მცხეთის ჯვრის მონასტის დაკეტვა გარემოვაჭრეებს უკავშირდება
14.01.2019
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით,
მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო.
მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან.
"მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამძღვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს", – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.