*** აქეთ სამცხის ათაბაგი ყვარყვარე განუდგა მეფე გიორგი VIII-ს, ალექსანდრე დიდის ძეს, იქით კიდევ ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. მეფე გიორგი ყვარყვარეს დასამორჩილებლად წავიდა. ფარავნის ტბასთან ჯარით დაბანაკებულ მეფეს განდგომილებმა მოსაკლავად შემოუჩინეს მოღალატენი. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგინიძემ შეიტყო ღალატის ამბავი და მეფეს მოახსენა. მეფემ არ ირწმუნა, "ვინაითგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა". როცა ერთგულმა კარისკაცმა მეფე ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: თუ ვცდები და არ გჯერა, გევედრები, ტყუილად რომ არ მოიკლა, ამ ღამეს შენს მაგივრად მე დავწვები შენს ლოგინში. თუ მომკლეს ისე, რომ მეფე ვეგონო, გევედრები, ჩემს ვაჟებს ნუ დაივიწყებო. მეფე დათანხმდა.
დადგა ღამე. მეფის ქვეშაგებში გახვეული იოთამი სიკვდილს ელის. აი, ისინიც შემოიპარნენ მეფის კარავში, მიუახლოვდნენ საწოლს, ჩასცეს ხმლები. ვაჟკაცმა კბილი კბილს დააჭირა, ხმა რომ არ დასცდენოდა და შეცდომას არ მიმხვდარიყვნენ მოღალატენი...
დილით კი, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. სინანულით დაიტირა მეფემ იოთამი, მტრები შეიპყრო და მოსწყვიტა, ოთამის შთამომავლობა კი წყალობით აავსო: წმინდა იოთამის ძეს უბოძა სპასპეტობა ქართლისა, გორის მოურავობა და ამილახვრობა.
*** ნიკოფსიიდან დარუბანდამდის როგორ გადაჭიმა წმინდა მეფე დავითმა საქართველო? როგორ და - "არა სცა ძილი თვალთა, არცა ჰრული წამთა", არცა თავის სხეულს მისცა დასვენების უფლება, არც საჭმელ-სასმლის მიმართ მისდრკა და არც ხორცის ჭკუაზე წავიდა, დაივიწყა სიცილი და ხუმრობა, ასევე "საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა საძულულე და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო" მის ლაშქარშიც. მარადის ფხიზლობდა მეფე და ჯარისკაცთაც მიიბაძავდა. მხოლოდ ღვთის სჯულს გამოეძიებდა და სასულიერო წიგნთა კითხვა იყო მისი საჭმელიც და სასმელიც.
გავიხსენოთ ცხონებული მეფე ერეკლეც. ერთი გლეხი ტიროდა თურმე, - მიმეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო. მერე ასე როგორ ჩაგეძინაო? - ჰკითხა ერეკლემ უცნობ ყმას. "რა ვიცოდი, მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო", - უპასუხა გლეხმა. მოსწონებია მეფეს პასუხი და კაციც დაუჯილდოვებია.
*** მამისა და ძმის მკვლელ კონსტანტინე-მირზასთან საომრად მომზადებულან წმინდა ქეთევან დედოფლის ერთგული კახელები. მაკაბელის მინდორზე დაბანაკდა კონსტანტინეს ჯარი, ღამის დარაჯები დაიყენეს და ბრძოლის წინ ისვენებდნენ. მოშორებით კი დადგნენ "ჯვარშემოსილნი ქრისტეანეთა ერნი", წმინდა ქეთევანის მსახურნი. კახელებმა ღამე ღმრთისადმი ლოცვა-ვედრებაში გაატარეს და, გამარჯვებას სთხოვდნენ უფალს. როცა გათენდა, აღდგნენ ყოველნი, პირველ საჭურვლად აიღეს ჩვენი უფლის მადლი, ეზიარნენ რა მის უწმინდეს სისხლსა და ხორცს. სხეულზე ქრისტეს ჯვარი გამოისახეს. შემდეგ კი აიღეს რკინის იარაღი, შესხდნენ ცხენებზე და მტერს ისე შეუტიეს, თითქოს ღამეც არ ეთიოთ. ძილიდან წამოდგომაც არ აცალეს კონსტანტინეს ჯარს. თვით მოღალატე კონსტანტინესაც თავისი ჯარის ბედი ხვდა...
*** 1936 წელს გარდაიცვალა სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი), დიდად მოღვაწე და მრავალჭირნახული დედა. გადასახლებაშიც კი ასკეტურად ცხოვრობდა. ჰყვებიან, თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე, საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ კი ეძინა? მეზობელ ოთახში მყოფ მონაზონთაგან ღამით თუ ვინმეს გამოეღვიძებოდა, აშკარად ხვდებოდა, რომ სენაკში დედა თამარი ფხიზლობდა და ლოცულობდა.
დილეგში ჩამწყვდეულ წმინდა შუშანიკზე კი იაკობ ხუცესი ბრძანებს, - დიდმარხვის დროს, მთელი ექვსი წლის განმავლობაში, არც დღისით და არც ღამით არ დაჯდებოდა, არც დაიძინებდა და არც სჭმელს მიიღებდა, კვირაობით ეზიარებოდა უფლის ხორცსა და სისხლს, მცირე რამ ბალახის ნახარშს შესვამდა. მღვიძარებით და ლოცვით განიწმინდა სული თვისი და განვიდა ფრიად დამაშვრალ, მატლისაგან შეჭმულ ხორცთაგან და შეუერთდა სასურველ უფალს.
*** დიდად მოღვაწე ყოფილა იოსებ კათოლიკოსი, რომელიც ადრე დოდოს მონასტრის მონაზონი იყო. მრავალი სათნოებისთვის მღვდელმთავარი შეიქმნა და ბოლოს მამამთავრადაც აკურთხეს. მრავალი დაფარული სათნოება ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი მღვიძარებაც გახლდათ. მისი პატრიარქობისას, საწოლს რომ გაუშლიდნენ, ჩუმად დანიშნავდნენ და მეორე დღეს ხედავდნენ, რომ საერთოდ არ დაწოლილიყო საწოლზე, არამედ მთელი ღამე განმარტოებით ლოცულობდა.
*** წმინდა დავითის ლავრის ბერებზე ჰყვება წმინდა გაბრიელ მცირე. ერთ მის თანამედროვე კეთილ მონაზონს, ფრიად ლმობიერს, დუმილის შემატკბობელს, თავის სენაკში ჰქონდა წმინდა შიო ახლის თავის ქალა და მის წინ ყოველ ღამეს გლოვასა და ცრემლთა ღვრაში განლევდა. თუ სხვათა სიკვდილი ყოველთვის საშინელი და შემაძრწუნებელია, ამ ნეტარმა მამამ ყოველგვარი სნეულებისა და ტკივილის გარეშე საუკუნო ძილით მიიძინა.
სხვა ბერი იყო, ვინმე ღირსი და პატიოსანი. ერთხელ, შუაღამისას, მისი სენაკიდან შუქი გამოდიოდა. ვინმე მღვდელმონაზონი წირვისთვის ემზადებოდა და სანთლის ანთება დასჭირდა. მივიდა მის კარებთან და დაუძახა. ბერი ამ დროს ლოცულობდა. შეწყვიტა, კარები გააღო და უთხრა მღვდელმონაზონს: არ მინთია, მამაო, სანთელიო. შემდეგ კარი ისევ დაკეტა და ლოცვა განაგრძო. სარკმლიდან განათებული ჩანდა სენაკი, რომელიც მღვიძარე ბერის სიწმინდის გამო გაბრწყინებულიყო.
*** 1993 წლის 6 ივლისს მოწამებრივად აღესრულა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი. ის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მონათლულა. 1992 წლის 3 აპრილს ბერად აღიკვეცა. მკაცრი იყო ახალგაზრდა ბერის ცხოვრების წესი. საზრდოს მიღებაში თავშეკავებული გახლდათ. თითქმის სულ არ ეძინა. არავის შეეძლო ეთქვა, როდის ისვენებდა. რაც ბერად შედგა (და უფრო ადრიდანვეც კი), საწოლში არ სძინებია. საწოლის ნაცვლად ფიცრებს იყენებდა. იჯდა, ზურგით კედელს ეყრდნობოდა, ფეხები კი სკამზე ჰქონდა შემოწყობილი. მის სულს განმარტოება და იდუმალი საუბარი სწყუროდა ღმერთთან.
*** დადიოდა თბილისის ქუჩებში ერთ დროს ფეხშიშველა, თავზე რვალის დიადემადადგმული სალოსი ბერი გაბრიელი (ურგებაძე) და განაღვიძებდა კომუნისტური ძილით მიძინებულ ქართველთა სულებს: გამოფხიზლდით, ხალხო, ჩვენდა სამარცხვინოდ მეტეხის ტაძარში, იქ, სადაც წმინდა შუშანიკის საფლავია, თეატრია მოწყობილიო. ის მოძღვარი გახლდათ და გრძნობდა პასუხისმგებლობას. 1972 წელს მთავრობის სახლის წინ ლენინის "პარტრეტი" დაწვა. როცა ჰკითხეს, რატომ მოიქეცი ასეო, თქვა: მე ვარ მწყემსი და ღმერთმა მომანდო მის სამწყსოზე ზრუნვა. მათ აღმართეს კერპი და სურდათ, ხალხს მოედრიკა თავი მის წინაშე... კომუნისტებს უნდოდათ, მისთვის მიეგოთ ის პატივი, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ეს ასე არ უნდა გაგრძელებულიყოო.
სულიერ მღვიძარებასთან ერთად არც ხორციელი მღვიძარება აკლდა მამა გაბრიელს, ღამეებს ლოცვაში ატარებდა, უამრავ სახელს იხსენებდა, ნაცნობს თუ უცნობს, სრულიად საქართველოს ღმერთს ავედრებდა.
*** წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) სინდისის მღვიძარებისკენ მოგვიწოდებს: ისმინეთ, ძენო მაღლისანო! რასა იტყვის წინამძღვარი ჩვენი გონება და გამოიღვიძეთ, გამოიღვიძეთ ღრმა ძილისაგან, ეს თვალღია ძილი შემარცხვენელი სიკვდილია კაცისა. გამოიღვიძეთ, ძმანო, რადგან არავითარი ქმნილება არ ემსგავსება ჩვენი გონების სიმაღლეს. სამართალი მოითხოვს, სულიერი თავმოყვარეობა ვიხმაროთ და არა ვიკადროთ უდარესთა მათ პირუტყვთა მიმსგავსება და განვეშოროთ გარეშე სჯულისა გარყვნილს და უპატიოსნო ცხოვრებას.
*** გარდაცვალების წინ წმინდა იოანე ზედაზნელი ამგვარად არიგებდა სულიერ შვილებს: "ძმანო ჩემნო, თქვენც მარადის მოელოდეთ სიკვდილს და განეკრძალეთ ეშმაკის მახეებისგან, რადგან ბოროტი იგი მტერი "უმზირს ბრჭალთა (ფეხის ქუსლი) სულისა ჩვენისათა", და ვერავინ გაექცევა მათ ხელთაგან, თუ მარხვით, ხორცთა სიწმინდით არ მიიღებს ღვთისაგან ძალას. ამისთვისცა გევედრებით, შვილნო ჩემნო, რათა ყოველ ჟამს მღვიძარე იყოთ და სიწმინდით მსახურებდეთ უფალს".
*** საღამო ხანი გახლდათ. ოპიზის ახლოს, ერთ სახლში მოხვდნენ ერთად წმინდა გრიგოლ ხანძთელი, წმინდა ზენონ დიდი და წმინდა მაკარი ოპიზელი. წართქვეს წესისამებრ ფსალმუნები. მაკარს ეძინებოდა და სარეცელზე მიწვა, მამა გრიგოლი და ზენონი კი ლოცულობდნენ. საღმრთო მადლმა განაბრწყინვა ისინი. ეს ბნელი სახლი დიდების ნათლით განათდა, თითქოს შუადღის მზეაო. გაეღვიძა მამა მაკარს და თქვა: როგორ საოცრად ჩანან ეს წმინდანებიო. მამა გრიგოლმა უთხრა მაკარს, - რად გიკვირს, ძმაო, ეს ხილვა. განა არ გაგიგონია, "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა"? იხარებდა ასე წმინდა სამების მადიდებელი სამი ძმა, წარსთქვეს ცისკრის საგალობელი. როცა გათენდა, ღირსმა მამებმა ურთიერთას მშვიდობა უსურვეს და წავიდნენ თავთავიანთ სახლებში ღამენათევი და სამშობლოსთვის მღვიძარე ბერები.
*** ერთხელ წმინდა ექვთიმე ათონელმა ეკლესიაში ძმა ვინმე ნახა უდებად მყოფი და მძინარე. ჰკითხა: რად გძინავს ეკლესიაში? არ გეყოფა სენაკში ძილი?
- შინ ვმღვიძარებ და აქ, ტაძარში იმიტომ მეძინებაო.
- ეგ, საყვარელო, ეშმაკის მახეა, - უთხრა წმინდა ექვთიმემ, - რათა მცირესთვის დიდი დაგაკარგვინოს. ეკლესიაში მიმავალი კაცისაგან ეძიებს ღმერთი, ფრთხილად და ლმობიერად იდგეს. ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე და სენაკში ძილით გაძღებოდე? აქ ნუ დაიძინებ, თუ არადა მძიმედ დაგსჯიო.
*** ერთხელ სულიერად მიეძინა მწყემსს კეთილს, სარმიანე კათოლიკოსს. წმინდა შიოს ხსენების დღეს მისსავე მონასტერში უამრავ ხალხთან ერთად ტფილისიდან ეგვიპტელები მოვიდნენ, იაკობინელები - სარწმუნოებით. მოართვეს ძღვენი პატრიარქს, მიიღეს მისგან კურთხევა და ზიარების ნება სთხოვეს. პატრიარქმა, ისე, რომ მათი რწმენა არ გამოიძია, წირვისას აზიარა ისინი თავისივე ხელით. წირვის შემდეგ მეფის სუფრაზე იტრაპეზეს, ბოლოს ყველა შინ წავიდა, მათ შორის სარმიანეც. იმავე ღამეს ძილში გამოუჩნდა ვინმე დიდებული მღვდელთმოძღვარი და ერთი მოხუცებული მონაზონი ოქროს კვერთხით. მათ შემოხსნეს სამოსელი, მერე კი მღვდელთმოძღვარი წავიდა. მონაზონმა ჰკითხა, - ხომ არ მოგეწონა სიშიშვლე, მაშ რატომ შეგიწყნარებია მონოფიზიტნი, რატომ აზიარე და მათგან ძღვენი რატომ მიიღეო. აჰა, მადლისაგან განშიშვლებულხარო. შეშინებულმა პატრიარქმა ვინაობა ჰკითხა: ის ეპისკოპოსი წმინდა კირილე ალექსანდრიელი იყო, რომელმაც ბევრი იბრძოლა ამ მწვალებლობის წინააღმდეგ, მე კი ღვთის მონა შიო ვარო. გამოეღვიძა პატრიარქს, შეკრიბა ეპისკოპოსნი და მოუთხრო ყოველივე. მათ განაჩინეს, რომ მონოფიზიტების ძღვენი მონასტრის ბჭესთან დაეწვათ, მერე კი პატრიარქს უთხრეს, - ორმოცი დღე შიომღვიმეში დაეყუდე და შეინანე. ჩვენც ვილოცებთ და ვიმარხულებთო. დაეყუდა პატრიარქი წმინდა შიოს საფლავზე, მღვიძარებით, მარხვით და ლოცვით განვლო შვიდეული. მოიწია კვირა დღეც. პატრიარქმა კვლავ იხილა წმინდა კირილე და წმინდა შიო, რომელთაც ის ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე წარადგინეს. მაცხოვარმა შენდობა მისცა. კვლავ შემოსეს მღვდელმთავარი. გახარებულმა გამოიღვიძა. მალე მოვიდა მღვიმეში ეპისკოპოსების გამოგზავნილი კაციც - ხუთ მათგანს იგივე ხილვა ჰქონოდა. წმინდა სარმიანე ამის შემდეგ უკვე ფხიზლად იყო ყოველგვარი მოქმედებისას.