მშობელი მიწის სიყვარული და ერთგულება იყო საფუძველი ქართველი ერის მარადიული არსებობისა, უშრეტი წყარო სიტყვაკაზმული მწერლობისა. "სიყრმიდანვე ქართლის ბედს აყოლილი" ქართველი მწერლები, სამშობლოს მაჯისცემასა და გულისფეთქვას მიყურადებულნი, ერთგული და გულდამწვარი ჭირისუფალნი მისი წყლულებისა, სასოებით მადღეგრძელებელნი მისი ოცნებისა და სიხარულისა, ქართული "ენაძლიერობითა" და "ენაბარაქიანობით" იღვწოდნენ, "თვალსაფერისად" გამოეთქვათ თავიანთი სიყვარული ჭირნახული სამშობლოსადმი.
"დავითიანი" - საქართველოს ისტორიის ერთი მონაკვეთის, ძნელბედობის ჟამის (XVIIIს.) მხატვრული მატიანეა. დავით გურამიშვილი ერთგული მემკვიდრეა ისტორიის ქრისტიანული გაგებისა, რომლის თანახმადაც უზენაესი მსაჯულის რისხვა კაცობრიობის მიერ არჩეული მრუდე გზის შედეგია. საქართველოში დატრიალებული ცოდვის კითხვაც "საღმრთო საქმეთა" ღალატმა გამოიწვია.
დავით გურამიშვილი ჩამოთვლის ერის დაცემის მიზეზებს, დაუნდობლად კიცხავს უსამართლობას, ძალადობას, ბიწიერებას. ამ ბოროტებას ურჩობა, ღვთისგან განშორება, ღვთის ღალატი ჰქვია. ქართლის უბედურების დასაწყისს პოეტი ადამის ცოდვას უკავშირებს. "ვინაითგან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი და გულსმოდგინედ მიდრეკილ არს გული კაცისა ბოროტისა მიმართ" (ნეტარი ავგუსტინე). ადამის ურჩობა კვლავ მეორდება მის მოდგმაში:
"მაგრამ კვლავ შესცდნენ მის გზითა,
რა ცოდვის ბურმან მონისლა,
ჩაცვივდნენ ცოდვის მორევთა,
გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა".
ქართველები გაუორგულდნენ უფალს: "შეუხდათ ეშმაკის მანქანებანი" - მლიქვნელობამ, ფარისევლობამ მოიკიდა ფეხი: "ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუარი ზაკვისა" (სახარებისეული პერიფრაზია).
ყურად არ იღეს, არ ირწმუნეს ღვთისმშობლის გაფრთხილება და სინანულისკენ მოწოდება:
"დაყრუვდნენ, ბრმანი შეიქმნენ,
საქმე ქნეს გასაშტერები".
სულიერმა სიბრმავემ და სიყრუემ მოიცვა ერი.
პოეტი ბრალს სდებს, დაუნდობლად ამხელს ყველას: შინაურსა თუ გარეულს, ერსა თუ ბერს, დიდსა თუ პატარას, იმის მიხედვით, თუ ვის რა წილი მიუძღვის საქვეყნო საქმის წახდენაში. სასულიერო პირებსაც დაუტევებიათ სიმართლე და ჭეშმარიტება:
"თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები,
მათაც კარგი ქმნეს ვერები".
თვალწინ იშლება მძიმე, გულისმომწყვლელი სურათი საქართველოს მკვიდრთა სულიერი დაძაბუნებისა, ერთგულება, სიმამაცე, გამბედაობა დაიკარგა. მამაკაცები "დაჯაბნდნენ". აღარც მიჯნურთათვის თავმოსაწონებლად, აღარც სატრფოს გადასარჩენად გამოიღებენ ხელს, "გულმაგრობის" გამოჩენა აღარ შეუძლიათ:
"შეშინდნენ, ტრფიალთ გაექცნენ,
შეჰკადრეს უარობაო".
უფლის საიდუმლოებებს აბუჩად იგდებენ და ცოდვის მორევში თავაწყვეტილნი ეშვებიან:
"გვირგვინის ცოლი გაუშვეს,
ხარჭასთან შექმნეს რბოლანი".
დავით გურამიშვილის მიერ შთამბეჭდავი მხატვრული ხერხებითაა დახატული მთელი ეპოქის ხასიათი, სულიერი ხატი:
"შეიქმნა დიდი მტერობა,
თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური,
ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა,
გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება -
ქვრივთა, ობოლთა, მწირისა".
