22.09.2006
გავიხსენოთ კიდევ ერთი სამშობლოს მოტრფიალე და "საზოგადო საქმეებს მსხვერპლად შეწირული" ქართველი - ალექსანდრე ყიფშიძე ანუ "ჩვენი საშა", როგორც მას უწოდებდა იმდროინდელი საზოგადოება.
ყიფშიძეთა ის შტო, საიდანაც საშა წარმოიშვა, ზემო იმერეთიდან ყოფილა. 1813 წელს მთელ საქართველოში ჟამი და შიმშილობა მძვინვარებდა. ამ დროს სოფელ ნავარძეთის მღვდელს, თევდორე ყიფშიძეს ყმობისგან თავის დასახსნელად თავად აბაშიძისთვის ერთი კოდი პური მიუცია, მოუკიდია ხელი ცოლ-შვილისთვის და ზემო ქართლის სოფელ წვერში გადასახლებულა. შიმშილობას აქაც შეუწუხებია და იძულებული გამხდარა, ჰყმობოდა ახალ ბატონს, იერუსალიმის მონასტერს, რომელსაც ეკუთვნოდა ქართლში, ფრონეს ხეობაში, დირბისა და ტახტიძირის მამულები. ეს მიწა-წყალი ქართველ მეფეებს შეეწირათ უფლის საფლავისთვის. სწორედ ამ მღვდლის შვილთაშვილი გახლდათ ალექსანდრე ყიფშიძის მამა, სოფელ წვერის მღვდელი თევდორე. ის 1876 წელს გადასახლებულა 2-3 კმ-ით დაშორებულ სოფელ საღოლაშენში. აქ ოროთახიანი სახლი აუშენებია და თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა მრევლს. ყველას უყვარდა უშფოთველი, მშვიდობიანი, უანგარო და უწყინარი, ტკბილი და გაჭირვებაში ხელის გამმართავი, მანუგეშებელი მოძღვარი. ის 1895 წელს გარდაცვლილა. მისი მეუღლე, მაგდანა, უდილაანთ ქალი, დიდი მეოჯახე და მშრომელი მანდილოსანი ყოფილა. უთენია წამოდგებოდა და საღამომდე თავს დასტრიალებდა წვრილშვილს (12 შვილი ჰყავდათ - რვა ქალი და ოთხი ვაჟი). ქართული წერა-კითხვა ხარის ბეჭზე ესწავლა ოჯახში, თვითონაც საშინაო სკოლა გაუმართავს, როგორც ეს იცოდნენ ძველად მღვდლების ოჯახებში, და გლეხის გოგოებს, წერა-კითხვასთან ერთად, საოჯახო საქმეებსაც ასწავლიდა.
დედა შვილებს ერთნაირი სიყვარულით ექცეოდა. ვაჟებს, უფროსი გრიგოლის გარდა, ყველას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული. შვილები რომ წამოესწრნენ და ქალაქში დაბინავდნენ, დედას სთხოვდნენ, მათთან ეცხოვრა, მაგრამ მაგდანა ცივ უარზე დამდგარა: მამათქვენის კერას ვერ გავაციებო... მართლაც, სიკვდილამდე სოფელს არ მოსცილებია. გარდაიცვალა 1906 წელს. დაუკრძალავთ სოფელ საღოლაშენში, მეუღლის გვერდით.
ალექსანდრე ყიფშიძე დაიბადა 1861 წლის პირველ იანვარს სოფელ წვერში ტანმორჩილი პატარა საშა ანცი, ერთობ მალხაზი ბიჭი ყოფილა. მისი ცხოველი სახე თავსდები იყო მისი უეჭველი ნიჭისაო, იგონებს მისი პირველი მასწავლებელი სოფრომ მგალობლიშვილი. მამა თევდორეს 1874 წელს ვაჟი გორის სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია თავისი მეგობარი სოფრომისთვის. ისედაც ჩინებულად იცოდა ქართული ენა, მასწავლებლის მიერ მიცემული წიგნების შემწეობით კი დახვეწილი ლიტერატურული ენით დაიწყო წერა. უხაროდა სოფრომს მოსწავლის ნიჭიერება. საღოლაშენში, მამა თეოდორეს ოჯახში, ხშირად იყრიდნენ თავს ქვეყნის და ხალხის ბედზე მოფიქრალი ადამიანები, იმართებოდა საგულისხმო საუბრები. მათთან ახალგაზრდა ალექსანდრეც თამამად გამოთქვამდა აზრს სამშობლოს თავისუფლებაზე და ხიბლავდა მასწავლებელს.
1878 წელს, გორის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. ყველა საგანში სამაგალითო იყო, მხოლოდ "თვლა" უჭირდა. ეს "ციფრი" ჩემი სასჯელიაო, - იტყოდა თურმე ხუმრობით, - რა ვქნა, მე, როგორც ქართველს, ბევრი დასათვლელი არა მაქვს, მაგრამ რომ იპრიანოს ღმერთმა და ერთ დღეს სათვლელი გამომიჩნდეს, რაღა მეშველება, თუ სომეხი არ მოვიწვიეო. იმ დროს სემინარიაში გამეფებული პირობები ვის არ გატეხდა, ვის არ მოუდრეკდა ქედს, მაგრამ არა ალექსანდრე ყიფშიძეს. ის კლდესავით მტკიცედ იდგა და წარბშეუხრელად იტანდა ყოველგვარ დაბრკოლებას. ყოველთვის წყნარი და მშვიდი თვალის დახამხამებაში შეიცვლებოდა, თუკი ვინმე ქართველს აბუჩად აიგდებდა. სემინარიაში სწავლისას დღიურების წერა დაუწყია. "ჩემი დღიური ჩემი სულის სარკეაო", - წერს ერთგან. დღიურის ფურცლებს ანდობს თავის განცდებს, შეულამაზებლად ჰყვება სემინარიის მდგომარეობაზე, სადაც ღვთისმოსავთა მაგივრად ათეისტებად ზრდიდნენ ახალგაზრდობას, ლათინურ-ბერძნულით ტვინს უბურღავდნენ. სემინარიის მღვდლები ზიარებაში ფულს ითხოვდნენ, შავ პურზე ჰყავდათ მოსწავლეები, მათში ადამიანობის ნატამალსაც არ ტოვებდნენ. "გული სულ კვნესის, როდესაც ცხადათ დარწმუნებული ხარ, რომ ამათგან ხეირი არ იქნება... ეს სიტყვები ამოდიან სიღრმით გულისათ! ბევრნი იღუპებიან ამ ცუდის სისტემით", - წერს დღიურში 19 წლის ალექსანდრე. მოსწავლეებს უკრძალავდნენ ქართულად კითხვას. სემინარიელები სიხარულით ელოდნენ წმინდა ნინოს ხსენების დღეს. თუ მანამდე წირვა-ლოცვაზე სიარული ეზარებოდათ, ამ დროს ატყდებოდა ერთი ფაციფუცი! ზოგი ჟამნს არჩევდა, ზოგი - სამოციქულოს, ზოგიც - საგალობლებს. "ოხ, სამშობლოვ, რა ტკბილი ხარ, - წერს ალექსანდრე, - მაგრამ უფრო უტკბილესი ხარ ამ მდგომარეობაში! რომ წირვა-ლოცვა სემინარიაში ქართულს ენაზედ აკრძალული არ იყვეს, ხომ ახლაც ისე ზარმაცულად შემოვიდოდი, როგორც აქამდისინ დავდიოდი... მამულზე უსიტკბოესი რა უნდა იყვეს. ოხ, მამულო, შენთვის დავღვრი წითელს სისხლსა და შენს გვამში ჩავყრი ჩემს ძვლებსა".
საქართველოს სიყვარულით მოწყლულიყო ახალგაზრდის გული. უბით ნატარებ "დღიურში" ერთი ლექსიც ჩაუწერია:
"ახ, როდის ვნახამ საქართველოს თავისუფალს
და სამშობლოს დროშას გაშლილს,
სამშობლოს ენას აყვავებულს
და მის მოქალაქეთ განთავისუფლებულს".
1878 წლის გაზაფხულის ერთ კვირადღეს გორში ალექსანდრემ და მისმა მეგობარმა სანდრო ნათაძემ საიდანღაც იშოვეს გაზეთ "ივერიის" ერთი ნომერი და გორისჯვრისკენ გასწიეს. წინ ლიახვის ხეობა გადაიშალა. ახალგაზრდებმა ბევრი ისაუბრეს. ინატრეს, - რა ბედნიერება იქნებოდა, საქართველო რესპუბლიკა რომ ყოფილიყოო. ეს რესპუბლიკა კარგია, მაგრამ პრეზიდენტად ვის დავსვამთო, - იკითხეს. მაგას რაღა ლაპარაკი უნდა, მანდე და, ილია ჭავჭავაძეო. ქვეყნისთვის მსახურება ახალგაზრდებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ: "მე ვარ პატრიოტი, რაგვარიც უნდა იყოს ჩემი მოქმედება მომავალში საქართველოს კეთილდღეობისთვის იქნებიან ისინი... კალამს ავიღებ თუ ჩინოვნიკი გავხდები, სახეში მექნება ჩემი დაცემული სამშობლო", - ამბობს ყიფშიძე.
იმდროინდელი კანონით, სემინარიადამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში შესვლა არ შეეძლოთ. მღვდლად რომ გამწესებულიყო, ქვეყნისთვის ბევრს ვერაფერს გააკეთებდა - მღვდლებიც უუფლებონი იყვნენ, ქადაგება არ შეეძლოთ, რადგან მათ ნათქვამს მანამდე ცენზორის კალმის ქვეშ უნდა გაევლო.
დაფაცურდა ალ. ყიფშიძე და 1882 წლის შემოდგომაზე გიმნაზიის მე-8 კლასში გადავიდა. შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტზე. როგორც წარმატებით გიმნაზიის კურსდამთავრებულს, დაენიშნა კავკასიის სტიპენდია - თვეში 25 მანეთი.
ალექსანდრე სტუდენტობიდანვე ზრუნავდა უმცროსი და-ძმების განათლებაზე. უმცროსი და წმინდა ნინოს სასწავლებელში შეიყვანა, უმცროსი ძმა ზაქარია, გორის სასულიერო სასწავლებლის მოწაფე, სოფრომ მგალობლიშვილს ოჯახში მიაბარა - ნასწავლ ხალხში იტრიალებს და ცოდნას შეიძენსო.
როგორც კავკასიის სტიპენდიანტს, უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ (1888 წ.) განათლების უწყებაში უნდა ემუშავა, მაგრამ კავკასიის ოლქის მაშინდელმა მზრუნველმა იანოვსკიმ საქართველოში სამუშაო არ მისცა - "ტუზემცებისათვის" ადგილი არ მაქვსო. სხვა გზა არ ჰქონდა, სახელმწიფო სამსახურში უნდა შესულიყო. ალ. ყიფშიძემ თქვა: "შევალ სამსახურში და დავამტკიცებ, რომ იქაც კი შეიძლება, თუ კაცმა მოინდომა და ლუკმაპურისთვის სული არ გაჰყიდა, სასარგებლო იყოს თავის ქვეყნისა და ერისათვისო". ჯერ საგუბერნიო სამმართველოში მუშაობდა, მერე საგუბერნიო საკრებულოს წევრად გადავიდა. თან უმცროს და-ძმას ეხმარებოდა.
ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლისას გამოაქვეყნა "დროებაში" რამდენიმე წერილი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე დიდი მონდომებით შეუდგა გაზეთ "ივერიაში" თანამშრომლობას, ბეჭდავდა მშვენიერ პუბლიცისტურ წერილებს და ხშირად ხელმოუწერელ მეთაურებსაც. მას დიდად აფასებდა გაზეთ "ივერიის" რედაქტორი ილია ჭავჭავაძე. სახელმწიფო სამსახური ალ. ყიფშიძემ იმითაც გამოიყენა, რომ საშუალება მიეცა ძველ საბუთებს გასცნობოდა. შეიქმნა მისი პირველი წიგნი "მთიულეთი, 1804 წელი". ამ ისტორიულ მონოგრაფიას თავდაპირველად სხვა სათაური ჰქონდა: "ამბოხება მთიულეთში 1804 წელს", მაგრამ ცენზორს წიგნი რომ არ აეკრძალა, ძმის, გრიგოლის, რჩევით, სათაურიდან სიტყვა "ამბოხება" ამოიღო. სხვა მხრივაც ძნელი იყო ამ წიგნის გამოშვება. 1804 წლის "ავი მოღვაწის" შთამომავალნი ჯერაც ცოცხალნი იყვნენ. მათ რაიმე რომ არ სწყენოდათ, წიგნის ბოლოს ალ. ყიფშიძე ამ პირებს უხსნის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარსული - დიდებულია და თავმოსაწონებელი იგი თუ სამარცხვინო და სათაკილო... "ძველ უბედურებას, დღეს ისტორიით გამომჟღავნებულს, ვაჟკაცურად უნდა დავუხვდეთ, გული არ გავიტეხოთ და მხნედ შევუდგეთ წამხდარი საქმის გარიგებას". ალექსანდრეს ღრმად სწამდა ბედნიერი მერმისი მშობელი პატარა ერისა და სწორედ ეს აბედვინებდა ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია, იქნებ ვინმეს მომავალში მამა-პაპათა შეცდომები გაეთვალისწინებინა.
1900 წელს ალ. ყიფშიძე მომრიგებელ შუამავლად დანიშნეს მესხეთ-ჯავახეთში. იქ თავისი თვალით ნახული და ყურით გაგონილი დაუდო საფუძვლად ისტორიულ მონოგრაფიას საქართველოდან ფაქტობრივად მოწყვეტილ მხარეზე. გული სევდით ევსებოდა ახლანდელი მესხეთის შემყურეს, რომელიც წარსულის აჩრდილიღა დარჩენილიყო. გამუსულმანებულ, გათურქებულ, გასომხებულ მესხსა და ჯავახს დავიწყებოდა თავისი წარსული. ქართველთაგან დაცლილ მხარეში სხვა რჯულისა და ტომის ხალხი სახლდებოდა, ქურთი თუ თარაქამა. მათთვის არას ნიშნავდა ვარძია თუ რუსთავი, მაგრამ ვაი, რომ არც იმდროინდელ ქართველებს უღირდათ რამედ მრავალჭირნახული მესხეთი. "რაკი წარსული ნაკლებად ვიცით და დღევანდელი ვითარების გაგებასაც ნაკლებად ვეტანებით, ალბათ ამით თუ აიხსნება, რომ დღევანდელ ქართველს ღვთიური ცეცხლი არ უღვივის გულსა და მკერდში სამშობლო ქვეყნისადმი", - ბრძანებს ალ. ყიფშიძე. ერთხელ რუსმა მოგზაურებმა ყიფშიძეს სთხოვეს, ვარძია გვანახეო. ბედად კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ორ დღეს აღარ გადაიღო. ვარძიაში ვეღარ წავალთ, მტკვარზე ხიდი არაა და ფონსაც ვერ ვიპოვითო, - უთხრა მოგზაურებს. მათ მხოლოდ საფარა ნახეს და თბილისში დაბრუნდნენ. "რომ მიმეყვანა ვარძიაში, სწორედ სირცხვილით დავიწვოდი, ისეთს სიღარიბეს, სიღატაკესა და აოხრებას ნახავდნენ მოგზაურნი. მე კი ამგვარად გადავრჩი ეროვნულ მწვავე სირცხვილსო", - ამბობს ალექსანდრე. წუხს, რა გვჭირს ამისთანა ქართველებს, არც ჩვენს სამშობლოში მოგზაურობა გვიყვარს და არც ფულის გაღება ეროვნული საქმისთვისო. იქნებ რუსთველის ძეგლი დაიდგას სოფელ რუსთავშიო, - ნატრობს. კარგს იზამდა, ილია ჭავჭავაძეს მესხეთში გამოესეირნა, აი, "ქვათა ღაღადს" აქა ნახავდაო. ერთხელ აწყურელ ექიმს, ივანე ბარამაშვილს იქვე, მეზობელ სოფელ საკუნეთის ეკლესიისკენ წაუყვანია - ამბობენ, საღამო ჟამს ეკლესიიდან ნათელი მოჩანს და ეგების დავინახოთო, მაგრამ ნათლის მაგივრად მხოლოდ გაპარტახებული მხარე უნახავთ. ვარძიის კედელზე აწ განსვენებულ თავად თარხნიშვილსაც წაეწერა რაღაც. მასაც არ მოერიდა ალექსანდრე, თუმცა სიცოცხლეში პატივს სცემდა, ახლა მკაცრად გაკილა მისი ნამოქმედარი: თურმე არ მცნობია და ახლა ვარძიის ნანგრევებზე გავიცანით ერთმანეთიო. "სიყვარულს, ნამეტნავად სამშობლოსას, ზრდა და ლოლიაობა უნდა, ის კი არსადაა. ხელშეუწყობლად ისე ჩაქრება, როგორც წყალდასხმული ცეცხლი".
1902 წელს ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების მდივნად და ხაზინადარად აირჩიეს, მასვე ჩააბარეს ცხონებული ანეტა ღოღობერიძის მიერ დაარსებული ახალციხის ერთადერთი ქართული სკოლა. მისი თხოვნით დიდად დახმარებია სკოლას იაკობ გოგებაშვილი - თავისი წიგნები გაუგზავნია.
1905-1906 წლებში ყიფშიძე ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის თანაშემწედ მსახურობდა. ამ დროს როგორც იმპერიას, ისე საქართველოს რევოლუციური მოძრაობა მოედო. მათი ჩახშობის შემდეგ, ალბათ ლოიალობისთვის, სტაროსელსკი და ყიფშიძე, მეფისნაცვლის ბრძანებით, თანამდებობიდან მოხსნეს. მცირე ხანს ყიფშიძე მეტეხის ციხეშიც იყო გამომწყვდეული. შემდეგ, შავრაზმელთა შიშით, მცირე ხნით პეტერბურგს შეაფარა თავი... სამშობლოში დაბრუნებული მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო კომისიაში, როგორც დიდი სპეციალისტი საგლეხო და საადგილმამულო საკითხებისა. გაღატაკებული თავადაზნაურობა მიწებს ყიდდა. ალექსანდრე გლეხებს ჩააგონებდა, შეეძინათ მიწები. ერთხელ ავლეველ გლეხებს მოუწოდა, ამირეჯიბების მამული ეყიდათ. ერთმა გლეხმა როყიოდ წამოიძახა: მალე ისედაც უფასოდ მოგვცემენ და თავი რაღად გავიცხელოთო. ალექსანდრეს ძალზე სწყენია და უთქვამს: - აი, ჩვენი სოციალისტების ნამოქმედარი, ლამის ჩვენი ხალხი ბოგანოდ დარჩესო. მას შემდეგ იმ მამულში ოსები ჩამოასახლეს და იქაური გლეხები დიდად ნანობდნენ, რატომ არ დავუჯერეთო. ყიფშიძემ თავისი ათწლიანი დაუღალავი შრომით 50000 დესეტინა მიწა მოუპოვა მშრომელ ხალხს და შეუნარჩუნა ქართველ ერს. ამისთვის იმ დიდგვაროვანთა განაწყენებასაც არ ერიდებოდა, უცხოელებს რომ უთმობდნენ მამა-პაპათა სისხლით მორწყულ მიწას.
ამ საქმესთან ერთად ნაყოფიერი იყო მისი ლიტერატურული მოღვაწეობაც. "ამბოხება კახეთისა", "დიდებული მესხეთი", "მთის არწივი შამილი" - ფრონელის ფსევდონიმით გამოცემული ეს წიგნები მკითხველის დიდი მოწონებით სარგებლობდა.
ათასნაირ საზოგადო საქმეში იყო ჩაფლული. მიუხედავად ასეთი მძიმე სამუშაოსი, ახერხებდა და სხვებსაც ეხმარებოდა: ივ. ჯავახიშვილის "საქართველოს ეკონომიური ისტორიის" კორექტურა მას გაუკეთებია. ყიფშიძისთვის მიუნდვია რუსეთში გადასახლებულ წმინდა კირიონს (საძაგლიშვილი) თავისი წიგნის "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" გამოცემა. ალექსანდრეს შეურჩევია შესაფერისი ქაღალდი, ლამაზი შრიფტი, ყდა. მოკლედ, მისი დაუღალავი შრომით იხილა მზის სინათლე ამ წიგნმა. ამის გარდა, მას ჩამოუტანია რუსეთიდან წმინდა კირიონისეული ბიბლიოთეკა და სამუზეუმო ნივთები და ჩაუბარებია საისტორიო საზოგადოების მუზეუმისთვის.
ცალკე თხრობის საგანია წმინდა ილიასთან ალექსანდრეს ურთიერთობა. ილია ჭავჭავაძე საქართველოში მოგზაურობისას გვერდიდან არ იშორებდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ალ. ყიფშიძესაც. ისიც დიდი აღფრთოვანებით შესცქეროდა დიდ ქართველს. "ვინ გადაურჩება დაუმონებელი მის გონიერ ლაპარაკს, ახდილს შუბლსა და მშვენიერ, წყლიან თვალებს", - წერს თავის ძმას ზაქარიას წმინდა ილიაზე. 1900 წლის აღდგომის მისაგებებლად ალ. ყიფშიძე, ძველი ჩვეულებისამებრ, ილიასთან წასულა. "კარგა ხანია ეს ბედნიერი დღე მასთან არ გამიტარებია, მინდოდა უკანასკნელად (ახალციხეში წასვლამდე, - კ.კ.) დავმტკბარიყავ დიდებული მოხუცის ცქერით. მართლაც დავტკბი, გულით ვიმხიარულე და ბოლოს გამოთხოვების დროს შვილივით ვეამბორე". წმინდა ილიაც დიდად აფასებდა ალექსანდრეს. ერთხელ უთქვამს: კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ ხოლმე. ჩვენს გაჭირვებაზე ვილაპარაკოთ და ამ საღამოებს საშას (ალ. ყიფშიძის, - კ.კ.) სახელი ვუწოდოთო. პეტერბურგში, სახელმწიფო საბჭოს წევრად წასულ დიდ ილიას "პირველი სალამი" იქ მყოფი ყიფშიძისთვის უძღვნია და უთხოვია "კარგი თანამემამულისთვის", არ დაეზარა და ხშირად ენახა... ასეთი იყო ალექსანდრე ყიფშიძე.
"ჩვენს საშას" ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდა. იყო ცოცხალი, ხალისიანი, ტკბილი, "მისი უმწიკვლო პატიოსნება, შინაგანი და ზნეობრივი არსებაც სავსებით ეფერებოდა მის გარეგნობას და საქმიანობაში გადადგმულ ყოველ ნაბიჯს", - წერს მასზე თედო სახოკია.
ამდენმა შრომამ თავისი ქნა და, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, ალექსანდრე ყიფშიძეც "მსხვერპლად შეეწირა საზოგადო საქმეებს": 1916 წლის 16 ივნისს უეცრად ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. ყოველდღე პანაშვიდებს უხდიდნენ ქართველი სამღვდელო პირები. დაკრძალვის წინა დღეს მისი ცხედარი დიდუბის ეკლესიაში გადაასვენეს, გადაიხადეს პანაშვიდი. 21 ივნისს წირვის აღსრულებისა და წესის აგების შემდეგ ალექსანდრე ყიფშიძის ცხედარი დიდუბის მიწას მიაბარეს. დაკრძალეს ალ. ხახანაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის საფლავებს შუა. საზოგადოებისაგან მიძღვნილ გვირგვინებს შორის გამოირჩეოდა ზემო ქართლის გლეხებისაგან მორთმეული პურის თავთავებით შეკრული გვირგვინი. უცოლშვილოდ გადაგებულ, საზოგადო საქმეებს გადაყოლილ საშას მადლიერ ქართველ გლეხთა ცრემლებიც დაეპკურა...
ჩვენი აზრით, კარგი იქნებოდა და დღევანდელ ქართველთა ვალიც კია ალექსანდრე ყიფშიძის დიდებული ლიტერატურული მემკვიდრეობის პატრონობა, ხელახალი გამოცემა...