აღდგომის საღამოა. სადღესასწაულო ლოცვა ჯერ არ დაწყებულა. ტაძრის უკან მგალობლები აღდგომის საგალობელს იმეორებენ, მერე კი, დღესასწაულის მოლოდინში, თითქოსდა სიკვდილის ხსოვნისთვის ერთ გახალხურებულ სიმღერასაც დააღუღუნებენ:
"მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,
სხვას არა წაუღია რა"....ღამის ბინდში ნამღერმა ამ სიტყვებმა წუთით ძველ დროში გადამასახლა.
შეფიცულები შემოსხდომიან კოცონს: თვითონ ბელადი - ქაქუცა, ალექსანდრე, შალვა, ელიზბარი, ბაადური, მალაქია, იქვე ზის ნადიაკვნარი მიხა ხელაშვილი და ფანდურზე ღიღინებს. "ყოჩაღ, მიხავ, კარგი რამ დაგიწერია, - შეაქებენ ძმები, - კიდევ რამე გვითხარი". მიხაც შეფიცულთა საყვარელ სიმღერას წაიმღერებს:
"ლექსო, ამოთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე..."ჰაი, ჰაი, რომ შემოგვრჩენია მიხას ნათქვამი. ამ "აღდგომის ბიჭებსაც" გულში მოხვედრიათ თანატოლის, 25 წლისად დარჩენილი ვაჟკაცის სიტყვები და გაუთავისებიათ. თუმცა კი შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა არც იცის ავტორის ვინაობა, ცხოვრება და მოწამეობა. სწორედ მათთვის დაიწერა ეს წერილი.
მიხა ხელაშვილი ფშავის სოფელ ახადში დაბადებულა. 6 წლისა მიაბარეს თამარღელეში დაყუდებულ ბერს, ილარიონ მოსანთლიაშვილს. მამა ილარიონი დიდად ღვთისმოშიში კაცი იყო, ცდილობდა, ქრისტეს ღრმა სარწმუნოება და ეკლესიურობა შეეტანა ფშაველთა ყოფაში. ლაშარის ჯვრის მომლოცველნი თამარღელეში გადმოდიოდნენ და წმინდა მეფე თამარის ხატს შესთხოვდნენ წყალობას. მერე დიდი ლხინი იმართებოდა. სუფრაზე ნათქვამი ლექსი, სიმღერა, ძველი საგმირო ამბები ცხოვლად რჩებოდა შორიახლოდან მაცქერალი ბალღის გულში. გაიკრიფებოდნენ მლოცველნი და ბერი ილარიონის მორჩილი სიპ ქვაზე ასოების გამოყვანას ცდილობდა, რომლებიც მისთვის ბაჩანას აღზრდილს გრიგოლ აფშინაშვილს ესწავლებინა. რამდენ ხანს ცხოვრობდა ილარიონთან - უცნობია, მერე ისევ ახადში დაბრუნებულა.
მიხას სოფელი ცნობილი იყო მთელ ფშავში. ერთი ხალხური ლექსი ამბობს:
ახადი მამწონ, დედაო, ახადის მთა და ბარია,
ახლოს წყალი და წისქვილი, ახლოს ხატ-ხატის კარია,
ლამაზი ქალი და რძალი, ლამაზი საუბარია.ახადში ხატობასა თუ საფიხვნოზე ერთგვარი შეჯიბრი იმართებოდა ლექსაობაში, ლეგენდა-მოთხრობათა გადმოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ბალღებს მხცოვანი ხევისბერნი მოძღვრავდნენ. მიხაც მათ ხელში იზრდებოდა. ძალზე გაწაფულა ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, კაფიაობაში, იყო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, ჩუბინი მეთოფე.
