28.06.2007
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთხელ ქადაგებისას გვაკურთხა, ისტორიული წყაროებიდან ამოგვეწერა ღირსეულ ქართველთა სახელები და ლოცვაში მოგვეხსენიებინა. ჩვენი წერილებით ვცდილობთ, ამ წმინდა კურთხევის აღსრულებას.
"კარიბჭის" წინა ნომერში მოგითხრეთ მეფე ერეკლე მეორის დროინდელ ქართველ ვაჟკაცებზე. ამჯერად გვსურს შემოგთავაზოთ პაატა თემურიშვილის ამბავი, რომელიც მოუყოლია 1876 წელს მოხუცებულ ზაალ ბარათაშვილს (გოსტამ გორდალად წოდებულს) ზაქარია ჭიჭინაძისთვის.
ეს ის დროა (თუმცა როდის არ იყო ასეთი დრო!), როცა თათრები საქართველოში დანავარდობენ, საბარათიანოს, საციციანოს, საორბელიანოს აოხრებენ, ძარცვავენ, ხალხს ატყვევებენ, ხოცავენ და კაცი-პატრონი მათი განმკითხავი არ არის. შეწუხდა მეფე ერეკლე, მისი წუხილი ქართლ-კახეთსაც გადაედო.
ამ ხანებში მეფე ერეკლეს ეახლა ერთი მოხუცი თონეთიდან და მოახსენა: - დიდებულო მეფევ და ბატონო, გავბედე და გეახელი, რათა შეგკადროთ ერთი სათხოვარი, თუ ამის ნებას მომცემთო. ბრძანეო, - მიუგო მეფემ. მოხუცმა დაიწყო: - ჩვენსა და მეზობელ სოფლებში ბევრს ესმის თქვენი მწუხარება და მდევარი ჯარის უყოლობა. ერთმა გამოჩენილმა ვაჟკაცმა, პაატა თემურიშვილმა ისურვა თქვენი სამსახური და თავის დადება. მას ბევრი ფალავანი ჰყავს ამხანაგად, ყველას თქვენთვის თავის დადება ენატრება... თუ წყალობას იქმთ, გეახლებიან და თქვენს სამსახურს გასწევენო.
- კეთილი, კეთილი, ბერო კაცო! წადი და უთხარი, მოვიდნენ და ყველაფერს მივანიჭებო, - გაიხარა მეფემ, მოხუცს წყალობა უყო და ისიც საჩქაროდ წავიდა თონეთში, ყველაფერი აუწყა პაატა თემურიშვილს. პაატამ ტოლ-ამხანაგები შეკრიბა, შეიმოსეს თორ-აბჯარი, შემოირტყეს იარაღი, შესხდნენ ცხენებზე და ტფილისში, მეფე ერეკლესთან გამოცხადდნენ. მეფემ შორიდან თვალი მოჰკრა, დიდად ეამა და შესძახა: - გადღეგრძელოთ ღმერთმა, შვილებოო. დღეგრძელი ბრძანდებოდეთ, ბატონო მეფეო! - შეჰყვირეს გმირებმა. მიუახლოვდნენ მეფეს, დაიჩოქეს და მუხლზე ემთხვივნენ. მეფემ ყველას ქოჩორი დაუკოცნა, აკურთხა მათი დედ-მამა და ყველას საჩუქარი უბოძა. მეფეს, მის მხლებლებს თუ მოქალაქეებს უკვირდათ - პაატამ ამდენი მეომარი როგორ შეკრიბაო. თვით პაატა იყო მეტად ტანმაღალი, მხარბეჭიანი და საკვირველი ღონის პატრონი, საყვარელი და მოსაწონი ყველასთვის. მეფესაც დანახვისთანავე შეჰყვარებია. ამაზე ლექსიც კი გამოუთქვამს ხალხს:
პაატა თემურიშვილმა
მთელი ქართლი შეჰყარაო,
ერეკლეს წიგნი მოსწერა:
- ნეტა შენთან გვატარაო,
საბარათიანო შევძარ,
დიდიდამ და პატარაო!
თუ მტრის ნასალი არ დავდოთ,
მომკალ შენი პაატაო!..
არ გასულა დიდი ხანი, რომ მეფე მტერთაგან იავარქმნილი სოფელ პატარძეულის გასაახლებლად წასულა, თან პაატა და მისი მეომრები უახლებია.
