ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვადუსამღვდელოესი გრიგოლის განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით
27.12.2018
"საეკლესიო სამართლის პრინციპის თანახმად, დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს ჰქონდეს დამოუკიდებელი ანუ ავტოკეფალური ეკლესია.
ეს უფლება ეხება უკრაინასაც. უკრაინელი ხალხის სურვილი, რომ ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, სავსებით ლეგიტიმურად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ მას აქვს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო (კონკრეტულ პოლიტიკურ საზღვრებში მოქცეული), სადაც ცხოვრობს მილიონობით მართლმადიდებელ ქრისტიანი.
ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ჩვენი ეკლესიისა და ჩვენთა წინაპართა გამოცდილება, გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სხვათა ტკივილი და უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რა სირთულეებისა და რისკების წინაშე დგას უკრაინის საზოგადოება. ისტორიას კარგად ახსოვს 100 წლის წინანდელი ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას.
ვერავითარი არგუმენტი ვერ გადაწონის უკრაინელი ხალხის სურვილს - ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს, რომ გულისყურით და დიდი სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს, რათა უნებლიეთ არ დავაზიანოთ უკრაინელი ხალხის ეროვნული და სულიერი ინტერესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ პატივს მივაგებთ ერთმორწმუნე უკრაინელი ხალხის სურვილს, ჰქონდეს ადგილობრივი ეკლესია და იმედს გამოთქვამთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემატება მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში გააძლიერებს მართლმადიდებლობის ხმას თანამედროვე სამყაროში.
რაც შეეხება კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოთა შორის გაჩენილ უთანხმოებას, გვჯერა, რომ ეკლესიათა შორისი ურთიერთობების პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება, უწმიდეს საყდრებს შეაძლებინებს არსებული კრიზისის დაძლევას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მართლმადიდებელთა სულიწმიდისმიერ ერთობას.
26.12.2018.
(ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნო)