- რატომ ვცემთ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს? ქრისტიანულ სწავლებებთან დაკავშირებით ორი უკიდურესობა არსებობს: ერთი, როდესაც ადამიანი მათ რევიზიას ატარებს, თვითნებობით, ურჩობით, ამპარტავნებით ჩხრეკს და თავის დასკვნებს აკეთებს. ქრისტიანს ეს არ ეკადრება, ეს ღვთის მოცემული საიდუმლო სწავლებებია, რომელთა წინაშეც გარკვეული კრძალვა და რიდი უნდა გვქონდეს; და მეორე, როცა ადამიანს არაფერი უკვირს და ბრმად იღებს ყველაფერს, რაც მოცემულია.
ბავშვი, რომელიც ლაპარაკს სწავლობს, მომაბეზრებლად სულ კითხულობს - რატომ? ჩვენც მას უნდა მივემსგავსოთ, ყველაფერი უნდა გვაინტერესებდეს. მაგალითად: ჯვარს რატომ უნდა ვცეთ თაყვანი? თუ ვინმე იტყვის, ეს თავისთავად ცხადი და გასაგებიაო, არ იქნება მართალი. სამყაროში მრავალი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ ჯვარს არ ეთაყვანებიან, დაგვცინიან კიდეც - კერპთაყვანისმცემლებს, არანორმალურებს გვიწოდებენ, ვერ ხვდებიან და სავსებით ლოგიკურადაც, რატომ ვცემთ ჯვარს თაყვანს, ჩვენი სათაყვანებელი მაცხოვარი, რომელიც ძალიან უნდა გვიყვარდეს, ხომ ჯვარზე მოკლეს, ჯვარი კი რომის იმპერიაში წამების ყველაზე საშინელ და შეურაცხმყოფელ იარაღად ითვლებოდა. იმდენად სამარცხვინოდ და მტანჯველად, რომ რაც არ უნდა დაეშავებინა რომის მოქალაქეს, ჯვარზე არ სჯიდნენ, თავს კვეთდნენ. წარმოგიდგენიათ? თავის მოკვეთა საჩუქარი იყო. უკიდურესი დამცირებით, უკიდურესი შეურაცხყოფით, უკიდურესი ტანჯვით აღესრულა მაცხოვარი ჯვარზე და რიღასთვის უნდა ვეთაყვანოთ ამ ჯვარს?
თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მოვინდომებთ, აღმოჩნდება, რომ სერიოზული სირთულეების წინაშე დავდგებით. ვიღაცას ჰგონია, საღვთისმეტყველო წიგნებში ყველაფერი წერია. პროტესტანტები სულელები კი არ არიან, მათ პროფესორებს არც აზროვნება აკლიათ და არც ცოდნა, გადაშლიდნენ ლოგიკურად დაწერილ სწავლებას და პასუხსაც იოლად მიიღებდნენ. მაგრამ იქ მხოლოდ ის წერია, რომ ჯვარზე აღსრულებით სამყაროს შემოქმედმა ადამიანის ცხონებას მისცა დასაბამი, მოგვიტევა ცოდვები...
რა შუაშია ჯვარი?
ყველაფერი, რაც მოხდა და ხდება საღვთო ისტორიაში, საიდუმლოებად იწოდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენთვის დამალულია ღვთისგან და, ეზოთერული სექტების პრაქტიკის მსგავსად, განსაკუთრებულად განდობილი უნდა გახდე, რომ გაგეხსნას, არამედ საიდუმლოება ჰქვია ყველაფერს, და მათ შორის ჯვარსაც, რადგან ინტელექტუალურად არ განიმარტება, არ აიხსნება, არამედ ცხოვრების წესით შეიმეცნება.წმინდა წერილში უფალი მიგვითითებს, რომ ყველას საკუთარი ჯვარი გვაქვს. გულზე ქრისტეს ჯვარს ვატარებთ, ჩვენი ჯვარი სადღაა? უფალი კი გვავალდებულებს: "უარ-ყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16:24). აქედან ჩანს, რომ ჯვარი მხოლოდ ორი გადაჯვარედინებული ფიცარი არ არის, მას გაცილებით მეტი სიღრმე აქვს. ერთი მამა პირდაპირ ამბობს, თუ ცხონება გინდა, შენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გადააქციეო. ძველ აღთქმაში ეწერა: წყეულ იყოს, ვინც ძელზე ჩამოეკიდოსო. ძელში კი ჯვარი იგულისხმება.
რას ნიშნავს "უარ-ყავნ თავი თვისი"? ეკლესიაში მოსვლის შემდეგ ადამიანები ბევრს იღვწიან უფლისთვის. ხანდახან უყვართ ხოლმე კითხვა: უფლისთვის ამდენი დავთმე, ეს გავაკეთე, ასე ვშრომობ და მაინც პრობლემები მაქვს, რატომ არ განვიცდი ბედნიერებას, სიხარულს არც ყოფით ცხოვრებაში და არც შინაგანად?
ბევრს თმობენ, მაგრამ არ ასრულებენ უფლის მთავარ მცნებას - უარყავნ თავი თვისი... ამისთვის კი ადამიანმა არა მხოლოდ რაღაცები უნდა დათმოს, არამედ საკუთარი თავი მთლიანად უარყოს და ღმერთს მიუძღვნას. ღმერთს უნდა დაუთმოს არა მხოლოდ ნაწილი საკუთარი ცხოვრებისა, დროისა, ნერვებისა, საქმიანობისა, ფინანსური შესაძლებლობისა, არამედ მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს მას. რა გვაქვს საკუთარი? არც ხელი, არც ფეხი, არც ნიჭიერება, არც აზროვნება, არც ინტელექტი, არც ხორცი, არც სული... ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის და ჩვენც გვევალება, ეს ყველაფერი მას მივუძღვნათ. არ ვგულისხმობ, რომ ადამიანი მაინცდამაინც მონაზონი გახდეს და მოციქულივით გაჰყვეს უფალს. დაიხ, ის მოციქული უნდა იყოს, მაგრამ არა ფორმით, არამედ არსით. მრავალი წმინდანია, რომელიც ერში ცხოვრობდა, მეუღლე, შვილები ჰყავდა, მაგრამ საკუთარი თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა, ცხონდა და წმინდანად შეირაცხა.
რატომ მოვიდა ადამიანად?
არსებობის დღიდან ადამიანები მუდამ სცოდავენ, ადამისა და ევას პირველივე შვილი მკვლელი იყო, მაგრამ წარმართულ სამყაროში სინანულიც არსებობდა. ადამიანებს სინდისი ყოველთვის ამხელდათ. ნუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტემდელ, ძველაღთქმისეულ პერიოდში ყველა წარწყმდა. ჯვარზე აღსრულების შემდეგ უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქ უქადაგა ადამიანებს, რომლებიც უკლებლივ ჯოჯოხეთში იყვნენ, მაგრამ მიწიერი ცხოვრებისას გმირობებს სჩადიოდნენ, თავს წირავდნენ სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის... ისინი ბევრ რამეში ჩვენთვისაც მისაბაძნი იქნებოდნენ.ერთ მაგალითს მოვიყვან: სალაშქროდ მიმავალ რომის ერთ-ერთ წარმართ იმპერატორს დაგლახაკებული ქვრივი ქალი შეხვდა, რომელსაც სამართალი ვერ ეპოვა. ამ უბრალო ქვრივი დედაკაცისთვის შესაძლოა არც ერთ დიდებულ ქრისტიან მეფეს არ შეეხედა ან, უკეთეს შემთხვევაში, დაჰპირებოდა, ომიდან დავბრუნდები და მივხედავ შენს საქმესო. მან კი შეაჩერა ლაშქრობა, დაბრუნდა, გამოიძია, გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ დედაკაცი მართალი იყო და მისი სიღარიბისა და უპატრონობის გამო უსამართლოდ განსაჯეს. ამჯერად სასამართლომ სწორი განაჩენი გამოიტანა და ქვრივი გამართლდა. ეს რომ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა გაიგო, გაოგნდა: ამას არც ერთი ქრისტიანი იმპერატორი არ გააკეთებდაო! - და მისთვის გულმხურვალე ლოცვა დაიწყო. გავიდა ხანი და საღვთო ხილვით ეუწყა, რომ უფალმა წარმართი იმპერატორი შეიწყალა.
ადამიანები ყოველთვის ნანობდნენ, ებრძოდნენ საკუთარ მანკიერებებს, ამისთვის მთელი ფილოსოფიური სკოლები იქმნებოდა, სადაც საკმაოდ დიდ სიმაღლეებსაც აღწევდნენ. ასკეზა სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიურ სკოლებშიც არსებობდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარად თითო-ოროლა ცხოვრობდა.
რა საჭირო იყო ღმერთის ადამიანად მოსვლა და განსაკუთრებით მისი სიკვდილი? პასუხი მარტივია: რაც უნდა ეცადო, რა ბრძოლებიც არ უნდა გადაიტანო საკუთარ ვნებებსა და საკუთარ თავთან, რაც არ უნდა გამოასწორო საკუთარი ცხოვრება, შენი ბუნება არ შეიცვლება. რაც არ უნდა ავარჯიშო თვალები, ვერაფრით მოახერხებ ზენიტში მდგომი მზის ყურებას; რაც არ უნდა ავარჯიშო ფილტვები, ვერაფრით მოახერხებ წყალში სუნთქვას, - ჩვენს ბუნებას ამის უნარი არ აქვს. როგორი ზნეობრივი ადამიანებიც არ უნდა გავხდეთ, ჩვენს ბუნებას ღმერთთან ყოფნა არ შეუძლია, ბუნების არსი შეუცვლელია. ამიტომ იყო საჭირო ღმერთის ადამიანად მოსვლა.
სიკვდილი? სამყარო იმდენად იყო ღმერთს დაცილებული, რომ მისი ატანა არ შეეძლო. მაგრამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ადამიანებმა ეს არ იცოდნენ. ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი, რომლის კანონებითაც ცხოვრობდა ჩინეთის საუკეთესო ნაწილი, ადამიანის დაცემულობის შემყურე აცხადებდა: ამ სამყაროს მხოლოდ ღმერთის ადამიანად მოსვლა უშველისო, - და იქვე დასძენდა: მაგრამ ჩვენ ხომ მას მოვკლავდითო. გასაოცარი წინასწარმეტყველებაა. კონფუცის მაცხოვრის პერიოდში იუდეაში რომ ეცხოვრა, ალბათ, მისი მოწაფე გახდებოდა.
სასწაულია, ქრისტიანობა რომ გავრცელდა
კაცობრიობა საკუთარი სიდიადით, გონებრივი შესაძლებლობებითაა შეპყრობილი და თავის დაცემულობას ვეღარ ხედავს. მოვიდა ღმერთი, ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ კი მოვკალით. არაფერს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკურად, რეგიონულად და ქრონოლოგიურად ძალიან ვიწრო არეალში მოხდა. თითოეული ადამიანი, ვინც ამ ამბავს იგებს, მას თითქოსდა ითავისებს, მაგრამ მერე ან იღებს, ან უარყოფს. თავად სასწაულია, კაცობრიობამ რომ მიიღო და გაითავისა ეს ფაქტი. წარმოიდგინეთ, რა მოხდა: მაცხოვრის თორმეტმა, უფრო სწორად - თერთმეტმა (იუდა ხომ გამოაკლდა), გაუნათლებელმა მოწაფემ, რომლებმაც ბერძნულენოვან სამყაროში წერა-კითხვა მხოლოდ ებრაულ ენაზე იცოდნენ, მთელი სამყარო მოაქცია! წარმართულ სამყაროში, სადაც ყველას საკუთარი ადათები, წესები, ჩვეულებები, მამა-პაპის სჯული, მსოფლმხედველობა ჰქონდა, უბრალო მეთევზეებმა ადამიანების მთელი ცნობიერება შეცვალეს.ხომ გისაუბრიათ არასწორი ქრისტიანული დამოკიდებულების მქონე ახლობლებთან, გაუგიათ თქვენი სიტყვა? თითოეული ჩვენგანი წასწყდომია, რა რთულია ღვთის სჯულის ქადაგება, ადამიანის ეკლესიამდე მოყვანა, ხანდახან - შეუძლებელიც. მაგრამ საოცარ რეალობას ვხედავთ: მთელი სამყარო შეიცვალა. ადამიანები ისეთ სიბნელეში ცხოვრობდნენ, საკუთარ შვილებს კერპებს სწირავდნენ. ასე იყო საქართველოშიც. გვაქვს კანიბალიზმის მაგალითებიც. და ეს ბნელით მოცული არსებები გაუნათლებელმა ადამიანებმა საღვთო სჯულზე მოაქციეს. სულ სამი საუკუნე დასჭირდა, რომ სამყაროს მთავარ რეგიონში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. თაობაზე 50 წელს თუ ვივარაუდებთ, მხოლოდ ექვსი თაობა გამოვა. ძალიან ცოტაა სამი საუკუნე. II-III საუკუნეებში ბრიტანეთშიც კი უკვე არსებობდა ქრისტიანობა. მაშინდელი კომუნიკაციების პირობებში არ არის დიდი სასწაული?
ისიც გავიხსენოთ, როგორ იდევნებოდნენ ქრისტიანები. ეს არა მხოლოდ ზნეობრივი და სულიერი, არამედ პოლიტიკური დაპირისპირებაც იყო უაღრესად მოწესრიგებული, სამართლებრივად აწყობილი იმპერიისა, რომელმაც ქრისტიანობა კანონგარეშედ გამოაცხადა. იმ დროს რომ გვეცხოვრა, შემოცვივდებოდნენ ახლა ლეგიონერები, წაგვავლებდნენ ხელს, შეგვყრიდნენ სტადიონზე, მაგალითად, "დინამოზე", გამოუშვებდნენ ლომებს და მათი ლუკმა გავხდებოდით. ადამიანებმა ეს იცოდნენ და მაინც მოდიოდნენ.
რაც გოლგოთაზე მოხდა, არ იყო მხოლოდ ისტორიული აქტი, არამედ ღმერთის ძალიან მძლავრი ბიძგი სამყაროსთვის. ღვთაებრივმა იმპულსმა წარმართული სამყარო მუხლებზე დააყენა და ღმერთი ადიდებინა. სამყარო ღმერთს დაემორჩილა არა მარტო სულიერად, ტრადიციულად, კულტურულად, ზნეობრივად, არამედ პოლიტიკურადაც, რაც ყველაზე დიდი სასწაული იყო. აი, რა ძალა ჰქონდა ქრისტეს ჯვარცმას. არადა, ქრისტეს ჯვარცმა ყველაზე დიდი დანაშაული იყო, რაც ოდესმე ჩაუდენია სამყაროს. პავლე მოციქული ამბობს: "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი" (რომ. 5:20). ყველაზე საშინელი დანაშაულის შემდეგ ზღვა მადლი წამოვიდა, რომელმაც მთელი სამყარო გადაფარა და გააქრისტიანა. გავითვალისწინოთ, ეს ხომ ისლამი არ იყო, რომლის მიმდევრებმაც მძლავრი ჯარი შექმნეს, კარგი სტრატეგია შეიმუშავეს და ცეცხლითა და მახვილით ამკვიდრებდნენ საკუთარ რელიგიას. იქ იყო ლოგიკა. აქ კი გაუნათლებელ ადამიანებს არ ჰქონდათ იარაღი, ფული, არ იცოდნენ ენები, მიდიოდნენ და მთელ სამყაროს ყოველგვარი ძალადობის გარეშე სიტყვით, მადლით აქრისტიანებდნენ. ამითაც ჩანს, თუ რა რელიგიური მსოფლმხედველობისა და მადლის მატარებლები ვართ, რა ძალა დევს ჩვენში, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია, და თუ დღეს საქართველოში არაფერს ცვლის ჩვენი მდგომარეობა, ეს იმიტომ, რომ არ ვართ იმ თერთმეტი მოციქულის დარი ქრისტიანები.
რატომ არ უნდა ვიყოთ მათნაირები? ჩვენზე განათლებულნი არ ყოფილან, უბრალო მეთევზეები იყვნენ, ენები არ იცოდნენ, - სულიწმინდამ მერე ასწავლათ, - უფლის ერთგულები არ იყვნენ - მიატოვეს უფალი, არც ვაჟკაცები - ძალიან შეშინდნენ, ქალებმა აჯობეს, მენელსაცხებლე დედები გახდნენ მათი მოციქულები. თავიანთი პოტენციური შესაძლებლობებით ისინი ჩვენზე მეტნი არ იყვნენ და ეს მოახერხეს.
ჩვენს ბუნებას ღმერთთან ყოფნა არ შეუძლია
ქრისტეს ჯვრის საიდუმლოების ამოხსნისთვის უნდა გავიაზროთ, რომ მართალია, პიროვნულად ადამიანს თავისუფლება შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მისი ბუნება ძალზე დაზიანებულია, მისი ნებელობა შეზღუდულია. ადამიანური ვნებები სახეს გვაკარგვინებს. რომ მოგვშივდება, შეიძლება კაცი შევჭამოთ, პირუტყვებს ვემსგავსებით.ნება ბუნების ნაწილია. ღვთაებრივი ნება ღვთაებრივი ბუნების თვისებაა. ღმერთი სამი პიროვნებაა, მაგრამ ერთი ნება აქვს, რადგან ბუნება აქვს ერთი. ქრისტეში კი ერთი პიროვნებაა, მაგრამ ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, ამდენად, ნებაც ორია. "იყავნ ნებაი შენი" (მთ. 26:42), - მისი ადამიანური ნება ამბობს ღვთაებრივი ნების წინაშე, ვიდრე მაცხოვარს შეიპყრობენ. ჩვენი ნება დაცემული ბუნების შემადგენელი ნაწილია. თუ ბუნება ღმერთს დაცილებულია, ნებაც ასეთია. ამიტომ ის თავისუფლებადაკარგულია. ის სურს, რაც ჩვენს ავადმყოფ ტვინს, ბინძურ გულსა და გაპირუტყვებულ კუჭს. ადამიანს კი ჰგონია, რომ ნების ახსნილობა თავისუფლების ნიშანია და თუ კუჭის, გულის, ტვინისა თუ სხვა რამის ჭკუაზე ივლის, თავისუფალია.
სინამდვილეში ეს არ არის თავისუფლება. ჩვენ ხომ მხოლოდ ბუნება არ ვართ; ჩვენ პიროვნებები ვართ, რითაც ყველაზე მეტად ვემსგავსებით ღმერთს. პიროვნება ჩვენს დაცემულ ბუნებაზე არ დაიყვანება, მას შენარჩუნებული აქვს თავისუფლება და მისი სწორად გამოყენების შესაძლებლობა - ისწრაფოს ღვთისკენ. როცა ადამიანმა შესცოდა, მან ცუდი არჩევანი პიროვნულად გააკეთა, თორემ მისი ბუნება უმწიკვლო იყო. ვერ ნახავთ თოთო ბავშვს, რომელიც შინაგანად ადამსა და ევაზე სუფთა იყოს. ჩვენგან განსხვავებით, მათ არ გააჩნდათ ცუდი მიდრეკილებები, მათ შორის - ღალატისა, ურჩობისა, გარყვნილებისა, ბოროტის ქმნისა. ბავშვი ცოდვისკენ ბუნებით არის მიდრეკილი, ჭირვეულიც არის, ეგოისტიც, ანგარებიანიც, შურიანიც, აგრესიულიც... ადამი ასეთი არ იყო. აბა, რატომ შესცოდა? ადამმა ბუნებით კი არ სცოდა, არამედ პიროვნული არჩევანით: ღმერთო, მე შენ არ მინდიხარ! - ეს იყო მზაკვრული არჩევანი: რად მინდა ღმერთი, ისედაც კარგად მოვიწყობ ცხოვრებას. ამან დააზიანა მისი ბუნება. ამ დანაშაულის გამოსასყიდად დღევანდელმა ადამიანებმა პიროვნული არჩევანით უნდა ვუერთგულოთ უფალს.
მაგრამ ჩვენი ბუნება დაავადებულია, გენეტიკურად ადამის ნაყოფნი ვართ, იმ ერთი დიდი ხის შტოები, ღეროები და ფოთლები, რომლის ფესვიც ადამია. როგორი თესლიცაა მიწაში ჩათესილი, შესაბამისი ხეა ამოსული. ადამმა პიროვნული უარი თქვა ღმერთზე - ჩვენ თანხმობა უნდა ვთქვათ მასთან ყოფნაზე. მაგრამ რადგანაც დიდია ადამის ცოდვა იმის გამო, რომ ბუნებითად მას ღვთის ღალატის მოთხოვნილება არ ჰქონდა და მაინც უღალატა, შეუძლებელია ჩვენი ღვთისკენ სწრაფვის რეალიზება, რადგან, მართალია, პიროვნება და ბუნება სხვადასხვა რამაა, მაგრამ პიროვნებას სუბსტანცია არ გააჩნია, ბუნებას კი აქვს. ჩვენ ორი სუბსტანციის მატარებელნი ვართ. ხორცი და სული მთლიანობაში ერთ სუბსტანციას ქმნის, ადამიანურ ბუნებას, პიროვნებას კი არსი, სუბსტანცია არ გააჩნია, ის ბუნებისმიერ არსებობს. ამიტომ ღმერთს კი ავირჩევთ, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოვწყდებით, ღვიძლს ხომ ვერ ამოვიგლეჯთ და გადავაგდებთ; ვერც წყალში ვიცხოვრებთ და ვერც მზეს ვუმზერთ ფართოდ გახელილი თვალებით. რაც ვართ, ეს ვართ.
ზნეობრივი გამარჯვება
გამოსავალი რა არის? ვიღაც იტყვის, დაგვხმარებოდა ღმერთი თავისი სიტყვით და მოგვარდებოდა ყველაფერიო. მაგრამ ეს ჩვენი გაკეთებული საქმე აღარ იქნებოდა, არც ჩვენი არჩევანი გაცხადდებოდა ბოლომდე და არც ჩვენს ნაბრძოლად ჩაითვლებოდა. ადამმა, ანუ ჩვენ ყველამ, რადგან მასში ვიყავით, ზნეობრივად უარვყავით ღმერთი და ზნეობრივადვე უნდა მოვახერხოთ ღმერთთან დაბრუნება, თვითონვე უნდა გავიმარჯვოთ. ადამიანური ბუნება ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ აქ ღმერთის განკაცების დიდი საიდუმლოება მოხდა.იესო ქრისტე პიროვნულად ღმერთია და არა ადამიანი, ღვთაებრივმა პიროვნებამ ადამიანური ბუნება შეითვისა, ღვთაებრივი ღმერთი "ძე კაცისად" ბუნებითად იწოდება. ის რომ პიროვნულადაც ადამიანი ყოფილიყო, ვერაფერს მოახერხებდა. ბუნებით, ხორცითა და სულით ის სრული ადამიანია, მაგრამ ის არის პიროვნება, რომელიც არჩევანს აკეთებს, თუმცა არჩევანი აღარ არის გასაკეთებელი, რადგან თავადაა ღმერთი. "იყავნ ნება შენი" - ამას მისი ადამიანური ნება ამბობს, რომელიც ღვთაებრივს ემორჩილება. პიროვნულად ღმერთის არჩევანი ადამიანური ბუნების მიღება და ტანჯვა იყო.
წარმოიდგინეთ, სრულ კომფორტში მცხოვრები მეფე საკუთარი ხალხის ცხოვრებით დაინტერესდეს და ყველასგან დაფარულად მათხოვრობა დაიწყოს მან, რომელსაც არასოდეს შიოდა, არასოდეს სტკიოდა, არასოდეს შეურაცხყოფდნენ, ყოველთვის ძალმოსილი იყო; სამწელიწად-ნახევარი ნებისმიერი საშინელება დაითმინოს, რასაც სხვა მათხოვრები იღებენ ამ ცხოვრებისგან - შეურაცხყოფა, ცემა, საპატიმრო, დამცირება...
დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა, თუმცა მეფე და მდაბიო არ ასახავს იმ უსასრულო განსხვავებას, რომელიც ღმერთსა და ჩვენნაირ ცოდვილ ადამიანს შორისაა. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით, მის დამცრობას, უკიდურეს დამდაბლებას კენოზისი ჰქვია. ღმერთმა განსაცვიფრებელი ზნეობრივი არჩევანი გააკეთა - მე მოვალ შენთან როგორც შენნაირი და კიდევ უფრო დამცირებული; ბოსელში დავიბადები, ვიქნები ღატაკი, არავინ მიმიღებს, დამცინებენ, თორმეტი გაუნათლებელი მოწაფე მეყოლება, რომელთაგან ერთი მიღალატებს, მერე დამიჭერენ, მაფურთხებენ, მცემენ და მომკლავენ.
რა საჭირო იყო ტანჯვა, მეფედ მოსულიყო. მაგრამ უზნეობაზე მას ზნეობრივად უნდა გაემარჯვა. როგორ უნდა გავიმარჯვოთ ზნეობრივად? კაცმა რომ შეგაგინოს, შენ კი ცხვირ-პირი დაამტვრიო, თითქოს ფიზიკურად გამარჯვებული გამოხვალ, მაგრამ ზნეობრივად? რამდენადაც ავლენ ფიზიკურ ძალას, იმდენად ვერ იმარჯვებ ზნეობრივად. ზნეობრივი კატეგორიები ფიზიკურ ძალას არ უნდა საჭიროებდეს. ამის მაგალითი ბევრია ისტორიაში. ილია მართალი მოკლეს, მაგრამ ბერბიჭაშვილია ზნეობრივად გამარჯვებული თუ ილია? სასაცილოა! ბერბიჭაშვილი კი არა, ჟორდანიას ჩათვლით, მთელი მათი თაობაა დამარცხებული. ბოლოს ისინიც დაიხოცნენ, მაგრამ უპატიოდ, ილია კი წმინდანია.
დამცირებულ, შეურაცხყოფილ ადამიანს ღმერთი მფარველობს, მისი შეურაცხმყოფელი ღმერთის შეურაცხმყოფელია. როცა მასზე ძალადობ, ის შენზე ზნეობრივად იმარჯვებს. ღმერთი რომ მოვიდა, მთელი სამყარო მას მძლავრობდა, მამობილის - იოსების შვილებსაც კი არ ესმოდათ მისი, რადგან საკუთარ ძალმოსილებას არასოდეს ავლენდა. მას რომ ბავშვობაში თიხის მტრედები გაეცოცხლებინა და სხვა სასწაულები მოეხდინა (როგორც მოგვითხრობენ აპოკრიფული სახარებები), ძმებსაც და სხვებსაც თავიდანვე მისი შიში და რწმენა ექნებოდათ. სახარებაში კი წერია, რომ არც ძმებს სჯეროდათ მისი - თუ ის ხარ, რასაც ამბობ, "უკეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსო" (იოან. 7:5). იგი გამოირჩეოდა უკიდურესი ზნეობრივი დამოკიდებულებით ძმების, გამზრდელისა და მშობლისადმი, მაგრამ ეს არ ჩანდა. ზნეობას ვინ ხედავს? შესაძლოა უყვარდათ, როგორც უმცროსი ძმა, არც მეტი, არც ნაკლები. ის ღარიბულად ცხოვრობდა. გავიდა ცხოვრების ასპარეზზე და მთელი სამყარო აღდგა მის წინააღმდეგ, მისი ზნეობრივი გასრესა მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა...
იგი არასოდეს ეხმარებოდა საკუთარ თავს, როგორც ღმერთი! გახსოვთ მისი უდაბნოში გამოცდა. ღვთაებრივი ძალაუფლებით ზოგჯერ სხვას ეხმარება, მაგრამ ცდილობს, ეს დამალოს და დაფაროს. ხოლო როდესაც საკუთარი ძალმოსილება გამოამჟღავნა, საჩვენებელი სასწაული მოახდინა - ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, - რა მიიღო შედეგად? ვისაც მისი სწამდა, ისევ მათვე სჯეროდათ, ვისაც არა, სეირის საცქერად მივიდა და ერთი კვირის მერე "ჯვარს აცუს" ყვიროდა. ზოგიერთები ისე გათავხედდნენ, ლაზარეს მოკვლაც მოინდომეს - ცოცხალი ფაქტიაო. ამით უფალმა ადამიანებს გვითხრა: ნუ მთხოვთ სასწაულს, ეს შედეგს არ იძლევა, შინაგანად უნდა შეიცვალოთო. ხოლო თავად ზნეობრივად გაიმარჯვა. მაცხოვრის ადამიანური ბუნების ბოროტებაზე ზნეობრივი გამარჯვების მწვერვალი, გვირგვინი კი ჯვარზე სიკვდილი იყო.
ეშმაკისგან ბირებულნი იყვნენ ისინიც, ვინც ეუბნებოდა: ჩამოდი ჯვრიდან და ვირწმუნებთ, რომ ქრისტე ხარო. ეშმაკს უნდოდა, მაცხოვარი ჯვრიდან გადმოსულიყო. რას მიაღწევდა ამით? უფალი შეაზანზარებდა ქვეყანას, ზოგი მიწაზე განერთხმებოდა, ვიღაცას გაუხარდებოდა, მაგრამ ადამიანური ბუნება ზნეობრივად ვეღარ გაიმარჯვებდა, რადგან ეს ძალმოსილი გამარჯვება იქნებოდა. ადამიანის ცხონებისთვის კი საჭიროა, ზნეობრივად ამაღლდეს. სამოთხეში ადამის მდგომარეობა დაცემადი იყო, ხოლო ახლა ცხონებული აღარასოდეს დაეცემა. ე.ი. ზნეობრივად ქრისტეს ისე უნდა გაემარჯვა, რომ ადამის მდგომარეობას აღმატებოდა და ეს გამარჯვება ჯვარზე მოხდა. თუმცა ჯვარცმით გამარჯვების პარალელურად კაცობრიობის უკიდურესი დაცემა, სიწმინდის მიმართ გაბოროტება გამჟღავნდა, რაც რიგით ადამიანებს არჩევანის წინაშე გვაყენებს: ან ჯვარცმულის ერთგულება, ან მისი ზურგშექცევა. შუალედი არ არსებობს - ყველაფერი ან არაფერი.
გამოხსნა ჯვრიდან
ჯვარი მორჩილებისა და სიმდაბლის ნიშანიცაა. უნდა ისწავლო საღვთო განგებულების მორჩილება, მასზე მინდობა და სიმდაბლე. ქრისტიანობა ხომ ჯვრით არ მთავრდება, თორემ ეს საუბარი თქვენ წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნებოდა; ქრისტიანობა აღდგომითა და ამაღლებით სრულდება, არა მხოლოდ მაცხოვრის, არამედ თითოეული ჩვენგანის, და არა მარტო გარდაცვალებისა და საყოველთაო აღდგომის შემდეგ, არამედ ამ ცხოვრებაშივე მრავალგზის ავდივართ პატარ-პატარა გოლგოთაზე, მრავალგზის ვეცმებით ჯვარს და მრავალგზის ხდება ჩვენი აღდგომა და ამაღლება - სულიერად ახალ საფეხურზე ასვლა. ყოველ განსაცდელს აუცილებლად მოჰყვება აღდგომა და ამაღლება, შემდეგ კი კვლავ იწყება მტკივნეული აღსვლის პროცესი და მხოლოდ გავაკებისას ხვდები, რომ პატარა გოლგოთა გაიარე. არ არსებობს საფეხური, რომლის ზევით კიდევ სხვა საფეხური არ იყოს. ადამიანი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გადის გოლგოთაზე სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების დაუსრულებელ ციკლს. სწორედ ეს არის ქრისტიანობა.იმის გამოცდილება, თუ რა ძალა აქვს ჯვრის ნიშნის რწმენით გამოსახვას, სულიერად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს აქვს. ჯვარი დინჯად, აუჩქარებლად უნდა გადავისახოთ. არა ხშირად, - ცდილობენ, მაინცდამაინც სამჯერ მოასწრონ, - არამედ ხარისხიანად; როგორც ნაჩქარევად წაკითხულ ლოცვას არ აქვს ფასი, ასევე უსარგებლოა ჯვრის გადასასახად ხელის მოსწრებაზე ქნევა. მამები გვასწავლიან, რომ საკუთარი გულის ჯვარიც ჩვენთვის ლოცვისა და თაყვანისცემის ობიექტი იყოს, დღეში რამდენჯერმე უნდა მოვახერხოთ მის წინაშე ლოცვა და მისი ამბორი, რათა სხვა სიწმინდეების მიმართაც სწორი დამოკიდებულება გვქონდეს.
ჩვენი გამოხსნა ჯვრით მოხდა, უფლის უკიდურესი დამცირებით: მან ადამიანური ბუნება - მონის სხეული მიიღო და სოციალურ კიბეზე უმდაბლესი ადგილი დაიკავა. ეს პიროვნული ღმერთის ჩვენთვის გაკეთებული პირველი ზნეობრივი აქტი იყო, შემდეგი კი ის გახლდათ, რომ თავის ადამიანურ ბუნებას არასოდეს ეხმარებოდა თავისი საღვთო ბუნებით და ზნეობრივად ისე დაამარცხა ბოროტება, რომ ამ ბრძოლაში ღვთაებრივი ძალმოსილება არ ჩარეულა. იმიტომაც მოიკლა იგი, თორემ ღმერთს როგორ მოკლავდნენ. სხეული საჯიჯგნად მისცა, მაგრამ ზნეობრივად არ გატყდა, ბოლომდე გაწირა თავი, ყველა ის უბედურება განიცადა, რაც შეიძლება განიცადოს ადამიანმა, მათ შორის ყველაზე საშინელი - ღმერთისგან მიტოვებულობის განცდა. ვერც კი გავიაზრებთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე" (მთ. 27:46).
ამ საშინელი განცდის შემდეგ მოკვდა, მისი უწმინდესი სხეული საფლავში დაიდო, სულით კი ჯოჯოხეთში ჩავიდა. ეშმაკს ეგონა: აჰა, ეს წმინდა სული დავისაკუთრეო, - და ჩაყლაპა, როგორც ყლაპავდა ყველაფერს, მიიტაცა ქრისტეს სული. მაგრამ იმ თევზივით დაემართა, რომელსაც ეგონა, ჭია ჩავყლაპეო და ანკესზე კი აღმოჩნდა. ასეთი ანკესი იყო ღმერთი. მარტო ადამიანი ხომ არ არის ქრისტე, ის ყოვლისშემძლე ღმერთია. ჯოჯოხეთში მან პირველად გამოავლინა თავისი სრული ღვთაებრივი ძალმოსილება, შემუსრა ჯოჯოხეთი და ვინც თავისი ნებით ამოჰყვა, ყველა ამოიყვანა. უკვე ადამიანის გადასაწყვეტი გახდა, გათავისუფლდებოდა თუ არა ჯოჯოხეთისგან. შემდეგ აღდგა მკვდრეთით და ჩვენთვის თვალხილული გახდა ზნეობის გამარჯვება უზნეობაზე, სიცოცხლისა - სიკვდილზე.
ჯვარცმის ნაყოფი
სულ რამდენიმე ადამიანმა იხილა იგი, მაშ, რაღატომ გვჯერა? არავის სჯეროდა. როგორც კი არეოპაგში პავლე მოციქულმა აღდგომაზე დაიწყო ლაპარაკი, იმწამსვე დასცინეს. უცნაურია, ყველა მოციქული აქცენტს აღდგომაზე აკეთებდა და არა ჯვარცმაზე, რადგან ჯვარცმამ აღდგომის ნაყოფი გამოიღო. ეს წამგებიანი იყო ქადაგებისთვის, მაგრამ მაინც ქადაგებდნენ. თითქოს არავინ უჯერებდათ, მაგრამ ფაქტია - ჩვენ გვჯერა ის, რაც დაუჯერებელია. ეს იყო სამყაროში სერიოზული ბიძგი. ჩვენ დიდი საიდუმლოების მიმღებნი და თითქოს დამსწრენიც ვართ. ღმერთი მასში თანამონაწილეობის საშუალებასაც გვაძლევს, კერძოდ, ჩვენც პიროვნული გმირობა უნდა ჩავიდინოთ. ადამმა ღმერთს პიროვნულად უღალატა. ღმერთმა პიროვნული გმირობა ჩაიდინა და ადამიანად მოვიდა, შემდგომ ადამიანურ ბუნებას არ დახმარებია მისი ღვთაებრივი ბუნება და კიდევ ერთი გმირობა განახორციელა - ძე ღმერთმა ადამიანური ბუნებით ზნეობრივად დაამარცხა ბოროტება და შემდეგ გამოავლინა თავისი ძალმოსილება: ჯოჯოხეთი შემუსრა, აღდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა. ამაღლების საშუალებით სრულიად განიღმრთო ადამიანური ბუნება. ღმერთმა თავისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლე ნება გამოავლინა და ადამიანს უთხრა - სადაც მე ვარ, მინდა, შენც იქ იყო, მსურს და გელოდები და შენზეა დამოკიდებული, რას იზამო.ამისთვის ჩვენც ზნეობრივი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მართალია, ჩვენი ბუნება დაცემულია და ღმერთთან ყოფნას ეწინააღმდეგება, მაგრამ აღარ უნდა გვეშინოდეს, რადგან ქრისტეში ადამიანმა ანუ ახალმა ადამმა გაიმარჯვა, საღვთო საუფლოში მყოფობის ღირსი შეიქმნა და დაჯდა მარჯვენით მამისა. გესმით, რის შესაძლებლობა მოგვცა? - რომ ძველი ადამის ხეს მოვცილდეთ და ახალ ადამზე დავემყნოთ. ამისთვის ჩვენი ნებელობა უნდა გამოვავლინოთ, ზნეობრივი არჩევანი გავაკეთოთ. რომ არ შეგვიძლია ღმერთთან ყოფნა? ნუ შევშინდებით, მოვინდომოთ, რომ ამ ხის ნაწილები გავხდეთ; ვუერთგულოთ არა ტახტზე მჯდომ ყოვლისშემძლე, არამედ ჯვარცმულ ღმერთს, რომელიც არ ავლენს ძალმოსილებას, მხოლოდ სიმართლეა მისი ძალა; ეს ერთგულება მისი მცნებების აღსრულებით გამოვავლინოთ, მას დავემოწაფოთ. განსაცვიფრებელია მისი ერთ-ერთი მცნება: ვინც ჩემს ხორცსა და სისხლს ეზიარება, ის ჩემთან არის და მე - მასთანო: "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი დადგრომილ არს, და მე მის თანა" (იოან. 6:56), - ამბობს ჯვარზე დაკლული მაცხოვარი და მისი ხორცისა და სისხლის მიღებით ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე იწყება.
აი, ახალ ხეზე დამყნობის საოცარი საიდუმლო წამალი, რომელიც ასევე ჯვრიდან მოგვეცა და აღდგენილი, მაგრამ განახლებული ადამიანის ხორცსა და სისხლს გვაძლევს. პიროვნული ზნეობრივი არჩევანის, გოლგოთაზე მომკვდარი ღმერთისადმი უკიდურესი თავგანწირვის სანაცვლოდ მის უხრწნელ ხორცსა და სისხლს ვეზიარებით, იწყება ჩვენი ბუნების განახლება და ბუნებითად ღმერთთან ყოფნის შესაძლებლობა გვეძლევა. მართალია, გავაგრძელებთ ამ ცხოვრებას, გარდავიცვლებით, ჩვენი სხეული მიწაში წავა, მაგრამ არსობრივად ღმერთთან მყოფობის უნარი გვექნება, სულს მხოლოდ უფალთან ყოფნა კი არ შეეძლება, მისკენ სიხარულით გაფრინდება და როდესაც სამყაროს განახლების ჟამი დადგება, როგორი სულიც გვექნება, უფალიც ისეთ სხეულს მოგვანიჭებს, ჩვენს ბუნებას სრულად განაახლებს.
ეს ნაყოფი გამოიღო ჯვარმა და ჯვარზე სიკვდილმა. ამიტომ ზიარების დროს არასოდეს დაგვავიწყდეს, ჯვარცმის ნაყოფის მიღების ღირსნი რომ შევიქმნათ, ჯვარცმულს უნდა ვუერთგულოთ ზნეობრივი არჩევანით - ღმერთო, მე შენთან ყოფნა მინდა, შენი ერთგული ვარ გოლგოთაზე, მზად ვარ, შენთვის მოვკვდე, მცნებები აღვასრულო. ამისათვის ჩემს ბუნებას ვწირავ; თუნდაც ხვალ თავი მომჭრან და გამატყავონ, არ გიღალატებ! ამ შემართებით რომ ვეზიარებით, მაშინ მართლა ვეზიარებით, თორემ გულგრილი ადამიანი არაფერში ვარგა. ასეთი ქრისტიანი ზიარებისას შოშიასავით აღებს პირს და თვლის, რომ ღმერთს ეზიარა. ასე ადვილი რომ იყოს უფალთან ზიარება, ყველას ფრთები გვექნებოდა, ანგელოზები ვიქნებოდით, ლოცვისას ხელებს რომ აღვაპყრობდით, ზეცა გაიხსნებოდა. მთები გადაადგილდებიანო, მკვდრები გაცოცხლდებიანო, სნეულნი განიკურნებიანო, ხომ თქვა უფალმა? რატომ არ ხდება ეს? იმიტომ რომ ნელთბილი ქრისტიანები ვართ.
თუ ზნეობრივ არჩევანს გავაკეთებთ, ჯვარცმულს ვუერთგულებთ, ისე, რომ მისი გულისთვის მოწამეობისთვისაც მზად ვიქნებით, მაშინ გახდება ჩვენი ლოცვა ლოცვა, მაშინ ჭეშმარიტად ვეზიარებით უფალს და მივხვდებით იმასაც, რას ნიშნავს ჯვრის თაყვანისცემა.
მოამზადა
მარი აშუღაშვილმა