პატარძეულის მახლობლად შებმულ ხარ-ურმებს და რამდენიმე ლეკს გადაჰყრიან. მეფეს და მის მხლებლებს გაუჩქარებიათ სოფლისკენ. მეფე და პაატა თემურიშვილი დარევიან ლეკებს, ზოგი დაუხოცავთ, ზოგიც ტყვედ წაუსხამთ. ხალხს მეფისთვის უამბია, თუ როგორ ააოხრეს ლეკებმა ივრის ხეობის სოფლები. არც ჩვენ დაგვადგებოდა კარგი დღე, რომ არ მობრძანებულიყავითო. მაშინ გამოუთქვამთ პატარძეულელებს ლექსი:
პატარძეულის ციხესა ლეკნი გარსა არტყიანო,
სამი დღე-ღამ გარეშემო რკინით ძირსა უთხრიანო,
ობლებს გამოიყვანებენ, ცრემლით დაბანენ პირსაო...
მარტო პაატამ იფრინა სამოცი ლეკი მტრისაო!..
პაატა თემურიშვილმა სისხლი დაღვარა მტრისაო!
მეფემაც შუბლზე აკოცა, - გმირობა ჰქენ ქვეყნისაო!..
ამ პირველი მაგალითით პაატას დაუმტკიცებია მეფისთვის ერთგულება. ერეკლესაც უპირატესი ადგილი მიუნიჭებია მისთვის. ამ დროს გავარდნილა ხმა, ვაშლოვნელი თამრო თათრებს დაუჭერიათ და წაუყვანიათო. შეწუხებულა ერეკლე: ვაიმე, შვილო თამროო... პაატა წარდგომია და მოუხსენებია: ნება მიბოძე, მეფევ, წავიდე და გამოვიხსნა ის ქალი. თუ ერთ კვირაში არ გაახლო, თავზე ლეჩაქი დამხურე და ვირზე უკუღმა შემსვიო. ერეკლეს უბრძანებია: არა, შვილო, მაგას როგორ გაკადრებ! შენ თუ უშველი თამროს და დაიხსნი, ეგ შენი მეტი ბიჭობა იქნება! სამაგიერო მე თუ ვერ შევძელი, ღმერთი გადაგიხდისო.
თემურიშვილი მეფის ბრანებით და მღვდელმთავრის კურთხევით წასულა ყარაბაღისკენ. კითხვა-კითხვით შეუტყვია ადგილი, სადაც ქალი ყოფილა დატყვევებული. პაატას ერთ მეომარს თათრულად გადაუცვამს, შესულა ყარაბაღში, ცხენით ვაჭრობა დაუწყია და ხალხშიც მალე გათამამებულა. ეს ქართველი გმირი მეტად მოხერხებული და ლომგული ყოფილა. დანარჩენი ქართველები ყარაბაღის მახლობლად ტყეში დაბანაკებულან. იმ ქართველს ბევრი ოსტატობის შემდეგ თამრო ვაშლოვნელის კვალისთვის მიუგნია. ერთ სომეხს უთქვამს: ესა და ეს ლამაზი ქართველი ქალი ამა და ამ თათრის სახლშია დატყვევებული. ამბობენ, ის ქალი ხელღონიერიც არისო. თუ მალე არ უშველით, დღეს თუ ხვალ სპარსეთში წაიყვანენო.
ის ქართველი მაშინვე დაბრუნებულა ამხანაგებთან და ყოველივე უცნობებია. უთათბირიათ და გადაუწყვეტიათ, ღამით დასცემოდნენ იმ სახლს. მართლაც, ისე ჩუმად აუღიათ სახლი და ამოუხოცავთ მისი მცველები, რომ მოამბეც არ დარჩენილა.
საჩქაროდ წამოუყვანიათ თამრო. მეფე ერეკლეს მეტისმეტად გახარებია მათი დანახვა. პაატასა და მისი გმირებისთვის თავის აზარფეშებში თავისი ხელით დაუსხამს ღვინო და თავისი ხელითვე უბოძებია ხორაგი.
ერთხელ დავით სარდალი და ეშიქღაბასი მეფის ბრძანებით მოემზადნენ სპარსეთში შაჰთან წასასვლელად. პაატაც თან გაჰყვა, მაგრამ გზაში დაიკარგა. სპარსეთიდან დაბრუნებულებმა მეფეს მოახსენეს: პაატა გზაში დაგვეკარგა. მგონი, არ უნდოდა ჩვენთან წამოსვლა და უთუოდ შინ იქნებაო. ერეკლეს ეწყინა და თვალთ ცრემლი მოედინა. ხალხიც კი გაგზავნა პაატას მოსაძებნად. ამასობაში თემურიშვილი თვით წარუდგა მეფეს. სად იყავი, შვილო, სარდალსა და ეშიქღაბასს რად ასცდი გზაშიო, - ჰკითხა მეფემ. ბატონო მეფეო! ავად გავხდი, ერთ სოფელში შევედი და ვწამლობდი თავს. გამოვკეთდი და გეახელითო, - მიუგო პაატამ. მეფემ წყალობა მისცა, კარგი ტანსაცმელი და საომარი იარაღიც უბოძა, რადგან თავისი ავადმყოფობის დროს გაეყიდა. პაატა მალე ისევ ისეთი გმირთაგმირი შეიქმნა, როგორიც წინათ იყო.
