საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (07.07.2019)
08.07.2019
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. ,,ღირსების მარშის" ჩატარების ხელახლა დაანონსებას
დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "პრაიდის" ორგანიზატორები და LGBT წარმომადგენლები, ამას რაიმე სახის ექსცესი არ გამოუწვევია; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ, როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება; მაგრამ, როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი ,,ფასეულობების" პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მიიჩნევს, რომ ე. წ. ,,პრაიდი" არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ შორსმიმავალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია და მიმართულია ერთნაირსქესიანთა ,,ქორწინებისა" და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ.
მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. ,,პრაიდის" ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას. შევთხოვთ ღმერთს, შეგვეწიოს, რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს.