ამ უსახელო მოწამეებზე ნაწილობრივ ადრეც გიამბეთ. ამჯერად კვლავ გვსურს, მატიანეს გადავხედოთ და საკუთარ თავს შევახსენოთ, რას უნდა ნიშნავდეს ქრისტიანისთვის ნათლისღება და ჩვენი დროისთვის უცხო რა საკვირველი გულმხურვალებით უფრთხლდებოდნენ ამ საიდუმლოს ძველი ქართველნი.
"რომელ ხორციელ ენას ძალუძს, წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი: ვის - ცოცხლად ტყავს აძრობდნენ, ვის - ოთხ პალოზე გაკრულს - ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის - ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლით და ვის - ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ... ვის - შამფურზედ გაცმულს - ცოცხლებრივ ცეცხლზედ სწვავდნენ, ვის - შიშველს - გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ... ვის - ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის - გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის კი - ანთებულ კირში აგდებდნენ" (ახალციხის ფონდის ხელნაწერი. მასალა ეფუძნება აგრეთვე ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომს).
ქართველთა უარი ოსმალთა ფაშას ძალზე ეწყინა. ურჯულოებმა ბოლოს ხერხი იხმარეს და ადამიანთა გადაბირება და მოსყიდვა ფულით იწყეს.
ასეთი მოხუცები იქ ბევრნი ყოფილან. ისე შეაწუხა ამან ოსმალონი, შეუპყრიათ ყველა და გათათრება მოუთხოვიათ.
"ბოლოს მთავრობისგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაათათრეთ, თუ არ გათათრდნენ, მერე დახოცეთო.
მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში გამოუმწყვდევიათ, საპატიმროებში ხოჯები მოუგზავნიათ და ხოჯებს ლოცვები დაუწყიათ.
ზოგიერთი მოხუცებული მიუზიდნიათ მაჰმადიანობაზედ და ზოგიც - ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა... ამ ხიდზედ დაუდგიათ თავსაკვეთი... მოხუც ქრისტიანებს თავებს სჭირდნენ, მერე - ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო... ეს საქმეები მომხდარა 1970-იან წლებში".
ყადი ს. ჩიჯავაძის ნაამბობი
მთელი კინტრიშ-ქობულე მამაკაცები ერთ ალაგას დაიბარეს და გამაჰმადიანება გამოუცხადეს. ხალხმა შესძახა:
- დავიხოცებით და მაგას არ ვიზამთო!
ოსმალთ არ ჰქმნეს, არ შეისმინეს თხოვნა. ამ ჩხუბის დროს გუგუნავა, დუმბაძე და ჭყონია მაჰმადიანებად აღმოჩნდნენ - ესენი წინადვე გამაჰმადიანებულიყვნენ ოსმალთ შესყიდვით. ამათ იყვირეს:
- ბიჭო, ჩვენ გავმაჰმადიანდით და რა დაგვაკლდა? არაფერი. გირჩევთ, გამაჰმადიანდეთ თქვენც, თორემ ბევრი დაიხოცებით, ხონთქარი ძლიერიაო...
ხალხმა მაინც არ ჰქნა. ოსმალთ მოთავე კაცები დაიჭირეს და ამათ სთხოვდნენ, ხალხს გამაჰმადიანება ურჩიეთო. ამათ არ ჰქმნეს და იმ დროს გაურჯულოებული თავდგირიძეები დიდად ლანძღეს.
ამაზედ ჩხუბი ასტყდა და ეს კაცები ერთი კვირის შემდეგ ჭახათის ზემოთ, ტყეში დაარჩვეს და დამრჩვალები რამდენიმე დღეს თოკით ეკიდნენ ხეებზე. დიდი შლილობა მოხდა, დიდი სისხლისღვრა - ოსმალონი ქრისტიანებს არც აქ აყენებდნენ და არც სხვაგან უშვებდნენ. ჩვენები კიდევ არ მაჰმადიანდებოდნენ და ამიტომ დღედაღამ ხალხის ხოცვა იყო, დედაკაცებისა და ბავშვების ტირილი და დიდი უბედურება.
ოსმალთ ბევრი ხალხი დახოცეს. მალე ჭახათისკენ, გემის საბამისკენ ქვის სარჩობელა და თავსაკვეთი გააკეთეს და იქ ძლიერ ბევრი ხალხი ჩამოარჩვეს, მაგრამ მაინც არ იქნა, ოსმალთ აქაურები ვერ შეაშინეს.
ამ დროს ბებიაჩემი ხელმეორედ გაიქცა ოზურგეთისკენ და მეც თან წამიყვანა. მაშინ 13 წლისა ვიქნებოდი. მე და ერთი ჩვენსავით გამოქცეული ქობულეთელი ჯაში გრ. გურიელის პაპასთან დაგვაყენეს და ბებიაჩემი ბატონ გურიელს ეხვეწებოდა, - ეს ბიჭი არავის მისცეთ, რომ არ გამიმაჰმადიანონო...
ბებიაჩემი კი ისევ შინისკენ დაბრუნდა და სთქვა: სადაც ჩვენები დაიხოცებიან, მეც იქ უნდა მოვკვდეო.
ოსმალთ ხალხის გაუმაჰმადიანებლობა არ ჰქმნეს და ამის გამო დიდძალი ხალხი დახოცეს. საქმე გაჭირდა. ბოლოს რამდენიმე მღვდელი და კაცი სიმონ გურიელთან მივიდნენ და შველა სთხოვეს. სიმონმაც პირობა მისცა და მალე სტამბოლში წავიდა. მეც მოსამსახურედ თან წამიყოლა. მასთან სხვა თავადებიც იყვნენ. ამათ ხონთქართან მორიგება ჰქმნეს და ნება აიღეს, რომ ქობულეთის და ჩაქვის ქართველები არ გამაჰმადიანებულიყვნენ, ამიტომ მალე წამოვიდნენ და აქაურ ფაშებთან ხონთქრის ბრძანება ჩამოიტანეს და საქმე გაათავეს.
ყველა დამშვიდდა, ყველა თავის სახლ-კარის გაკეთებას და გამაგრებას შეუდგა, ყველამ შეიტყო, რომ მორიგება მოხდა და ხონთქარმა ნება დაგვრთა, ქრისტიანებად დავრჩენილიყავით.
ჩემი ბებია გადმოვიდა გურიაში და მეც უკან წამიყვანა ბატონისგან, რადგან გამაჰმადიანების შიში აღარ გვაქვს ბატონის წყალობითო. მეც წავედი. ჩვენსას წასვლა ძლიერ მიხაროდა.
რადგან ჩვენში გამაჰმადიანებულნი აქა-იქ იყვნენ, ამიტომ ოსმალის ფაშებმა აჭარიდან ხოჯები და მოლები გამოგზავნეს ჩვენში და ესენი ალოცებდნენ ახალგამაჰმადიანებულ ქართველებს.
მალე აქა-იქ სოფელ-სოფელ ჯამეების კეთება იწყეს, რაზედაც ჩვენს ხალხს ძლიერ მოსდიოდათ ჯავრი. ხოჯა რომ "ლაილაჰეს" სათქმელად ავიდოდა ჯამეზე და დაიწყებდა ძახილს, ჩვენები ამაზე დიდად ჯავრობდნენ და ამბობდნენ: - რას ჰყვირის ეგ ურჯულო ეგაო და სხვანი...
ხშირად ქვას, ტალახს და ხის ნაჭერს ესროდნენ და გააჩუმებდნენ ხოლმე... თათრებსა და ქრისტიანებში ჩხუბი იმართებოდა ხოლმე და ერთმანეთს ხოცავდნენ.
ქართველებს რჯულიდგან გასული თავისიანები ძლიერ ეჯავრებოდათ. ხოჯა-მოლებმა ხონთქართან იჩივლეს, გურჯები ჯამეებს გვიქცევენ, გვაგინებენ, "ლაილაჰეს" თქმას არ გვაცლიან და ახლად გამაჰმადიანებულთაც ხოცავენო. ამიტომ ხონთქარმა ბრძანა: - რაც კი გურჯები იპოვებიან მანდა, ყველანი გაამაჰმადიანეთ და ვინც არ გამაჰმადიანდეს, დახოცეთ და ერთ კაცსაც ნუ დატოვებთ, რომ საქმე მორჩეს და მოისვენოსო...
ბრძანებასთან ერთად დიდი ჯარიც გამოგზავნა.
ოსმალონი ბრძანების აღსრულებას მალევე შეუდგნენ და ხალხის უფრო გამეტებით ხოცვა იწყეს. ერთი სარჩობელაც ძველ ქობულეთში გააკეთეს, ყოველ სოფელს გარშემო ჯარი შემოარტყეს და იწყეს გამაჰმადიანებაზედ ლაპარაკი, მაგრამ ხალხმა იუარა და ამაზედ ჩხუბი ატყდა. დიდძალი ხალხი დაიხოცა, ძლიერ ბევრნი აქეთ-იქით გაიქცნენ, მაგრამ მაინც ბევრნი გაამაჰმადიანეს, ბევრი კი ქრისტიანად დარჩა.
დიდი ამბები მოხდა, ქრისტიანებს ძლიერ გაუჭირდათ, აქ აღარავის უშვებდნენ, რომ ქრისტიანად დაშთენილიყვნენ და ყველას ხოცავდნენ.
მაშინ 16-17 წლისა ვიქნებოდი.
თუმც კი გავმაჰმადიანდით, მაგრამ ეკლესიებს და ხატებს პატივს ვცემდით... ეს ამბები ხოჯებმა ხონთქარს აცნობეს და მალე იქითგან ბრძანება მოვიდა, რომ ეკლესიები ან დააქციეთ, ან ჯამეებად გადააკეთეთო.
ჩვენში ეს ამბები წინადვე შეიტყვეს. ამიტომ ერთ დღეს, დილაადრიან მამაჩემმა გააღვიძა თავისი ძმები, მეც გამაღვიძა, რადგან მაშინ ბევრი ვაი-ვაგლახისგან ძილი გამკრთალი გვქონდა. მამაჩემმა თავისი ძმები და მეც აჭყვის მთავარანგელოსის ეკლესიაში წაგვიყვანა. ტაძრის კარები გააღეს. შიგ ბევრი რამ იყო: წიგნები, ხატები, ფული, ჯვრები და სხვანი. ყველა ესენი ერთად შეკრიბეს და ეკლესიის ზევით ერთი დიდი ორმო გათხარეს და შიგ ჩააწყვეს. ზევიდამ ხეები დააყარეს, მერე მიწა მიაყარეს და იქ დამარხეს, რომ ოსმალთ არ წაიღონო, ზევიდან კიდევ პატარა ღობე შემოავლეს, რომ ნადირი ან სხვა ვინმე არ მივიდეს იმ ალაგზე და არ დაიბილწოსო.
ეს საეკლესიო ნივთები დღევანდლამდე იქ მარხია..."
სოფელ აჭყვისთაველ 120 წლის ქამჯარაძეს უამბია
ეს რომ ბეგმა შეიტყო, შეუთვალა, - მაგ ადგილს თავი ანებე, თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებთო. მონაზონსაც შეუთვლია, - აქედან არსად წავალ, სიკვდილი ისეც ყველგან დამხვდება, ტაძარს უნდა ვუპატრონოო.
მალე მუქარა აღასრულეს და მართლაც მოკლეს, ფარულმა ქრისტიანმა ქალებმა კი გულითადად დაიტირეს მოხუცი მოწამე. მიწასაც მათ მიაბარეს.
- თქვით, რომ დღეიდან თათრები ხართ და ქრისტეს უარყოფთო.
- არ ძალგვიძსო, - უპასუხიათ.
- არ ძალგიძთ და შეცურეთ ჭოროხში. ვინც ნაპირზე გავა, ხომ კარგი, ხელს აღარ ვახლებთ და რჯულსაც შევუნახავთ, ვინც ვერა, სიკვდილი არ ასცდებაო...
ზოგმა შიშით მიიღო ისლამი, ხოლო ვინც მდინარეში შევიდა, ყველა დაიღუპა, ნაპირამდე ვერავინ გააღწია - ჭოროხი იმ დროს ადიდებული ყოფილა.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ მარადიდელნი ქრისტიანობის გულისთვის ოსმალების წინ ეწამნენ, დაიტანჯნენ, მათგან დედაკაცებიც კი ებრძოდნენ ოსმალთ და გათათრების გულისთვის სისხლს ღვრიდნენ".
ერისთავის ნაამბობიდან
"თვით ჩვენი ძველები იტყოდნენ და მეც მოვსწრებივარ იმ კაცებს, რომლებიც კინტრიშში გაამაჰმადიანეს, ქობულეთსა და ჩაქვის ხეობაში კი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობას.
ხალვაშნებისა და გორგაძნეების გვარში მღვდლებს ჩუმად ინახავდნენ, საერო ტანსაცმლით ჰყავდათ. ბოლოს ეგ ოსმალებმა შეიტყვეს და ერთ დღეს კინაღამ არ ამოხოცეს ყველა.
როგორც ამბობენ, ჩვენი ძველები ქრისტიანობაზედ ძალიან მაგრა მდგარან, ძლიერ ბევრი უშრომიათ მის შენახვაზედ და ბევრიც უწვალნიათ და უტანჯნიათ გამაჰმადიანების გამო. ვერ ნახავთ ვერც ერთ ოჯახს ჩვენი ძველებისა, რომ იქ გათათრების გამო დიდი სისხლი არ იყოს დაღვრილი".
მღვდელი მართლაც გადასულა მარადიდში. ოსმალთ ჯერ იქ ყოფნაც კი აუკრძალავთ. ბოლოს ნება მიუციათ, - მხოლოდ ეკლესიას უპატრონე, როგორც კი ვინმეს გადაიბირებ, მაშინვე მოგკლავთო.
მღვდელი ლივანაში 30 წელიწადს დარჩენილა და ბევრი გამაჰმადიანებული მოუქცევია.
ბოლოს ყველაფერი გამჟღავნებულა. ფარულ ქრისტიანებს მღვდელი გაუფრთხილებიათ, - გაიქეცით, მამაო, ფაშას დამქაშები თქვენს მოსაკლავად მოდიანო.
მართლაც გაქცეულა, მაგრამ ოსმალებს გზად შეუპყრიათ და თავი მოუკვეთიათ...
მაჭახელა მათ მტკიცედ და გულდიდად დახვედრია - ხალხი აქ მეტად მედგარი და გაუტეხელი ყოფილა და ასე ადვილად ვის ჩაჰბარდებოდნენ?!
კარგა ხნის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ოსმალებმა მაჭახელელთა სისხლისღვრას თავი ანებეს და სხვა ხერხს მიმართეს - ვინც მამა-პაპის რჯულს არ უარყოფდა, დიდ გადასახადს აკისრებდნენ, სასამართლოში ჩაგრავდნენ, მოწმედ არსად აყენებდნენ, სულ უბრალო რამის გამო სასჯელს ადებდნენ და მამულებს ართმევდნენ, სანაცვლოდ კი იმათ აძლევდნენ და მატებდნენ, ვინც ისლამს შეუდგა.
მაჭახელაში ერთ შეძლებულ აზნაურს უცხოვრია, გვარად ძნელაძეს. ეს გვარი იმხანად მაჭახელას გარდა სოფელ ძნელიეთისა და ბაზარეთის მკვიდრიც ყოფილა.
ნაწყვეტი მოხუცებულ მაჰმადიანთა მონათხრობიდან: "დაბარებულ იქმნა ჩვენი ძველების ერთი უფროსი ძნელაძე, დიდის მამულ-დედულის პატრონი. ამას გამოუცხადეს გამაჰმადიანება იმ პირობით და იმ საჩუქრებით, როგორც სხვები გამაჰმადიანდნენ.
ძნელაძემ უთხრა:
- მე არც გავმაჰმადიანდები და არც თქვენი საჩუქარი მინდა, ქრისტიანობას მაჰმადიანობაზედ არ გავცვლი, ეს არასოდეს არ იქნება, მე ამას ნუღარ მეტყვით, თორემ ჩხუბი მოხდებაო.
ოსმალთ ძლიერ ეწყინათ და უთხრეს:
- კარგი, მაგრამ ბევრს შეგანანებთო. ძნელაძემ მიუგო:
- ნება თქვენი გახლდესთ!
რამდენიმე ხნის შემდეგ ოსმალთ აუტეხეს დავა, დაუწყეს ცილისწამება - ჰბრალდებოდა ტყუილად კაცის კვლა, გაქუცვა, ახლად გამაჰმადიანებულების შეწუხება და სხვანი. თავს მართლულობდა, მაგრამ ამაოდ. ოსმალნი ძალიან სჩაგრავდნენ. ასეთი ბრძოლის გამო მას ხელიდგან წაუვიდა თავისი მამულების უმეტესი ნაწილი. ოსმალნი ეუბნებოდნენ:
- გამაჰმადიანდით და ყველაფერს გაპატიებთ, ყველაფერს გაჩუქებთო.
ძნელაძე ეტყოდა:
- გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. მე, აი, ეს ენა, ყელი რომ მომჭრათ, მაინც არ იქნება ჩემი გამაჰმადიანება. რად უნდა გავთათრდე, ჩვენმა სჯულმა რა დაგიშავათ, რა გიყოთ?! მე ვერ ვიზამ, ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული, რომ ვიდრე ძნელაძეებს პირში სული გვიდგას, ჩვენს სჯულსა და ქვეყანას არ ვუღალატებთო...
ამ ძნელაძის მოგვარეთ და მოყმეებს დიდი რიდი ჰქონიათ მისი და ამიტომ ვერ ღალატობდნენ სჯულს, მაგრამ დროთა მანძილზე ისინიც და ამ ღირსეული კაცის ძმებიც და შვილებიც გამაჰმადიანდნენ.
ამის გამო მთელი ავლადიდება დაკარგა, თუმც ქრისტეს ღალატი გულშიც არ გაუვლია...
ასეთ სიღატაკესა და ტანჯვაში სნეულებამ და სიბერემ ერთად უწია და სასიკვდილო სარეცელს მიაჯაჭვა.
იმ დროისათვის მაჭახელაში აღარც მღვდელი იარებოდა, აღარც ქრისტიანი - დედაბუდიანად გაურჯულოვდნენ. სასულიერო პირებიდან ვინც ცოცხალი დარჩა, სოფლიდან გააძევეს, ხოლო ეკლესიები პირწმინდად დააქციეს...
სიკვდილის წინ იმ ძნელაძემ შვილებს უხმო და თვალცრემლიანი შეევედრა, - ეს არის, ვთავდები, ბევრი წამება გამოვიარე, სჯულის შესანახად ყოველი დავთმე და მეშინია, ქრისტიანი კაცი ვაითუ მაჰმადის წესით დამმარხოთო..."
ამათ ფიცი მისცეს, რომ მღვდელს მოვიყვანთ და ისე დაგმარხავთო.
ამ დაპირების შემდეგ ძნელაძე მალევე გარდაიცვალა...
მიცვალებულის ნათესავნი ართვინს გადასულან, მღვდელი გადმოუყვანიათ და მიცვალებულის სულის საოხად იმისთვის უწირ-ულოცვინებიათ..."
გვარად ძნელაძის, ნაამბობიდან
"ვაიოს შემდეგ სატანჯველ ალაგად ქედა აქციეს. პირველ ხანებში, ვინც არ თათრდებოდა, დაიჭერდნენ, ქედას მიიყვანდნენ, პარასკევს დღეს, ლოცვისას ჯამეში შეიყვანდნენ. ვინც იმათ სჯულს ითვისებდა, ხომ კარგი, ცოცხლად შთებოდა, ვინც არადა ლოცვის შემდეგ ხეზე ჰკიდებდნენ და სულს ასე უმოწყალოდ ართმევდნენ... თურმე დამხრჩვლები 3 დღეს ეკიდნენ ხეზე ახალგათათრებულ ქართველთა დასანახად.
ერთ პარასკევს კი ქედაში 50 "მოურჯულებელი და ურჩი" კაცი და დედაკაცი ჩამოკიდეს თათრებმა ხეებზე და დაახრჩვეს 1765 წელს..."
მართლაც საკვირველი საქმე დამართეს ოსმალებს - ათასობით კი დახოცეს, მაგრამ საბოლოოდ, სიმცირის გამო, მაინც დამარცხდნენ - ოსმალებმა ახალგათათრებული ქართველებიც შემოიერთეს და პირწმინდად გაწყვიტეს იქაური ქალი და ბავშვი... ვინც გადარჩა, ოსმალეთში გაირეკეს თურმე...