განვლო რამდენიმე ხანმა და ტფილისში გამოცხადდა: სპარსეთის შაჰი საომრად მოდისო. პაატამაც შეკრიბა რაზმი და საომრად მოამზადა. მეფეს მათი დიდი იმედი ჰქონდა. პაატამ მეფეს სთხოვა:
- ბატონო მეფეო, ჩემის ჯარით ივანე სარდლის უკან დავდგები. წინ ის წავიდეს, უკან მე მივყვებიო.
ეს რომ ივანე სარდალმა გაიგო, ერთი ამბავი ატეხა, - ღალატი აქვს განზრახული, კმარა ამის თავგასულობაო. მაშინ თემურიშვილმა შეჰკადრა: თუ ივანე სარდალს პირველად ჩემი მისვლა უნდა, მაშინ თავისი ჯარი მე ჩამაბაროს, ჩემი მან ჩაიბაროს და მერე წავალ წინ, მაგან კი სეირს უყუროსო და მეფეს მოახსენა: - წინწინ სარდლის წასვლა იმიტომ გთხოვეთ, რომ მაგის ღალატის ფიქრი მაქვს, ეგ მტერს გამოექცევა. თუ ასე არ იქმს, მაშინ თავისი სუსტი ჯარით მტერს მცირეთი შეასუსტებს და როცა ჯარი ჩემს მხნე მხედრობაზე მოვა, მაშინ ჩვენ ვიცით! მტერს ისე შევუტევთ, მისი ხსენება არ დარჩესო. ამაზე მთლად გადაირია ივანე სარდალი - წინ არ დავდგებიო. მეფემ პაატას სთხოვა, საქმეს შესდგომოდა. მანაც იკისრა მტერთან პირველი შებმა.
ფიცხლად ომობდა პაატა, გმირულად. მან და მისმა ჯარმა მტრის ძალი გააპეს, თითქმის შემუსრეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. პაატას გმირობას სარდალი შორიდან უცქერდა. დაღამდა. ბინდი დაეცა და ომი შეჩერდა, განთიადისას კი კვლავ გაჩაღდა. განსაცვიფრებელი სანახავი იყო ქართველთა მხნეობა და ომი. მეორე დღესაც დამარცხდნენ. მესამე დღეს სასიკვდილოდ დაჭრეს პაატა თემურიშვილი. დაფრთხნენ ქართველები - პაატა მოკლეს, პაატა მოკლეს! დავიღუპეთ... დავეცით... ხმალი, ბიჭებო, ხმალიო...
ვიდრე სული ედგა, პაატა მხედრებს ამხნევებდა: - გმირებო, გმირთაგმირებო! იბრძოლეთ. ჩემს სისხლს ნუ შეარჩენთ ამ უღვთოებსო...
პაატას სიკვდილს დიდად შეუწუხებია ქართველობა. ზაალ ბარათაშვილის პაპას, მაშინ 17 წლის ყმაწვილს, გაუტაცებია მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან.
გათენდა ქართველთათვის საუბედურო დილა. ნახევარ ქართველებზე მეტი მთიულეთში გაიხიზნა, რადგან აქ სიკვდილის მეტს ვერაფერს იპოვიდა კაცი. სპარსელებმა დრო იხელთეს... მეფე მისმა მახლობლებმა თითქმის ძალით გაარიდეს ბრძოლის ველს. პაატას ჯართან ერთად სხვა სარდლების მოლაშქრენიც დარჩნენ ბრძოლის ველზე. სპარსელებმა დასვენებული ჯარი მიუსიეს ქართველებს და უმოწყალოდ ამოჟლიტეს. პაატა რომ ცოცხალი ყოფილიყო, იქნებ შეგვეჩერებინა სპარსელები და ტფილისი ვერ აეღოთო, - წუხდა ზაალ ბარათაშვილი.
ხალხს უთქვამს:
ხოჯას პაატამ უჩვენა გმირობა ვაჟკაცისაო,
ჰკაფა და ჰკაფა თათრები, აყრიდა ქვა და კირსაო,
პაატა მოკვდა ცხენზედა, სისხლი სდიოდა პირსაო,
მოკვდა და თან გაიყოლა ცხონება მეუფისაო.