ღმერთო, განუმრავლე ჩვენს სამშობლოს ასეთი მამულიშვილები!
10.07.2008
წინაპართაგან თუკი რამ საუნჯე შემოგვრჩენია - ერთეულ ქართველთა თავგამოდებითა და დაუღალავი შრომით. გავიხსენოთ ორი დიდებული მამულიშვილი, რომლებიც ჭეშმარიტად ღირსნი არიან ქართველთაგან უფრო მეტი სიყვარულისა.
მღვდელი გიორგი ბოჭორიძე. 1921 წლის 15 აპრილის დეკრეტით ბოლშევიკებმა ეკლესია სახელმწიფოსგან გამოჰყვეს და საეკლესიო ქონება ხალხის საკუთრებად გამოაცხადეს. დაიწყო ქართული ეკლესიის ძარცვა-გლეჯა. ანგრევდნენ ტაძრებს, ხვრეტდნენ სამღვდელოებას, ანადგურებდნენ სიწმინდეებს. ძნელი იყო ამის გულგილად ყურება და მღვდელმა გიორგი ბოჭორიძემ ანაფორა გაიხადა, მღვდლობა დაუტევა - ასე უფრო ადვილად შევძლებ სიწმინდეთა გადარჩენასო. სწორედ იმ ხანად, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და აკაკი შანიძის ძალისხმევით შეიქმნა ხელოვნების სიძველეთა და ბუნების ძეგლთა დაცვის კომიტეტი, რომელმაც რწმუნების სიგელით აღჭურვა გიორგი ბოჭორიძე და დაიწყო მისი ხეტიალი საქართველოს მთასა და ბარში: "ვინაიდან სარწმუნოების საწინააღმდეგო პროპაგანდა ყველაფერს ნთქავდა, სპობდა და აქრობდა, ამიტომ მოგზაურობა ელვის სისწრაფით მიხდებოდა. რევოლუციის ქარცეცხლს ვგლეჯდი მრავალსაუკუნოვან კულტურულ ნაშთებს, რასაც მოვასწრებდი - გადარჩენილი იყო, რასაც ვერა - დაღუპული", - წერს მამა გიორგი. აი, როგორ იხსენებს იგი 1923-26 წლებს: "მასალის მოგროვება მეტისმეტად მძიმე საქმე იყო. სამი წელი მოგზაურობაში ყოფნა, სამი წელი რევოლუციის ქარცეცხლში ტრიალი, ორ-სამ თვეობით გარემხრობანი (გარეთ ყოფნა), ზამთრის სიცივე და ზაფხულის სიცხე; დღეში 17-18 საათი მუშაობა, ცხრა-ათჯერ სიცოცხლის საფრთხის თავიდან აცილება და მრავალი სხვა ძალ-ღონისა და ნებისყოფის უდიდეს, უაღრეს დაჭიმვას მოითხოვდა". მიუხედავად ამისა, ყველა სიმძიმე დაძლია და საქმეც მთლიანად შეასრულა. 1923 წლიდან 1934 წლამდე მოიარა ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი, საინგილო, გუდამაყრის ხეობა, თუშეთი. მარტო რაჭაში სამჯერ იმოგზაურა. მიუვალ ადგილას მოძიებული ხელოვნების ნიმუშები, ისტორიული ნივთები თუ ნაწერები ხან ზურგით, ხანაც ცხენით ჩამოჰქონდა და სათანადო აქტებით აბარებდა სიძველეთა კომიტეტს.
უამრავი განსაცდელი შეხვდა ამ "გარემხრობისას". ცალკე ბოლშევიკები უყურებდნენ ეჭვით, ხშირად აპატიმრებდნენ და ამცირებდნენ, რამდენჯერმე აბობოქრებულ მორწმუნეთა პირისპირ მოუხდა დადგომა, რომელთაც სიწმინდეთა გადაცემა არ სურდათ. მაგრამ ღვთის მადლი იფარავდა. ათი-თორმეტი წლის მანძილზე აღურიცხავს 900-მდე ისტორიული ძეგლი, მოუგროვებია 200-ზე მეტი ისტორიული ნივთი, 540 ხელნაწერი, 200-ზე მეტი დასტამბული წიგნი, 8550 სიგელ-გუჯარი და სხვა საბუთი. კახეთიდან ჩამოუტანია და თბილისის უნივერსიტეტისთვის ჩაუბარებია 1200 წელს თამარ მეფის მიერ მოჭრილი ფულის კოლექცია. ამას დავუმატოთ ის შრომა, რაც მან გასწია რუსეთის სხვადასხვა არქივებიდან ჩამოტანილი მასალების ცენტრალურ არქივში დასაბინავებლად. მამა გიორგის თბილისის 30 ტაძრის არქივი და წიგნთსაცავიც აღუწერია. "როცა გ. ბოჭორიძის მუშაობას ეცნობი, დაუჯერებლად გეჩვენება, თუ როგორ შეძლო ერთმა კაცმა მოკლე დროში ამდენის გაკეთება. მისი ხელით გადმოღებული ბევრი წარწერა ერთადერთი წყაროა, ბევრიც დაიკარგა და უფრო მეტი განადგურდა", - ბრძანებს მკვლევარი ვახტანგ გურგენიძე. მართლაც ვერ გადაარჩინა სორის მონასტრის გულანი (კოოპერატივში სახვევ ქაღალდად მოეხმარათ), ნიკორწმინდის მინანქრიანი ხატებით შემკული ჯვარ-დროშა (დაუმსხვრევიათ) და სხვა. სამაგიეროდ, ბოლშევიკების მსახვრალ ხელს გამოსტაცა სოფელ ჯვარისში ვახტანგ გორგასლის დედის საჰაკდუხტის მიერ შეწირული ჯვარი, რომელიც გასაყიდად გამზადებულ ვერცხლეულში უპოვია, 1013 წელს გადაწერილი ოთხთავი სოფელ ბარში, ასევე თაბორის ოთხთავი, ისიც XI საუკუნის...
მამა გიორგი 1937 წელს დააპატიმრეს, ერთხანს ორთაჭალის ციხეში მჯდარა. 1939 წელს, შუაღამისას, ჩრდილოეთ კავკასიისკენ წაუყვანიათ. გზაში ორ ავაზაკს გაუძარცვავს და დაუხრჩვია. 27 სექტემბერი მდგარა თურმე, ჯვართამაღლების დღე! შეგვეწიოს მამა გიორგის ლოცვა.
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი. ეს სახელი წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს კონსტანტინე გამსახურდიამ უწოდა. ხშირად, როცა წმინდა ექვთიმეს ვახსენებთ, მისი ემიგრაციაში ყოფნის წლები და ქართული განძის გადარჩენა გვაგონდება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან ამ საგანძურის დიდი ნაწილი საქართველოში ყოფნისას გადაარჩინა.
როცა წმინდა ექვთიმე სამეცნიერო ასპარეზზე გამოვიდა, ძველ საქართველოს რამდენიმე მეცნიერი თუ იკვლევდა. უამრავი მასალა გაბნეული იყო მთელ საქართველოში და მათი სათანადოდ შესწავლის გარეშე საქართველოს ისტორიის სრულყოფილი სურათის დახატვა გაძნელდებოდა. დღევანდელი მეცნიერები რომელიმე ერთ დარგს, ისტორიის ერთ პერიოდს ამოირჩევენ. ეს მათი, ასე ვთქვათ, "ტერიტორიაა", მაგრამ მაშინ ასეთი "განცხრომის" დრო არ იყო. მაშინდელი მეცნიერი, რომელიც საქართველოს წარსულს იკვლევდა, ისტორიკოსიც უნდა ყოფილიყო და არქეოლოგიც, ეთნოგრაფიც და ფოლკლორისტიც, ლინგვისტიც და რუსთველოლოგიც, ეპიგრაფიკოსიც და ნუმიზმატიც - წმინდა ექვთიმე ყველაფერი იყო. ბატონი იოსებ მეგრელიძე ბრძანებს: "ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ქართული ნუმიზმატიკის მასალების მოპოვებაში, კირიონ II-ის გამოკლებით, ყველაზე დიდია და იგი ამავე მასალის შესწავლაშიც პირველთაგანია".
ეს მხოლოდ ნუმიზმატიკაში. თვითონვე აღნიშნავდა: "იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისთვის. ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისგან გადასარჩენად; რაც შეიძლებოდა მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს საქმედ, იმ რწმენით, რომ როდესაც ასეთი მასალა დაგროვდებოდა, გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას". ამისთვის კი წმინდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება შექმნა, მისი უმთავრესი მიზანი მაინც მუზეუმის შექმნა გახლდათ. სამუზეუმო ნივთები ბევრი მოგროვდა, ზოგი შემოსწირეს, ზოგიც წმინდა ექვთიმემ "იყაჩაღა" და მუზეუმს გადასცა. სხვას ვერაფერს უწოდებდით მის საქციელს. გამოართმევდა ვინმეს ისტორიულ ნივთსა თუ ხელნაწერს "გამოსაკვლევად", მერე კი მასზე გაზეთში გამოაქვეყნებდა: - ამა და ამ პირმა ეს ნივთი მუზეუმს შესწირაო. ზოგიერთ ქართველს ისტორიულ ნივთთა უცხოელებისთვის მიყიდვა უფრო ეხალისებოდა, ვიდრე მუზეუმისთვის შეწირვა, ბევრიც უყურადღებობით ნადგურდებოდა. მაგალითად, 1908 წელს, ქართლში ყოფნისას, ერთი გაპარტახებული სახლიდან ექვთიმეს თვალწინ ნაგავი გამოგავეს. სწორედ იქიდან ამოიღო მან უძვირფასესი ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგება". იმავე წელს გამოუვლენია და გადაურჩენია ექვთიმეს ახალგორის განძიც...
როცა უამრავი სამუზეუმო მასალა მოგროვდა, მაგრამ მუზეუმისთვის შენობის აშენებას თავი არ მოება, მაშინ ექვთიმემ მუზეუმი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შენობაში მოათავსა. მისივე თაოსნობით აქვე გადაიტანეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმიც, ილია ჭავჭავაძის ტანსაცმელი და ზოგიერთი პირადი ნივთი. იქ მიუყვანია საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და უთქვამს: - თუ ასე დარჩება, იძულებული ვიქნები, გაზეთში გამოვაცხადოო. რა ვქნათ, სად წავიღოთო, - უკითხავს ყაზბეგს. მაშინ ის ნივთები ექვთიმეს აუტანია მესამე სართულზე და თავისი მუზეუმის გვერდით ოთახში მოუთავსებია. ექვთიმემ ამ მუზეუმს შეუერთა ადრე მისი და დიმიტრი ბაქრაძის მიერ დაარსებული საეკლესიო მუზეუმიც. მოკლედ, ექვთიმეს თაოსნობით, უნივერსიტეტის შენობაში ოთხმა მუზეუმმა მოიყარა თავი და ეს ყველაფერი 1930 წელს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.
ახლა კი წმინდა ექვთიმეს ემიგრანტობის ამბავი გავიხსენოთ. ყველაფერი ისე მოულოდნელად და სწრაფად დაიწყო, რომ ექვთიმეს მეუღლემ, ნინომ, გაფენილი სარეცხის ჩამოხსნაც ვერ მოასწრო და მეზობელს დაავალა, - რომ გაშრება, შემინახეო!..
თავიდან საგანძური ჯერ ქუთაისში ჩაიტანეს, მერე ბათუმში, იქიდან საფრანგეთში წაიღეს იმ გემით, რომლითაც საქართველოს მენშევიკური მთავრობა გაიქცა. საბოლოოდ, ქართველებმა საგანძური მარსელის ბანკში მოათავსეს. განძეულს მალევე ბევრი მტერ-მოყვარე და ცილისმწამებელი გამოუჩნდა. მოყვრებად მოჰქონდათ თავი იმ მყიდველებს, რომელთაც უნდოდათ ცალკეული იშვიათი ნივთის შეძენა. ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორმა მენშევიკების მთავრობას სთხოვა მინანქრიანი ხატების და მედალიონების მიყიდვა. მათ კოლექციონერ ზვენიგოროდსკისგან უკვე შეეძინათ ქართული მინანქრები და კოლექციის შევსება მოინდომეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. "თუ ოდესმე გაყიდვას დააპირებთ, პირობა მაინც მოგვეცით, რომ მხოლოდ ჩვენ მოგვყიდითო", - უთხოვიათ. ზოგიერთს ამაზე დათანხმება სურდა, მაგრამ ექვთიმე შეუვალი იყო.
მერე ბრიტანეთის მუზეუმმა მოინდომა "ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე საუკეთესო ნივთის" დათმობა - სამაგიეროდ, განძეულობას უსასყიდლოდ შეგინახავთ და ალბომებსაც გამოვცემთო. შუაკაცად ცნობილი ქართველმცოდნე ალენი გამოუგზავნეს ექვთიმეს, მაგრამ ისიც უარით გაისტუმრა.
ჩვენ განძეულობას საფრანგეთშიც მტერი გამოუჩნდა. იმ დროს იქ ცხოვრობდა გრაფ ობოლენსკის ქვრივი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის ვაჟის ნიკო დადიანის ასული სალომე. მან სამთავრო ოჯახიდან წაღებული ნივთების უკან დაბრუნება მოითხოვა. ეს ქონება მათ მენშევიკურმა მთავრობამ ჩამოართვა, როცა ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადეს. დავა სასამართლოში გაგრძელდა შვიდი წელი. მოდავემ სარჩელი წააგო.
ბოლოს, უფრო საშიში მოძალადეები მოადგნენ განძს. გერმანელებმა საფრანგეთი დაიპყრეს და, ბუნებრივია, განძის ხელში ჩაგდება მოინდომეს. ღვთის წყალობით და წმინდა ექვთიმეს მეცადინეობით, ყველაფერი უვნებელი დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას.
მერე როგორ უჭირდა! განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდაეცვალა (1931წ.). "ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და ურწმუნო მდგომარეობა უსიტყვოდაც უნდა წამოიდგინოს ყველამ". ერთ ღიმილისმომგვრელ ფოტოზე წმინდა ექვთიმე თხასთან ერთად არის გადაღებული, მაგრამ ღიმილი ტუჩებზე შეგაშრება, როცა გაიხსენებ, რომ ეს თხა იყო მისი მარჩენალი. ზოგჯერ საჭმელს ვინმე მიაწვდიდა, ხშირად უსადილოდაც რჩებოდა. მაგალითად, 1934 წლის თებერვალში 6 დღე არ უსადილია, მარტში კი - 13, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. როცა სადილი ჰქონდა, რძეს აღარ სვამდა. ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე. დავუმატოთ ამას ათასნაირი სნეულება. მიუხედავად ამხელა განსაცდელებისა, მამულის საგანძურიდან, ერთი მონეტა რა არის, იმასაც არ შელევია, ხოლო როცა ჟამი დაუდგა სამშობლოში დაბრუნებისა, ერთი ხეირიანი სამოსიც კი არ ჰქონდა, მგზავრობისას რომ ჩაეცვა...
ღმერთო, განუმრავლე ჩვენს სამშობლოს ექვთიმესნაირი მამულიშვილები, რომლებიც შეუნარჩუნებენ ქვეყანას წყალსაც, ტყესაც, მიწასაც და ქართულ სულსაც!