საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე - ვიმედოვნებთ, მხარეები ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ
01.10.2018
ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული
თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია, - ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხი არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.
"უკრაინაში არსებულ რთულ საეკლესიო ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია. საერთოდ, ეს თემა არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.
რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.