უეცრად ის მთავარანგელოზ მიქაელის ხატის წინ დაემხო!..
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
არც მოსახლეობას სძინავს, ტაძარში შეკრებილნი ღმერთს და მის მთავარანგელოზს შეწევნას სთხოვენ. ძლიერი ქარი ამოვარდა. უზარმაზარი ტალღები სანაპიროს აწყდება.
"ღვთისმშობელო, წმინდაო მთავარანგელოზო, გვიშველე!" - მდაბლად ლოცულობენ კუნძულის მკვიდრნი. "მოგვიახლოვდნენ, მოგვიახლოვდნენ", - ყვირის ღამის დარაჯი. ყველა ძრწოლამ აიტანა. თურქული ფრეგატი ტალღებს მოაპობს. გავიდა ერთი საათი. სუნთქვაშეკრული ხალხი ელოდება, - საცაა, ურწმუნოების ხმას გავიგონებთო, მაგრამ სიჩუმეს არავინ არღვევს.
ლოცვა განთიადამდე გაგრძელდა. ქარიც ჩადგა. ხალხმა ზღვისკენ გაიხედა - ზღვა გემების ნამსხვრევებით იყო მოფენილი. წყალს უამრავი გვამი გამოერიყა.
ერთადერთი გადარჩენილი თურქი ფეხზე წამოდგომას ამაოდ ლამობდა. გარს შემოერტყნენ. მან შიშით მიმოიხედა და იკითხა, - თქვენი სარდალი სად არისო. ხალხი გაოცდა, - რას კითხულობო. მაშინ თურქმა, რომელიც ხომალდების მეთაური აღმოჩნდა, თავის უბედურებაზე მოუთხრო:
- როცა ნავსადგურში შემოვედით, ზღვა აბობოქრდა, ჩვენი გადაყლაპვა მოისურვა. ვხედავდი, როგორ იმსხვრეოდა ხომალდები და ვერაფერს ვშველოდი. უეცრად უზარმაზარი კაცი გამოჩნდა და ყველას მახვილით დაუწყო ხოცვა. მთელი მხედრობა უწყალოდ გამიჟლიტა... მის წინ მუხლებზე დავემხე და ვთხოვე, არ მოვეკალი ამ მოელვარე მახვილიან მოჩვენებას. ვინ არის ეს თქვენი ღვთაებრივი სარდალი? მინდა თაყვანი ვცეო.
ხალხმა თურქი ეკლესიაში შეიყვანა და ყველა ხატი აჩვენა. უეცრად ის მთავარანგელოზ მიქაელის ხატის წინ დაემხო!..
მადლიერმა თურქმა ეკლესიას ზარი შესწირა, რომელიც დღემდე შეგვახსენებს ამ კუნძულის სასწაულებრივ გადარჩენას.