"აღზრდაში დამარცხებული ერი დამარცხებულია ბრძოლის ველზეც"
26.11.2009
მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ქრისტიანულ ზნეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში. ქართველი ერი მართლმადიდებლობამ გადაარჩინა გადაშენებას.
"ნებისმიერი ერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეკონომიკურად, უფსკრულისკენ იწყებს სვლას, თუკი იგი მარადიულ ღირებულებებს ივიწყებს". "ქართლის ცხოვრებას" ლაიტმოტივად გასდევს ჟამთააღმწერლის ღაღადისი: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმაც სამართლიანად დაგვივიწყა". დასაბამიდან ასე იყო, როდესაც ვშორდებოდით ჭეშმარიტების გზას, მაშინ მოგვივლენდა უფალი განსაცდელს, რათა გონს მოვგებულიყავით და ამის შემდეგ კვლავ იწყებოდა საქართველოს გაძლიერება. ისტორიული პერიოდები ერისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევა სულიერი საგანძურია, აღდგომაა, მიქცევა კი - დაცემა და სულიერი დაკნინება. საქართველოს ისტორიაში უხვად მოიძებნება ამის თვალსაჩინო მაგალითები. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული.
- ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს ისტორია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში დაიწყო 30 საუკუნეზე მეტი ხნის წინ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რიცხობრივად ისეთ მცირე ერს, როგორიც ქართველი ერია, ამ რეგიონში სახელმწიფოს შენარჩუნების არავითარი გარანტია არ ჰქონდა. ახლა ხშირად ვამბობთ: სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება მოხდა ჩვენი მეფეების დიდი პოლიტიკური ალღოს ანდა დიდი მხედართმთავრული ნიჭის, გნებავთ, ქართველი ერის თავდადების წყალობითო, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ყველაფერ ამაში ჩანს უფლის ხელი. ხომ არსებობდნენ მსოფლიოში ისეთი ხალხები და სახელმწიფოები, რომელთაც შეწყვიტეს არსებობა და საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური რუკიდან. განა მათ არ ჰყავდათ ჭკვიანი მეფეები და დიდი მხედართმთავრები, განა ისინი თავგანწირვით არ იცავდნენ თავიანთ სამშობლოს?! მაგრამ ამაში უფლის ნებაც გამომჟღავნდა. ერთი ერი მან გამოარჩია, დაიცვა სხვადასხვა მიზეზის გამო, მეორეს კი ასეთი წყალობა წილად არ ერგო.
- რამდენად გამოვლინდა უფლის ნება ქართველი ერის მიმართ ქრისტიანობის შემდგომ პერიოდში?
- პირველი საუკუნიდან, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, წმინდა მოციქულების მოღვაწეობით იწყება ქართველი ერის მომზადება უფლის მისაღებად. ხომ შეიძლებოდა საქართველოში ქრისტიანობის გარდა ნებისმიერი სხვა სარწმუნოება გამოცხადებულიყო სახელმწიფო რელიგიად, თუნდაც ცეცხლთაყვანისმცემლობა, რომლის დანერგვასაც მოგვიანებით ირანი ცდილობდა?! მაგრამ ესეც აშკარად ღვთის ნება იყო. ყველა მორწმუნეს კარგად მოეხსენება, რომ უფალი ლმობიერია და ბევრ ჩვენს ცოდვას უსაზღვრო გულმოწყალებით ხვდება, მაშინვე არ გვსჯის, თუმცა სასჯელი სავსებით დამსახურებულია. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის: ერი უნდა დაისაჯოს. ესეც უფლის ნებაა, რომ გამოიცადოს ყველა, ყველამ თავისი ცოდვა მოინანიოს. ამის გარეშე აღდგომა არ მოხდება! რადგან თუ უფალმა სასჯელი არ მოავლინა, ერი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ცოდვაშია.
- მართლაც, უფალმა ასეთი სასჯელი რამდენიმეჯერ მოგვივლინა. თუნდაც არაბთა ბატონობა გავიხსენოთ... მაშინ ხომ ბევრმა ქართველმა დაივიწყა "ჩვეულებისაებრ მამულისა სვლა" (იოანე საბანისძე) და მოექცა სხვა სარწმუნოებაზე...
- არაბთა ბატონობა საქართველოში გაგრძელდა სამი საუკუნე (მე-7-8-9ს.ს.). ეს იყო უმძიმესი გამოცდა. ქართველ ერს უნდა დაემტკიცებინა და უფლისთვის დაენახვებინა, რომ იგი ღირსია ჰქონდეს თავისი სახელმწიფო, რომ მას შეუძლია თავისი რელიგიის, თავისი ეკლესიის, სახელმწიფოებრიობისა და კულტურის დაცვა. მდგომარეობა კი მართლაც ძალზე რთული იყო. ჯერ მარტო იოანე საბანისძის "აბოს წამებიდანაც" კარგად ჩანს, რომ ბევრმა ქართველმა მიიღო ისლამი. ზოგან დაშინებით, ზოგან გამოუცდელობით, ზოგან სიხარბით აცდუნეს ქართველები. ამ დროს არაბი აბოს ჩამოსვლა საქართველოში უფლის ნება იყო. თვითონ განსაჯეთ, ცოდვაში ჩავარდნილ ქართველთათვის რა უფრო დიდი მაგალითის მიმცემი იქნებოდა - დედით, მამით, წინაპრებით ქართველის წამება უფლისათვის თუ სულ ცოტა ხნის წინ ისლამის აღმსარებელი აბოს წამება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის?! ვერაფრით გატეხეს წმინდა მოწამის სიმტკიცე, ვერ აიძულეს ისლამის სჯულზე დაბრუნება. ისმის კითხვა: თუ არაბი ასეთი თავგანწირვით იცავს ქრისტეს სჯულს, მაშ, რატომ ხდება ქართველების მოქცევა ისლამურ სარწმუნოებაზე? რატომ ვერ წირავენ ისინი თავს ქრისტესთვის? აი, კითხვები, რომლებზეც იმჟამინდელ ქართველობას უნდა გაეცა პასუხი. უკვე არაბობის წლებშივე ნათლად გამოიკვეთა, რომ უფალმა ჩვენ გვიჩვენა გზა ხსნისა.
- და ეს გზა აღდგომისა დაიწყო ტაო-კლარჯეთიდან, რომელიც ღირსი მამის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას უკავშირდება...
- დიახ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს გაერთიანება, სულიერი და პოლიტიკური აღმავლობა დაიწყო სწორედ იმ რეგიონიდან, სადაც უფლის ნებით დამკვიდრდა წმინდა გრიგოლ ხანძთელი. უფლის მიერვე გამოირჩა წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მას უჩვენა გზა ქართველი ერის სულიერი აღორძინებისა, საიდანაც დაიწყო კიდევაც საქართველოს გაერთიანება. ეს ყველაფერი კი, მოგეხსენებათ, მსხვერპლის გარეშე არ ხდება. ერმა ჯერ უნდა შეიმეცნოს უფლის ნება და მერე შეძლოს კიდეც მისთვის თავის შეწირვა. და აი, გამოჩნდა საქართველოში დიდებული პიროვნება, ქართლის ერისმთავარი - აშოტ კურაპალატი. ის ქართლიდან გაექცა არაბებს, დამკვიდრდა იქ, სადაც უფლის ნებით იწყებოდა დიდი აღორძინება. ამით აშოტ კურაპალატმა თავი გაწირა. მოგეხსენებათ, იგი საკურთხეველზე დააკლეს. აშოტ კურაპალატის სახით ქართველმა ერმა უკვე აჩვენა, რომ ის მზად არის, უფლისათვის სიცოცხლე მსხვერპლად გაიღოს.
- საქართველოს გაერთიანების პროცესი დასრულდა. უფლის ნებით, ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მართლაც იყო აღდგომისა და აღორძინების ხანა, რომელიც გაგრძელდა წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველის, გიორგი მესამის, წმინდა თამარ მეფის დროს. ამ დროისთვის საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა კავკასიაში, მაგრამ შემდეგ რატომ დაიწყო ქართული სახელმწიფოს დაცემა?
- ერმა ნელ-ნელა დაიწყო ცოდვაში ჩავარდნა და შესაბამისად სულიერი დაღმასვლა. ქართველებმა მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით ჩვენი მეფეების ისტორია, მაგრამ ხომ არ ვიცით, რა ხდება ამ დროს საქართველოს ეკლესიის მრევლში, ყოველ ქართველში. მონღოლების ბატონობა საქართველოში ფაქტობრივად უფლისგან მოვლენილი სასჯელი იყო. მაგრამ ისევ და ისევ უფალი უჩვენებს ერს გზას. მე-14 საუკუნის დამდეგს საქართველოს მოევლინება წმინდა გიორგი ბრწყინვალე, რომელიც საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ აღორძინებას. შეიძლება გავიაზროთ, რა გააკეთა მეფემ, მაგრამ ძნელია უპასუხო კითხვას: როგორ, რა ძალით გააკეთა ყოველივე ეს? ერთი რამ აშკარაა: წმინდა გიორგი ბრწყინვალემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა ეპოქის მეფეებმა. ის იყო საოცარი ალღოს მქონე პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატი, ბრწყინვალე მხედართმთავარი, გაბედული ადამიანი, მართლაც უფლისგან რჩეული. ის უფალმა შეაყენა ამ გზაზე, უფალმა მისცა პირველი ბიძგი. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია.
- მე-15 საუკუნიდან დგება უმძიმესი ხანა. საქართველო იშლება ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. რას დაუკავშირებდით ამ დროისთვის სახელმწიფოს დაკნინებასა და დაცემას?
- საერთოდ, სახელმწიფოს დაკნინება და დაშლა იწყება არა ეკონომიკის ნგრევით, არა პოლიტიკური ძლიერების დაკნინებით, არა სამხედრო ძლიერების შესუსტებით, არამედ უპირველესად ზნეობის ნგრევით. მორალი ინგრევა მაშინ, როდესაც იშლება აღზრდის, სწავლა-განათლების მთელი სისტემა. ცნობილი გამოთქმაა: "აღზრდაში დამარცხებული ერი დამარცხებულია ბრძოლის ველზეც". უზნეობის გარდაუვალი შედეგი კი ღვთის სასჯელში შესვლაა. ქართველი ერის ნაწილმა შეიგნო, რომ რაღაც ხდება ჩვენს თავს, უბედურებაში ჩავვარდით და ვეღარ გამოვდივართ. განა მორალის ნგრევა არ არის ქართული სამეფო-სამთავროების ბრძოლა ერთმანეთთან, საქართველოს ეკლესიის ერთიანობის ხელყოფის ცდა (მაწყვერელი ეპისკოპოსი კათოლიკოს-პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებდა) ან, გნებავთ, სამხრეთ საქართველოში ქართველების ისლამის რჯულზე შედგომ? ჩვენ ქრისტიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის იმხელა გამოცდილება გვქონდა, რომ რაც არ უნდა დიდი ზეწოლა ყოფილიყო, ქრისტიანული სარწმუნოება არ უნდა დაეთმო ერს. რა სენიც ღრღნიდა ქვეყანას, ამას შესანიშნავად გრძნობდნენ და ხედავდნენ იმ დროისათვის ცნობილი მოღვაწეები. სწორედ ამ სენის წინააღმდეგ აღდგა მეფე არჩილი. ერთ-ერთი ასეთი სენი გახლდათ ის, რომ, მეფე არჩილის ერთი კლასიკური გამოთქმისა არ იყოს: "უჩემოდ ვით იმღერეთა?" კარგი საქმეც რომ დაეწყო ვინმეს, მოვიდოდა მეორე და თანადგომის ნაცვლად, ეტყოდა: უჩემოდ რატომ დაიწყე ამ საქმის კეთებაო. ეს ხომ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ერი სასჯელში იყო ჩავარდნილი და ვერ ხვდებოდა ამას.
- იმ პერიოდში ღმერთმა გამოაჩინა ისეთი მოღვაწე, როგორიც იყო მეფე ვახტანგ VI. ის მიხვდა, რომ ერის სულიერი აღორძინებისა და აღდგომის საწინდარი უპირველესად მისი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების გაჯანსაღებაა და გაისარჯა კიდეც საამისოდ...
- ვახტანგი მიხვდა, რომ მაჰმადიანი ბაგრატიონების ქართლში მოსვლიდან საქართველოში დავიწყებას ეძლეოდა ქრისტიანული ფასეულობები, რითაც ქართველი ერის არსებობას საფრთხე შეექმნა. რა უნდა გაეკეთებინა ვახტანგს? მაგრამ მას სასო კი არ წარეკვეთა, არამედ შეუდგა იმ საქმეების კეთებას, რისკენაც უფალმა მოუწოდა. წარმოიდგინეთ, ქვეყანა გაპარტახებულია და ამ დროს ვახტანგი აარსებს ქართულ სტამბას, სადაც ბეჭდავს ჯერ წმინდა წერილს, შემდეგ კი "ვეფხისტყაოსანს". წმინდა წერილზე დაყრდნობით უნდა აღმდგარიყო ზნეობა. საქართველოში ტყვეთა სყიდვა გაუგონარ მასშტაბებს აღწევდა, ქართული სამეფო-სამთავროები ერთმანეთს ებრძოდნენ, ქართველი ღვრიდა ქართველისავე სისხლს. სწორედ ამიტომ ვახტანგმა დაიწყო ქართველი ერის სულიერ აღორძინებაზე ზრუნვა და ამის უპირველეს წინაპირობად ერის წმინდა წერილის პრინციპებზე აღზრდა დასახა. მან დაინახა ისიც, რომ ჟამთააღმწერლის შემდეგ საქართველოს ისტორია აღარ დაწერილა და ამიტომ სწავლულ კაცთა კომისიას დაავალა "ახალი ქართლის ცხოვრების" დაწერა. ვახტანგმა კარგად იცოდა, რომ ისტორიის ცოდნა ერს მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით კი არ სჭირდებოდა, არამედ იგი ხელს შეუწყობდა ქართველ ერში ქრისტიანული მორალის აღდგენას, სამშობლოს სიყვარულსა და ერთიანობისკენ მისწრაფებას... ამის შემდეგ მეფემ შეკრიბა სხვადასხვა საკანონმდებლო ძეგლები და შეადგინა კრებული: "სამართალი ბატონიშვილისა ვახტანგისი". ყველაფერი ეს, ცხადია, ადასტურებს იმას, რომ იმ ძნელბედობისა და დაცემის ჟამსაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეგნებული ჰქონდათ, რომ ერი სასჯელში იყო და ცდილობდნენ იქიდან დახსნას. ქართველ ერს რომ კარგად შეეთვისებინა ის პრინციპები, რითაც წმინდა წერილი, "ვეფხისტყაოსანი", "ქართლის ცხოვრება" და ქართული სამართალი იყო გაჯერებული, შეძლებდა სასჯელიდან გამოსვლას. მაგრამ ეს შეიგნო ერის ძალიან მცირე ნაწილმა. საქართველოში იმ დროისათვის ძალიან გავრცელებული იყო ტყვეთა სყიდვა. ახალციხეში ძირითადად ლეკთაგან მოტაცებულ ქართველებს ყიდდნენ, ხოლო ფოთსა და ყულევში, როგორც საქონელი, ისე იტვირთებოდა გემებზე ისევ ქართველის მიერ მოტაცებული ათასობით გოგო-ბიჭი. ამიტომაც, მე-17-18 საუკუნეების მანძილზე ჩვენ ვერ გამოვედით სასჯელიდან. რამდენი მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა ჩვენს გარე სამყაროში, არც ერთი არ გადაწყდა ჩვენს სასარგებლოდ, პირიქით, ყველა მათგანი ჩვენს საზიანოდ შემობრუნდა. ეტყობა, მართლაც ძალიან სასტიკად გვსჯიდა უფალი.
- ყოველივე ამის შედეგი იყო მე-19 საუკუნის დამდეგს ქართული სახელმწიფოს დაცემა, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა. მაგრამ უფალს არც ამ შემთხვევაში დავუტოვებივართ განსაცდელში. როგორ დაიწყო ამჯერად ქვეყნის აღდგომა, რაც განწმენდის გარეშე შეუძლებელია?
- სწორედ ამ დროისათვის მოგვივლინა უფალმა ორი დიდი ადამიანი - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და წმინდა ილია მართალი. პირველი გახლდათ ნიმუში საეკლესიო მოღვაწისა, მეორე კი - ერისკაცისა. თუმცა განწმენდა ძალიან ნელა მიმდინარეობდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ილია ჭავჭავაძეს თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ილიას მკვლელობა უცებ არ მომხდარა. მისი მკვლელობისათვის ნიადაგი მუდამ მზადდებოდა გარეშე ძალის მიერ, მაგრამ ქართველის ხელით. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაწყებული საქმე, რასაც ყველანაირად უშლიდა ხელს რუსეთი, საბოლოოდ დამთავრდა მე-20 საუკუნის დამდეგს - საქართველოში აღმოცენდა ძლიერი ავტოკეფალისტური მოძრაობა. ქართული სამღვდელოება პირდაპირ და დაუფარავად აცხადებდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების წინაშე, რომ საჭირო იყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც უკანონოდ წაართვა რუსეთმა. ეს ცხადად მიანიშნებს, რომ ქართველ სამღვდელოებაში სულიერი აღორძინება, რისთვისაც იღვწოდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, დაიწყო. სამღვდელოების კონსოლიდაციის ფონზე ქართული საერო საზოგადოება მე-20 საუკუნის დამდეგს იშლებოდა პოლიტიკურ პარტიებად, მათი უმეტესობა ხელს უშლიდა ავტოკეფალისტურ მოძრაობას. 1905-1907 წლების რევოლუციამ ისედაც ცოდვაში ჩავარდნილი ერი კიდევ უფრო დიდ ცოდვაში ჩააგდო - დაიწყო ძმათამკვლელი ომი. წითელმა რაზმებმა ამოხოცეს თავადაზნაურობა, შემდეგ თავადაზნაურობამ შექმნა შავი რაზმები და ამოხოცეს წითელრაზმელები და გლეხები. ქართველმა ქართველზე აღმართა მახვილი. ამ ფონზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სულაც არ იყო გასაკვირი. ილია მოკლა იმ ავადმყოფმა საზოგადოებამ. სხვათა შორის, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ილიას მკვლელობა მიიღო გამოჩენილი მწერლის, გნებავთ, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის მკვლელობად. ილია, როგორც ერის სულიერი მამა და საქართველოს უგვირგვინო მეფე, მოკვდა აკაკი წერეთლისთვის, ვაჟა-ფშაველასთვის, იაკობ გოგებაშვილისთვის და სხვა ღირსეული ქართველებისთვის. სხვებისთვის კი ის იყო ცნობილი მწერალი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ერის უგვირგვინო მეფის მკვლელობას, არ ინანიებს ამ უმძიმეს ცოდვას და ვერ ბედავს ან არ სურს იმის აღიარება, რომ ერის სულიერი მამა მოკლეს, უფლის უდიდეს საჯელს იმსახურებს. მთელი ჩვენი ისტორია 1907 წლის შემდეგ გაიყო ორად: ილიას ეპოქა და ეპოქა ილიას გარეშე. ეს უკანასკნელი გახლავთ სწორედ ცოდვაში ჩავარდნილი ხალხის, ცოდვის გზით მსვლელობის ეპოქა. ილიას მკვლელობა იყო სატანისტური ძალების დიდი გამარჯვება.
- მაგრამ უფალმა ჩვენ კიდევ მოგვცა ერთი შანსი. 1918 წელს აღდგა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სამწუხაროდ, სამიოდე წელი იარსება. მისი დაცემა ეკლესიური თვალსაზრისით როგორ აიხსნება?
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ (ფიზიკურად ან იდეურად) ერია ილიას მკვლელობაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო იმ ერის სახელმწიფო, რომელსაც ეს ცოდვა მონანიებული არ ჰქონდა. ქართველი ქართველს გვერდით არ დაუდგა. იგი ვერ მიხვდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქე იყო და კვლავ განაგრძო ცოდვაში ცხოვრება. რასაკვირველია, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ერი ვერ ზიდავდა იმ დიდ ტვირთს, რასაც დემოკრატიული რესპუბლიკის შენარჩუნება ერქვა. ქართველმა ერმა ვერ გაუძლო ამ განსაცდელს.
- ამის შემდეგ დაიწყო დიდი სასჯელი - სამოცდაათწლიანი კომუნისტური ეპოქა. ამ პერიოდს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "მზიანი ღამე" უწოდა, რადგან იმ უკუნსა და ყიამეთშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გამეფებული წყვდიადის გარღვევას და ერს აძლევდნენ სიწმინდისა და თავდადების მაგალითებს...
- ამის მაგალითად ჯერ მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ჩამოთვლაც იკმარებდა. ავტოკეფალისტური მოძრაობის ცნობილ მოღვაწეთაგან შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები გახდნენ: წმინდა კირიონი (საძაგლიშვილი), წმინდა ამბროსი (ხელაია), ლეონიდი (ოქროპირიძე), კალისტრატე (ცინცაძე), რომლებიც მართლაც მანათობელი ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ. სრულიად რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა ერთ თავის ეპისტოლეში განაცხადა: ბოლშევიზმი არის ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელი, სასჯელს ვერ დავემალებით, სასჯელი უნდა მოვიხადოთო. ქართველი ერიც ამ მდგომარეობაში იყო. ის 70 წელი სასჯელს იხდიდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იტვირთა უმძიმესი მისია - ერის სასჯელიდან გამოყვანა. ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, აუხსნელია, როგორ შეძლო ეს უწმინდესმა პატრიარქმა. ქართველმა ერმა აბსოლუტურად შეიცვალა ათეისტური ცნობიერება. უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის სახით საქართველოს მოევლინა ჭეშმარიტად ღვთის ნების აღმსრულებელი ერის მამა. სწორედ უფლის ნებით გახდა შესაძლებელი ამხელა წინააღმდეგობების დაძლევა, რაც ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება. ქართველი ერი ერთბაშად შემობრუნდა ეკლესიისკენ, თავისი სულიერი ფესვებისკენ. მახსოვს დრო, როდესაც გელათში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა, ხაშურიდან ქუთაისამდე მოქმედი ტაძარი არც იყო. დღეს კი მომსწრენი ვართ იმისა, რომ არა მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე, არამედ ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიებში ხალხის ტევა არ არის. ეს მართლაც სასწაულია და მხოლოდ უფლის ნებით აიხსნება. ასე რომ, ცოდვებში ჩავარდნას მოჰყვება დაცემა, დაცემას - კვლავ აღდგომა და ეს არის ჩვენი ისტორიის კანონზომიერება, რაც დავით წინასწარმეტყველის სიტყვებშიცაა გაცხადებული: "მივსდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე".