თქვენ გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები,
რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ქვეყნის ამოყვანა, რომელშიც ერი უნდა ჩავარდნილიყო.
"ჩვენ ბევრი სიკეთე მოგვანიჭა ღმერთმა ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში, როდესაც ერმა დაიწყო შემობრუნება სარწმუნოებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ წარმოუდგენელია ის ცვლილებები, რაც მოხდა საქართველოს ეკლესიასა და ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნების გზაზე. იმდენად დასუსტებული იყო ჩვენი სულიერი ცხოვრება, დაუძლურებული იყო ჩვენი სარწმუნოება, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით უფლისაკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად განვიკურნეთ. ჯერ კიდევ ჩვენს სულიერ სხეულზე არის არაერთი წყლული, არაერთი ჭრილობა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ საკუთარზეც და ერთმანეთზეც. ერთმანეთი არ უნდა განვიკითხოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე არავინ არავიზე მეტი არ არის. ყველა ადამიანი ცოდვილია და ყველა ადამიანს სჭირდება კურნება. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, შეცდომაშია ის, ვინც ვინმეს განიკითხავს. თქვენ გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს?! არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა ასეთი რაღაც თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის, იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ შეიძლება ითქვას, უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ჩვენი ამოყვანა. მართლაც რომ ურჩხულის ხახაში უნდა ჩავარდნილიყო ჩვენი ერი და ამ ხახიდან გამოჰყავს ჩვენი ერი", – განაცხადა მეუფე დანიელმა.