ერთად გავწმინდოთ ეკლესიაზე არსებული შავი ლაქა, რომელიც მათი ცხოვრების მუდმივ შავ ლაქად იქცევა, თუ არ შეინანებენ
2019 წლის 16 იანვარს, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარის გარე ფასადზე,
რომელიც რუსთაველის გამზირის მხარესაა ვანდალური ქმედება დაფიქსირდა! თუ შეიძლება ამას უწოდოთ ვანდალიზმი!? ვფიქრობ უფრო მეტია, ვიდრე ვანდალობა, რადგანაც ტაძრის გარე კედელი, შავი საღებავით არის შეღებილი. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე ამის შესახებ "კარიბჭესთან" საუბრისას განმარტავს. - რატომ შავით? ამ ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყალიბდება დესტრუქციულ-ლიბერალური ჯგუფები, რომელთათვისაც, არ არსებობს ტრადიციული ფასეულობები. ასევე ნიშანდობლივია, ეკლესიის მიმდებარე, საფეხმავლო ბილიკზე ამოტვიფრულ შოთა რუსათაველის აფორიზმებსაც, რომელიც ქართველებისთვის და არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მსოფლიო ინტელექტუალურ საზოგადოებებშიც არის უპირველესი სიბრძნე, ანალოგიური საღებავით არის დაზიანებული. მკითხველმა გააკეთოს ამის ანალიზი რატომ მხოლოდ ეკლესია და ეს ლიტერატორული სიბრძნე? როგორც თავში აღვნიშნე, საქართველოში ძალიან გაძლიერდა მსგავსი ტიპის დემონიზირებული დაჯგუფებები. არ მინდა ამ ფაქტის დრამატიზება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რადგანაც თავად ეს მოქმედება ამაზე მეტყველებს.
მსგავსი შეურაცმყოფელი ფაქტები რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკშიც დაფიქსირდა: ეკლესიის გარეთ არსებული ხატები და ფრესკები დააზიანა დემონიზირებულმა დაჯგუფებამ. სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში მიდის ასეთი მოძრაობები. როგორც დოსტოევსკი ამბობს ძმებ კარამაზოვებში, ეშმაკის საუბარი ივანთან: "ჩვენი უმთავრესი მიზანი არის, მთელს მსოფლიო ხალხებში, ღმერთის იდეა მოისპოს. ამის შემდეგ "თავისუფალი" ხალხი მიაღწევს ტიტანურ დამოუკიდებლობას და შეეცდება ღვთის დანაპირებ სასუფეველზე უფრო მეტი "ნეტარება" შექმნან დედამიწაზე, მაგრამ ივან, როდის დადგება ეს დრო?!" პასუხი თეოდორ დოსტოევსკის ჩვენგან: დადგა ეს დრო ბრძენო! დავიწყეთ ღმერთის არა იდეის, არამედ რეალური დიდების ჩვენგან განდევნა. ჩანს, დღეს ღმერთი აღარ სჭირდებათ! მერაბ მამარდაშვილის ლექციიდან მახსენდება ასეთი ფრაზა,რომელიც ამ უდიდესმა მოაზროვნემ წარმოსთქვა: "ერთ -ერთმა რაბინმა ასეთი რამ თქვა: რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას, განკითხვა, რომ არ ყოფილიყოო!" . ასეა ნამდვილად. ადამიანები დაკარგავენ, ადამიანობას! აი ქრისტიანი მამები კი ამის შესახებ უფრო მკაფიოდ ბრძანებენ: "ადამიანი პიროვნება,ვერ გახდება, ქრისტეს გარეშე!" რას ნიშნავს პიროვნება? ეს უკვე ცხონებაა და ღმერთში ნეტარების დაწყება, თავად ამ წუთისოფლიდან.
მე, ერთ-ერთი მძიმე რისკის მქონე საპატიმროს მოძღვარი ვარ. ვიცი, თუ როგორ მოელიან მსჯავრდებულები მოძღვრის გამოჩენას და რა მტკივნეულია მათთვის მსგავსი ფაქტები. თავად ეს ადამიანები, საპატიმროს ეკლესიას რუდუნებით უვლიან და იმას სცდილობენ გაამშვენონ და ბევრი რამ შეჰმატონ მას. სინანული განწმენდს ყოველ ჩენს შეცოდებას. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელყვეს ეკლესია, მოვიდნენ და შეინანონ. როგორც მოძღვარი მათ სიხარულით მივიღებ. ერთად გავწმინდოთ ეკლესიაზე არსებული შავი ლაქა, რომელიც მათი ცხოვრების მუდმივ შავ ლაქად იქცევა თუ არ შეინანებენ.