და გულით დაემორჩილა მას".