ვლასა მგელაძე. "1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამა დავითისკენ. ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს "აღსდგა საქართველო". მე არ მეგულვება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითიურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე... მარტოდმარტო ეს ფაქტი საკმაოა, რომ ვლასა შევიდეს "ქართლის ცხოვრებაში", როგორც რაინდი, მზიური შარავანდით მოსილი", - წერდა გრიგოლ რობაქიძე. ვლასას როცა ჰკითხეს, დამოუკიდებლობის დღეს გვიან შუადღემდე რად არ ჩანდიო, უთქვამს: მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი. ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცეო.
ვლასა ზომლეთში დაბადებულა 1871 წელს. ადრე დაობლებულა, აკეთის სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამისს ქუთაისის სტამბაში მიუბარებია შეგირდად: "მახსოვს, როგორ დამაყენეს სასწავლად, სად როგორი ანბანია უჯრედებში, იმის დასაზეპირებლად. მე ვახსენე წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი, შევთხოვე მამის ძირითად ხატს, აკეთის მაცხოვარ თეთროსანს, რომ ჩქარა დამესწავლა და დედის იმედი გამემართლებია", - იგონებდა ვლასა. ჯერ ექვთიმე ხელაძის სტამბაში მუშაობდა, მერე კარგა ხანს მაქსიმე შარაძის სტამბაში. ჟურნალ "კვალსა" და "ჯეჯილს" აწყობდა. ვლასა მხილველი და მონაწილე გახდა იმდროინდელი ღირსშესანიშნავი მოვლენებისა, ქართველებში ეროვნულ სულს რომ აღვიძებდა. "მესამე დასელი", სოციალ-დემოკრატი, დიდი პატრიოტი საქართველოსი, ბოლშევიკებს უცხოეთში გაექცა, ჯერ ბერლინშია, ბოლოს პარიზში... აქვე გარდაიცვალა და დაკრძალეს დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
სიმონ ბერეჟიანი. ალბათ გაგიგიათ ეს ლექსი, ვითომდა ნოე ჟოდანიას საფლავის ქვაზე წარწერილი:
"ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო..."
ეს მწარე სიტყვები არც ჟორდანიას ეკუთვნის და არც მის საფლავის ქვაზე წერია, მისი ავტორი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სიმონ ბერეჟიანია. სიმონიკა 1899 წელს დაიბადა. მამამისი ერმილე თაყაიშვილი იყო, დედა ქარცივაძის ქალი გახლდათ. ბიჭი უშვილო დეიდას უშვილებია და მის ქმარს ბავშვისთვის თავისი გვარი მიუცია. სიმონს ძალიან გვიან გაუგია, რომ თაყაიშვილი იყო, მაგრამ გვარი აღარ გამოუცვლია. საშუალო განათლება სამშობლოში მიიღო, ჰყავდა დიდებული მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე, რომელიც ქართველებად, მამულიშვილებად ზრდიდა ახალგაზრდებს.
უმაღლესი განათლების მისაღებად დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ 1920 წელს გერმანიაში გაგზავნა, ცნობილმა მოვლენებმაც იქ მოუსწრო და ემიგრაციაში დარჩა. 1923 წლიდან პარიზში გადასახლდა. "მიუხედავად დუხჭირი პირობებისა, ის განაგრძობდა ხელოვნების სამსახურს, წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მოგონებებს, პატარა სცენებს, საოხუნჯო წერილებს ემიგრაციის ცხოვრებიდან, ხატავდა კარიკატურებს და აქტიურად მონაწილეობდა პატრიოტულ დარაზმულობაში. ის თავისი მოქცევით, სიმღერით, მოხდენილად ლექსების წაკითხვით ქართველ ლტოლვილებს ამხნევებდა. ის ჩვენი ემიგრანტული ოჯახის თვალად ითვლებოდა", - იგონებს მ. ტუღუში.
სიმონიკო იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი პარიზში ქართველი პატრიოტული ორგანიზაცია "თეთრი გიორგისა". ამ ორგანიზაციის გაზეთის ფურცლებზე ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს. ერთ-ერთ ლექსში იხსენებდა სამშობლოდან უმაღლესი განათლების მისაღებად წამოსვლას - სავსეს იმედით და ოცნებებით:
"თეთრი ხომალდი, დატვირთული ნორჩ იმედებით,
მოშორდა ნაპირს, დიდ წინაპართ წმინდა საფლავებს.
გზებს გვიქარგავდა ოკეანე ლურჯ ხავერდებით
და ცივ ზვირთებში გვინათებდა ზეცა ვარსკვლავებს".
ახლაც ეს იმედი აცოცხლებდა:
"და თუმცა მამულს აოხრებულს, მიგდებულს ობლად
ჩვენ სამარცხვინოდ, ბინძურ ქუსლის ნაკვალი აზის,
მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალს სანუგეშებლად
მოევლინება თამარის მზე და ჯვარი ვაზის.
გამოეშლება მოთმინების მკვირცხლი ჩახმახი
(წინაპართ აჩრდილთ ჩრდილოეთის ქარი აჯავრებს):
წამოიჭრება საფლავიდან პატარა კახი,
იშიშვლებს მახვილს და დარაზმავს საომრად ჯარებს".
სიმონი II მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. მისი საფლავი, სამწუხაროდ, დაიკარგა. აი, რას წერდა მასზე ვიქტორ ნოზაძე: "სიმონიკა ბერეჟიანი! სამშობლოს მოწყვეტილი, უცხოეთში გადმოხვეწილი ქართველობა კარგად იცნობდა მას. ყველას უყვარდა იგი! და ეს სიყვარული წარმოშობილი იყო მისი გულის ნიჭიდან; მთელი მისი არსება შეპყრობილი და მოჯადოებული იყო სამშობლოს სიყვარულით და ამ სიყვარულის სხივებს ჰფენდა ყველას და ყველაც იმავე გრძნობით უპასუხებდა.
იგი გულით ატარებდა საქართველოს და იყო თავდაჯერებული მიჯნური სამშობლოსი. სამშობლოც არ ასვენებდა მას და უამრავ საუკუნეთა მანძილზე ქართული სისხლით გაჟღენთილი მიწა მოუხმობდა. მას არ შეეძლო მიახლოება, მტერი ფლობდა სამშობლოს და იგი უცხოეთიდან ელოლიავებოდა მას, უგალობდა...
სიმონიკა თან მოსდევს ქართველ ერს დასაბამიდანვე, იგი მისი ღვიძლი შვილია, მისი მართალი შვილი და მისთვის ფხიზელი მეომარი..."
სიკვდილის წინ. ვარლამ ჩერქეზიშვილი ცნობილი იყო არა მარტო ჩვენში, არამედ ევროპაში, როგორც მეტად განათლებული მოღვაწე და ანარქისტული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი იდეოლოგი. ვარლამი დაიბადა 1846 წელს გარე კახეთში, სოფელ თოხლიაურში. ათი წლისა მშობლებმა მოსკოვის სამხედრო გიმნაზიაში მიაბარეს. მას შემდეგ საქართველოში თითქმის არ უცხოვრია. რამდენჯერმე დაატუსაღეს რევოლუციონერობის გამო. ბოლოს გადასახლებიდან, ტომსკიდან ევროპაში გაიქცა და ხელი მოჰკიდა მეცნიერულ და სალიტერატურო მუშაობას. მისი ანარქისტული წერილები ევროპის ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ვარლამი თავგამოდებული დამცველი და მომხრე იყო საქართველოს ავტონომიისა, ამას კი იცავდა არა "საერთო სამართლიანობის მიხედვით", არამედ ქართველი ერის ისტორიული უფლებებით. კამათში ყოველთვის მოიხმობდა ჩვენი მეფეების და რუსეთის თვითმპყრობელთა ხელშეკრულებებს. დაიწყო პროპაგანდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციისთვის საქართველოს ავტონომიის შესახებ ჩვენი ერის მოთხოვნის წარსადგენად. როცა 1905-6 წლებში საქართველოში რუსის დამსჯელი რაზმები დათარეშობდნენ, სამშობლოში ახალდაბრუნებულ ვარლამს ამ ამბების ამსახველი სტატიები გაუგზავნია ამერიკასა და ინგლისში. ამას გარდა დაუწერია დასაბუთებული მემორანდუმი ჰააგის კონფერენციისთვის. ამ ტექსტის ქართულ ვარიანტს მოსდევდა ვარლამის მიერ შეგროვებული 2000 ხელმოწერა. ამ პეტიციას მოჰყვა ეპისკოპოს კირიონის განთავისუფლების მოთხოვნა. რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა სამხედრო პოლიგონის გახსნა გორის მაზრაში და ამიტომ რამდენიმე სოფლის აყრა. ვარლამ ჩერქეზიშვილმა ამის თაობაზეც პეტიცია გაგზავნა ჰააგაში.
მას ცოლად ჰოლანდიელი ქალი ჰყავდა. სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა, მაგრამ მალევე მოუხდა მისი დატოვება. ის გარდაიცვალა 1925 წელს ლონდონში, 79 წლისა. სიკვდილის წინ დაავიწყდა ევროპული ენები და თავანკარა ქართულით ალაპარაკდა, რაც მანამდე თითქმის არ ეხერხებოდა.
"პრინცი მაჩაბელი". ივანე მაჩაბლის ძმისშვილმა გიორგიმ ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო განათლება. ქართული გიმნაზია გახლდათ იმ დროში ერთ-ერთი იმ მცირე დაწესებულებათაგან, სადაც ქართული ტრადიცია და იმედი იყრიდა თავს. საზოგადოებაში ამ გიმნაზიის მოსწავლეებს "ჩვენებს" ეძახდნენ, სოციალისტები კი აბუჩად იგდებდნენ მათ თუშურ ნაბდის ქუდებს და ნიშნის მოგებით მომავალ "შოვინისტებს" უწოდებდნენ.
გიორგიმ ბერლინის ცნობილი სამთო აკადემია დაამთავრა. მოიარა მსოფლიო, იყო მეზღვაური, მძღოლი. I-მა მსოფლიო ომმა ქართველ პატრიოტებს გაუჩინა იმედი რუსეთის იმპერიის უეჭველი დამარცხებისა და მის ნანგრევზე თავისუფალი საქართველოს დროშის აფრიალებისა. გიორგი ომს ბელგიაში შეხვდა და უმალ გერმანიაში გადმოინაცვლა, სადაც მისი თაოსნობით დაარსდა "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი", რომელმაც ჟენევაში არსებულ "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან" ერთად დიდ საქმეს მიჰყო ხელი. ხელშეკრულება დადეს გერმანიისა და ოსმალეთის მთავრობებთან. გერმანიის მთავრობის გავლენით, თურქები უარს ამბობდნენ საქართველოს სამაჰმადიანო ნაწილებზე, თუ რუსეთი დამარცხდებოდა და ეს საკითხი დადგებოდა ზავის კონფერენციაზე. გიორგიმ იმდენი მოახერხა, რომ გერმანელებთან ერთად ბრესტ-ლიტოვსკში გაჩნდა. ოქმზე ოსმალეთის სამმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი და დაამტკიცა ქართველებთან ადრინდელი ხელშეკრულება. მაგრამ ქართველების მომხრე გერმანელი გაიწვიეს და თურქებმა პრეტენზია გამოაცხადეს ბათუმსა და საქართველოს სხვა მიწებზე, რასაც მხარი დაუჭირეს რუსებმა. მალე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და "კომიტეტიც" დაიშალა. ზურაბ ავალიშვილი აღნიშნავდა გიორგი მაჩაბლის დამსახურებას: მათ მაშინ სცადეს დამოუკიდებელი საქართველოს საკითხი დასმულიყო, სხვებს რომ წარმოუდგენლად მიაჩნდათო. გრიგოლ რობაქიძემ თურმე თქვა ერთხელ ლაიპციგში, სტუდენტობის დროს, გიორგი ათას საბანში რომ გაახვიოთ და სადმე დამალოთ, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს: "აქ საქართველოს სუნიაო". დამოუკიდებელი საქართველოს დროს ჯერ ავსტრიაში მუშაობდა, მერე კი ჩვენი ქვეყნის დესპანი იყო იტალიაში. დაუფასებელია მისი ღვაწლიო, - ამბობდა გიორგიზე მიხაკო წერეთელი.
გიორგი ძალზე დაამწუხრა საქართველოს გასაბჭოებამ: "ნიჭიერი და ენერგიული ხალხი რომ ჰყოლოდა მმართველად დამოუკიდებელ საქართველოს, შეიძლება ეს უბედურება არ დაგვმართოდაო".
1922 წელს გიორგიმ გადაწყვიტა, ემიგრანტულ ინტრიგებში გახვევას ამერიკაში გადასახლება სჯობდა. "გაჭირვებული და მშიერი კაცი უცხოეთში ვერც პირად ღირსებას შეინახავს და ვერც ქვეყნისთვის იმუშავებს პოლიტიკურად. ამიტომ შევეცდები, ამერიკაში სიმდიდრე შევიძინო და დამოუკიდებელი საქმისთვის გამოვიყენოო", - უთქვამს მიხაკო წერეთლისთვის.
მართლაც, გიორგი მაჩაბელი ამერიკაში გადასახლდა, ფაქტობრივად ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკურ საქმიანობას და თავისი დაუშრეტელი ენერგიით შექმნა მსოფლიოში სახელგანთქმული ნელსაცხებელთა ფირმა "Prince Matchabeli" (პრინცი მაჩაბელი), რომელიც დღემდე არსებობს აშშ-ში (ამჟამად კონექტიკუტის შტატში) და ღირსეულ კონკურენციას უწევს მრავალ აღიარებულ საპარფიუმერიო ფირმას.
გიორგი მაჩაბლის სიყრმის მეგობარი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სპირიდონ კედია ასეთ ცნობებს გვაწვდის ამერიკაში გიორგის საქმიანობაზე: "ნიუ-იორკში გიორგი მაჩაბელი იწყებს პარფიუმის საქმეს, თითქმის ხელცარიელი. არაფერი გააჩნია, გარდა პირადი არსებობის საშუალებისა. ამ საქმეში მთელი მისი თანხა მარტო მისი საკუთარი პიროვნებაა. გიორგი იჩენს ამერიკელ მომხმარებელთა პსიხოლოგიის დაკვირვებულ ცოდნას, ბაზარზე უშვებს თავის პარფიუმის კლასიკურ სერიას. მათ შორის ერთი არის "საქართველოს დედოფალი". მისი ჭურჭელი - საპარფიუმო გვირგვინები - ჰხიბლავს საერთო ყურადღებას. მისი ფირმა მაღალი ხარისხის შარავანდით იმოსება. "თავად მაჩაბლის პარფიუმები" მალე მთელ ამერიკაში ხდება ცნობილი. სამწუხაროდ, მის ფეხის ადგმას დიდი ამერიკული კრიზისი მოსდევს. გიორგი ამ კრიზისს წარმატებით ებრძვის. ამ საშინელი დეპრესიის წლებში თავის აღებმიცემობას შეუჩერებლივ მარტო მაჩაბლის ფირმა ავითარებს. თითქმის ერთდროულად ხსნის თავის განყოფილებას პარიზში, რომ მის ამერიკულ ფირმას პარიზის მსოფლიო რეპუტაცია დაუმკვიდროს.
მთელ ქართულ ემიგრაციაში მარტო ერთი გიორგი ჰქმნის დიდ ახალ საქმეს, რომელიც სწრაფად მიექანება მსოფლიო ბაზარზე პირველი ადგილის დასაჭერად... ამ მიზნის მიღწევა გიორგის იმისთვის უნდა, რომ მეორე მიზნის (ქართული პოლიტიკის) სამსახურში მალე გადავიდეს, კვლავ შეუდგეს საქართველოს თავისუფლების ახლად გამოჭედის საქმეს თავის დაცდილ მეგობრებთან ერთად".
მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა. 1935 წლის 31 მარტს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გიორგი მაჩაბელი ნიუ-იორკში დაკრძალეს, ლონგ აილენდის სასაფლაოზე. "რამ შეჰქმნა ეს საერთო გატაცება და სიყვარული? - კითხულობს სპირიდონ კედია მაჩაბლისადმი ხალხის დამოკიდებულებაზე და პასუხობს, - ეჭვს გარეშეა - გიორგის უაღრესად ქართულმა იერმა. მასში გამოთქმული იყო მრავალი ტრადიციული თვისება ჩვენი ერისა. იგი იყო თბილი და ნაზი, გულადი და მტკიცე, ჩვილი და უშიშარი, სამშობლოს მოყვარული თავდადებამდე, მომხიბლავი თავაზიანი და კეთილშობილი..."