ერთხელ მეფე დუშეთში წაბრძანდა და ბაზალეთელი გლეხის ნახვა ისურვა. შეეშინდა გელას, ვაითუ ავის მოსურნეებმა ცილი დამწამესო. არადა მტერი ბევრი ჰყავდა. შეხედა ერეკლემ მასთან გამოცხადებულ გელას, თვალი ჰკიდა შორიახლო მდგომ მოხუც ქალსაც და ჰკითხა: თქვენ დედა-შვილი ხომ არა ხართო.
- დიახ, გახლავართ. მარტო ვერ გამოვუშვი ჩემი შვილი, შენი ჭირიმე, მტრის შიში მქონდა, ვაითუ მეფეს ტყუილი ასმინეს და დასასჯელად იხმობს-მეთქი...
- სწორედ დასასჯელად გიხმეთ! - მიუახლოვდა მეფე, ძველქართული წესით მკერდზე ეამბორა დედაბერს და უთხრა, - დედავ, ვენაცვალე შენს ძუძუს, რომ ასეთი ვაჟკაცი გაგიზრდია! შენი შვილის დარი გმირები ღმერთმა სხვა დედებსაც მისცესო.
დაასაჩუქრა კიდეც: საკაბე, კრიალოსანი უსახსოვრა, ფული და ძვირფასი აკვანიც უბოძა შვილიშვილისთვის.
ახლა გელას მიუბრუნდა. ერთგული ყმა მუხლზე ემთხვია მეფეს, ერეკლემ კი შუბლზე აკოცა. იმასაც საჩუქარი უბოძა: ხმალი, ხანჯალი, თოფი და სხვა იარაღი. მერე ჰკითხა:
- აბა, ახლა კი მითხარი, რა გნებავს, რა გიბოძოო.
- არაფერი მინდა, თქვენი დღეგრძელობისა და სიცოცხლის გარდაო! - მიუგო გელამ.
- მაინც გენდომება რამეო, - უბრძანა მეფემ.
ნათელაშვილი დიდძალი პირუტყვის პატრონი ყოფილა. არაგვის ხეობაში საძოვარი ადგილები და ჭალები ითხოვა. მაშინვე უბოძა მეფემ.
ამ შემთხვევის შემდეგ ნათელაშვილის სახელი განითქვა და თავადიშვილნი ვეღარ მტრობდნენ. ერეკლეს მფარველობის ქვეშ გელას საქმე ერთობ კარგად წაუვიდა, უფრო მეტი შეძლების პატრონი გახდა და პირუტყვიც გაიმრავლა. ერთხელ ერეკლესაც ეახლა თბილისში და მოახსენა: "ნიშნად თქვენი მოწყალებისა და ჩემი ერთგულებისა, ყოველ წელს მორიგე ჯარისთვის სამას ტახს მოგართმევთ და ორას ფუთ ჯაგარსო". მეფემ ნება დართო და გელაც ამარაგებდა ჯარს. მალე ისე დაუახლოვდა მეფეს, რომ ერეკლემ ჯარისკაცთა დაუკითხავად სასახლეში შესვლის ნებაც კი დართო.
როცა ლეკნი ფშავ-ხევსურეთზე ან არაგვის ხეობაზე გადმოდიოდნენ, მათ წინააღმდეგ ერეკლე აღარ გაირჯებოდა ხოლმე, გელას შეატყობინებდა და ისიც მუსრს ავლებდა მტერს.
ერთხელ თიანეთის მთების ახლოს მცხოვრები ლეკები მცხეთას დაეცნენ. უეცრად გამოჩნდნენ გელა და მისი მდევრები და მტერს შეებნენ. ბევრი დახოცეს, ბევრიც განდევნეს. ზოგი არაგვისკენ გაიქცა, ზოგი - მტკვრისკენ. ნაწილი კი გელამ დაიჭირა და ერეკლეს მიჰგვარა. მოახსენა: "მეფევ ბატონო, მცხეთაში ხვლიკის ჯოგი დავაფრთხე, ზოგი დაიხოცა, ზოგი ჩვენ დავხოცეთ, ზოგიც აქ მოგიყვანეთო". ერეკლემ შესძახა: "ვენაცვალე შენს ვაჟკაცობას! გელა კი არა, მგელი ხარ, მგელი ლეკებისა! ვიცი, რა ხვლიკებიც ბრძანდებიან ეგენიო!" მერე მეომრებს სადილი გაუმართა და პატივით გაისტუმრა შინ. ამის შემდეგ ჩვენში ლეკებს ხვლიკის ჯოგს ეძახდნენ.
ერთხელ მეფე ერეკლესგან გელას შიკრიკი მოუვიდა: "მალე მანდ ლეკები მოვლენ, ახალგორისა და დუშეთის აოხრებას ფიქრობენ და აბა შენ იცი, როგორ პასუხს გასცემ მტერსო". გელამ ამბის შეტყობისთანავე შეკრიბა მდევრები და მტრის დასახვედრად მოემზადა. ლეკებიც გამოჩნდნენ. გაიმართა ბრძოლა. ქართველებმა სძლიეს მტერს. ტყვეები ნათელაშვილმა ერეკლეს ჩაუყვანა. მეფე მათმა სიმრავლემ გააოცა:
- შვილო გიორგი, საქართველოს ყველა მხარეს შენისთანა ერთგული გმირი რომ მყავდეს, ფიქრი აღარ მექნებოდა. ვეღარავინ შეგვაშინებდა და მოგვერეოდაო!
- ღვთით გამრავლდებიან გმირები, მეფეო, ოღონდ შენ გვყავდე ცოცხალიო, - მიუგო გელამ.
- ამინ, ამინ, შვილო! ღმერთმა გაამრავლოს შენისთანა ქართველები და მათაც შენსავით მოაყვანინოს გაბაწრული მტრებიო.
გავიდა ხანი. ლეკები კვლავ გამოჩნდნენ ნატახტევთან, არაგვის ხეობაში. ჯერ ამ მხარის სოფლების მორბევას აპირებდნენ, მერე კი წილკანს დაეცემოდნენ. გელამ მდევრები შეკრიბა და ჭალის პირას დაელოდა მტერს.
დაღამდა. მდევრებს ჩაეძინათ. მხოლოდ გელას არ ეძინა. იმ დღეს მოკლულ ირემს დაუწყო გატყავება. მთვარიანი ღამე იყო, ცეცხლიც საკმარისად ანათებდა. უეცრად ვაჟმა იგრძნო, რომ მტერი უახლოვდებოდა, წამოხტა და შეჰყვირა: "ვინა ხართ?! აბა, მობედეთ ახლოს მოსვლა, ამ ღორის ქონით მოგთხუპნით ერთიანადო". ლეკებს ირემი ღორად მოეჩვენათ და ვეღარ გაეკარნენ. ნათელაშვილის ყვირილზე სხვებსაც გამოეღვიძათ, ხელი იარაღზე იტაცეს და მომხდური დაამარცხეს. ტყვეები თბილისისკენ წამოასხეს.
დიღმის ველზე ლეკების სხვა ჯგუფს გადააწყდნენ - დატყვევებული ქართველი მწყემსი ბიჭები მიჰყავდათ. "არიქა, გელა, გვიშველეო!" - შესძახეს ნათელაშვილს. ანდა რა შეძახება უნდოდა. ეცნენ ქართველები და მტერს კუდით ქვა ასროლინეს.
ერთხელ კიდევ მეფე ერეკლეს დაუბარებია ვაჟკაცი. მანგლისთან ლეკები დაბანაკებულიყვნენ და სოფლებს ძარცვავდნენ. კავთისხევის გზით წასულან მანგლისისკენ. ლეკებიც უპოვიათ. ფიცხელი ომი ატეხილა. გელას ლეკების ბელადი მოუკლავს. ამან მტრის ჯარი ძალზე შეასუსტა. გარემო მტრის გვამებით დაიფარა. თუმცა მრავალი ქართველიც დაიჭრა, მათ შორის - გელაც. ჭრილობა რომ მოირჩინა, ისევ თოფსა და ხმალს წამოავლო ხელი და ქვეყნის სამსახურში ჩადგა.
1795 წელს მეფე ერეკლემ შეუთვალა: ძლიერი მტერი მოდის ჩვენს ასაოხრებლად, მოემზადე შენი ხალხიანადო.
- მეფევ ბატონო, აჰა, გეახელით! მზად გახლავართო! - შეჰფიცეს ერთგულება არაგველებმა და არც გაუტეხიათ ფიცი.
1795 წელს კრწანისის ბრძოლაში გაწყდნენ სამშობლოს ერთგული დამცველები. ნათელში დაამკვიდროს ღმერთმა მათი სულები.