საქართველოს ისტორია გასხივოსნებულია ისეთთა (წმინდანთა) ღვაწლით, რომელთაც ცხადყვეს ადამიანის თავისუფალი ნებისა და ღვთის განგების თანაარსებობის შესაძლებლობა.
ადამიდან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორია თავისუფალი ნებით დაჯილდოებული არსებობის ქმედებებზეა დაფუძნებული. თავისუფლების, არჩევანის გაკეთების ამ ნიჭის გამოყენების შესაბამისად წარმოაჩენს ან თრგუნავს ადამიანი ღვთის ხატს თავის არსებაში.
სპარსელებთან ბრძოლის დაწყების წინ მან პეტრე კათოლიკოსს უთხრა: "უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მოცემისათვის გვბრძვიან, არამედ ქრისტეს დატევებისათვის. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკვდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გვაქვნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყვის: "რომელმან წარწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი". დაუვიწყარია მისი ანდერძი: "აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა და სახელსა ზედა მისსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ". ამრიგად, მეფემ აირჩია და მთელი ერის გულში ღრმად დაამკვიდრა იდეალი - ღვთის სასუფეველი მიწიერი სამეფოს ნაცვლად. ამგვარი იდეალი ეკლესიაში ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ახლა უკვე ხალხის პოლიტიკურ აზროვნებაშიც გაბატონდა.
მოწამე ძმების არჩევანმა საზოგადოებას ზნეობრივი იდეალი დაუსახა. მათმა მაგალითმა განამხნო უბედურებებისგან დაშინებული, დაბრკოლებული, რწმენადაშრეტილი და ძალაგამოცლილი ქართველობა, რწმენისა და გამარჯვების იმედი დაუბრუნა.
დარბაზის სხდომაზე წარმოთქმული სიტყვები, დემეტრე მეფის პოზიციის ურყევობა, მისი აღსასრული და ჟამთააღმწერლის შეფასება წმინდა წერილის სულითაა გაჯერებული: "უკუეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომ ქვეყანა უვნებლად დარჩეს... მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა..." ეს სიტყვები განმსჭვალულია საკუთარი ხალხისადმი მამობრივი სიყვარულითა და ზრუნვით: "მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი, კვლად უღონო არიან და არარა აქვნ ნუგეშისცემა (პარალელი სახარებიდან: "მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის" (იოანე)). დემეტრე არად აგდებს მიწიერ სამყოფელს, "ყოველ სოფელს" და ზეციურ სასუფეველს, ზესთასოფელს მიელტვის: "რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო". მეფის არჩევანს განამტკიცებს სამღვდელოების შეგონება: "უკეთუ ერთისა მოყვასისათვის სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხვთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს". უსჯულოები დემეტრეს ხელებს შეუკრავენ, არგნებით სცემენ და საპყრობილეში ჩააგდებენ, როგორც ერთ უპატრონოთაგანს, აღსასრულის წინ იგი ილოცებს, ეზიარება და მშვიდად მოუდრეკს მახვილს ქედს.
მაცხოვრის ჯვარცმისას ჩამომდგარი წყვდიადი მეორდება ჟამთააღმწერლის თხზულებაში: "მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად და იქმნა სიბნელე დიდი. და ყოველნი წარმართნი გაკვირდეს. იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ იგი ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარის და საქართველოს წამებულის მეფისასა. რათა საცნაურ იქმნეს, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი". მაშასადამე, თავდადებით, განგებისადმი მორჩილებით, ღვთის ჭეშმარიტებისთვის მოწამეობის არჩევანით ცნაურდებიან "ცხებულნი ღმრთისანი".
1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ დაიწყო ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის განადგურება. რუსეთმა ჯარები იმერეთში ჩააყენა. სამშობლოდან ლტოლვილი მეფე წერილებით ამხნევებდა იმერელ ხალხს.
მეფე არ კარგავდა იმედს, რომ იმერეთის ტახტს ოდესმე ისევ დაიბრუნებდა. მალე გადმოვიდა იმერეთში და აჯანყებულებმა მის გარშემო მოიყარეს თავი. რუსეთის მთავრობამ დიდძალი ჯარი გამოიყვანა აჯანყების ჩასაქრობად. ოთხთვიანი ბრძოლების შემდეგ სოლომონი დამარცხდა. მას არასოდეს დაუხევია უკან. მეფის უკომპრომისო ცხოვრებამ, პირადმა მაგალითმა ქართველი ერის შეგნება და პასუხისმგებლობა - ღმერთამდე, მის წმინდა მცნებამდე, ყოველი ადამიანის სულის სიღრმეში ღვთის მიერ შთადებულ სინდისამდე და პატრიოტიზმის ბუნებრივ გრძნობამდე აამაღლა.
XVII საუკუნეში საქართველოს მძიმე განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა - იგი სპარსელთა სათარეშოდ იქცა. მაგრამ "სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი ღვთისა". ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ სასუფეველს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმინდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმინდა 6000 გარეჯელი ბერი, წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსი, წმინდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან 9000 მხედარი მარაბდის ველზე, ამავე საუკუნეში მოუვლინა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
შაჰ-აბასმა ქართველი დიდებულები სპარსეთში დაიბარა და სელიმ-ხანი გააფრთხილა: "ეგენი კარგი მებრძოლები არიან. ეცადე, რჯული შეაცვლევინო. თუ დაგიჯერეს, პატივით შეიწყნარე, თუ არადა მწარე სატანჯველით დასაჯეო". თავიდან ლიქნით ცდილობდა შაჰი მათ გადაბირებას: "დიდ ნიჭსა და პატივს მოგაგებთ სანაცვლოდო". მაგრამ ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს შეუთვალეს: "ჩვენ ნიჭთა და პატივთა თქვენთათვის არა გული გვითქვამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქვენთა, რამეთუ ჩვენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი..."
ვერანაირმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები, "განკვირდნენ თათარნი სიმხნესა და ახოვნებასა მათსა და კადნიერებით სიტყვის გებასა".
განრისხებულმა სულიმ-ხანმა გადაწყვიტა, წმინდა ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმინდა ელიზბარისა და შალვასთვის. "არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა", - თქვა წმინდა ბიძინამ.
ქსნის ერისთავებმა მახვილს "სიხარულით წარუპყრნეს ქედნი". თანამებრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმინდა ბიძინა. ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს, შეურაცხყოფით გაეტეხათ მისი სიმხნევე. ახოვან გმირს ჩადრი ჩამოაფარეს, ვირზე უკუღმა შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს. დასცინოდნენ მას, წმინდა ბიძინა კი მადლობდა ღმერთს იმის გამო, რომ, მსგავსად უფლისა, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში.
ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმინდანი. "აღიღეს მახვილი და დაიწყეს ჭრად და კვეთად". სხეულის ყოველი ასოს მოკვეთის დროს წმინდა ბიძინა მრწამსს იმეორებდა დაუცხრომლად. უხმობდა ქრისტეს და ტკივილს აღიმსუბუქებდა. უფალი ანუგეშებდა და განაძლიერებდა მას. ბოლოს დარჩენილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმინდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და წმინდანის გული გაჩერდა.
ისტორია შეიცავს როგორც კეთილისმყოფელთა, ასევე ბოროტისმოქმედთა საქმეებს, რომელიც, როგორც ხორბალი ღვარძლისგან, ისე განირჩევა ისტორიულ პროცესთა მდინარებაში. "მეორედ მოსვლისას სიკეთის მოქმედნი გამობრწყინდებიან, როგორც მზე, ანგელოზებითურთ საუკუნო ცხოვრებისათვის უფალ იესო ქრისტესთან, მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ" (წმინდა იოანე დამასკელი).
თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია უფლისა და ერის წინაშე და ასევე საკუთარი სულის წინაშე. ბოროტ ძალებს ყველაზე დიდ დარტყმას აყენებს აზროვნება და მოქმედება, რომელიც წარიმართება სულის განწმენდის წყალობით. საღვთო გამოხსნის საქმეს ისტორიაში ახორციელებენ საღვთო მადლის "ჭურნი რჩეულნი". ისინი თავდადებით, განგებისადმი მორჩილებით, ღვთის ჭეშმარიტებისთვის მოწამეობით უფლის კეთილგანწყობასა და მოწყალებას მოიზიდავენ, ეს მოწყალება მთელ ერზე განცხადებულად ვლინდება. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე თავისი თავიდან უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი.