ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსას
01.10.2018
გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლიერებას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებიდან,
სადაც თქვენ მოღვაწეობთ, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათონის მთის ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, პროდრომოსს, რომელიც საქართველოშია ჩამობრძანებული.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში საქართველოში ქრისტიანობის როლსა და მის გავრცელებაზე, ასევე ათონის მთაზე სამონასტრო ცხოვრებასა და საქართველოს კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
"დიდია უფალი და დიდებულოა მისი საქმე. ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. მოგეხსენებათ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, უძველესი რწმენის ქვეყანაა. ქრისტეშობამდე 6 საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ერთი ღმერთის სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ასევე საქართველოში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია.
ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან. მონასტრები დაარსდა მე-4, მე-5, მე-6 საუკუნეებში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი პროდრომოსი ჩამობრძანებულია საქართველოში პირველად. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას თანმხლებ პირებთან ერთად.
საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ათონის მონასტრების მიმართ.ჩვენც გვქონდა სავანეები - ივერონი, იოანე ღვთისმეტყველის სავანე და მრავალი სხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებიდან, სადაც თქვენ მოღვაწეობთ.
ათანასე დიდის ლავრას უკავია განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩემთვის თქვენი ჩამობრძანება ძალიან ძვირფასია.
მე როდესაც ვამთავრებდი სასულიერო აკადემიას, დავწერე საკანდიდატო დისერტაცია - ისტორია ივერთა მონასტრისა. მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე. თქვენო მაღალღირსებავ, რთული დრო არის. ეს სირთულე არა მარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას ჩვენსას", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.
პატრიარქმა ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარ პროდრომოსს მრევლის მიერ დამზადებული ჯვარიც გადასცა საჩუქრად.