ჩამოთვლილმა ცოდვებმა ერი დაიმონეს და ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანეს.
"მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო
თავში ხელის შემოკრებით,
ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა
ჩვენდა გარეშემო მტრებით".
გურამიშვილი ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელია, რომლის თანახმადაც: "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე". ეს კი "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. საქართველო კატასტროფის წინაშე დგას. სიმართლეს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს იგი, თვალებში უნდა შევხედოთ, რადგან სიმართლის ღალატი უფლის, ქვეყნისა და ხალხის ღალატია. თუმცა კი სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს:
"მაგრამ ფარვა სიავისა
ქვეყანას არ მოუხდების".
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქრისტიანის სულიერი კრედოა, რომელსაც მარადიული სასუფევლის ძიება ასაზრდოებს:
"კაცს მის მეტი არა აქვს რა
სიკვდილს უკან თან საბარგი,
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი:
ავსა - ავი, კარგსა - კარგი".
ისტორიკოსი მოვალეა, გაარჩიოს იფქლი ღვარძლისაგან და მხილების გზით ხელი შეუწყოს ადამიანთა განკურნებას:
"ამად სძრახვენ, ვინც ავს ჩადის,
კულავ აღარ ჩაიდინოს,
სხვა გაფრთხილდეს, მისებრ ცრემლი
თვალთა არვინ ჩაიდინოს".
ავის კარგად გასაღებას აზრი არა აქვს, რადგან ღმერთისთვის ისედაც ყველაფერი კარგადაა ცნობილი. მხილება აღმზრდელობით მნიშვნელობას იძენს:
"ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების,
უსირცხვილოს თუ არ არცხვენ".
პოეტის გულისტკივილი ქართველი ერის უსაზღვრო სიყვარულით არის გაჯერებული:
"მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი
სატკივარი არა ჰფარავს,
მეტად მწარედ გული მტკივა,
მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს".
საქართველო უკუღმართად გადახნულ მინდორს დაემსგავსა. დავით გურამიშვილი ცდილობს, დაგვანახოს "ქართლის ჭირის" მთავარი მიზეზი: ადამიანთა გულებში გამქრალა უკეთესი მომავლის იდეალი. ეს იდეალი ზეციური სასუფეველია. შეუორგულებელი რწმენა მხოლოდ ღვთისადმი, ზეციური იდეალებისადმი უნდა გვქონდეს და არა წარმავალი, ცრუ ფასეულობებისადმი. გურამიშვილის ღრმა ქრისტიანული მრწამსი და წუთისოფლის ამაოებრივ-ფილოსოფიური ხედვა შემდეგ ფრაზაშიც ნათლად ჩანს: "ფუ შენ, ცრუო საწუთროო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!"
გიორგი ლეონიძეს უთქვამს: "ერთხელ ღმერთმა მიიღო საჩუქარი მთელი სამყაროს მცხოვრებთაგან. ზოგმა რა მიართვა და ზოგმა - რა. მიწამ ოქრო მიართვა, ზღვამ - თვალ-მარგალიტი და სხვა. ჭიანჭველამ კი - ერთი ღერი ჩალა. მეც, იმ ჭიანჭველასავით, რაც შევძელი, ის მოვუტანე ჩემს სამშობლოს ძღვნად და საჩუქრად, მაგრამ ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი - მელნად, ვარსკვლავები გადამწერლებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ ვიტყვი, ვერ გამოვსახავ, ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი სამშობლოსადმი, ჩემი ქართველი ერისადმი..."
საქართველო და მისი სიყვარული იყო გ. ლეონიძისა და მისი გმირების შთაგონების საგანი.
ჩორეხი "ქართლის ცხოვრების" გმირულ ფურცლებს ისე კითხულობდა, "როგორც გულში გადამდნარ საკუთარ გულისთქმას". მამულიშვილ ჩორეხს ბიბლიიდან ეს ადგილი უყვარდა: "მდინარეთა ზედა ბაბილონისათა დავსხედით და ვსტიროდით, რაჟამს მოვიხსენიეთ ჩვენ სიონი! უკუეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი". ეს იყო "აღთქმა მამულისადმი", "აღთქმის საყვარელი გამოთქმა". "ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას, როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულ "დიდებას". რუკას გაშლიდა და თითებით ეალერსებოდა "საქართველოს ნატამალს", "მტვრად აღგვილ" სამცხეს, აჭარას, შავშეთს, ტაო-კლარჯეთს, ერუშეთს, სრულიად ჭანეთს. "არ დაივიწყოთ საქართველოს მოჭრილი ძუძუ, ჩვენი აკვანი!" - მოძღვრავდა ბავშვებს და მათ სულში "მამულის სევდა", "მამულის თავისუფლების აზრის ცეცხლი იძვროდა.
ჩორეხი წარსულში "ღვთის უბედ" წოდებული, ახლა კი "სისხლის წარღვნების ქვეყნად" ქცეული სამშობლოს ერთგული ჭირისუფალი გახლდათ:
"ვაი, მამულო, ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარქმნილო, ვაი, ძნელბედო, ვაი, მამულო, გამესამედებულო!"
საქართველოს ჭრილობები იყო მისი "გულის ნაღარი". მის გაფაქიზებულ სმენას სწვდებოდა "ნანგრევების ღაღადისი". ღმერთს შესთხოვდა მამულის განახლებას და საქართველოს აღდგომას თითქმის წინასწარ ზეიმობდა: "აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი... ესე არს დღე, რომელი ქმნა უფალმან! ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა!.." ხან დანაღვლიანდებოდა; "მესია რად იგვიანებს?" - გმინავდა, თუმცა იმედსა და მხნეობას არ კარგავდა: "ისევ დაისხამს ჩვენი ვენახი, ისევ დაგვებადება რუსთველი, აღმაშენებელი, თამარი..." ჩორეხს სწამდა, რომ ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი იდგა. აკვანში ხუჭუჭთმიანი ყრმა იწვა - "ჩვენი მომავალი", რომელიც გაიზრდებოდა და გაათავისუფლებდა საქართველოს. ამ აკვანს მტრედი არწევდა, "თამარ დედოფლის სული". როცა თამარს ახსენებდა, ჩორეხი "გზნებით აღიგზნებოდა: ჯერ გული გავიწმინდოთ, სიტყვა მოვილამაზოთ, მერე ისე ვახსენოთ ჩვენი ლამაზი დედაო". "ვეფხისტყაოსანს" "შოთას ძღვენს" უწოდებდა და ისე კითხულობდა, თითქოს "ოქროს ბულბულს იჭერს წიგნის თითოეულ კაბადონზეო". "ნეტავ, რა გულიღა უნდა შერჩენოდა შოთას, როცა თავისი გული ასე მძლავრად გადაადნო თავის ნაწერშიო", - ამბობდა "ვეფხისტყაოსნის" კითხვით დამტკბარი და აღფრთოვანებული ჩორეხი.
"წარსულზე ფიქრით დაფერფლილი" და "სამშობლოზე მტლედ შემოდებული" ჩორეხი ტყე-ღრეებში დაეხეტებოდა ახალ-ახალი ისტორიული ნაშთების საძებრად, "გულმოდგინედ ეძებდა ფრესკებს და უსურვაზიან ქვებზე ამოკვეთილ წარწერებს".
"ეჰ, რამდენი ძველი დახატულება იღუპება. წვეთი რო დასდით, თითოეული წვეთი მე გულს მიღარავს, გულს მიხვრეტს, ღამეები არ მეძინება, გამოუთქმელ ტანჯვაში ვარ! იღუპებიან ჩვენი სიძველეები ყოველწამიერ, შეიძლება სულაც წაიშალონ!" - გმინავდა და "დაობებულ" ხატებს სახლში ინახავდა.
"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებაც აფიქრებდა წანწალოსანს. ამიტომაც ძველი ნაშთების გარდა ღელეებსა და ხევებში მადნებსაც ეძებდა. დიდი სისათუთით ჰქონდა პარკებში შენახული ოქრონარევი ქვიშა, მბზინავი რიყის ქვები და სხვა მინერალები, როგორც დიდი მადნების ნიშნები, და დიდ იმედებსაც ამყარებდა მათზე, - მომავალი მოდგმისათვის".
აი, ასეთი იყო ჩორეხი, მამულის სევდით "გულდაღამებული". იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ "ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადებას, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული".
მოთხრობა მთავრდება სიტყვებით: "და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი".
დაე, ყველა ქართველის სულში ყვაოდეს "წარსულზე პირაკვამლებული", "სამშობლოს დარდით მოავადე" ჩვენი წინაპრების სხივნათელი სულის უნაზესი და უმშვენიერესი ყვავილი.