2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეში უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
ილია II-მ ბრძანა:
"საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.
ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, - უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და მესხეთ-ჯავახეთში) ჯიშები ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.
საჭიროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება და სწორ ორიენტირებს დავუბრუნდეთ. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული."
სწორედ ასეთი გულანთებული ადამიანები არიან პროექტ "გემოვანის" დამფუძნებლები, რომელთაც პატრიარქის კურთხევა საქმედ აქციეს და პურ "მზეთამზეს" წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.
ჩვენი სტუმარია პროექტ "გემოვანის" თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეშვილი:
- გვიამბეთ პური "მზეთამზეს" შექმნის ისტორია, როგორ გაჩნდა ამ პურის წარმოების იდეა და როგორ განხორციელდა?
კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი დიდი მიღწევა ხორბლისგან პურის და ყურძნისგან ღვინის მიღებაა. ჩვენს სამშობლოს ამ ორი კულტურის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და გარდა მათი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცის და სისხლის სიმბოლოდ აღიქვამდა. მართლმადიდებლობა იყო ის რამაც მიუხედავად ურთულესი ისტორიისა ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა.
ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება მიექცა ქართული ყურძნის ჯიშების აღდენას, ღვინის ქართული მეთოდით დაყენებას და შედეგიც საკმაოდ დიდია. დღითიდღე იზრდება ქართული სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება.
ბევრმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ 2015 წელს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა ქართული ჯიშის ხორბლით, რომელიც სრული გაქრობის პირას იყო, მაგრამ სულ რამოდენიმე ადამიანის წყალობით ჯერ კიდევ მოიპოვებოდა მცირე რაოდენობა, დაგვეწო პურის ტრადიციული მეთოდით წარმოება. პურს "მზეთამზე" დავარქვით იმიტომ, რომ პირველი ხორბლის შესყიდვა ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზედან განვახორციელეთ.
დღეს, ამ გადმოსახედიდან ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება ის ურთულესი გზა, რომლიც ამ პერიოდში გავიარეთ. სასწაულებიც ვნახეთ და დღეს სახეზე გვაქვს ახალი, ქართული, გემრიელი, სასარგებლო პური მზეთამზე, რომლის ცნობადობა და შესაბამისად მოთხოვნაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ტემპით იზრდება. ანალოგიურად იზრდება ქართული ჯიშის ხორბლის მოყვანა. პური "მზეთამზე" ცხვება მხოლოდ საქართველოში მოყვანილი, ქართული ჯიშის ხორბლით, ბუნებრივი საფუარით და ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- თქვენი საქმიანობა პატრიარქმა აკურთხა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პურის წარმოება მხოლოდ კომერციული არ არის. რა გითხრათ უწმინდესმა, რა მნიშვნელობა აქვს ამ პურის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის?
- ჩვენი საქმიანობის დასაწყისშივე აღმოვაჩინეთ ამონარიდი საქართველოს კათალიკო-პატრიარქის ილია მეორეს 2009 წლის საშობაო ეპისტოლედან. სადაც იგი საუბარობს ქართული ჯიშის ვაზის, ხორბლის და საერთოდ აგრო-სასურსათო პროდუქტების პერსპექტივებზე ქვეყნის შიგნით და ასევე მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ეს სიტყვები გახდა ჩვენი მამოძრავებელი ძალა, რასაც მოყვა იდეა, რომ გვემუშავა ქართული ჯიშის სურსათის განსხვავებული შინაარსის ნიშნით წარმოების და პოზიციონირების მიმართულებით. შევქმენით და დავარეგისტრირეთ სავაჭრო ნიშანი "გემოვანი".
ის განსაზღვრავს ქართული ჯიშის ბიო-პროდუქტს და დაფუძნებულია შემდეგ ლოგიკაზე: ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მოკიდა ხელი და გააშენა ვენახი. ისიც ცნობილია, რომ ვენახის სამშობლო საქართველოა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე, რასაც დღეს საქართველო ქვია, გავრცელდა ის ყველა და ყველაფრის ჯიში, რომელიც ნოემ წარღვნამდე შეარჩია და ეს იყო საუკეთესო იმ დროს არსებულთა შორის.
"გემოვანი" არის ნიშანი, რომელიც აერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტებს.
ამ ნიშანს დღეს მხოლოდ პური "მზეთამზე" ატარებს. გარკვეული დროში "გემოვანი" გახდება ქოლგა სავაჭრო ნიშანი, რომელშიც გაერთიანდება სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის თუ სხვა შინაარსის სავაჭრო ნიშნები და მისი გაცემა დაკავშირებული იქნება წარმოების ხარისხის კონტროლთან. ამისთვის 2017 წლიდან ვაკეთებთ აგრარულ ბაზარს თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ქარვასლის შენობაში და მის მიმდებარედ, რომელიც ყოველ შაბათს იმართება და ეს გარკვეუწილად არის ინსტრუმენტი სადაც ჩვენ ვცდილობთ ქართული ჯიშის ბიო-პროდუქტების თავმოყრას მათი შემდგომი სტაბილურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობისთვის.
ვმუშაობთ აგრო-ტურიზმის მიმართულებითაც, სადაც სოფლის მოსახლეობა "გემოვანი" სურსათით უმასპინძლედება ძირითადად ევროპელ და ამერიკელ სტუმრებს. ისინი დაინტერესებული არიან ქართული ფოლკლორით, მეურნე ოჯახების რეალური ყოფით და უბრალოდ დასვენებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავაკეთეთ სათესლე და საჯიშე მეურნეობები, სადაც რეალურ სოფლის პირობებში ვამრავლებთ: ქართულ ღორს, კოლხურ თხას, მსხვილფეხა პირუტყვს, ქათამს, ცხვარს, ხორბალს, სიმინდს, ნიორს და სხვა კულტურებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი წარმოებაში ჩაეშვება.
მთელს ამ ექსპერიმენტს "პროექტი გემოვანი" დავარქვით, მაგრამ 2018 წლიდან, როდესაც უწმინდესს გავლილი სამი წლის ანგარიში ჩავაბარეთ, საპატრიარქოში დაფუძნდა გაერთიანება "საპატრიარქოს "გემოვანი", რომელიც პასუხისმგებელია ქართული ჯიშის ბიო-პროდუქტების წარმობის და რეალიზაციის ხელშეწობაზე. სხვათა შორის, ეს სახელი "საპატრიარქოს გემოვანი" - თავად პატრიარქმა დაარქვა მას.
გაერთიანების ხელმძღვანელად იღუმენი ნიკოლოზ გვარიალინი დაინიშნა. ის ჩვენი გუნდის წევრია და გვჯერა, რომ ერის და ბერის ერთობით, სოფლის და მონასტრის გაერთიანებით, უწმინდესის კურთხევით და ჩვენი ქვეყნის გაბრწყინების რწმენით ეს ყველაფერი დიდ მაშტაბებს მიიღებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სოფელს დაუბრუნდება, რესურსებს გააერთიანებს, სასარგებლო და კონკურენტუნარიან პროდუქციას შექმნის, საერთო ნიშნით ეფექტურად პოზიციონირდება შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე და წვლილს შეიტანს ქვეყნის სწორად განვითარებაში. აქვე ვიტყვი, რომ პური "მზეთამზე" -ს მოგების 10 % საქართველოს საპატრიარქო მიიღებს. გვინდა, რომ წესად დავნერგოთ, როგორს ეს ბიბლიურად არის. ეკლესიას მეათედი ეკუთვნის და ასე იქნება ყველა მიმართულებაში რომელიც ამ პროექტში იქნება ჩართული.
- როგორც ვიცით, ხორბალი, რომელიც პურის წარმოებისთვის გამოიყენება, ძირითადად მონასტრების მეურნეობებში მოჰყავთ.
- საქმიანობის დასაწყისში ხორბლის ძირითადი რაოდენნობა მონასტრებში ვიპოვეთ, რადგან ისისნი პატრიარქის კურთხევით ამრავლებდნენ მათ. ნელნელა მოსახლეობაც დღეს ბევრ კერძო მეწარმე ფერმერთან ვთანამშრომლობთ. ჩანასახის ფაზაშია წალკის რაიონში სოფელ ბერთაში მონასტრის და სოფლის მოსახლეობის გაერთიანებული მეურნეობა, სადაც ხორბალია დათესილი. გვინდა, რომ ამგვარ გაერთიანებებს ჩავუყაროთ საფუძველი და ვაჩვენოთ ხალხს, რომ ცალცალკე მოღვაწეობას ერთობა ჯობია.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს პურს და როგორ ახერხებთ თქვენ ამის მიღწევას?
- პირველ რიგში პური უნდა იყოს ნატურალური. ეს იმას ნიშნავს, რომ არც თესვისას, არც მისი დაფქვისას და არც ცხობისას არაბუნებრივი და ქიმიური ნივთიერებებით ჩარევას ადგილი არ უნდა ქონდეს. ასეთი პური ჯერ გემრიელია, მერე სასარგებლოა, ყუათიანია და დიდხანს ინახება. ამ პურის სისტემატიურად მიღების შემდეგ ადამიანები სხადასხვაგვარ შვებას განიცდიან, მადლობას გვეუბნებიან და ამბობენ, რომ ჯანსაღ სურსათში ცოტა მეტის გადახდა ჯობს ვიდრე დაბალფასიანის და მავნეს, თან აფთიქის ბიუჯეტს დაზოგავთ. რას ვჭამთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ფიზიკური ასევე სულიერი მდგომარეობისთვისაც.
- რა უპირატესობა აქვს საქართველოში დამზადებულ ფქვილს იმპორტირებულ ფქვილთან შედარებით?
- ქართულმა ხორბალმა, რომელიც უძველესი ჯიშების შთამომავალია, საუკუნეების მანძილზე ბევრ სირთულეს გაუძლო. გვაქვს ჯიშები, რომლებიც ზღვის დონიდან 2200 მერტზეც მოდის. აქედან გამომდინარე, მას აქვს მაღალი იმუნიტეტი. ის ადვილად ეგუება სხვადასხვა ბუნებრივ პირობებს და სტაბილურად ინარჩუნებს ჰექტარზე საშუალოდ 2-3 ტონა მოსავლიანობას. მაშინ როცა ჭარბმოსავლიანობაზე ორიენტირებული ჯიშები 5 ტონა და მეტიც მოდის. მაგრამ ბოლო წლებში აღმოჩნდა, რომ გლობალურად კლიმატის ცვლილების გამო ბევრ ქვეყანას უფრო და უფრო მცირე მოსავალი აქვთ. მათი გამოსავალი სწორედ ჩვენს ენდემურ ძველ ჯიშებშია. ცოტა ხანში ეს იქნება ყველაზე მოთხოვნადი სათესლე მასალა მთელს მსოფლიოში. ხოლო ბუნებამ მათი ენდემურობით "საავტორო უფლებები" დაიცვა ჩვეს სასარგებლოდ. ასევე მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა ამ ხორბლებისგან მიღებული ფქვილი და მისგან გამომცხვარი პური. მითუმეტეს ქართველებისთვის ქართული ჯიშის პური გენეტიკურადაც უმნიშვნელოვანესია.
- საფუარი, რომელსაც დღეს პურის მწარმოებლები დიდი რაოდენობით იყენებენ პურის ცხობისას, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მავნე პროდუქტია. თქვენ როგორ აგვარებთ ამ პრობლემას?
- ჩვენი პური მხოლოდ ბუნებრივი საფუარით, პურის დედაზე მზადდება. "საფუარი" ეს ბაქტერიაა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ფქვილის და წყლის ნაზავით, სპეციალური მოვლის პირობებში მიიღება. ამ წესით მომზადებული პური გაჯერებულია B ჯგუფის ვიტამინებით, მაღალი ენერგეტიკული ღირებულებისაა და შეიცავს ყველა საჭირო მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. სულ მალე სოფელ ბერთას მონასტერში გაიხსნება პროფესიული სასწავლებელი, სადაც პირველი დისციპლინა პურის სწორედ ასეთი ტექნოლოგიით წარმოება იქნება.
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან თქვენ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის პური?
- ჩვენს პურებს განასხვავებს ხორბლის ჯიშები, ესენია: წითელი დოლი, დიკა, ლომათაგორა. იშვიათად გვაქვს შავფხა, რომელსაც ვაკუპაჟებთ სხვა ხორბლებთან. ასევე განსხვავებულია დაფქვის ტექნოლოგია. ვფქვავთ, როგორც ფრაქციებად, ასევე ცეხვილად, სადაც ხორბლის მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი. ასევე ვაცხობთ პურს მხოლოდ ჭვავის ფქვილით.
- რას ჰპირდებით მომხმარებელს, რომელიც ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ პირველად დააგემოვნებს "მზეთამზეს"? აქვს თქვენს პურს რაიმე განსხვავებული? შედის თუ არა თქვენი პური ცნობილი სუპერმარკეტების ქსელებში?
- პირველ რიგში ვპირდებით, რომ შეიგრძნობენ პურის ნამდვილ არომატს და გემოს, აგრეთვე ყველა იმ სიკეთეს, რომელიც პურს უნდა მოჰქონდეს ჩვენთვის. ეს პური შეიცავს ყველა იმ სასარგებლო მიკროელემენტსდა ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხარისხიან პურში უნდა იყოს. გემოსთან და სასარგებლო თვისებებთან ერთად, ჩვენს პურს სხვა ანალოგიური პროდუქტისგან განსხვავებული შინაარსი აქვს, რაზეც ამ ინტერვიუში გიამბეთ. სამომავლოდ უფრო ინტენსიურად ვაპირებთ მოსახლეობის ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც სიხარულიც მოაქვს.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- მთავრი გეგმაა, აღვადგენოთ საქართველოს ისტორიული აგრარული ფუნქცია. მსოფლიო დონეზე წარმოვაჩინოთ იგი, როგორც პურის და ღვინის, ასევე სხვა სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, უძველესი ტრადიციებისა და ცოდნის კერა.
ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, ქართული ხორბლით შიდა ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ექსპორტი აღვადგინოთ. ვაპირებთ ამ ყველაფრის სახელმწიფო სტრატეგიის დონეზე დაყენებას.
სოფლის მეურნეობა ერთადერთი საშუალებაა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.