ისრაელელთა სამეფოში ერთ დროს ღვთისმოშიში ისრაიტელი ცხოვრობდა, სახელად ტობითა. ჰყავდა მეუღლე ანა და ვაჟი ტობიასი. ეს იმ დროს მოხდა, როცა თითქმის მთელმა ისრაელმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი,
შეწყვიტა ღვთის მცნებების აღსრულება და უცხოტომელთა ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა. ამისთვის უფალმა ისინი ხელთ მისცა ასურელთა მეფეს, სალმანასარს, რომელმაც ისინი ნინევიაში გადაასახლა. სხვებთან ერთად იყო ტობითაც. ის სიჭაბუკიდანვე ჭეშმარიტების გზაზე ვიდოდა და მაშინ, როცა მთელი მისი ტომი და გვარი ბაალის კერპს უზორავდა, იგი მარტოდმარტო ადიოდა იერუსალიმში და მსხვერპლს შესწირავდა უფალს. ხოლო როცა ნინევიაში ტყვედ წაიყვანეს, არ უჭამია ნაკერპავი, განსხვავებით თავისი ძმებისა და ნათესავებისაგან. მისცა ღმერთმა მადლი, სალმანასარ მეფის ვაჭარი გახდა და მალე გამდიდრდა. ერთხელ მან ხელწერილით ათი ტალანტი ვერცხლი იქაურ მკვიდრს, გაბაილს ასესხა. მრავალ მოწყალებას იქმოდა და ეხმარებოდა თავის თანამემამულეებს. სალმანასარის მაგივრად მისი ვაჟი სენაქერემი გამეფდა. იგი გამძვინვარებული ხოცავდა ებრაელებს და მიცვალებულებს ქალაქგარეთ აყრევინებდა. ტობითა კი მათ ჩუმად მარხავდა. ეს ამბავი მეფეს შეატყობინეს. ის ძალზე განრისხდა და ტობითას მოკვლა ბრძანა. ის იქაურობას გაერიდა, მისი ქონება კი დაიტაცეს. თვენახევარში სენაქერიმი მოკლეს და ტობითაც ნინევიაში დაბრუნდა.
ერთხელ, ერგასის დღესასწაულზე, ტობითამ შვილს უთხრა, წადი და სადღესასწაულო სუფრაზე ჩვენი დაგლახაკებული თანატომელები მოგვიყვანეო. ტობია შინ დაბრუნდა და უთხრა, - გარეთუბანში ერთი მოკლული ისრაიტელი გდიაო. "ხოლო ტობითა იყო მოშიში უფრო სრულიად ღმრთისა, ვიდრეღა მეფეთა". მოიპარა გვამი და დაფლა. მოვიდა დაღლილი, შეგინებული, მიჯდა კედელთან პირდაუბურავი. ზემოთ თურმე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მერცხალმა ტობითას დაასკინტლა და ამის მერე მას თვალთ ლიბრი გადაეკრა. მაგრამ ამ დიდ განსაცდელს ტობითასთვის ღვთის რწმენა არ შეურყევია, როგორც მართალ იობს, მასაც აყვედრებდნენ გარშემო მყოფნი, სად არის შენი ქველმოქმედებანი, მკვდართა დაკრძალვანი? რატომ დაგემართა ასეთი რამეო. ერთხელ იტირა ტობითამ, როცა ღვთისთვის მისი ცოლის მიერ შეწირული თიკანი არ მიიღეს, ნაქურდალი არისო.
შეწუხდა და ღმერთს სიკვდილი შესთხოვა. იმ დროს, როცა ცრემლმორეული ლოცულობდა, რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, ეკბატანაში ერთი ქალწულიც მოთქვამდა - რაგუელის ასული სარა. მას მამამისის მხევალი აყვედრებდა. საქმე ისაა, რომ სარა შვიდჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ხორციელი ვნებების ბოროტი ეშმაკი ასმოდეოსი მანამდე კლავდა სასიძოებს, ვიდრე ისინი სარასთან სარეცელს გაიყოფდნენ. ისე შეწუხდა ქალი, რომ თავის მოკვლაც კი მოისურვა, მაგრამ მოხუცი მამა შეებრალა და გადაიფიქრა. იდგა სახლის ბანზე და ლოცულობდა. შეესმა ორივე ლოცვა უფალს და მოავლინა რაფაელ მთავარანგელოზი ორივეს განსაკურნებლად.
ამ დროს გაახსენდა ტობითას ვერცხლი, რომელიც ოდესღაც გაბაელს ასესხა. მოიხმო ტობია და უთხრა: - წადი, შვილო, მიდიის ქალაქ რაგაში, მიეცი ეს ხელწერილი გაბაელს და ათ ვერცხლის ტალანტს მოგცემსო. შვილმა უთხრა: - ისე მოვიქცევი, როგორც მითხარი, მაგრამ იქამდე გზა არ ვიცი, ანდა გაბაელი დამიჯერებსო? მამამ დაამშვიდა: - ნახე, შვილო, ვინმე სარწმუნო კაცი თანამგზავრად და როცა უკან მობრუნდებით, საფასური გადავუხადოთო.
ტობიამ მიდიის გზის მცოდნეს დაუწყო ძებნა. მთავარანგელოზი რაფაელი იხილა კაცის სახით და ჰკითხა: შეგიძლია მიდიის ქალაქ რაგაში გამომყვეო? მთავარანგელოზმა უთხრა: - წაგიყვან მიდიაში, გზაც ვიცი და გაბაელს, ჩვენს ძმასაც ვიცნობო. ტობიამ მამას ახარა, თანამგზავრი ვიპოვეო. ტობითამ მისი ნახვა მოისურვა. უცნობმა - აზარია ვარ, ძე ანანიასიო. ტობითამ შინაურად მიიღო. მერე თავისი ვაჟი აკურთხა და თანამგზავრთან ერთად მიდიისკენ გაისტუმრა. შეწუხდა ანა, ჯერ ყრმა არის და ასეთ შორ გზაზე რატომ გაუშვიო. მაგრამ ქმარმა დაამშვიდა: "ნუ გეშინინ, დაო! ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით". მაშინღა დასცხრა დედა ტირილისგან.
ყრმას და ანგელოზს თან მათი ძაღლი გაჰყვა. დიდი ხნის შემდეგ მდინარე ტიგროსთან შეისვენეს. ტობია მდინარეში ჩავიდა პირის დასაბანად. უცებ ფეხზე რომელიღაც მტაცებელი თევზი ეცა. ტობიამ იყვირა: - ვაიმე, შემჭამაო. ანგელოზმა უთხრა: - ნუ გეშინია, დაიჭირეო. ტობიამ თევზი ამოიყვანა. ანგელოზმა უთხრა: - ამოაცალე მაგ თევზს გული, ღვიძლი და ნაღველი, შეინახე, სამკურნალოა - ნაღვლის ცხებით კაცი ლიბრისგან განიკურნება, გულისა და ღვიძლის კმევით კი ბოროტი სულისგანო.
მიუახლოვდნენ ეკბატანას. ანგელოზმა უთხრა ტობიას: - აქ შენი ნათესავის, რაგუელის სახლში დავისვენოთ. რაგუელს ვეტყვი, თავისი ქალიშვილი ცოლად გამოგატანოს. უკან რომ მოვბრუნდებით, მაშინ გადავიხადოთ ქორწილიო.
ტობიამ უთხრა: - გამიგია, რომ რამდენჯერმე გაათხოვეს, მაგრამ როგორც კი ქმრები ღამით მასთან შევიდოდნენ, მაშინვე კლავდა ეშმაკი. მეშინია ამ ეშმაკის, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს სარა და სხვას მასთან არ უშვებს. ვაითუ მეც მომკლას და ჩემი მშობლების საფლავების მიწის მიმყრელი არავინ დარჩესო.
ანგელოზმა დაამშვიდა: - შენ მამის სურვილი აასრულე და შენი ტომიდან მოიყვანე ქალი. ეშმაკისა კი ნუ გეშინია. რაჟამს შეირთავ, ორივემ მხოლოდ ილოცეთ. გული და ღვიძლი სასაკმევლეში ჩადე, უკმიე სარას და ეშმაკი გაშორდება. სამი დღე მისგან შორს იყავი. მესამე დღეს ღვთისგან კურთხევა იმით მოგენიჭებათ, რომ შვილნი თქვენგან ჯანმრთელნი იშვებიან. მესამე ღამეს კი შედი ქალწულთან და იგი "იპყარ სიყვარულად შიშითა უფლისათა, წადილისათვის შვილთა სხმისა, ვიდრეღა ხორცთა მოსურნეობისთვის ამისთვის".
მივიდნენ ეკბატანაში, მონახეს რაგუელის სახლი. დიდად გაიხარა რაგუელმა, როცა თავისი ნათესავის ტობითას ვაჟი შეიცნო. დაუკლა ვერძი, გაუმასპინძლდა. პურის ჭამის წინ ტობიამ თავისი სურვილი გაუმჟღავნა. შეეშინდა რაგუელს და ქალიშვილის მიცემაზე ვერ დათანხმდა. მას ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინია, რომ ამას შერთო სარა, რადგან ტობიას ღვთის შიში აქვს. ამის გარდა არავის ეკუთვნის შენი ასული, ამიტომაც სხვა ქმრებმა ვერ შეძლეს მისი ხელის ხლებაო".
მაშინღა დათანხმდა რაგუელი, გამოიყვანა სარა, აკურთხა ორივე და მათი შეუღლება. დასხდნენ, ჭამეს, სვეს, გაიხარეს. მერე კი რაგუელმა თავის ცოლს უთხრა გაემზადებინა ოთახი ახალდაქორწინებულთათვის და ქალიშვილი შიგნით შეაყვანინა. განცხრომის მერე ოთახში სიძეც შევიდა. ამოიღო თევზის გული და ღვიძლი, დადო სასაკმეველზე და უკმია სარას. ეშმაკი ილტვოდა ქალისგან. ტობიამ ქალწულს ასწავლა, - ეს ღამე ღმერთს ვევედროთ, ღმერთს ვეზიაროთ და შემდგომ სამი ღამისა შევუღლდეთო: "ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩვენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი". ადგნენ და მხურვალე გულით ევედრნენ ღმერთს, მერე კი ცალ-ცალკე დაიძინეს.
რაგუელმა კი ამ დროს თავის მონებს საფლავის გათხრა უბრძანა, ეგონა, ტობიასაც იგივე ხვედრი ელოდა, როგორც წინა სიძეებს. მერე კი ცოლს უთხრა: ვინმე მოსამსახურე გაგზავნე, ნახოს, ცოცხლები თუ არიანო. მხევალმა შეატყობინა, მშვიდად სძინავთო. გაიხარა რაგუელმა, მონებს უბრძანა, - საფლავი ისე ამოავსეთ, რომ არავინ გაიგოსო. მერე კი ცოლს უბრძანა სუფრის გაშლა. ორი მოზვერი და ოთხი ვერძი დააკვლევინა. სიძეს კი უთხრა: - ორი კვირა არსად გაგიშვებ, მერე კი წადი მშვიდობით მშობლებთან, თან ქალსა და მზითევს გაგატან. ხოლო როცა მე და ჩემი ცოლი მოვკვდებით, ეს ქონებაც შენ დაგრჩებაო.
რა ექნა ტობიას? სთხოვა რაფაელს: წაიყვანე ორი აქლემი და ოთხი მონა. წადი რაგაში, მამაჩემის ნასესხები ფული გამოართვი გაბაელს და ისიც მოიყვანე ქორწილშიო. არ დაიგვიანო, თორემ მამაჩემს დრო დანიშნული აქვს და თუ მალე არ მივალთ, შეიძლება ძლიერ შეწუხდესო.
წავიდა რაფაელ მთავარანგელოზი რაგაში, მონახა გაბაელი, გამოართვა ნასესხები ფული და ისიც ქორწილში წამოიყვანა.
გადიოდა დღეები. ტობითა სულმოუთქმელად ელოდა შვილს, ანაც მოთქვამდა და ტობიას დაგვიანებას ჯავრობდა. ორი კვირა გავიდა. ტობიამ რაგუელს უთხრა, შინ უნდა წავიდე, რადგან მშობლებს შეიძლება ცოცხალი არ ვეგონოო. არ ეთმობოდა რაგუელს შვილი და სიძე, მაგრამ რა ექნა. გამოატანა სარას მზითვად: მონები, მხევლები, ცხვარ-ძროხა, აქლემები, ოქრო-ვერცხლი და სამოსელი დიდძალი.
როცა სახლს მიუახლოვნენ, რაფაელმა უთხრა ტობიას, ჩვენ წინ წავიდეთ და მამაშენის სახლი მოვამზადოთ. როცა მამაშენს ნახავ, ნაღველი სცხე თვალებზე და აეხილებაო. მიეგებნენ გახარებული მშობლები ტობიას. მან ნაღველი მოწურა, ჩააწვეთა მამას თვალში და აუხილა. უზომო იყო მათი სიხარული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტობიამ თავისი ცოლი, სარა გააცნო. დიდი ქორწილი გადაიხადეს. შვიდი დღე და შვიდი ღამე გაგრძელდა პურობა.
მერე კი ტობიამ მამას უთხრა: "ჩემ თანამგზავრს მივცეთ იმ ფულის ნაწილი, რომელიც მოვიტანე, რადგან გზაზეც დამიცვა, ცოლიც განმიკურნაო. დაუძახეს ანგელოზს და ფული შესთავაზეს. მაშინ რაფაელმა მამა-შვილი ცალკე გაიყვანა და უთხრა: - აკურთხევდით ღმერთს და აღიარებდით მას ყოველი კაცის წინაშე, რომლებიც თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმენი და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს. კარგია მეფის საიდუმლოთა შენახვა, მაგრამ ხამს უფლის საქმეთა გამოცხადება. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგეწევათ. კარგია მარხვა ლოცვასთან ერთად და მოწყალება სიმართლესთან ერთად. სჯობს მცირედი სამართლიანობით, ვიდრე მრავალი უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება. რამეთუ მოწყალება სიკვდილისგან იხსნის და განწმენდს კაცს ყოვლისაგან ცოდვისა... არაფერს დაგიმალავთ... როცა შენ და შენი რძალი სარა ლოცულობდით, მე აღვავლინე თქვენი ლოცვები ღვთის წინაშე. შენ არ დაიზარე, მიატოვე სადღესასწაულო სუფრა და მიცვალებულის დასაკრძალად წახვედი. მაშინ შეგემთხვა ეს განსაცდელი. არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, მეც შენთან ვიყავი. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის განსაკურნავად. მე, რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმინდა ანგელოზთაგანი ვარ, რომლებიც აღავლენენ წმინდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმინდის დიდების წინაშე.
შეძრწუნდნენ ორივენი და პირქვე დაემხნენ.
რაფაელმა მათ უთხრა: - ნუ გეშინიათ. მშვიდობა იყოს თქვენდა, აკურთხევდით ღმერთს უკუნისამდე, რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდით მას უკუნისამდე. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით. ახლა კი მადლობდით ღმერთს, რამეთუ ავდივარ ჩემი მომავლინებელი უფლის წინაშე. ხოლო თქვენ დაწერეთ წიგნში, რაც გადაგხდათ.
როცა მამა-შვილი ადგა, ანგელოზი იქ ვეღარ იხილეს. ადიდა ღმერთი ტობითამ.
ასე აკურთხა უფალმა მოწყალე კაცი და თვით თავისი მთვარანგელოზი გამოაგზავნა მის დასახმარებლად 158 წლისა გარდაიცვალა ტობითა, ტობია კი 127 წლისა. მათი ამბავი საუკუნეებს გადმოსწვდა და განაცვიფრებს მკითხველს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი