უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობას წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზე გააგრძელებს
28.12.2018
უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობას წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზე გააგრძელებს, - ამის შესახებ წმინდა სინოდის
განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო. განჩინების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს შორის არსებულ ურთიერთობებზე მწუხარებას გამოხატავს.
ილია მეორის განცხადებით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს დაძაბული ვითარებაა შექმნილი. "მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში. ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მეუფე დავითის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცერსების შესახებ მსჯელობა, წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე გაგრძელდება.