23.05.2013
ბაგრატიონები, სხვა სათნოებებთან ერთად, ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით სამაგალითო იყო წმინდა თამარის კაცთმოყვარეობა.
განსაკუთრებით ბერ-მონაზვნობა უყვარდა, საბოძვრით ავსებდა, სნეულებს ინახულებდა, ნუგეშს სცემდა, თვითონვე განუმზადებდა სარეცელს; დაადგინა ხაზინასა ზედა კაცნი სარწმუნონი და მათი ხელით სამეფოს შემოსავლის ყოველ მეათედს გლახაკებს ურიგებდა. რაჟამს მოიცლიდა, აიღებდა საკერავს ან საქსოვს და თავის ნახელავს ხუცესთა და გლახაკთა განუყოფდა. ყოველი დიდი ბრძოლის წინ კი ათმაგად გასცემდა მოწყალებას. ასე იყო შამქორის ბრძოლის წინაც. მეფემ ლაშქრის შეკრების ბრძანება გასცა. ბრძანების მეორე ნაწილში ნათქვამი იყო, რომ ეკლესია-მონასტრებს განუწყვეტლივ ელოცათ და წარეგზავნათ "ფრიადი საფასე და სახსარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქვან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?" მართლაც, უხვად გასცეს მოწყალება და უფალიც მოწყალე იქმნა - ქართველებმა გაიმარჯვეს.