ამბავი, რომელიც ყველაზე კარგმა ქართველებმაც კი არ იციან
ამბავი, რომელიც ყველაზე კარგმა ქართველებმაც კი არ იციან
"გადაწვით ყველაფერი, რომ სიღარიბე იყოს ქართველთა საუკუნო სასჯელი..."
რამდენიმე წლის წინ ერთი ახლობელი ინტერესით დამეკითხა, - თუ იცი, რა ბედი ეწია იმ ქართულ საგანძურს, ქუთათელმა ეპისკოპოსმა ფარულად რომ გადამალაო.

არც მიეჭვია, ისე ვიფიქრე, - გასული საუკუნის დასაწყისში წმინდა ნაზარი ლეჟავასა და სხვა სასულიერო პირთა მიერ სიცოცხლის ფასად გადამალულ იმ საგანძურზე მეკითხება, რომლის ნაწილიც წმინდა ექვთიმემ (თაყაიშვილმა) გადაურჩინა ქვეყანას-მეთქი.

თუმცა გაირკვა, რომ საქმე უფრო ძველ, ერთი საუკუნით ადრე მომხდარ ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად უცნობ მოვლენას ეხებოდა, ცარისტულმა და შემდგომ კომუნისტურმა რუსეთმა ქართველებს კი არა, საკუთარ ხალხსაც საგულდაგულოდ რომ დაუმალა...

"Церковный бунт" - ამ სახელით "დაიმახსოვრა" რუსულმა ისტორიოგრაფიამ ეს უმძიმესი უცნობი ამბავი, რომელიც ნაცარში გახვეული, გადარჩენილი ნაღვერდალივით შეინახა მართლაც სასწაულით გადარჩენილმა დოკუმენტებმა და ჩვენამდე მაინც მოიტანა.

ქართულმა მატიანემ არ იცის სხვა ფაქტი, როდესაც მტრის წინააღმდეგ აჯანყება ეკლესიამ წამოიწყო. თუმცა ეს მხოლოდ საეკლესიო კი არა, საერთო-სახალხო ჯანყი იყო, როცა უმეფოდ და უპატრიარქოდ დარჩენილ ქვეყანას სწორედ ეკლესია დაუდგა ქომაგად.

მატიანე იუწყება, რომ ამ ჯანყისას იმაზე მეტი სამხედრო დაკარგა ცარიზმმა, ვიდრე რუსეთ-თურქეთის ცნობილი ომის დროს.

***
ამბოხის წინაპირობად რუსი ეგზარქოსის, თეოფილაქტე რუსანოვის ბარბაროსული გეგმა იქცა: მის ქვეშევრდომებს დაევალათ, სასწრაფოდ აღეწერათ ქართული ეკლესიის განძეულობა, საზღვრებს გარეთ გაეტანათ და ფულად ექციათ.

ქართველებმა, დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის ხელმძღვანელობით, მოახერხეს 280 ჯორის საპალნე ოქრო-ვერცხლის სვანეთის სიღრმეში გადამალვა, რაც საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა.

მხოლოდ ბოლო ბრძოლას (ჯანყი რამდენიმე უმძიმეს ბრძოლას მოიცავდა) სოფელ ფუტიეთთან 2000-ზე მეტი რაჭველის, იმერელისა და დასავლელქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მხოლოდ ურჯულოთა ურდოების მოწყობილ სისხლიან კალოებს თუ შევადარებთ ამ ტრაგედიას...

რუსებმა გათვალეს, რა ზიანს მოუტანდა მათ რეპუტაციას თავად რუს ხალხში ერთმორწმუნეთა ასეთი ხოცვა-ჟლეტა, ამიტომ საგულდაგულოდ გაასაიდუმლოეს ეს უმსგავსობა.

***
იმდროინდელი სინამდვილის მიმოხილვისას აღმოვაჩინე, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენში ხშირად ხდება, ფუნდამენტური ნაშრომი ამ თემაზე ჯერ არ შექმნილა.

არსებობს პაპავების საზღვარგარეთ დაბეჭდილი ლიტერატურა, ე.წ. რაპორტები, რუს გენერალთა მიმოწერა, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის წერილი ბუენოს-აირესში მყოფი პაპავებისადმი (სადაც სთხოვს, როგორმე ხმა მიაწვდინონ საქართველოში სანდრო ახმეტელს, ამ თემაზე სპექტაკლი დადგას) და კიდევ რამდენიმე წყარო, რომლებიც არასრულად, მაგრამ ცხადად ასახავს ხსენებული აჯანყების მასშტაბსა და მნიშვნელობას.

***
როგორც ზემოთ ვთქვით, ეს აჯანყება ძირითადად 1817 წელს ვარლამ ერისთავის ნაცვლად წარმოგზავნილი ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის უმსგავსობამ მოამწიფა.

პირველი, რაც ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა ჩამოსვლისთანავე გააკეთა, თბილისის სიონის ტაძარში რუსული მღვდელმსახურების შემოღება იყო, რის გამოც ივანე ჯავახიშვილი გულისტკივილით წერდა: "ამგვარად, საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან 16 წლის შემდეგ ქართველებს მოესპოთ საშუალება, საქართველოს დედაქალაქის კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურება თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ, იმ ენაზე, რომელზეც 1400 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მხურვალე ლოცვა აღევლინებოდა. არც სპარსელებს, ცეცხლთაყვანისმცემლებსა და მაჰმადიანებს, არც არაბებს, არც წარმართ მონღოლებს, არც თურქებს არ გაუკეთებიათ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ის, რაც გაუკეთა რუსულმა მმართველობამ და მათმა ეგზარქოსმა!"

თეოფილაქტე რუსანოვი ამ ღონისძიებით არ დაკმაყოფილებულა და ენერგიულად შეუდგა ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდაქმნას. მის მიერ შედგენილი და უწმინდესი სინოდის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილი იყო საეპისკოპოსოთა გაერთიანება, ეკლესიების შემცირება, საეკლესიო მამულების გადაცემა ხაზინის გამგებლობაში, საეკლესიო გლეხების გადასახადების გაზრდა და სხვა.

1819 წლის მაისში ეგზარქოსი იმერეთში ჩავიდა და უშუალოდ მოჰკიდა ხელი საეკლესიო რეფორმის ხელმძღვანელობას, მაგრამ მისმა მოღვაწეობამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. რეფორმის გატარებას წინააღმდეგობას უწევდა არა მარტო სასულიერო წოდება, არამედ თავადაზნაურობაც და გლეხობაც. სულ მალე მოძრაობამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. იგზავნებოდა მოწოდებები იმერეთიდან რაჭაში, გურიაში, სამეგრელოში, ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ თეოფილაქტეს მიერ დაგზავნილი მოხელეებისთვის, არ მიეცათ არავითარი ცნობები, ხოლო უკვე შევსებული ნუსხები წაერთმიათ. აღელვებულმა ხალხმა მოითხოვა, თეოფილაქტეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იმერეთი. იმერეთის მმართველი კურნატოვსკი ყვირილის საგუშაგოსთან შეკრებილ აჯანყებულებთან თვითონ გამოცხადდა და მოლაპარაკებით ცდილობდა მათ დამშვიდებას, მაგრამ ვერაფერს გახდა და თეოფილაქტე გაძლიერებული დაცვით თბილისში გამოაგზავნა.

ეგზარქოსის წამოსვლამ და საეკლესიო ყმა-მამულის აღწერის შეწყვეტამ საქმეს ვეღარ უშველა, რადგანაც, როგორც საქართველოს მმართველის, ველიამინოვის დაზვერვამ დაადგინა, აჯანყებას გაცილებით ფართო ხასიათი მიეღო: იმერეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შენარჩებისთვის ბრძოლა იმერეთის სამეფოს აღდგენისთვის ბრძოლის სამზადისში გადაზრდილიყო და აჯანყების ხელმძღვანელობა სათანადო ზომებს იღებდა.

ასახელებდნენ მეფობის კანდიდატებსაც: ზურაბ წერეთელსა და ივანე აბაშიძეს. თუმცა მოსახლოების უმეტესობას მაინც ბაგრატიონთა სახლის უშუალო წარმომადგენლის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავი მებრძოლის, ალექსანდრე ბატონიშვილისთვის მიუნიჭებია უპირატესობა. მოციქულები გაუგზავნიათ და იმერეთის სამეფო ტახტი და აჯანყების მეთაურობა შეუთავაზებიათ.

მკაცრი და გადამწყვეტი ზომების მოყვარულმა ერმოლოვმა ასეთ პირობებში იმერეთის მმართველად "ლიბერალი" კურნატოვსკის დატოვება მიზანშეუწონლად მიიჩნია, იგი ხანდაზმულობის საბაბით სამსახურიდან გადააყენა და მის მაგივრად ახალგაზრდა პოლკოვნიკი პუზირევსკი დანიშნა, რომელსაც ასე ახასიათებდა: "პოლკოვნიკი პუზირევსკი ყოველმხრივ ცვლის კურნატოვსკის, იმ განსხვავებით, რომ შეუდარებლად უფრო ენერგიულია და იმერეთში მისი, როგორც ცეცხლის, ისე ეშინიათ, რაც აუცილებელი თვისებაა იმერელი თავადაზნაურობის მეამბოხე და მოღალატური ხასიათის გამო...

ერმოლოვის ასეთი დახასიათება პუზირევსკიმ იმით დაიმსახურა, რომ მისი ბრძანება მომავალი აჯანყების მათთვის ცნობილი მეთაურების დაპატიმრებისა, იმერეთიდან მათ გაყვანას რომ ითვალისწინებდა, დიდი გულმოდგინებით შეასრულა. "ყოჩაღმა და ჭკვიანმა" პოლკოვნიკმა არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და მოტყუებით, ღალატითა თუ ძალადობით დააპატიმრა მათი უმეტესობა. მისი გულმოდგინება იქამდეც კი მიდიოდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ტყვეები: საყოველთაოდ პატივცემული ეპისკოპოსები ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი, ხანდაზმული მანდილოსანი ბატონიშვილი დარეჯანი და სხვები, - თუკი იმერლები დაესხმებოდნენ თავს, დაეხოცა და მდინარეში გადაეყარა, გზაში კი, წყნარად რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთი არ დაენახათ და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას შეეცნო, თავზე ტომარაჩამოცმულები და კისერსა და წელთან თოკშემოკრულები წამოეყვანა. პუზირევსკის ამ გადაწყვეტილებას ველიამინოვიც კი შეუშფოთებია და თამამი პოლკოვნიკისთვის ურჩევია, გზაში ტყვეების დახოცვა თუ გახდა საჭირო, მდინარეში არ ჩაყაროთ, თორემ წყალმა რომ გამორიყოს და მოსახლეობამ იცნოს, შეიძლება დიდი არეულობა მოჰყვეს ამ ამბავს, ჯობია, მოზდოკამდე მაინც ატაროთ გვამები და იქ დაფლათო.

მართალია, ტყვეების გამყოლ ბადრაგს გზაზე არავინ დასხმია თავს, მაგრამ დატყვევების დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო საფუძვლიანად დაჩხვლეტილმა და ცხენზე ძალით დაკრულმა დოსითეოს ქუთათელმა სურამსა და გორს შუა დალია სული. ველიამინოვის მითითების თანახმად, მისი სიკვდილი ჯარისკაცებისთვისაც კი არ გაუგებინებიათ, ერთხანს ასე უტარებიათ და ანანურში დაუფლავთ მალულად.

ექვთიმე გენათელმა კი, რომელიც თავიდან საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აქტიური მომხრე იყო და სოლომონ II-ის რუსულ ხელისუფლებასთან შერიგებას შუამდგომლობდა, ნოვგოროდამდე მიაღწია. როგორც 1921-1927 წლების კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში მოგვითხრობს, იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოუწადინებია ექვთიმე გენათელის ნახვა და მასთან ჩაყვანილ ეპისკოპოსს დიდი ზეიმითა და პატივით შეხვედრია, მაგრამ ოდესღაც რუსული ორიენტაციით განთქმულ ეპისკოპოსს თავისი სამშობლოსა და ხალხის წამების გამო იმპერატორისთვის "ახალი ნერონი" უწოდებია და განრისხებულ ალექსანდრეს იგი ოლონეცკის გუბერნიაში, სვირის მონასტერში გადაუსახლებია.

წარმატებით თავბრუდახვეულ პუზირევსკის მაინც გულს აკლდა, რომ შეთქმულების მეთაური, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟი ივანე აბაშიძე და მისი მოკავშირენი ვერ შეიპყრო, მაგრამ სულ მალე ქაიხოსრო გურიელის სასახლეში (სოფელ შემოქმედში) მიაკვლია "ავაზაკთა ბუდეს". მათი განადგურების იდეით შეპყრობილი პუზირევსკი ჯარით შეიჭრა გურიაში, მაგრამ სწორედ იმ დღეს გამოასალმეს წუთისოფელს შემოქმედის ციხესთან, როცა ერმოლოვი ზემოთ მოყვანილ სიტყვებს წერდა: პუზირევსკი "ჭკვიანია, ყოჩაღია და შეუძლია ხალხს ჩვენი ხელისუფლების პატივისცემა ჩაუნერგოს".

პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ აჯანყებამ უკვე აშკარად იფეთქა გურიაში. დავით ერისთავმა ჩოხატაურის საგუშაგოზე მიიტანა იერიში, აქ მდგომი რუსული რაზმი ამოჟლიტა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. გურულებმა სასტიკად დაამარცხეს პოდპოლკოვნიკ ზაგორელსკის რაზმიც. ამავე დროს რაჭაში აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს ვახტანგ ბაგრატიონი და ქუთაისისკენ დაიძრნენ. მთელ რაჭა-იმერეთ-გურიაში აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა. მართალია, სამეგრელოსა და გურიის მთავრები რუსების აშკარა წინააღმდეგობას ვერ ბედავდნენ, მაგრამ ამ სამთავროების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქაიხოსრო გურიელისა და გიორგი დადიანის ხელმძღვანელობით ანტირეჟიმულ აჯანყებაში იყო ჩაბმული.

პუზირევსკის მკვლელობით გაბოროტებულმა ერმოლოვმა შემდეგი შინაარსის ბრძანებით მიმართა პოლკს: "მამაცო ამხანაგებო! თქვენ დაკარგეთ მეთაური, რომელიც გამოირჩეოდა დიდებული ხელმწიფისთვის გულმოდგინე სამსახურით და სამაგალითოდ ზრუნავდა თქვენზე. თქვენთან ერთად ვწუხვარ, რომ დაიღუპა იგი უნამუსო მოღალატეების ხელით. თქვენთან ერთად ვფიქრობ, როგორ მივუზღათ მათ ღირსეული მეთაურის საზარელი მკვლელობისთვის. მე გიჩვენებთ ადგილს, სადაც ცხოვრობდა ყაჩაღებს შორის გამორჩეული ქაიხოსრო გურიელი. ქვა ქვაზე არ დატოვოთ ბოროტმოქმედთა თავშესაფარში, მისი ბილწი თანამზრახველებიდან ერთიც არ გადარჩეს ცოცხალი..."

ასეთი ბრძანებით წაქეზებული ჯარისკაცები, რაღა თქმა უნდა, ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ გურიის სოფლების გასანადგურებლად. და მართლაც, გენერალ ველიამინოვის 3200-კაციანმა რაზმმა უწყალოდ აჩეხა ბაღ-ვენახები, გაანადგურა სოფლები, დაწვა სახლები და ნაცარტუტად აქცია იქაურობა. იმერეთის ახალი მმართველის გორჩაკოვის მეთაურობით ჯარები შეიჭრნენ რაჭაში, სადაც ქვა ქვაზე არ დატოვეს.

ყველაფერზე მძიმე კი ის იყო, რომ რუსებმა ვერაგული ხერხებით შეძლეს აჯანყებულთა ერთ-ერთი დაჭრილი თავკაცის, ლომკაც ლეჟავას საშუალებით ხელში ჩაეგდოთ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი - იმერეთის დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი აჯანყების ყველა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელს. მათი უმრავლესობა რუსულ სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა, მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა მიღებული და ხელისუფლებას ლოიალურად აჩვენებდა თავს. რუსულ ხელისუფლებას, რაკიღა ასეთი საბუთი ჰქონდა ხელთ, მათი მუხანათურად ხელში ჩაგდება აღარ გასჭირვებია - გორჩაკოვთან სადარბაზოდ მიწვეულ წარჩინებულ საზოგადოებას სრულიად მოულოდნელად ალყა შემოარტყეს და გამოუცხადეს, რომ დაპატიმრებულნი იყვნენ. შეთქმულებმა ხმლები იშიშვლეს, მაგრამ ორმაგი ალყის გარღვევა ვეღარ შეძლეს. ზოგი მათგანი ადგილზევე დაეცა, უმეტესობა კი ციმბირში გადაასახლეს. მათი სასახლეები და ციხეები მიწასთან გაასწორეს, ყმა-მამული ხაზინას გადასცეს.

***
სამწუხაროდ, ძალზე მწირი მასალის შეკრება შევძელით ამ აჯანყების ერთ-ერთ მოთავეზე, აწ წმინდანად შერაცხულ მიტროპოლიტ ექვთიმეზე (შერვაშიძე), რომელსაც ხელისუფლებამ შორეულ რუსეთში, სვირის მონასტერში უკრა თავი, სადაც 1822 წელს აღესრულა.

KARIBCHE

ანანური

ჯერ კიდევ 12 წლის ყმაწვილი გურიიდან იმერეთს გადმოხიზნეს.

1819 წლის 2 ნოემბერს დაწერილ წერილში იგონებს: "დიდმა მეფემ სოლომონ პირველმა და მისმა ძმამ კათალიკოზმა იოსებმა მომიყვანეს გურიიდან. 61 წელიწადი არის, იმერეთს ვარ, ორმოცდაერთი წელიწადი გაენათელი ვარ, ოცს წელიწადს მეფეს და მის ძმას, კათალიკოზს ვახლდი და მათი ბრძანება და დაწესება სრულიად ვიცი".

ხსენებული დოკუმენტი ამოწმებს, რომ იგი გელათის კათედრას 1778 წლიდან განაგებს, იქიდან ჯუმათის მონასტრის წინამძღვრად გადაჰყავთ, შემდგომ კი მიტროპოლიტის ხარისხში კვლავაც გელათში აბრუნებენ.

როგორც მატიანე მოწმობს, 1787 წელს მიტროპოლიტ ექვთიმეს გელათში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი განუახლებია.

ეს წმინდა კაცი, ზემოხსენებული აჯანყების მეორე სულისჩამდგმელთან, მიტროპოლიტ დოსითეოსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო თუ საერო საქმეების გადაწყვეტაში.

მიტროპოლიტი ექვთიმე საქართველოს გაერთიანების აქტიური მომხრე იყო. ეცადა კიდეც, 1790 წელს დარეჯან დედოფალი როგორმე დაერწმუნებინა ამაში, მაგრამ ამაოდ.

ცარისტულმა რუსეთმა 1819 წლის იმერეთის საეკლესიო ამბოხში მთავარ "დამნაშავეებად" სწორედ ქუთათელი ექვთიმე და გენათელი დოსითეოსი ცნო.

1820 წლის 16 თებერვალს პოლკოვნიკი პუზირევსკი გენერალ ველიამინოვს წერდა: "მიტროპოლიტი გაენათელი ამჟამად იმყოფება გელათის მონასტერში, 10 კილომეტრის მოშორებით ქუთაისიდან. გზა იქამდე მთაგორიანი და რთულია...

ეს საქმე დაევალა მაიორ ანდრეევსკის. მის შესაპყრობად სპეციალური ჯგუფი საჭირო არ არის, ყოველი შემთხვევისთვის ვაგზავნი უნტერ-ოფიცერს...

მაიორი ანდრეევსკი გაენათელთან ხშირად იმყოფება და მისი იქ მისვლა გაენათელის გაოცებას არ გამოიწვევს".

ორივე მიტროპოლიტი ერთსა და იმავე დღეს, საღამოს უნდა შეეპყროთ, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო კვირას ან პარასკევს, რადგან ამ დღეებში ხალხმრავლობა იყო და ეს მოსახლეობის ამბოხსა და ტყვეთა განთავისუფლების მცდელობას გამოიწვევდა.

1820 წლის 4 მარტს, საღამოს, მიტროპოლიტი ექვთიმე შეიპყრეს, "თუმცა მან შეინარჩუნა სრული სიმშვიდე და გამოხატა დიდი გაოცება, თუ რატომ იჭერდნენ მას ძალით".

ორივე მღვდელმთავარი მათრახის ცემით მიიყვანეს სურამს. მშიერ-მწყურვალებმა წყალი რომ ითხოვეს, ერთ ღვთისნიერ დედაკაცს უმალ მიუწოდებია. "ესე პატიოსანი დედაკაცი ატირდა, გულს შემოეყარა ამისთანა საწუხის და ძნელად მოულოდებელის და საშიშის შემთხვევისთვის და როცა მღვდელმთავარმა გაენათელმა წყლის დასალევად პირი გააღო, დიდისა სიცხისა და ცემისა და ტანჯვით და დევნილობით ბრძანდებოდა გზასა შინა, რა რომ წამოიღვარა პირიდამ შემდგარი სისხლი ლუკმა-ლუკმად და ამავე წამსვე კბილები ჩამოსცვივდა დიდის ტკივილითა, ხოლო ქუთათელმა გზაში დალია სული..."

სასტიკად გვემეს მეუფე ექვთიმე, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად გადახიზნეს ქალაქ ნოვგოროდს.

როგორც ირკვევა, მასთან შეხვედრა მოუნდომებია იმპერატორ ალექსანდრე I-ს და დიდი პატივით დახვედრია ქალაქ პეტერბურგს. "იმპერატორმა დიდი ზეიმითა და პატივით მიიღო იგი, მაგრამ მიტროპოლიტი არ მოერიდა, ემხილებინა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის და მას ახალი ნერონი უწოდა", - იგონებდა წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია.

სხვა მიზეზი არც სჭირდებოდათ - იგი უმალ სვირის მონასტერში მიავლინეს, სადაც დიდი ტანჯვის შემდგომ რამდენიმე წელიწადში აღესრულა.

***
როგორც გადმოგვცემენ, მისი აღსასრულის შემდგომ ჭირისუფალნი დიდი სასწაულის მომსწრენი გამხდარან: "ჟამსა წესის აგებისა მის ზედა, შემდგომად შესრულებისა ანდერძის აგებისა, მღვდელმთავარი ექვთიმე წარმოდგა თავის კუბოში და აკურთხა მარჯვენითა ხელითა მუნ მყოფნი ხალხნი სრულიად და შემდგომ ისევ მიიძინა უფლისა მიმართ მშვიდობით...

