მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)
ნუ განიკითხავ
გავიდა დიდი მარხვის პირველი კვირა.
ალბათ უკვე იგრძენით ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ალბათ ბევრი ისეთი რამაც ხდება, ადრე რომ არ შეგიმჩნევიათ. ამიტომ დღეს ცოტა რამეს გეტყვით, თუ რა ხდება მარხვისას ადამიანის ცხოვრებაში.ადამიანი მარხვას რომ შეუდგება, ბევრ წინააღმდეგობას აწყდება: ეჩხუბებიან, ზოგი სულ ტყუილად აუხირდება, მაინცდამაინც მაშინ გამოუჩნდება ისეთი კერძები, რომლებსაც მანამდე შეიძლება ნატრობდა კიდეც.
რატომ ხდება ასე?
შევეცდები, აგიხსნათ.
მარხვა უფლისადმი ერთგულების გამოხატვაა. რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, წამომდგარნი ისევ უნდა შევეცადოთ გზის გაგრძელებას. ზოგჯერ ადამიანი მარხვას სიწუწკის გამო არღვევს. ასე ამჟღავნებს ამქვეყნიური სიამეების სიყვარულს. მაგრამ ადამიანს ამან ხელი არ უნდა ჩააქნევინოს. განა ლაფში ჩავარდნილი გააგრძელებს იქ წოლას, თუ წამოდგება და განიწმინდება?! აი, ასე უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაშიც. უფალმა მოგვცა შესაძლებლობა მონანიებისა, რაც თავისთავად გვაძლევს იმის შანსს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ისევ შევუდგეთ მარხვას. წავიქცევით? უნდა წამოვდგეთ! ისევ წავიქცევით? ისევ წამოვდგეთ და ასე გავაგრძელოთ, სანამ მყარად არ დავდგებით ფეხზე. განა ბავშვსაც ასე არ მოსდის, სიარულს რომ სწავლობს?! რამდენჯერ დაეცემა იგი ამ დროს?! ხან თავს მიარტყამს, ხან ხელს იტკენს, ხან ფეხს, მაგრამ ბოლოს მაინც სწავლობს სიარულს. სულიერებაშიც ზუსტად ასეა. ჩვენი ერი ძალიან სუსტია სარწმუნოებაში. შეიძლება ეს მთლად ჩვენი ბრალიც არ იყოს. ჩვენს სარწმუნოებას ხომ ყველა ავიწროვებდა! დღესაც ასე გრძელდება. მართლმადიდებლობა ერთ-ერთი რელიგიაა თურმე, რომელიც მსოფლიოს ყველაფერში უშლის ხელს. ხომ გასაგებია, რაც ხდება! მსოფლიოს, ე.ი. "ამა ქვეყნის თავადი", კარგად მოგეხსენებათ, ვინც არის, მართლმადიდებლობა კი ღვთისთვის სათნო აღმსარებლობაა და ამიტომაა, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ყველასთვის ხელისშემშლელები ვართ. მთელი მსოფლიო აღმდგარია ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ ხილული მტრების გარდა, ადამიანს მარხვაში უხილავი მტრებიც ებრძვიან. ძალიან ბევრი მეუბნება:
- როგორც კი მარხვა დავიწყე, განსაცდელს განსაცდელი მოჰყვა ჩემს ოჯახშიო. ერთი სიტყვით, ისეთი გარემო ექმნებათ, ვერაფრით ლოცულობენ. ამას კი აწყობს ბოროტი, რადგან მარხვა რომ დაიწყეთ, ე.ი. უფლისკენ მიიხედეთ, ეს კი ნიშნავს, რომ დაგმეთ ეშმაკი და ხელიდან ეცლებით. ისიც ცდილობს სხვადასხვა დაბრკოლებით დაგაბრუნოთ ძველ ცხოვრებაში, ხელი აგაღებინოთ განწმენდაზე. აგზავნის სხვადასხვა ადამიანს, რომლებიც გაღიზიანებენ. მაგრამ იცოდეთ: ამ ადამიანებმა არ იციან, ეშმაკის იარაღები რომ არიან - ეშმაკი ამას ისე აკეთებს, რომ ადამიანი ვერ გრძნობს, თუ ვინმე აკეთებინებს. ამიტომ მათ კი ნუ გადავემტერებით, არამედ ეშმაკს დავუპირისპირდეთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვები, არ უნდა დათმოთ. ბევრი ამბობს, თუ არსებობს ეშმაკი ან ღმერთი, დაგვენახოსო. ერთი სცადეთ და შეუშვით თქვენში აზრი, რაც არ გინდა, ის გააკეთო და უცებ იგრძნობ, ვიღაც რომ გაიძულებს ამის გაკეთებას. ეს უხილავი ძალაა, ადამიანი ვერ ხედავს მას, მორწმუნე კი მას გრძნობს.
ზოგჯერ ლოცვისას ადამიანი უცებ გრძნობს, რომ ღმერთამდე ავიდა მისი ლოცვა, ღრუბლები გააპო, გაუთბა გული და სიხარული შემოვიდა მასში. მაგრამ არის პირიქითაც, როცა ადამიანი გულს ვერ უდებს ლოცვას, გაღიზიანებულია, რაღაცა ხელს უშლის. ადამიანი ვერ ხედავს და იმ მომენტში, როცა ის კარგად ლოცულობს, ანგელოზები არიან მის გარშემო და არ უშვებენ მასთან ბოროტს, რათა მლოცველმა იგრძნოს ლოცვის ძალა. მაგრამ როცა გაძლიერდება, მერე მასთან ხანდახან უშვებს ეშმაკს, რომ ადამიანი მას თვითონ მოერიოს. პატარა ბავშვი როცა სიარულს სწავლობს, თავიდან მასაც ხელით დაატარებენ, მერე უშვებენ და აძლევენ საშუალებას, დაცემის შემთხვევაში თვითონ წამოდგეს. ანგელოზები როცა გვმფარველობენ, ადვილია ჩვენთვის, მაგრამ მერე, ხელს რომ გვიშვებენ, ვმძიმდებით, მაგრამ ეს აუცილებელია ჩვენივე გამოწვრთნისათვის.
ხშირად თავს იმართლებენ, - უგუნებოდ ვარ და ვერ დავაძალებ თავს ლოცვასო.
გუნებაზე კი ადამიანი მაშინაა, როცა მასთან ანგელოზია. მაგრამ ეს უკვე მისი ღვაწლით კი არ ხდება, არამედ ანგელოზის შემწეობით. ღვაწლი კი ისაა, როცა ადამიანი თავს დააძალებს ლოცვას, მოერევა საკუთარ თავს და აიძულებს, მაინც ილოცოს.
როგორც გითხარით, მარხვისას ხშირად ახლობლებიც გვესხმიან თავს. აღიზიანებთ ჩვენი ლოცვები. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
მოთმინებით და რუდუნებით, ასე თანდათან უნდა ხდებოდეს ადამიანის მოქცევა.
ერთხელ ერთი გოგონა მოვიდა ჩვენთან მონასტერში. დედამისი თავის მოკვლით იმუქრებოდა, ვერაფრით დავამშვიდეთ. მისი მნახველი ვერავინ დაიჯერებდა, ის ქალი ოდესმე თუ მოიქცეოდა, მაგრამ დღეს ეს ქალი ტაძრიდან არ გამოდის. დრო სჭირდება ყველაფერს და თავისებური მიწოდება. მაინც როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? ილოცეთ ღვთისადმი, რომ იმ ადამიანსაც გაეხსნას ლოცვის სურვილი. საერთოდ კი, ადამიანები, იმის მაგივრად, რომ ილოცონ ერთმანეთისთვის, მხილებებს იწყებენ და უფრო აღიზიანებენ მათ.
ეს იმას ჰგავს, მთვრალ კაცს ჭკუის დარიგება დაუწყო. გააგებინებთ რაიმეს, თუ არა?! ამით ხომ უფრო გააღიზიანებთ! ყველაფრის თქმას ტაქტი უნდა.
თუ ურწმუნონი შვილები არიან, დედებმა უნდა ილოცოთ შვილებისთვის. დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა გააჩნია. თუ გულით ვილოცებთ, მათაც მოვაქცევთ.
მაგრამ არის ძალები, რომელნიც აღემატებიან ადამიანის შესაძლებლობებს. ამისათვის არსებობს ღვთისმშობელი, წმინდა ნიკოლოზი და სხვა წმინდანები. ვთხოვოთ მათ შემწეობა და დაგვეხმარებიან. მორწმუნე მლოცველის ლოცვა შვიდ წინა და სამ მომავალ თაობას სწვდება. ბევრი კითხულობს, როგორო!
როგორ და, სინდისით. მლოცველი ადამიანის შთამომავლობა რეაგირებს სინდისზე და როცა ცუდი რამის გაკეთება უნდა, შინაგანი ხმა, სინდისი, ახსენებს თავს და არ უშვებს ამის გასაკეთებლად. თუ ადამიანს არავინ ჰყავს ასეთი მლოცველი, ნამუსი იკარგება, იწვება მასში.
ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ყველაზე უნდა ვილოცოთ. არავინ იცის, ვის როგორი აღსასრული ექნება. ამბობენ, სასუფეველში მოხვედრილ კაცს უწინარესად გაკვირვება ეუფლება, რადგან იქ ვერ დაინახავს იმას, ვისაც ელოდა და ნახავს იმას, ვისაც არ ელისო.
იყო ერთი ბერი, მსმელი. რომ გარდაიცვალა, ყველამ ჩათვალა, რომ იგი ჯოჯოხეთში მოხვდა. იწყეს მისთვის პანაშვიდების გადახდა. შესთხოვა ერთხელაც მონასტრის წინამძღვარმა უფალს, გაეხსნა მისთვის, სად მოხვდა მეღოდარი ბერი და ღამით სიზმარში ხედავს სასუფეველში გაბრწყინებულ თეთროსან ბერს.
მანდ როგორ მოხვდიო, ჰკითხა. იცით, რა უპასუხა ბერმა - სიცოცხლეში არავინ განმიკითხავს და ღმერთმა არც მე განმიკითხაო.
დღეს ადამიანები სულ განკითხვებში ვართ.
ცოდვილი ეცოდება ღმერთს, მართალი კი უყვარს და ისმენს მისას. ამიტომ მორწმუნემ არასოდეს უნდა ითხოვოს ღვთისგან ვინმესთვის ისეთი რამ, რასაც თავისთვის არ ისურვებდა. არ შეიძლება, მორწმუნემ სხვას ცუდი უსურვოს. ქრისტიანი სწორედ იმით უნდა განსხვავდებოდეს სხვებისგან, რომ თავის მაჭირვებელზე ლოცულობდეს. არ უნდა შეგვიპყროს შურმა. ღმერთმა თვითონ იცის, ვის რა მისცეს. ადამიანის სურვილებს ხომ საზღვარი არა აქვს. კაცს რომ ერთი მილიონი მისცე, მეორესაც მოითხოვს. იმას კი ვერ იგრძნობს, რომ ამით თავს იმძიმებს. ორი ძმა მონასტერში წავიდა და ერთხელ, სადღაც რომ გარბოდნენ, გზაზე ოქროთი სავსე ქისა იპოვეს. ერთი ძმა ოდნავ შეყოვნდა, მეორე გადაახტა და განაგრძო სირბილი, მეორე კი შეჩერდა, აიღო ქისა და ისე გაიქცა. ააშენა უამრავი მონასტერი და მერე ძმას დაახარბა: - ნახე, ღვთისთვის რამდენი რამ გავაკეთეო. ძმამ არაფერი მიუგო. მაშინ გამოეცხადა უფალი და უთხრა: - შენი ძმა ამ ხნის განმავლობაში ჩემთან იყო, შენ კი სული დაიმძიმე იმის ფიქრით, სად რა აგეშენებინაო.
ასე რომ, არავინ იცის, ვინ უფრო სათნო საქმეს იქმს და ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს.
მორწმუნეს შეუძლია, უამრავი აცხოვნოს. ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა, როცა ვინმე გიმტრობთ და ამ მტრობაზე მტრობით არ უპასუხებთ.
იტვირთეთ ერთმანეთისა და ლოცვით შეავედრეთ ერთურთი ღმერთს, რომ დაითრგუნოს ეშმაკი და იზეიმოს მართლმადიდებლობამ.
ლაგოდეხი, 1998 წ. მარტი,
"თანაგრძნობა", 1998 წ.
"თანაგრძნობა", 1998 წ.