ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს, როგორც ქარია
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს, როგორც ქარია
ჩოლოყაშვილების კურთხეულ გვარს მრავალი ღირსეული ვაჟკაცი აღუზრდია მამულისთვის. თუნდაც მხოლოდ ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელი რად ღირს, ბახტრიონის აჯანყების მოთავისა, რომელიც ასო-ასო აკუწეს, მაგრამ ვერც რწმენა, ვერც სამშობლოს ერთგულება ვერ შეურყიეს...

მისი პირდაპირი შთამომავალი გახლდათ ქაიხოსრო ან, როგორც მოფერებით ეძახდნენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დიდებული ადამიანი, რომლის ცხოვრება და ღვაწლი ყველა დროის ქართველისთვის სამაგალითოა.

ქაქუცა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში, იოსებ და დარია ჩოლოყაშვილების ოჯახში დაიბადა. განათლება ტფილისის თავად-აზნაურთა გიმნაზიაში მიიღო. 30 წლისა ჯარში გაიწვიეს, საიდანაც ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, ვისგანაც ორი ასული - თამარი (ციცნა) და ქეთევანი - შეეძინა.

დაიწყო თუ არა პირველი მსოფლიო ომი, ქაქუცა ჯარში გაიწვიეს. მთელი ომი ბრძოლის ველზე გაატარა და სახელი გაითქვა როგორც ძლიერმა, მამაცმა და ნიჭიერმა მეთაურმა.

"ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - წერს ალ. სულხანიშვილი, - დინჯი, დარბაისელი, უაღრესად კეთილი გულის პატრონი... ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს, პატივს სცემდნენ. როგორი მხდალიც უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, ქაქუცას ხელში საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა. უდავოდ მხედრად იყო იგი დაბადებული".

1914 წელს ქაქუცა დაიჭრა და ავსტრიიდან კავკასიის ფრონტზე გადმოიყვანეს. ერთხანს ზურგის ჯარის ასეულს მეთაურობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ოსმალეთის ჯარის იერიში სარაყამიშზე. ოსმალები რიცხობრივად აშკარად ჭარბობდნენ და ნელ-ნელა ალყაში აქცევდნენ რუსებს. ქაქუცამ ბრძანება მიიღო, თავის ხალხს იარაღი დაურიგა და ოსმალებს სტრატეგიული მნიშვნელობის მთა - "არწივის ბუდე" გამოსტაცა. ოსმალებმა სიმაღლის დაბრუნება სცადეს. მათი იერიშის დროს ქაქუცა ფეხში დაიჭრა. შესთავაზეს, - მეთაურობა სხვას ჩააბარე და ლაზარეთში წადიო, მაგრამ პოსტი არ მიატოვა. ცოტა ხნის შემდეგ მძიმედ დაიჭრა მკერდში, მაგრამ ეს ჭრილობა რა სახსენებელი გახლდათ - "არწივის ბუდე" ხომ ისევ მათ ხელში იყო!

ამ ბრძოლისთვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.

ჭრილობები თბილისში მოიშუშა და ახალშექმნილ ქართულ ცხენოსან რაზმში შევიდა. იბრძოდა სპარსეთის ფრონტზე, სადაც თავისი ასეულით გაიარა მესოპოტამიის უდაბნო და ინგლისელებს შეუერთდა.

დაჰკრა საქართველოს დამოუკიდებლობის ჟამმაც. ქაქუცა ამ დროს უკვე ქართულ ჯარში მსახურობდა და ყველა იმ ომსა თუ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, რომელიც კი დამოუკიდებელმა საქართველომ ჩაატარა. ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა, მხოლოდ საქართველოს სამსახური მიაჩნდა თავის მოწოდებად. არც სოციალ-დემოკრატები ეკიდებოდნენ დიდი ნდობით - თავადიაო.

წითლების შემოსვლისას ქაქუცა სამეგრელოში იმყოფებოდა - მთავრობის დავალებით ცხენოსანთა ნაწილებს ქმნიდა... მენშევიკურმა მთავრობამ დიდხანს ვერ გაუძლო იერიშს. 1921 წლის 17 მარტს ბათუმიდან გავიდა იტალიური გემი, რომელმაც ნოე ჟორდანიას მთავრობა უცხოეთში წაიყვანა. მაშინ ქაქუცამ უარი თქვა სამშობლოს დატოვებაზე - ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა.

თბილისში ქაქუცამ ილია ჭავჭავაძის დისშვილი, გენერალი კონსტანტინე აფხაზი ინახულა. იმხანად ის პარიტეტული კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ. თათბირი მომავალ ბრძოლებს შეეხებოდა.

ამის შემდეგ ქაქუცა კახეთში გაემგზავრა და შექმნა "საქართველოს შეფიცულთა" მცირე ჯგუფი, რომელსაც ორგანიზება უნდა გაეწია პარტიზანული ბრძოლების დაწყებისთვის. გორში, დუშეთში და ზოგ სხვა ადგილას, ფარული ორგანიზაციების შესაქმნელად სანდო ხალხი გაგზავნა, თვითონ კი 1922 წლის 12 მარტს, თავისი შეფიცულებითურთ, ალვანის ტყეში დაიდო ბინა. მის გვერდით იყო მისი ძმა სვიმონიც.

ექვს შეფიცულ ვაჟკაცს სულ მალე უამრავი ახალგაზრდა შეუერთდა. პირველი შეტაკება წითელარმიელებთან იმავე წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა.

ქაქუცას, რაკი პარტიზანულ ბრძოლას აპირებდა, დიდი რაზმი არ ჰყოლია. ხშირად იცვლიდა ადგილს: ხან სიღნაღის მაზრაში იყო, ხან - ქართლში, ხანაც - დუშეთში. დიაკვან მიხა ხელაშვილს ეთქვა მასზე:

"ქაქუცა ჩოლოყაშვილი
მოჰქროლავს, როგორც ქარია,
თან ახლავს ქართველთ შვილები,
თითო ლომისა დარია..."


აი, ამ ლომდარმა ბიჭებმა მოაწყვეს 1922 წელს ხევსურეთის ამბოხება. აჯანყება დამარცხდა. რუსმა და ქართველმა კომუნისტებმა სისხლში ჩაახშეს თავისუფლების წყურვილი...

კიდევ ერთი დარტყმა ეროვნულმა მოძრაობამ 1923 წლის 20 მაისს მიიღო - ბოლშევიკებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს გენერალი კოტე აფხაზი და 18 ქართველი სამხედრო პირი.

"ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოს ვეწირები მსხვერპლად", - უთქვამს კოტე აფხაზს სიკვდილის წინ.

არც შეფიცულებს აძლევნენ მოსვენებას. ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა სვიმონი. ქაქუცამ ძმა ტყეში დამარხა და ბრძოლა განაგრძო.

იმხანად კახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უამრავი ხალხი დაიჭირეს და დახვრიტეს. დააპატიმრეს ქაქუცას ცოლ-შვილიც და მეამბოხეს შეუთვალეს, - დაგვნებდი, თორემ მთელ შენს სანათესაოს ამოვწყვეტთო. უფროსი გოგონა მაშინ შვიდი წლისა იყო, უმცროსი - სამის. ქაქუცას მეუღლეს ბავშვების თავშესაფარში ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ მან ცივი უარი განაცხადა.

ერთი წლის შემდეგ "ლმობიერმა" ბოლშევიკებმა ბავშვები გაათავისუფლეს. ისინი ნინოს მამამ წაიყვანა, მაგრამ 1924 წლის აგვისტოში ისიც დახვრიტეს და ორი პატარა ბედის ანაბარა დარჩა. კახეთის სოფლებში ბრძანება გამოაკრეს - ვინც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბავშვებს შეიკედლებს, დავიჭერთო...

იყვნენ პატარები მარტონი, მშივრები, დაუბანლები, ქარში სახურავის ჭრიალისაც კი ეშინოდათ და გარეთ, კაკლის ძირში ათევდნენ ღამეს...

მაგრამ ქვეყნად კეთილ ხალხს რა დალევს... ქაქუცას ყოფილი მოურავის ქალიშვილი მიდიოდა ხოლმე ღამღამობით, დახედავდა ბავშვებს, პურს დაუცხობდა, კერძს მოუმზადებდა...

ასე გავიდა წელიწადი.

ქაქუცა საქართველოდან რომ გაემგზავრა, ნინო და მისი ნათესავი ცამეტი ქალი მაშინღა გამოუშვეს ციხიდან. მაგრამ განსაცდელი ამით არ დასრულებულა.. თამარის მეუღლე, ინჟინერი იოსებ გელოვანი, 1937 წელს დაიჭირეს და ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1942 წელს დააპატიმრეს ნინო და თამარიც. თამარი დახვრეტას როგორღაც გადაურჩა, თუმცა 1947 წლამდე გადასახლებაში იმყოფებოდა.

...მუქარამ ვერ შეაჩერა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ის კი არა, დიდი აჯანყებისთვის დაიწყო მზადება. ჯერ 17 აგვისტო დათქვეს ამბოხების დღედ, შემდეგ - 29 აგვისტო, საბოლოოდ კი შეთქმულება ჩაიშალა. რაღა თქმა უნდა, შინაგამცემლობისა და უთანხმოების გამო...

ქაქუცამ მაინც სცადა აჯანყება - 1924 წლის 29 აგვისტოს, ღამით, თავს დაესხა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს და ქართლში გადავიდა. 3 სექტემბერს ერწოში, სვიმონიანთხევში წითლებს დაეცა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ორასამდე სამაზრო მილიციელი და კომუნისტთა მოზრდილი რაზმი კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი, გამარჯვების სასწორი ერთხანს მაინც ქაქუცას მხარეს გადაიხარა, მაგრამ ქართველ ბოლშევიკებს რუსული ჯარი მიეშველა...

სიმონიანთხევში შეიტყვეს შეფიცულებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს გამოეშვა პროკლამაცია, სადაც აჯანყებას დამარცხებულად აცხადებდა. ქაქუცამ კახეთში წასვლა გადაწყვიტა. ხევგრძელაზე, ერწოსა და თიანეთის მიჯნაზე, დასასვენებლად შეჩერებულ შეფიცულებს თავს წითელარმიელები დაესხნენ. მაგრამ ქაქუცამ ალყიდან ოსტატურად გაიყვანა თავისი ბიჭები, მომხდურებმა კი ერთმანეთი ამოხოცეს...

ბოლოს და ბოლოს, ქაქუცაც დარწმუნდა, რომ მისი მცდელობა ამაო იყო და შეფიცულებითურთ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა...

ქაქუცა პარიზში დაბინავდა, შეფიცულებმა კი სხვადასხვა ქალაქში მაღაროებსა და ქარხნებში დაიწყეს მუშაობა. ჩოლოყაშვილი თურმე ძალზე განიცდიდა თანამებრძოლთა დაქსაქსვას. ბოლოს, პარიზის მახლობლად, ვირფლეიში, მოზრდილი სახლი იქირავა, შეფიცულები შეკრიბა და ერთად დაასახლა. აქვე ცხოვრობდნენ ქაქუცას გარდაცვალებამდე.

გულზე ლახვარივით ესობოდა ჩოლოყაშვილს ემიგრანტ ქართველთა კინკლაობა. მუდამ მათ მორიგებას ცდილობდა, მუდამ გვერდით ედგა ყველას. მერე კი... ძველი ჭრილობა გაეხსნა და გაუმიზეზდა. პარიზის ჰავამაც აწყინა. ცუდმა კვებამ ხომ მთლად მოუღო ბოლო. ერთხანს მთებში, ოსტაუას სანატორიუმში მკურნალობდა და ოდნავ მომჯობინდა, მაგრამ საამქვეყნო პირი უკვე აღარ ჰქონდა. ოთხი წელიწადი ებრძოდა სენს. "მე და ჩემი სენი ხელჩართული ვიბრძვით, ხან ის მძლევს და ხან კი მეო", - იწერებოდა. ბოლოს მაინც სენმა სძლია.

ერთხელ ალექსანდრე სულხანიშვილი სწვევია. ქაქუცას სასოებით ჩაუბარებია გულსაკიდი ჯვარი, სამი ხატი და უთხოვია, ჩემს შვილებს გადაეციო. თურმე სიზმრად ენახა უფროსი ქალიშვილი, თავისი ჯვარი მოეთხოვა. ავად ენიშნა ეს ქაქუცას - ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო".

1936 წლის 27 ივნისი იდგა, როცა ქაქუცამ სული თვისი შეჰვედრა უფალს და თავის მფარველ ანგელოზს - 1616 წელს ხატთა თაყვანისცემისთვის წამებულ წმინდა ქაიხოსრო ქართველს, რომლის ხსენების დღეც სწორედ 27 ივნისსაა.

ჩოლოყაშვილის ცხედარი პარიზის ახლოს, სენ ანტუანის სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

ძნელია სიკვდილი უცხო მხარეში... სამშობლოდან წაღებულმა მიწამ მხოლოდ იარა თუ დაუფარა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მაგრამ ნეტარია იგი, რამეთუ მამულის თავისუფლებისთვის მოიწყლა და ამ წყლულებითვე აღესრულა, მოწამის გვირგვინით შემკულმა მისმა უკვდავმა სულმა კი ალბათ თავისი დიდი წინაპრის გვერდით დაივანა სასუფეველში...

მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი ძვლები მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოასვენეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი.

მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat