ნიკოფსიიდან დარუბანდამდის როგორ გადაჭიმა წმინდა მეფე დავითმა საქართველო? როგორ და - "არა სცა ძილი თვალთა, არცა ჰრული წამთა"
, არცა თავის სხეულს მისცა დასვენების უფლება, არც საჭმელ-სასმლის მიმართ მისდრკა და არც ხორცის ჭკუაზე წავიდა, დაივიწყა სიცილი და ხუმრობა, ასევე "საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა საძულულე და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო" მის ლაშქარშიც. მარადის ფხიზლობდა მეფე და ჯარისკაცთაც მიიბაძავდა. მხოლოდ ღვთის სჯულს გამოეძიებდა და სასულიერო წიგნთა კითხვა იყო მისი საჭმელიც და სასმელიც.
გავიხსენოთ ცხონებული მეფე ერეკლეც. ერთი გლეხი ტიროდა თურმე, - მიმეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო. მერე ასე როგორ ჩაგეძინაო? - ჰკითხა ერეკლემ უცნობ ყმას. "რა ვიცოდი, მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო", - უპასუხა გლეხმა. მოსწონებია მეფეს პასუხი და კაციც დაუჯილდოვებია.