სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში" მერვე წიგნი ბოლო საუკუნეებსა და ჩვენს დროში მცხოვრებ ქართველ წმინდანთა მოღვაწეობის შესახებ
უამბობს პატარა მკითხველს. წიგნის შესავალში მისი შემდგენელი - მანანა ტუაევა - წერს: "ჩემო ძვირფასო, პატარა მეგობარო! ვიცი, ის ამბები, რომელთა მოთხრობაც გადავწყვიტე, ჩემსავით გულზე მოგხვდება და ბევრ რამეზე დაგაფიქრებს.
ისიც ვიცი, რომ თევდორე მღვდლის, ქეთევან წამებულის, თორნიკე ერისთავის, შუშანიკ დედოფლის, ცოტნე დადიანის, მეფე ლუარსაბის და სხვა უთვალავი ქართველი წმინდანის სახელი ბევრჯერ გაგიგონია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არაფერი გსმენია იმ წმინდანთა და მოღვაწეთა შესახებ, რომლებიც თითქმის ჩვენი თანამედროვენი არიან, არც ისე დიდი ხნის წინ - მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეებში, უმძიმეს დროს, ცხოვრობდნენ. ქართული ეკლესია სწორედ მათმა თავგანწირვამ გადაარჩინა.
შენ კი არა, სამწუხაროდ, ახალი დროის მოღვაწეთა და მოწამეთა შესახებ უფროსებმაც თითქმის არაფერი იციან, არადა, მათ წინაშე ყველანი ვალში ვართ - ამ წმინდა ადამიანთა ღვაწლი და ლოცვები ხომ დღემდე გვიფარავს.
მოდი, მე და შენ ერთად ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი შევიტყოთ მათზე და უფროს თაობასაც გავაცნოთ".
ამ წიგნით მოზარდები ნათლად დაინახვენ, რომ წმინდად ცხოვრება მხოლოდ გარდასულ საუკუნეებში კი არა ჩვენს თანამედროვეობაშიც არის შესაძლებელი და იმასაც წაიკითხავენ, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ჩვენი დროის პრობლემებს ეს ადამიანები.
მე-8 წიგნის შეძენა ოქტემბერში კვლავ აქციის ფასში - 4 ლარად შეგიძლიათ ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად.