ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც დასტურია იმისა, რომ სიბნელისა და ბოროტების არსება ხანმოკლე და წამავალია და რომ "ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე, I,5).
გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ვახტანგ გურული.
- ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი რუსეთის მიერ ბაგრატოვანთა სამეფო ტახტის გაუქმებას უკავშირდება. მაცხოვარი ამბობს სახარებაში, დადგა "ხელმწიფება ბნელისა". მაგრამ ღმერთმა არ დატოვა ქართველობა ამ განსაცდელში. მართალია, მეფობა არ აღდგენილა, მაგრამ სხივი მაინც გამოჩნდა. რა იყო ეს?
- ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის დეკემბრამდე გიორგი XII კი ითვლებოდა საქართველოს მეფედ, მაგრამ ქვეყანას განაგებდნენ რუსი დიპლომატები და სამხედროები. საქართველო გაჩანაგების ზღვარზე იდგა. ქართლ-კახეთის მეფე, გიორგი XII იმდენად იყო შეშინებული, რომ თბილისშიც კი ლეკთა მცველი რაზმით გადაადგილდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იყო ჩვენი ერისთვის. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ რუსებმა საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში ქვეყანა. ამან ქართული პოლიტიკური ელიტა, ქართული არისტოკრატია დააბნია. უფრო საშიში იყო ის, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა, ბაგრატიონთა სამეფო სახლი ხსნის გზას ვერ ხედავდა.
1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა მოსკოვში ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. ეს მანიფესტი გარკვეული მიზეზების გამო არ წაკითხულა თბილისში, წაიკითხეს 6 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში. მანიფესტის წაკითხვას ესწრებოდნენ ბაგრატოვანთა სამეფო სახლის წევრები, ქართველი არისტოკრატია და დიდვაჭრები. არავინ იცოდა, რა უნდა წაეკითხათ. ხმები კი დადიოდა - ბაგრატიონთა სამეფო ტახტი გაუქმებულია და ამიტომაც ვერ დაიდგა გვირგვინი დავით ბატონიშვილმაო.
მანიფესტი მეტად მძიმე პირობებში წაიკითხეს. სიონის შემოგარენი რუსის ჯარს ალყაში ჰქონდა მოქცეული. ისედაც დაბნეულ, ბრძოლის უნარდაკარგულ და დაბეჩავებულ ქართველობას თავზარი დაეცა. მანიფესტის წაკითხვის შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობას მოსთხოვეს, რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომობაზე დაეფიცათ. ამით საქართველო გახდებოდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. საოცარი რამ მოხდა. წაიკითხეს ფიცის ტექსტი და გაისმა ბრძანება: დაიჩოქეთ და დაიფიცეთო. საზოგადოება ისე იყო დაზაფრული, რომ მართლაც მუხლებზე დაეცა და დაიფიცა. ეს არ გააკეთა მხოლოდ რამდენიმე ათეულმა კახელმა აზნაურმა და თავადმა. მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს ტაძარი, გამოვიდნენ ეზოში. რუსებმა მათი შეჩერება სცადეს, მაგრამ ტაძრის სიახლოვეს ტყვიის სროლა ვერ გაბედეს. ქართველი დიდებულები ცხენებზე შესხდნენ და კახეთში დაბრუნდნენ, სადაც მოამზადეს კახეთის 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა, როგორც პროტესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და არისტოკრატიამ დაბნეულობის ხანა გადალახა და ამ მოვლენით საფუძველი დაედო ეროვნულ მოძრაობას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოხდა მანიფესტის გამოცხადების დღესვე.
- ამის მერე რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ თითქმის ყველა გამოსვლა და აჯანყება სისხლში ჩაახშეს (1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში, 1812 წლის აჯანყება კახეთში, 1819-20 წლების აჯანყება იმერეთში), 1832 წლის შეთქმულებაც მარცხით დამთავრდა. შეთქმულების ყველა მონაწილე დააპატიმრეს და დასაჯეს. ქვეყანა კვლავ კრიზისში ჩავარდა. ეროვნული მოძრაობის ჩქამიც აღარ იგრძნობოდა ("არსაიდან ხმა, არსით ძახილი!"). კვლავ ბნელმა დაისადგურა. ამჯერად საიდან გამოანათა პირველმა სხივმა?
- რუსეთის ბატონობიდან მესამედი საუკუნე გავიდა. ამ ხნის მანძილზე დაბადებულ-გაზრდილებს თავისუფალი საქართველო არ ჰქონდათ ნანახი. ძველი თაობის წარმომადგენლები მოხუცდნენ, ბევრიც გარდაიცვალა. რუსეთი ფიქრობდა, რომ ახალ თაობაში ადვილად ჩანერგავდა რუსულ მოქალაქეობასა და ზნეობას. ბევრი ქართველი შევიდა რუსეთის საერო სამსახურში, გახშირდა შერეული ქორწინება რუსებსა და ქართველებს შორის, უამრავი ქართველი წავიდა რუსეთის სამოხელეო აპარატში, საიდანაც ისინი ფატობრივად უკვე რუსი მოხელეების რანგში მოევლინენ თავიანთ სამშობლოს.
რუსეთის საიმპერატორო კარმა ჩათვალა, რომ უკვე დაამთავრა საქართველოს გარუსება, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, XIX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს საქართველოში დაიწყო დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც დიდი ინტენსივობით გაგრძელდა 25-30 წლის მანძილზე. მისი წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულთა დასი - რუსეთის ბატონობაში დაბადებულ-აღზრდილი, რუსულგანათლებამიღებული თაობა, მაგრამ სწორედ ისინი ჩამოყალიბდნენ ყველაზე ძლიერ ანტირუსულ ძალად. ფაქტობრივად, რუსეთის იმპერიის ყოველგვარი მცდელობა, რომ საქართველო ექცია თავის გუბერნიად, წყალში ჩაიყარა. მას ყველაფერი ხელახლა გასაკეთებელი გაუხდა. რა თქმა უნდა, ილიას მოღვაწეობა უფლის ნება იყო. ამ ღვთის რჩეულ ადამიანს განსაკუთრებული მისია ეკისრა, რაც თავადაც კარგად იცოდა. მოწამებრივი იყო მისი ღვაწლი, სიცოცხლე და სიკვდილიც.
- მცხეთისა და აფხაზეთ-იმერეთის საკათალიკოსო ტახტის გაუქმებაც ჩვენი ისტორიის შავბნელი ფურცელია...
- მცხეთისა და აფხაზეთ-იმერეთის საკათალიკოსო ტახტის გაუქმებით უძველესმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ავტოკეფალიურმა ეკლესიამ იურიდიულად შეწყვიტა არსებობა და იქცა რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთ საეგზარქოსოდ. ამას სხვა მოვლენები მოჰყვა: ღვთისმსახურების გადასვლა რუსულ ენაზე, საეკლესიო განათლების რუსიფიკაცია. ქართულ ენაზე აღარ იბეჭდებოდა საეკლესიო ლიტერატურა. დაახლოებით XIX საუკუნის მიწურულამდე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ზეიმობდა გამარჯვებას, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დამდეგს ისეთი ძალით იფეთქა ავტოკეფალისტთა მოძრაობამ, რომ რუსეთის იმპერიას და რუსეთის ეკლესიის მმართველ ორგანოებს ბევრი თავსატეხი გაუჩნდა. 1906 წელს რუსეთში მუშაობა დაიწყო საეკლესიო კრებისწინა თათბირმა. ამ თათბირზე ერთ-ერთ სექციაში განიხილებოდა ივერიის ეკლესიის საკითხი. საქართველოდან სამი ეპისკოპოსი ესწრებოდა: ეპისკოპოსი კირიონი (რომელიც მაშინ უკვე რუსეთში მსახურობდა), ეპისკოპოსი ლეონიდი და ეპისკოპოსი გიორგი. იქ იყვნენ ასევე პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მეცნიერები: ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და ალექსანდრე ცაგარელი. ეს ექვსი კაცი დაუპირისპირდა რუს სამღვდელოებას, იურისტებს, პროფესორებს, ეკლესიის ისტორიის სპეციალისტებს. იმ სექციის თავმჯდომარე, სადაც იხილებოდა საქართველოს ეკლესიის საკითხი, გახლდათ ანტიქართული აზროვნებით ცნობილი თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორი.
რუსეთს კვლავ გაუჩნდა თავსატეხი, ეს იყო პირველი ნათელი იმ ბნელით მოცული ეპოქის შემდეგ, რაც დაგვირგვინდა 1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით.
- 1921 წელს ჩვენი ქვეყანა ბოლშევიკებმა დაიპყრეს. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ დაიწყო საშინელი ტერორი: ეკლესიების ნგრევა, სასულიერო პირთა ლიკვიდაცია. რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა სიკვდილის წინ თქვა: "მე ახლა დავიძინებ ღრმა ძილით. ქვეყანაში გამეფდება უკუნი ბნელი, ბნელი უკუნი". ეს უკუნი საქართველოშიც ჩამოწვა...
- დიახ, რუსეთში გაიჟლიტა მთელი პოლიტიკური ოპოზიცია. ყველამ დაინახა, რას ნიშნავდა საბჭოთა წყობილებასთან შეწინააღმდეგება. რუსეთის ეკლესია საერთოდ გაანადგურეს. 1925 წლისთვის რუსეთში სიკვდილით იყო დასჯილი 250 ათასი სასულიერო პირი. ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ბედი ელოდა საქართველოსაც, მაგრამ ქართული პოლიტიკური ელიტა არ შეუშინდა ამას. გარკვეული ნათელი ამ საშინელ ბნელით მოცულ ეპოქაში იყო ის, რომ 1922 წლის გაზაფხულზე შეიქმნა პარიტეტული კომიტეტი - საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც მეორენაირად უწოდებენ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს. მართალია, ეს მოძრაობა (რომელიც 1921 წლიდან დაიწყო და 1924 წლის აჯანყებით დამთავრდა) დაამარცხეს, მაგრამ ეს იმის მიმანიშნებელი იყო, რომ პოლიტიკური ელიტა ცოცხლობდა და უზარმაზარ იმპერიას არ შეეპუა.
კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების დროს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდი. იგი მალე გარდაიცვალა. პატრიარქობის მძიმე ტვირთი ერგო უწმინდესსა და უნეტარესს ამბროსი ხელაიას. 1922 წლის აპრილში გენუაში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია. ევროპის ქვეყნების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებით, იქ პირველად მიიწვიეს საბჭოთა რუსეთი. ამ დროს საქართველოში დაწყებულია ეროვნული მოძრაობა. აჯანყებამ იფეთქა სვანეთში, მღელვარება სხვა რეგიონებშიც იყო მოსალოდნელი. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ დაწერა მიმართვა გენუის კონფერენციისადმი, რომელშიც აღწერა საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა. კათოლიკოს-პატრიარქი ითხოვდა რუსეთის ჯარის გაყვანას და რეფერენდუმის ჩატარებას, სადაც ქართველი ერი შეძლებდა თავისი ნების გამოვლენას. უწმინდესი ამბროსი მეტად განათლებული ადამიანი იყო. მან შესანიშნავად იცოდა მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია და კარგად ხედავდა, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა - გენუის კონფერენცია რუსეთს ვერ აიძულებდა საქართველოს დატოვებას. პირიქით, ამ კონფერენციაზე რუსეთის მიწვევა იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი ევროპას რაღაცაში სჭირდებოდა, მაგრამ ამბროსი ხელაიასთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას თავისი მისია უნდა შეესრულებინა და შეასრულა კიდეც - მთელ მსოფლიოს გააგებინა, თუ რა დღეში იყო საქართველო. ამბროსი ხელაიამ და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებმა (ვინც ამ მიმართვის ტექსტის შედგენაში მონაწილეობდა), კარგად იცოდნენ, თუ რა მოელოდათ ამისთვის, მაგრამ მაინც გარისკეს. ეს იმხელა ნათელი იყო ქართველი ერის ისტორიაში, რომ მისი როლი განუზომელია. მარტო ქართველებს კი არ უნდა გაეგოთ, რომ ბრძოლას აზრი აქვს და არ შეიძლება მონობასთან შეგუება, რუსეთსაც უნდა გაეგო, რომ საქმე აქვს ისეთ ხალხთან, რომელიც მონობას არ შეეგუება, მონობაში ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია.
- XX საუკუნის 20-30-იანი წლების რეპრესიებმა დააშინა საზოგადოება. ხალხს ხმის ამოღებისა ეშინოდა. თითქოს დამთავრდა ყველაფერი, ხალხმა დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ოპოზიციური აზრი ჩაკვდა. ეროვნული სულისკვეთებაც მინავლდა. როგორ გაირღვა ეს წყვდიადი?
- უფლის ნებით, კვლავ გამოჩნდა სინათლე. 1941 წელს ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა, ძირითადად სტუდენტებმა, შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო გერმანიის დახმარებით სამშობლოს გათავისუფლება - ოცწლიანმა რეპრესიებმა საზოგადოების ნაწილი საბოლოოდ ვერ დააშინა. გარეგნულად ჩანდა, რომ საზოგადოება დაბეჩავდა. მაგრამ თურმე არ დაბეჩავებულა. მართალია, ამ ორგანიზაციის 17 წევრი დახვრიტეს, მაგრამ ეს ორგანიზაცია დარჩა ეროვნული მოძრაობის დიდ ნიშანსვეტად.
1941-45 წლების ომის შემდეგ გერმანიის დამარცხებით საბჭოთა წყობილებამ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მიიღო. იგი გაძლიერდა და ოპოზიციური აზრიც ჩაკვდა. საზოგადოებაში თუ ამ წყობილებაზე რაიმე წამოგცდებოდა, მაშინვე პირში ბურთს ჩაგჩრიდნენ - მსოფლიოს მხსნელ საბჭოთა კავშირზე ავის თქმა გაგონილაო! ამ იდეებით ზრდიდნენ ბავშვებს და არავის ეგონა, რომ ამდენი რეპრესიის შემდეგ საზოგადოება თავს მაღლა ასწევდა. და აი, პირველი ნიშნებიც გამოჩნდა.
1956 წლის 9 მარტს თბილისში, სანაპიროზე უამრავი ხალხი მარტო სტალინის დასაცავად არ შეკრებილა. ქართველობამ დაინახა, რომ სტალინისა და ბერიას კრიტიკა მოსკოვში ქართველი ერისა და საქართველოს შეურაცხყოფად იქცა. ეს ხალხი დახოცეს. ცოტა ხნით ისევ ჩაკვდა საზოგადოებრივი აზრი.
1978 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა. ეს მუხლი საქართველოს დემორკატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1921 წელს შევიდა. ბოლშევიკებმა მისი ამოღება ვერ გაბედეს მაშინ, როცა საქართველო დაიპყრეს - შეეშინდათ ხალხისა. ახლა კი მოსკოვში რატომღაც ეგონათ, რომ ქართველ კაცს გულზე აღარ მოხვდებოდა ენის წართმევა. 1978 წლის 14 აპრილს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია. მოსკოვი იძულებული გახდა, უკან წაეღო თავისი უგუნური მოთხოვნა.
1988-89 წლების მოვლენებმა დაამტკიცა, რომ სულ ტყუილი, უაზრო და არაფრისმომცემი ყოფილა ის პოლიტიკა, რომელსაც მოსკოვი ატარებდა საქართველოში 1921 წლიდან. ქართველთა დაშინება მათ ვერ შეძლეს. ეტყობა, გენეტიკურად მოგვდგამს - მოვა ურიცხვი მტერი და ამ უხეშ ძალას უნდა დაემორჩილო. ამას ვეძახით ჩვენ ბნელით მოცულ ეპოქას. მაგრამ ეს სიბნელე პირობითია, რადგან სწორედ იმ ბნელით მოცულ ეპოქაში მზადდება დიდი პროტესტი დამპყრობლის წინააღმდეგ. საქართველოს უახლესი ისტორიაც ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითებით სწორედ იმ ჭეშმარიტების დასტურია, რომელზეც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".