მამა შელევია თურმე მარჩენალ ხარებს და მიხა თბილისში წაუყვანია სასწავლებლად. თავი გამოიჩინა ყმაწვილმა - კარგად დაეუფლა ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული სიძის, მღვდელ თეოდორე ჟამიაშვილის ხელშეწყობით, დიაკვნად და საყდრების მცველად გაამწესეს ხევსურეთში. ხალხმრავალი იყო მაშინ ხევსურეთი. მიხაც თანამოძმეთა გულებში რწმენის მარცვლებს თესავდა. იგი იმდენად სასურველი სტუმარი ყოფილა ყველა ოჯახში, რომ ფშაველნი იტყოდნენ: მიხას მოსვლაზე - მზე მოვა, რომ წავა - შავი ღრუბელიო. მაგრამ ვაი, რომ მალე შავი ღრუბელი მთელ საქართველოს გადაეფარა - საქართველოში ბოლშევიკები გამეფდნენ. ღვთისმგმობმა და ყოველივე ძველის უარმყოფელმა სულმა მთაშიც ააღწია. რაღას არ ხედავს ბარისახოელი დიაკვანი: კომუნისტები ხოცავენ მღვდლებს, შეურაცხყოფენ, წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარყოფენ ხატებს. უკანაფშავის დიდმა ხევისბერმა, პაპა ბიჭურმა, ტყეში გადამალა ამ კუთხის ხალხის განძეული: ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთნი (სამწუხაროდ, ისე მომკვდარა, ადგილსამყოფელი არავისთვის უთქვამს). თიანეთის მაზრის უფროსმა დიაკვანს მგლის მოსაგერიებლად შენახული იარაღი წაართვა. კომკავშირელი აქტივისტები ყველანაირად ავიწროებენ ხელაშვილს, ისიც იძულებულია დაემშვიდობოს ღვთის ტაძარს და თავი ტყეს შეაფაროს, თუმცა კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. ოცნებობდა, სხვა ფშაველებივით ქედში ან ბორჩალოში "ფეხი ჩაედგა" და "ერთი ბარის დარტყმა" მიწა მასაც დაეჭირა იქ, სადაც მტერი გვემუქრებოდა. მაგრამ მტერი უკვე ფშავს მისდგომოდა და სისხლის გუბეებს აყენებდა.
ღონიერ ვაჟკაცს ტყეში ყოფნაც არ უჭირდა. მისმა მცნობებმა მწერალ ედიშერ გიორგაძეს უამბეს: "არცთუ დიდი ტანის მიხას თუ უკნიდან შეხედავდი - წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუკი წინიდან - უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთებიო". ცხენს მუცლის ქვემოთ კისრით შეუდგებოდა და უკან მუთაქასავით გადაისროდა. გაუხედნავ კვიცს უკანა ფეხების კოჭებზე ჩაეჭიდებოდა და "ადგილზე გააციებდა". ჩუბინმა მსროლელმა ბევრ შარაგზის ყაჩაღს მოუსპო სარბიელი.
ტყეში გასული მიხა არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ყელზე ადგას, რადგან ის ხალხის თვალში გმირია, თავისუფლებისთვის მებრძოლია, ამიტომაც მის მოსაკლავად ფშავში მილიციელთა და კომკავშირელთა რაზმებს ადგენენ. მაგრამ მიხას მოხელთება ადვილი არ იყო. ერთხელ თურმე და მოინახულა, მოისვენა, დანაყრდა. დამ ხურჯინში სანოვაგე ჩაულაგა და გააცილა. ხიდზე რომ გადადიოდნენ, საიდანღაც ესროლეს. მიხამ დას გზისპირა თხრილისკენ უბიძგა, თან გადაჰყვა და გადაეფარა. სროლას სროლითვე უპასუხა. მერე პელაგიას სწრაფად გამოუცვალა ადგილი, თვითონ კი ტყეში შევარდა და ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევარს ეგონა, მიხას მთელი რაზმი ახლავსო და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
ერთხელ მილიციის კომისარს, დავით ბალიაურს, შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფობსო. იხმო მილიციელი თირილა ქისტაური - წადი და ხელაშვილი დაიჭირეო. თოფი მიუგდო ქისტაურმა - თუ ბიჭი ხარ, თვითონვე დაიჭირეო. ამ ამბავს მიხა თურმე სარკმლიდან ადევნებდა თვალს. შევარდნილა მილიციის შენობაში, ტყეში წაუსხამს ორივე და ყასიდად უკითხავს, - პირველი რომელი მოგკლათო. იმათ ერთმანეთზე მიუშვერიათ ხელი. მიხას გასცინებია: - წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო და ორივე გამოუშვია.
ხელაშვილი რომ ვერ შეიპყრეს, მთავრობამ საშინელი ცოდვა ჩაიდინა. ერთხელ მიხას დედა აფხუშოდან ხოდაში მიდიოდა. გზად კომკავშირლები დახვდნენ: იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი. მოხუცი ჯერ ხანჯლებით დაჩხვლიტეს, მერე ტყვია ჰკრეს. მოკლეს მიხას დედა. ახლა ვიღა დაიტირებს, "ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა". სინათლის სხივი ჩაუქრა ვაჟკაცს, "სისხლით და ცოდვით აივსო მხარეო არაგვისაო". რა დრო დამდგარა:
"ეხლა აღარვის რცხვენია, აღარც ხათრი აქვთ ღვთისაო,
ჩემს სამუქრაოდ მოდიან ყმები ლაშარის ჯვრისაო". იმას ჯავრობდა, "მტერი არ შემხვდა მტრისფერიო". დედამისს ტყვია რომ დაჰკრეს, დაუკვნესია და მიხა უნატრია. "მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი, როცა შენ გაგიჭირდაო", - გმინავდა. სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის წესის და რიგისამებრ დაკრძალვას. ხელაშვილს შეუთვლია: - აქობამდის ისე მივლია, კაციშვილისთვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, მოგეჭრებით და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟლეტთო. ამბობენ, იარაღში ჩამჯდარი, წელზე ყუმბარებშემორტყმული მიხა ცხენით მიადგა სატირალს. განზრახული ჰქონდა, თუკი მის დაჭერას მოინდომებდნენ, თავს აიფეთქებდა და მტერსაც ბევრს გაიყოლებდა; ამიტომაც ვერაფერი შეჰბედეს. მიხამ ორიოდე წუთი დაჰყო დედის ცხედართან, ეამბორა შუბლზე, გამოეთხოვა და გაუჩინარდა. დედის მკვლელებზე კი შური არ იძია, რითაც უფრო ამაღლდა ხალხის თვალში. მხოლოდ ერთი ლექსი ამოთქვა დედის სიკვდილზე და ის ესროლა სიძულვილს ტყვიად. დედამისი, მოწამედ შესარაცხი ქალი, ფშაველთა დედად ქცეული, იმ ქვეყნიდან ლოცავდა მოყვასთ. მიხამაც ამ სიტყვებით შეარცხვინა მტერი: "მამკლავსა თავის დედისას რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო, შინაურების დათოფვა არ ეკადრება გმირსაო".
ღალატით მოკლული მიხას ცხედარიმიხას მოსაკლავად 60-კაციანი რაზმი გამოგზავნა მთავრობამ მაღაროსკარში. დილით მდინარეზე პირის დასაბანად გასულ რაზმის უფროს ჯაგნელიძეს წინ ხელაშვილი აღემართა: "თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდაც ათასი კაცი შეყაროთ. გამერიდენით და მეც გაგერიდებითო". კომისარმა ხელი მაუზერისკენ წაიღო, მაგრამ ხელაშვილმა ადგილზე გაათავა, მერე კი ბანაკში შევარდა - მესროლეთ, თქვე ლაჩრებოო. ვერავინ გაუბედა სროლა. ზურგით დადგა მიხა - რაკი პირდაპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო. რაზმელები არ განძრეულან. იარაღი აჰყარა ყველას და ღელეში გადაუძახა. მილიციის რაზმში ამ დროს ალექსი მისრიაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც ადრე მეგობრობდა მიხასთან და ტყეში გასვლის შემდეგაც მფარველობდა. ალექსიმ კარგად იცოდა, ამ ამბის შემდეგ შინსახკომი დიდ ძალებს გამოგზავნიდა და ურჩია ხელაშვილს, გასცლოდა იქაურობას, თავისი ცხენიც შესთავაზა. კომუნისტებმა ძვირად დაუსვეს ალექსის მიხას დახმარება. თანამოაზრეებთან ერთად შეიპყრეს, დუშეთში ჩაიყვანეს, ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში, თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, - სად არის მიხა ხელაშვილიო. რაკიღა სიტყვა ვერავის დააცდევინეს, იქვე ჩახოცეს. ლექსი მიუძღვნია მიხას მისრიაშვილისთვის: ალექსი, შენს სიკვდილს მე მაბრალებენ და ცოდვიანს მეძახიანო. დაიცადეთ, გაზაფხული დადგება და მტრის ჯავრსაც ამოვიყრიო. მაგრამ მტერი მთლიანად ახალი კომუნისტური ხელისუფლება იყო და მარტო რას გახდებოდა. ამიტომაც ქაქუცას რაზმს შეუერთდა. იმედად ესახებოდა მისებრ მამულისთვის თავგადადებულთა დანახვა, უთქვამს კიდეც ლექსად:
"მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, - ამას ვყიჟინებთ ყველანი, -
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი".შეფიცულებსაც დიდად შეჰყვარებიათ ფშაველი, ვაჟას ეძახდნენ სიყვარულით, მისი ლექსების დამღერებით დასცემდნენ საბრძოლო ყიჟინას. "შეფიცულთა რაზმის" წევრები იგონებდნენ: "რაზმში ერთი ფშაველი გვყავდა, მიხა ხელაშვილი, რომელიც მაღაროსკარის ბრძოლაში შემოგვიერთდა. იგი სოფლის ყოფილი დიაკვანი გახლდათ... დიდი ნიჭის პატრონი მშვენიერ ლექსებსაც წერდა... ზამთარში, როცა კარგი მზიანი ამინდი იდგა, ბინის ახლოს წამოწვებოდა მყუდროზე და ორი-სამი საათის მერე ახალ ლექსს მოგვიტანდა ხოლმე". მიხა ამ ლექსებს აბგაში ინახავდა, რომელსაც სულ თან დაატარებდა. ეს აბგა მისი მკვლელობის შემდეგ დაკარგულა. ქაქუცას უთქვამს მასზე: თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერსიტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა, ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო. ტყუილად როდი უთქვამს მასზე ხალხს:
"მიხაი გვყავის ჯეილი, ფასი მთელ ფშავეთისაო,
ტანად კი დაბალაია, ხნით ოცდახუთი წლისაო,
გაუდრის ბატალიონსა, თუმტრულად დახვდებისაო". ერთხელ სოფელ ბაკანის განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირელებს გადაჰყრია მიხა. მათ თურმე ქაქუცას დაჭერა განეზრახათ. ხელაშვილი შეჭრილა სადგომში, მათთვის იარაღი აუყრია და ყველა ქაქუცასთვის მიუგვრია. მას კი დაურიგებია გზას აცდენილი ახალგაზრდები და შინ გაუშვია.
1924 წლის აჯანყება დამარცხდა. შეფიცულები იძულებული შეიქმნენ, სამშობლო დაეტოვებინათ. მიხას საზღვრამდე გაუცილებია ქაქუცა. "წამოდი, მიხავ, აქ მოგკლავენო", - შეუთავაზებია ჩოლოყაშვილს. ვერაო, "რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოში უნდა დავრჩეო", - უთქვამს და ფშავში დაბრუნებულა. საქართველოში კი ტერორი მძვინვარებდა, ხოცავდნენ ყველას, ვისაც აჯანყებასთან მცირე კავშირი ჰქონდა. მტერს მიხას ძმადნაფიცი ხევსური გიგიაც მოუკლავთ. ლექსით დაუტირებია მიხას გიგია. თვითონაც გრძნობდა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა: "აგრე ვგრძნობ, აგრე მიფიქრავ, ავ სიზმარ ამიხდებისაო". შენატრის გარდაცვლილ მეგობრებს:
"მენა თქვენსაებრ მაღირსოს შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,
სამუდმოდ ჩასაბარებლად სამარეს ახადისასა".არც სიკვდილი იყო მიხასთვის დიდი ბედენა, კარგად იცოდა, რისთვის სწირავდა თავს. 1924 წელს გარდაცვლილი მეგობრის დისთვის, პარასკოსთვის, მიუწერია სანუგეშო ბარათი, რომელიც ფრიად საგულისხმოა: "ნუ იფიქრებ, რო შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. ზოგი თვეობით ყელამდე წყალში ჰყავდათ ჩეკას სარდაფებში, ზოგი გზაზე დახვრიტეს, ზოგიც სახლში მოკლეს, ზოგიც ბრძოლაში. ჩვენის სისხლით და ხორცით მორწყეს მთელი საქართველო. მრავალ ვაჟკაცთ გადადვეს ნებით საკუთარი თავი თავის სამშობლოსთვის და თავის სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამდენი სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულა? არა! იმათ სახელები მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის! იმათი სახელი მთელ საქართველოს ეძახის: "მოდით უშიშრად, მტერმა და დასჯამ არ შეგაშინოთო! დღევანდელ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობიაო". საქართველოს ერიც იმათი საფლავის წინ მუხლს იყრის, როგორც ვაჟა-ფშაველამ დაწერა: "გმირთა სამარეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები, აცხონოს, რომ არ წაიღეს ლაფით მოსვრილი პირებიო". აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა იმ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო. ბევრ ცოცხალს შენი მკვდარი ძმის სახელი სჯობიან. კაცი ადრე თუ გვიან სიკვდილს ვერ დაემალება. მაშასადამე, სჯობია, რომ სახელით მოკვდეს ძროხასავით უსახელო სიკვდილს. ნეტავ იმათ სიკვდილს, ვინც სამშობლოს შეეწირება და უკვდავყოფს თავის სახელს".
სალომე - მიხას და. მიხას საფლავიგრძნობდა მიხა, რომ ღალატით მოკლავდნენ: "მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი". მართლაც, კომუნისტებმა ჩარგლელი ლუკა მარცვალაშვილი ფულით და შაშხანით მოისყიდეს მიხას მოსაკლავად. ლუკა ხელაშვილის ძმადნაფიცი იყო. ერთხელ ესტუმრა მიხა. უმასპინძლა ძმადნაფიცმა, ბოლოს კი, პატივის ნიშნად, წვერიც გაპარსა. მიხას უთქვამს: "გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის, ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლეო". ლუკა ყასიდად განაწყენდა. არაყი მოეკიდა მიხას, მიეძინა, წაიყვანეს და საბძელში დააწვინეს მარცვალაშვილმა და ვინმე გარსევანიშვილმა. ღრმად რომ ჩაეძინა, მოსაკლავად თავზე დაადგნენ. ლუკას ხელი აუტოკდა და ვეღარ ესროლა, გარსევანიშვილმა კი ტყვიით შუბლი გაუხვრიტა. გარეთ პოლიციამ სროლა ატეხა, ვითომ მათ მოკლეს ხელაშვილი; არ უნდოდათ, ხალხს შური ეძია მკვლელებზე. მარხილით დუშეთში ჩამოიყვანეს მიცვალებული. მილიციის შენობის წინ ორი კვირა ეგდო მისი ცხედარი. მიხას დამ, სალომემ, ნახა ძმის მკვლელობის ადგილი, სათუთად მოკრიფა ძმის დათხეული ტვინი და დამარხა. მერე კი, მიხას პატივისმცემელი ხევსურის დახმარებით, მოიპარა ცხედარი, ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში და დაფლა ტვინთან ერთად. ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს. ამ დღეს 25 წლის უნდა გამხდარიყო მიხა.
ხელაშვილის ბევრი ლექსი დაიკარგა, მიხას ახლობელმა, ყაყიტელაშვილმა, შიშით ცეცხლში ჩაუძახა მისი ლექსების ნაწილი, მაგრამ, ღვთის წყალობით, რამდენიმე მაინც შემოგვრჩა ვანო ხორნაულის წყალობით, რომელსაც კლდის ნაპრალში შეენახა მიხას ლექსები. მის დებს, პელაგიასა და სალომეს, მიხას ქალიშვილისთვის, თამარისთვის გადაუციათ მამის ნათქვამი სტრიქონები, ზოგი ლექსიც საზღვარგარეთ, ჟურნალ "კლდეში" გამოაქვეყნეს შეფიცულებმა. ედიშერ გიორგაძემ ყველა მათგანი რუდუნებით შეკრიბა, წიგნად გამოსცა და მშვენიერი წინასიტყვაობაც დაურთო.
მოძღვრების მიერ ნამღერი "ბინდისფერია სოფელი"