ესე ნამდვილი მოთხრობა მოვიღევით მისთანა მყოფსა მონასტერსა შინა ჟამსა მისი სიცოცხლისაგან და ანდერძის აგებისა და შემსრულებლისაგან, რომელიც იყო იმერეთის პატივცემული და ერთგული აზნაურიშვილი იოანე აბულაძე და სხვანი მრავალნი...

დასწერა ჯვარი, ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსვე და მიიძინა. და დაეცათ შიში მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა ამის წმიდისასა და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა".

***
მიტროპოლიტ ექვთიმეს წმინდა ნეშტი 2005 წელს გადმოასვენეს საქართველოში, მიტროპოლიტმა დოსითეოსმა კი ანანურის მონასტრის მიწაში პოვა სამუდამო ძვალთშესალაგი. ორივე მათგანი ქართულმა ეკლესიამ მცირე ხნის წინ წმინდანთა დასს შეუერთა...

მეოხ გვეყონ უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე ეს წმინდა მამანი!
ბეჭდვაელფოსტა
19.11. 2019
ონისე
სამწუხაროდ რუსეთი ყოველთვის სარგებლობდა ჩვენი ერთმორწმუნეობით და ყოველთვის ბოროტად იყენებდა ამ ყველაფერს თითქოსდა მეგობრული დამოკიდებულების დროს ყოველთვის მტრად გვევლინებოდა
19.03. 2019
ილია
niko რას ამბობ? რომელ მასლაზე დაყრფნოვბით წერ ჟორდანიამ და მისმა გუნდა რომ გაანიაცვა ქონება? ან თნდაც ასე ყოფილიყო, ეს რუსეთის საქციელს ამართლებს?
21.12. 2018
მარიამი
ბიბლიაში წერია:"დაწყევლილია კაცი,რომელიც ადამიანზეა მინდობილი".ხსნა მხოლოდ ღმერთშია,მაგრამ ღმერთი რომ დაგვეხმაროს ამისათვის აუცილებელია ცოდვებისაგან განშორება,ცოდვები აღარ უნდა ჩავიდინოთ.
14.05. 2017
გულთამზე ვადაჭკორია
ერსულოვნებაზე ეს ამბები შუქდება,ხოლმე,მადლობა მას.ხოლო ჩვენი ისტორია ეგერ-აგერ ეხება,რატომღაც.რუსი-მტერია და მტრულად გექცევა..მაგრამ ისტორიას აყალბებენ ვაი ქართველი მედროვეები..შორს წამიყვანს ფაქტების მოყვანა..,მივესალმები თქვენ გადაწყვეტილებას..მიდით ქართველებო უფალი ჩვენთანაა..
13.05. 2017
ნიკოს
Niko ამ ხალხის გამკვირვებია? რა გიკვირთ რუსული, სპარსული თუ ნებისმიერი გადამთიელის სიხარბე და რაც მათ საქართველოს დამართეს როცა საკუთარი ერის "შვილებიც" კი არ ინდობდნენ ქვეყანას და ხალხს. ჟორდანიას მთავრობამ ცოტა ძვირფასეულობა გაზიდა საქართველოდან რომელის უდიდესი ნაწილიც გაყიდეს და გაანიავეს და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი დაბრუნდა საქართველოში? აააა! თქვენ ეს არ იცოდით? ამას არავინ გეტყოდათ იმიტომ რომ მაშინდელ მთავრობას დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე გმირებად და წმინდანებად გიხატავენ. რაღა შორს მივდივართ - წინა მთავრობამ ცოტა საგანძური გაიტანა ქვეყნიდან? ერთმანეთს არ ვინდობთ და რა გიკვირთ რუსის საქციელი? მეტი შენი დედა მოვსტყან, რაც აქ ტყუილებს წერ შე რუსის შნირო
სხვა სიახლეები
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
01.10.2021
საზოგადოების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler