"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი
09.04.2020
დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს,
- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელმა განაცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს.
"ჩვენი მთავარი ფასეულობა იყო მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შემდეგი სიტყვებით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ამ ფასეულობებმა მოგვიყვანა დღემდე და გადაგვარჩინა, ეს გვიცავს დღესაც. მადლობა ღმერთს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო სცილდება ამ ფასეულობებს და მსოფლიოს დიდი ნაწილი ცხოვრების ახალი წესით აგრძელებს თავის მოღვაწეობას, დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიემართება ჩვენი ერი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ იგი არ ღალატობს უფალს, თავის ფასეულობებსა და სწორედ ამის განმტკიცებაში უდიდესი როლი შეასრულა ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ჩვენმა სულიერმა მამამ, კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ. ამ ფასეულობების გარშემო გამთლიანება ჩვენი ერის უდიდესი ძალაა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს ჩვენი ერი, რადგან როგორც ბიბლიური სწავლების მიხედვით ვიცით, განსაცდელები უფრო გაიზრდება და გაძლიერდება, ბოლო ჟამი რაც უფრო მოგვიახლოვდება. ამ ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟამის დადგომის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არის ის, რაც გამოცხადებაში ნათქვამია, დაიწყება განსაცდელები, რომელიც "ერთდროულად მოიწევა ყოველსა სოფელსა ზედა", ანუ მთელს მსოფლიოს ერთდროულად ერთი და იგივე განსაცდელი დაუდგება. მსგავსი რამ ბოლო საუკუნეებში მიახლოვებული ყოფილა, მაგრამ ამ მასშტაბის, რაც დღეს ხდება, ჩვენ არ გვქონია და ეს სწორედ ამის ნიშანია.
ეს იმას მიუთითებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ ლოცვასა და მარხვაში, რადგან ღვთის გარეშე შეუძლებელია ბოროტი ძალის წინაშე გამკლავება, მისი დამარცხება და სწორედ ამ მისიას ემსახურება დღეს პატრიარქი, რომ ჩვენს ერში აღადგინოს ის დიდი ტრადიცია, დიდი კულტურა ღმერთთან მჭიდრო კავშირის თაობაზე. ჭეშმარიტად, ჩვენ მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს. დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს",-აცხადებს მეუფე დანიელი.
როგორც მან დასძინა, დღეს ზოგიერთი ადამიანის რწმენა მტკიცე არ არის, თუმცა მეუფე დანიელი დარწმუნებულია, რომ "თანდათანობით ყველა ადამიანი უფალს ადიდებს".