8 აპრილს, შუადღისას, ხმა გავარდა - ტანკები მოდიანო. მართლაც ჩამოიარა რამდენიმე ტანკმა, რომელთაც დემონსტრაციულად გადათელეს რუსთაველის კინოთეატრთან მდგარი მანქანები. ცოტა ხანში ტანკების მეორე ჯგუფი წამოვიდა, მაგრამ... კოკა გაწერელია ჩაუწვა პირველ ტანკებს, მერე სხვებიც გაწოლილან ქუჩაში და შეუჩერებიათ. ეს ამბავი თბილისს მოედო და 9 აპრილს, საღამოს მოშიმშილეთა დასაცავად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ის ზვარაკნი, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ სამშობლოს თავისუფლებას. ხელთ მაქვს "ახალგაზრდა კომუნისტის" ძველი ნომერი, ზურაბ ქუთათელაძის წერილი "წმინდა მოწამენი", რომელიც 9 აპრილს მოწყვეტილთა ნათესავების მონათხრობზეა აგებული. მათი მონაყოლის მიხედვით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ცხრა აპრილს მოწყვეტილები.
აზა ადამია. 22 წლის. სიღარიბეში გაზრდილმა სკოლა ჩითის კაბით დაამთავრა. დედას ჰპირდებოდა, დავამთავრებ ინსტიტუტს და მოგეხმარებიო. მტკიცე ხასიათი ჰქონდა, მაგრამ საოცრად ნაზი იყო, დიდად მორწმუნე. თითქმის ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში. მის თბილისელ დიასახლისს (თვითონ მარტვილიდან იყო) უთქვამს: ღამით აზას ფანჯარაში რომ შევიხედავდი, სანთლები ჰქონდა ანთებული და დაჩოქილი ლოცულობდაო. სამშობლო იყო მისი უმთავრესი სალოცავი!
დაიწყო მიტინგები და ერთიც არ გამოუტოვებია. იმ ღამესაც 11 საათზე მობრუნებულა შინ და ისევ გარეთ გამოსულა. დიასახლისს შეშფოთებით უთქვამს: - შვილო, არ წახვიდე, რამე არ შეგემთხვასო. მერე რა! ასეც რომ მოხდეს, თუ დავიხოცებით, ჩვენს საქართველოს შევეწირებითო. და ასეც მოხდა.
ეკა ბეჟანიშვილი. 16 წლის იყო ეკა, მეათეკლასელი. შვილო, სკოლიდან არსად გაუხვიო, - აფრთხილებდა ბებია. ის კი მაინც იპარებოდა მიტინგზე. მერე კი აქეთ დაუტევდა: "რას ამბობ, ბებია. ახლა ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს და აბა, სად უნდა ვიყო? თუ საჭირო გახდება, თავსაც დავდებ საქართველოსთვის! რატომ ბიჭი არ ვარ, სამშობლოს გათავისუფლებისთვის იარაღით ვიბრძოლებდიო". რვაში "ფიზიკაზე" უნდა წასულიყო, ის კი მიტინგზე წავიდა. შინ 8 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. ამის ნაცვლად ქაშვეთის ეკლესიაში ილოცა - მორწმუნე იყო უსაზღვროდ, მემარხულე. მერე ისევ მოშიმშილეებთან წავიდა. წინა დღეებში უთქვამს, - ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა და მე იმ ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ეს რას ნიშნავსო? - არ ვიციო, - უპასუხია ბებოს. ვაითუ ესეც სიკვდილს ნიშნავდა.
ნათია ბაშალეიშვილი. ისიც მეათეკლასელი იყო, 16 წლისა. სამშობლო უყვარდა და ოცნებობდა, შვიდი შვილი ჰყოლოდა. 8 აპრილს დედასთან ერთად იყო მიტინგზე. დედას უსიამოვნო წინათგრძნობა ჰქონდა და ანგარიშმიუცემლად უთხრა შვილს: - დედიკო, შეხედე, რა ხდება, საფრთხეა მოსალოდნელი. მოვერიდოთ ამ ამბავს. სიკვდილსაც დიდი დახვედრა უნდა, ჩვენი ღარიბული ბინა არ არის გლოვისთვის მზადო. ნათიამ წარბი შეიკრა: "არ გრცხვენია, დედა, ამას რომ მეუბნები? აუცილებლად დალაგებული უნდა გქონდეს სახლი, საქართველოსთვის რომ მოკვდე ადამიანი?" სიკვდილამდე ორი თვით ადრე მეტროსთვის ოცკაპიკიანი დაუხურდავებია და ხუთი კაპიკი ვიღაც ქალისთვის მიუცია. ქალს ხელისგულზე დაუხედავს მისთვის და უთქვამს: "შვილო, თუ მოსანათლი ხარ, დროზე მოინათლე, დიდი განსაცდელი გელისო". 9 აპრილს რეანიმაციაში მოხვდა. 16 აპრილს მონათლეს და 18 აპრილს შეუერთდა 9 აპრილს მოკლულთა სულებს.
ნატო გიორგაძე, 23 წლის. ვაჟკაცური ბუნების იყო ნატო. მთებში სიარული უყვარდა, თუ საჭირო იყო, სახლსაც თვითონ გადმოთოვლიდა ხოლმე. როცა მიტინგები დაიწყო, შინ რაღა გააჩერებდა. დედას უთქვამს, შეეწირები ამ საქმესო. ნატოს დოინჯი შემოუყრია: - საქართველოს განა ჩემზე ნაკლები მამულიშვილები შესწირვიანო. რამდენიმე წლით ადრე ნატოს ვიღაც თეთრწვერიანი მოხუცი გამოსცხადებია: "შენ ხარ ნატო გიორგაძე? ჩემთან უნდა წამოხვიდეო და თარიღიც დაუსახელებია". 9 აპრილამდე კიდევ გამოსცხადებია ეს მოხუცი, იგივე უთქვამს...
თამუნა დოლიძე, 28 წლის. თამუნასაც ოცნებად ჰქონდა, თავისუფალ საქართველოს მოსწრებოდა. წინა დღეებში მეზობელს უკითხავს, - იქ რომ დადიხარ, გოგო, არ გეშინიაო? თამუნას უპასუხია: - რას ბრძანებთ, ციური დეიდა, თუ ჩემი სისხლი სამშობლოს რამეს არგებს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსო.
აპრილში თამუნას ჩეხოსლოვაკიის საგზური ჰქონდა (მაშინ ბევრისთვის სასურველი) და გადადო გამგზავრება - საქართველოში ასეთი ამბები ხდება და მე იქ რა წამიყვანსო. მლოცველი და მომარხულე ქრისტიანი გახლდათ. ცხრაში სოდიანი ბამბები მოუმარაგებია ცელოფნის პარკით - გამოაცხადეს, ცრემლსადენ გაზს გაუშვებენო. როცა პატრიარქმა საფრთხის შესახებ აუწყა ხალხს, ჯერ თავისი მეგობარი გაისტუმრა: - შენ შვილი გყავს, შინ წადიო. მერე, როცა ბიძაშვილს შეუჩივლია: მცივა და მეშინიაო, მისთვის უთქვამს: - ჩვენი ყოფნა აქ არის ახლა საჭირო, აქ უნდა ვიდგეთო!
თინა ენუქიძე, 70 წლის. არ ყოფილა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი ერის ცხოვრებაში, რომ მას არ მიეღოს მონაწილეობა. ყველა მოვლენის შუაგულში ტრიალებდა. 1956-ის მარტში სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გალაკტიონის დაკრძალვაზე ფეხსაცმელი დაკარგა და ცალი ფეხსაცმლით ავიდა მთაწმინდაზე.
აპრილში პატარა სკამი ჰქონდა წაღებული და მოშიმშილეების გვერდით იჯდა. ეფერებოდა, ამხნევებდა, წყალს აწვდიდა მათ. ოჯახის წევრებს საყვედურობდა, - შინ როგორ ჩერდებით, ყველა იქ უნდა იყოთო. იმ დღესაც დილით გავიდა შინიდან, ტანთ ყველაფერი ახალი ჩაუცვამს, პატარა სკამიც წაუღია. შვილისთვის უთქვამს, - მე აღარ მოვალო. წინა ღამით სიზმარში გარდაცვლილი მამა და მეუღლე ენახა. საყდარი ამიშენეს, იქ დამაბინავეს და მითხრეს, - ეს არის შენი სახლი და აქ უნდა იცხოვროო. შვიდში საღამოს "დინამოს" სტადიონზე ჯარი შეიყვანეს. ქალიშვილმა სთხოვა, მიტინგზე ნუღარ წახვალო. თინას უსაყვედურია, - შვილო, ამ ჭაღარის პატრონს ვინ რას გამიბედავს, იმ ბავშვებს კი გადავარჩენ ჩემი იქ ყოფნითო. "დედა, იქ რომ რამე მოხდეს?" - არ მოეშვა თურმე ქალიშვილი. თუ მოხდება, მე ვიცოცხლო და ახალგაზრდები კი დაიღუპონ? სჯობს მე შევეწირო მათ მაგივრადო. როგორც თვითმხილველებმა თქვეს, მართლაც ვიღაც მოშიმშილეს გადაფარებია და ისე მოუკლავთ.
ნინო თოიძე, 25 წლის. მარტის ბოლოს ახლობელს ეხმარებოდა ქორწილში. მიტინგებზე ჩამოვარდნილა სიტყვა. ნათესავს უთქვამს, რად მინდა საქართველო, თუ მე არ ვიქნებიო. ნინოს ხელი დაურტყამს მაგიდაზე: - მე კი თავს შევწირავ ჩემს საქართველოს, შვილისთვისაც მე შევწირავ თავსო... 4 აპრილს სურათი გადაუღია. ფოტოგრაფს ცხრაში დაუბარებია. დროზე ქენი, თორემ ცხრაში შეიძლება არც ვიყო ცოცხალიო.
ზაირა კიკვიძე, 61 წლის. ეროვნული საქმისთვის თავს არ ზოგავდა ზაირა. შვილს უსაყვედურია: - თავს რატომ არ ზოგავ, რას აკეთებო. საქართველოს ვათავისუფლებო. შვიდში მიტინგიდან გვიან დაბრუნდა. ახალგაზრდობის ცეკვა-სიმღერით აღფრთოვანებულს უთქვამს, - ახლა სიკვდილიც შეიძლება. თქვენ არ გჯერათ, მალე, ძალიან მალე მოვა დამოუკიდებლობაო. ზაირა ჭეშმარიტად ქრისტიანული სულის ადამიანი იყო, ღრმად მორწმუნე, მარხულობდა იმ აპრილის დღეებში. ადამიანში სიკეთეს ეძებდა, სხვაზე ძვირს ვერ ათქმევინებდი. 8 აპრილს, ქალაქში ტანკებმა რომ ჩამოიქროლეს, შინ აღშფოთებული დაბრუნდა. "არა, ეს არ უნდა ვაპატიოთ, ყველანი უნდა შევეწიროთ და ეს მაინც არ უნდა ვაპატიოთ!" - გაიძახოდა.
იმ დღეებში ორი უცნაური სიზმარი ენახა: "ერთში - გაშლილ, ყვავილებით მოჩითულ ლამაზ ველზე ვიყავი, მეორეში - აივანზე გავედი, კარები ჩამეკეტა. თქვენ (რძალს ეუბნებოდა) ყველანი შინ ისხედით, მე კი აივანზე დამტოვეთ მარტოო".
მანანა ლოლაძე, 33 წლის. მანანა დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა - ეკლესია იყო მისი კინოცა და თეატრიც. ბუნებით კაცთმოყვარე სულ სხვის სიკეთეზე ფიქრობდა. ნოემბრის (1988) დღეებში ექვსი დღე და ღამე იშიმშილა. მაშინ მოშიმშილეები მხოლოდ ცხელ, გადადუღებულ წყალს სვამდნენ და თვითონ მოშიმშილე, დაუძლურებულ მანანას ვედროებით მიჰქონდა ცხელი წყალი. როცა აცივდა, არ დაუტოვებია შინ ლეიბი თუ საბანი - მოშიმშილეებთან გაზიდა.
აპრილის დღეებშიც მოშიმშილეთა შორის ჩადგა. "ფრთხილად იყავი, არაფერი შეგემთხვასო", - უთქვამს ახლობელს. რას ამბობთ, მე დედაჩემს ვეჩხუბები, შინ რა გაჩერებს-მეთქი. მისი ტოლი ქალებიც სხედან იქ... თორემ მე თუ რამე მომივა, ამით ჩვენს სამშობლოს რა დააკლდება და თუ საჭირო იქნება, განა არ ღირს საქართველოსთვის სიკვდილიო.
თამარ მამულიშვილი, 50 წლის. თამარი ღრმად განათლებული ქალი იყო, რამდენიმე სამეცნიერო შრომა ჰქონდა გამოქვეყნებული. მის ბინაში წიგნების მეტს ვერაფერს ნახავდი.
აპრილის პირველ დღეებში მიტინგებზე არ გასულა. რვაში კი დაიჟინა: დღეს ჩვენ რომ არ წავიდეთ იქ, არაფრით არ შეიძლებაო. თან ქალიშვილი, ვერიკო წაუყვანია. იმ საბედისწერო წუთებში ხოცვა-ჟლეტის შუაგულში აღმოჩენილან ორივენი. გულწასული ვერიკო მხატვრის სახლში შეუყვანიათ. თამარის ნაჯახითა და ნიჩბებით დასერილი გვამი მოგვიანებით ქალაქის I საავადმყოფოს მორგში ამოუცვნიათ.
მანანა მელქაძე, 23 წლის. დიდი ღვთისმოსავი იყო მანანა. ხშირად იტყოდა: საქართველოს რწმენა გადაარჩენსო! ეკლესიაში ხშირად დადიოდა, იმ აპრილის დღეებშიც მარხულობდა.
ნოემბერ-აპრილის დღეებში რუსთაველზე ათენ-აღამებდა. განსაკუთრებით აპრილში აქტიურობდა. მეგობარი გოგონებისთვის უთქვამს: - როგორ მინდა, რომ საქართველოსთვის თავი დავდო. თუ ჩემი სისხლი გამოდგება, მინდა ჩემი ერისთვის გავიღოო. ნატვრა აუხდა. შეეწირა თავის საქართველოს. მამის გვერდით დაკრძალეს. 9 აპრილამდე ცოტა ხნით ადრე სიზმარში ენახა: მამის საფლავი და მის გვერდით, ვერ გაერჩია, ვიღაც ყოფილიყო დასაფალვებული. დღეს იქ თვით მანანას საფლავია...
ვენერა მეტრეველი. რვა და-ძმას შორის ყველასგან გამორჩეული იყო: კეთილი, უბოროტო, სათნო. სომხეთში რომ მიწისძვრა მოხდა, ამ ასთმიანმა ქალმა სისხლი ჩააბარა. ტაქსიში ცუდად გამხდარა. მძღოლი სომეხი ყოფილა, მიზეზი რომ გაუგია, სულ ცრემლები გადმოუყრია და ასე ტირილ-ტირილით მიუყვანია შინ.
9 აპრილის ღამეს მეზობელთან ერთად ყოფილა და მომწმავლელი გაზისგან სული რომ შეგუბებია, მეზობელი აყვირებულა: "უღმერთოებო, ასთმიანი ქალი არ მომიკლათო".
ცოცხალ-მკვდარი მიუყვანიათ საავადმყოფოში. დღითიდღე უარესად ხდებოდა. იქ გაიგო, როგორ დაკრძალეს დაღუპულები, როგორ გლოვობდა სიონში მათ მთელი საქართველო. მაშინ უთქვამს დანანებით: "ნეტავ ისეთი ბედი მქონოდა, რომ მეც იქ მოვმკვდარიყავი, ჩემს საქართველოს შევწირვოდი. რა ბედნიერება იქნებოდა - მოხვიდოდით სიონთან, ჩემს სურათს დაინახავდით და იტყოდით - სამშობლოსთვის დაიღუპაო. ამის ბედიც არა მქონიაო".
მამუკა ნოზაძე. მამუკა თბილისში სწავლობდა, სოფელში იშვიათად ჩადიოდა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, დედას უთვლიდა, ქორწილებში დამპატიჟესო. სინამდვილეში კი მიტინგებში მონაწილეობდა. დისთვის უთქვამს: "თუ ჩვენით რაღაც გაკეთდება, მეც იქ უნდა ვიყო, თავი უნდა დავდოთ საქართველოს თავისუფლებისთვისო". უყვარდა სამშობლო. ბუნებით დიდსულოვანი, არავის დაჩაგრავდა, არც არავის დაეჩაგვრინებოდა. იმ დღეებში, ეტყობა, მასაც ჰქონდა წინათგრძნობა: მეგობრებთან ერთად სუფრაზე, ბოლო სადღეგრძელოში უთქვამს, - ძმებო, მოდით, ეს იმას გაუმარჯოს, ვინც ჩვენს შორის პირველი მოკვდებაო.
რძალ-მული: ნანა სამარგულიანი - 41 წლის, მარინე ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის. იმ საღამოს მარინე და მისი მეუღლე მეგობრის დაბადების დღიდან შინ გვიან დაბრუნდნენ და მიტინგზე დააპირეს წასვლა. დედამთილმა გააფრთხილა, - თქვენ 1956 წელს არ მოსწრებიხართ და არ იცით, რა შეიძლება მოხდესო. მარინეს გაეცინა: "რა მოგივიდა, დედა, რად შიშობ, თუ დაგვხოცავენ, საქართველოს თავისუფლებისთვის დავიხოცებით და ბავშვები შენ გაგვიზარდეო". ასეც მოხდა. ნანას პატარა გოგონა დარჩა, რუსიკო, მარინეს - ქალ-ვაჟი: ნუციკო და ალიკო. ნუციკოს ორი თვით ადრე დაუწერია ლექსი. მასში ღმერთს შესთხოვდა, არ დამეკარგოს დედაო. პატარა რუსიკო ერთი წლის შემდეგ, სარვამარტოდ, კითხულობდა, - დედა რომ არ მყავს, ყვავილები ვის მივუტანოო. ნანა მორწმუნე იყო, მომარხულე. სათუთად ინახავდა ილია II-ის ნაჩუქარ ჯვარს. ღამის სამ საათზე თანამშრომელმა შინ წასვლა შესთავაზა. უარი თქვა - ღამით მოშიმშილეებთან ცოტა ხალხია და ყველაზე მეტად ახლა ვჭირდებითო. ბოლო წუთებამდე მთავრობის სახლის კიბესთან მდგარან. ვიღაც კაცი მისულა მარინესთან და უთქვამს: გაერიდეთ, დარბევას აპირებენო. მას კი - აქ უნდა ვიყოო. არადა ერთი კვირის წინ სიზმარში გარდაცვლილი მეგობარი თავისთან ეპატიჟებოდა თურმე. მარინე კი ეუბნებოდა, - ბავშვები მყავს და ვერ წამოვალო.
შალვა ქვასროლიაშვილი. არც ნოემბრის მიტინგები გაუცდენია და არც აპრილისა. მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, დედის გული კი ცუდს გრძნობდა. ამშვიდებდა, - დედი, შენ შენს საქმეს მიხედე, მე ახლა იქ უნდა ვიყოო.
ისეთი იყო, სულს ამოიღებდა და შენ ჩაგიდებდა. ვერც იმას მოითმენდა, მის გვერდით ვინმეს უდიერად მოქცეოდნენ. როგორც ამბობენ, იმ ღამესაც შუა ჩეხვაში გადაეშვა, - ქალს როგორ ურტყამთო... და ისიც იმ ქალს მიაყოლეს.
5 აპრილს ბიცოლასთვის უთქვამს, - წელს ორ მაისს შალაურში სოფლის დღეობაზე ვერ ამოვალ, მანდ არ ვიქნებიო... რათა, მაშ, სად იქნებიო? - ეგ არ ითქმებაო...
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის. მორწმუნე გოგონა იყო ელისო. ყველა საეკლესიო წესს იცავდა. სამართლიანობისთვის ბრძოლა ადამიანის უმაღლეს დანიშნულებად მიაჩნდა. მეხუთე თვის ფეხმძიმე იყო. მაინც მიტინგებზე დადიოდა - აქ იმიტომ დავდივარ და ვიბრძვი სხვებთან ერთად, რომ ჩემმა შვილმა მაინც იცხოვროს დამოუკიდებელ საქართველოშიო. იმ ღამეს, როცა პატრიარქმა სიტყვა დაამთავრა, ელისოს მეგობრისთვის უთქვამს: - არ მეშინია. თუ აქ დავიღუპებით მეცა და ჩემი შვილიც, გმირებად მოვევლინებით საქართველოსო. ატყდა ხოცვა-ჟლეტა. სალთადებს ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ. ელისო იმ ბავშვს გადაფარებია. ახლა ელისოს მოუბრუნდა სალდათი. ელისოს შეუძახია: - რას შვრები, ფეხმძიმედ ვარო! იმას უფრო გამეტებით დაურტყამს.
მოგვიანებით, გაკვეთისას, აღმოჩნდა - ელისოს ბიჭი უნდა შესძენოდა.
თამუნა ჭოველიძე, 16 წლის. მეთერთმეტეკლასელი იყო თამუნა, ისევე, როგორც იმდროინდელი ყმაწვილქალობის დიდი ნაწილი, ეროვნული სულით ანთებული. ნოემბერსა და აპრილში მიტინგის ერთი დღეც არ გაუცდენია, სულ მოშიმშილეებთან იყო, - წყალი და თბილი ტანსაცმელი მიჰქონდა. დედამისი ჰყვებოდა: მორცხვი და მორიდებული იყო, საათს ვერავის ჰკითხავდა. მითხრეს, ცხრა აპრილს მთავრობის სასახლის წინ, კიბესთან ცეკვავდა. არ ვიცი, როგორ ეყო საამისო გამბედაობა... ერთხელ ერის სამსახურში თავის მაღალ მოწოდებაზე საუბრობდა. ვუთხარი, - შვილო, შენ გიყვარს მაღალფარდოვანი დაპირებები-მეთქი. მიპასუხა: - რომ მითხრან, საქართველოს სასიკეთოდ მსხვერპლად შეწირულს მთაწმიდნაზე დაგასაფლავებთო, მზად ვარ, დღესვე შევეწიროო!
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის. ნოდარის მამა-პაპანი წარმოშობით თიანეთიდან იყვნენ. მასაც, როგორც მთიელ კაცს შეეფერება, არავისი ეშინოდა. ყველას ქომაგი იყო. მერაბ კოსტავას მეზობლად ცხოვრობდა და, ბუნებრივია, მისი თანამგრძნობიც იყო. იმ ღამეს ორი და გამოურიდებია სასაკლაოსთვის და სამშვიდობოს გამოუყვანია. შებრუნებულა უკან, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოუღწევია.
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის. ღრმად მორწმუნე ქალი იყო, ყველა მარხვას ინახავდა, ეზიარებოდა. ბუნებით მაქსიმალისტი გახლდათ და რადიკალურ გზებს ემხრობოდა. ამიტომაც არც ერთ გაერთიანებაში არ შედიოდა. ამბობდა, ყველაზე რადიკალური ჯგუფი რომ დაარსდება, მისი წევრი გავხდებიო.
8 აპრილს სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მეგობრებიც გაამხნევა: ნურაფრის გეშინიათ, თუ რამე მოგვივა, საქართველოსთვის დავიღუპებითო! ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.
გიორგი წიკლაური. 9 აპრილს ბევრი ადამიანი მოიწამლა. არანაკლები მოიწამლა მთავრობის სახლის წინ ხალიჩად გაშლილი ყვავილების სიონის ტაძრის ეზოში გადატანისას. მათ შორის გახლდათ გიორგი წიკლაური. დედისერთა, ობოლი ბიჭი, მამის დანატოვარი სახლი თავისი ხელით რომ ააშენა და გააწყო. ვერ მოერია გიორგი სნეულებას, ფილტვები დაუავადდა. ათი წელი საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადადიოდა. შეძლებული კაცის ჯიბე ვერ გაუძლებდა ასეთი ავადმყოფის მოვლას. საცოდავ დედამისს ტაძარი არ დაუტოვებია, შეწევნისთვის რომ არ მიემართა. ყველა იცნობდა ნინა ბებოს, - ასე ეძახდა თავის თავს. სამღვდელონი, ერისკაცნი ეხმარებოდნენ, ექიმებიც, შეძლებისდაგვარად, მხარში ედგნენ გიორგის. მათვე მიაგეს უკანასკნელი პატივი. წაასვენეს და მამის გვერდით დაკრძალეს. ღმერთმა აცხოვნოს ჩემი გიორგი, ერთი უბრალო მთიელი ბალღი.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. აყვავდა ორი წლის წინ მამულის ხნულში თესლად ჩაგდებული გმირთა სიცოცხლე. მაგრამ რად გინდა, მალევე ეს დღე ისევ გლოვის დღედ ვაქციეთ და დავივიწყეთ მისი მნიშვნელობა. როცა საგლახაკოდ გამოსული 9 აპრილის გმირი, უსინათლო მომღერალი დედაკაცი დავინახე პირველად, ქუჩაში რომ მღეროდა, კინაღამ გული გამისკდა. მაგრამ მერე ისე მივეჩვიე ამ სურათის ცქერას, რომ სეირის მაყურებელი კაცივით დიდხანს ვიდექი ხოლმე და ვუსმენდი მის სიმღერას. სიმართლე კი უნდა ითქვას: მის მიერ ნამღერი "დაუკარით" ძველებურად მაღელვებს და იმ ძველ დროს მაგონებს, როცა ქართველები გმირებსაც ვაფასებდით და გმირულ დღეებსაც.