გულდასმით წავიკითხე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი და შევადარე იგი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის(!)
ტომოსსა და აგრეთვე საქართველოს ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობის სინოდურ განჩინებას.
კიდევ ერთგზის დავრწმუნდი, თუ რაოდენ უდიდესია მნიშვნელობა, ისტორია და სამოციქულო მემკვიდრეობა საქართველოს უძველესი ეკლესიისა.
უპირველესად, ამ მხრივ, ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ფრაზამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ტომოსში, სადაც კონსტანტინეპოლის ეკლესია წერს: "ვცნობთ მას (საქართველოს ეკლესიას), როგორც ჩვენს სულიერ დას...", ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში, კონსტანტინეპოლის ეკლესია წერს: "ჩვენ ვცნობთ და ვაცხადებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენს სულიერ შვილად..." კონსტანტინეპოლის ეკლესია თავის სულიერ დად, ე.ი. თანასწორად სცნობს საქართველოს ეკლესიას, ხოლო უკრაინის ეკლესიას აცხადებს თავის სულიერ შვილად, ე.ი. რეალურად არათანასწორად.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ტომოსში ჩაწერილია: "ასეთივეა კავკასიის კურთხეულ მიწაზე, ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალი წმიდა და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი განმგებლობა და შესაბამისად, საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაცია... სინოდის გადაწყვეტილებითა და სული წმიდით განათლებულნი ვაცხადებთ საქართველოს უწმიდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზმებით, რაც უძველესი დროიდან გააჩნდა და რაც დამოწმებულია აგრეთვე ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: "ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმიდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა პეტრესი, გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქმნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა", ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსში ჩაწერილია: "იქმნას ამიერიდან კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველი", ე.ი. კონსტანტინეპოლის ეკლესია სცნობს და აღიარებს საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებულ ავტოკეფალიას, ხოლო უკრაინის ეკლესია ამიერიდან, ანუ ახლა გახდა ავტოკეფალური.
საქართველოს ეკლესიის მეთაურთან მიმართებაში, სინოდურ განჩინებაში, კონსტანტინეპოლის ეკლესია წერს: "საქართველოს უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვითარცა ავტოკეფალურსა და დამოუკიდებელს, მართლმადიდებელ ეკლესიათა სისტემაში შემავალსა და თვითმმართველს, მიეცეს ძმური თანხმობა და აღიარება ჩვენი უწმიდესი კონსტანტინეპოლის ეკლესიისგან მასზედ, რომ საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებულ იქნეს საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში მისი ტიტული - "მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოჲსა", ხოლო უკრაინის ეკლესიის მეთაურთან მიმართებაში, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში, კონსტანტინეპოლის ეკლესია წერს: "ეყოლება რა პირველიერარქი საეკლესიო საქმეებში და აღიარებული ყოველთაგან კანონიკური წინამძღოლი, რომელსაც ექნება ტიტული "უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა"... ჩვენ გადავცემთ მას პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, რომელიც ეკუთვნის ავტოკეფალურ საეკლესიო მმართველობას", ე.ი. კონსტანტინეპოლის ეკლესია ძმურად აღიარებს და სცნობს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ადრიდანვე არსებულ საპატრიარქო ღირსებას და არ ჰკადრებს თავად (კონსტანტინეპოლი) ახლა რაიმე უფლების გადაცემას მას (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს), ხოლო უკრაინის ეკლესიის მეთაურს, უნეტარესი მიტროპოლიტის წოდებით, ახლა თავად გადასცემს პრივილეგიებსა და უფლებებს.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში, აღნიშნულია: "კიევისა და სრულიად უკრაინის ყოველი უნეტარესი მიტროპოლიტი, თანახმად წმინდა მამების ძველი გადმოცემისა, ვალდებულია მოიხსენიოს მსოფლიო პატრიარქი და ადგილობრივ ეკლესიათა უნეტარესი პატრიარქები და მეთაურები, კანონიკურად განწესებული დიპტიქის მიხედვით, რომელსაც უწმიდეს დიპტიქებსა და საეკლესიო კრებებზე მიებოძა ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურის შემდგომ", ე.ი. უკრაინის ეკლესიას უკვე განესაზღვრა ადგილი მსოფლიო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის შემდეგ, ხოლო ამ მხრივ, არაფერია ნახსენები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ტომოსში, რამეთუ საქართველოს ეკლესია ითხოვს თავის კუთვნილ მეექვსე ადგილს დიპტიქში. მართალია, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ 1990 წელს და ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, თუმცა, ვინაიდან საქართველოს ეკლესიის ადგილის შესახებ დიპტიქში, არაფერია ნახსენები ავტოკეფალიის ცნობის ტომოსში, ე.ი. მიზეზ-შედეგობრივად, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო მხედველობაში იღებს საქართველოს ეკლესიის უძველესობასა და არ გამორიცხავს, რომ ივერიის საყდარს მიეკუთვნოს მოთხოვნილი მეექვსე ადგილი, ან იქნებ სულაც მეხუთე, რომელიც რეალურად ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ცალსახად ჩაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში, რომ წმიდა მირონს, უკრაინის ეკლესია მიიღებს კონსტანტინეპოლისგან, ხოლო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ტომოსში აღნიშნულია: "რაც შეეხება მირონის საკითხს, დაცული იქნება ამასთან წესი, რათა ხილულად და უხილავად შედგეს და განცხადდეს შინაგანი და გარეგანი განუყოფელი ერთიანობა მართლმადიდებელი ეკლესიისა." კონსტანტინეპოლის საყდარი არ მოითხოვს საქართველოს საყდრისგან მირონის მისგან (კონსტანტინეპოლისგან) წამოღებასა და ჩვენეული აღქმით, ფრაზა "დაცული იქნება ამასთან წესი", მოიცავს და გულისხმობს აღიარებას უძველესი დროიდან (სულ მცირე მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებიდან, თუ კიდევ უფრო ადრე არა), ივერიის ეკლესიის მიერ მირონის მომზადების ისტორიული ფაქტისა და კვლავინდებურად, საქართველოს ეკლესიას რჩება თავისი უფლება, თავად მოამზადოს და აკურთხოს წმიდა მირონი, რასაც აღასრულებს კიდევაც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის ტომოსისა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსის შედარების ფონზე, ნათელია, თუ რას ნიშნავს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ ცნობა და აღიარება უძველესი, საუკუნეთა განმავლობაში არსებული ავტოკეფალური ეკლესიის, მისი მეთაურის საპატრიარქო პატივისა და უკვე არსებული უფლებების და მეორე მხრივ, რას ნიშნავს, დაარსება ახალი ეკლესიის, მისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა და მისი მეთაურისთვის უფლებების ამჟამად გადაცემის.
აღნიშნული გარემოებები სასიქადულო და სასიხარულოა საქართველოს ეკლესიის შვილთათვის და ამავდროულად, მეტად საყურადღებო საქართველოს ეკლესიის გრეკოფილურად მოაზროვნე შვილებისთვის.
ვადიდებთ და ვმადლობთ სამყაროს შემოქმედს - ყოვლადწმიდა სამებასა და ჩვენს მარადიულ შემწესა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ გაგვაჩნია პატივი, ვიყოთ შვილნი საქართველოს უძველესი სამოციქულო საპატრიარქო ეკლესიისა, რომელიც დაარსებულია წმიდა მოციქულთა მიერ და ისტორიულად აღვსებულია ავტოკეფალური საპატრიარქო ეკლესიის სრული უფლებამოსილებითა და ღირსებით.
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი, პოლიტოლოგიის მაგისტრი