ჟურნალ კარიბჭესთან ერთად აგვისტოს განმავლობაში მკითხველი წიგნების სერიის "მეგზური სიკეთის სამყაროში"
მორიგ, მე-6 წიგნს შეიძენს. მისი სათაურია: "ზღაპარს გეტყვი და სიბრძნეს კი გამცნობო".
ეს წიგნი კიდევ ერთხელ შეუძღვება მკითხველს ზღაპრების საოცარ სამყაროში და სულ სხვა თვალით დაანახებს მას ამ სამყაროს ენით გადმოცემულ სიბრძნეს.
მართლაც განსაცვიფრებელია ზღაპრების სამყარო, რომელიც დასახლებულია: "სულელი" და "ფათერაკა" ადამიანებით, რომელთაც ეს საწუთრო დევნის, როგორც გერსა და უცხო თესლს; გამდიდრების მოსურნეებით, რომელთათვისაც უცხოა სხვისი ჭირი და სატკივარი.
ზოგი ბედს უჩივის, ზოგი კი იმითაც ხარობს, რაც აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ ერთადერთი, რაც უნდა აგროვოს კაცმა ამ ქვეყანაზე და რასაც უნდა გაუფრთხილდეს - სიყვარულია. ზღაპრებში ცხოვრობენ ურწმუნო, უგულო, კაცთმოძულე ადამიანები, რომელთაც არ იციან, რა არის ცრემლი და ასევე ადამიანები - მიწაზე მოსიარულე ანგელოზები, რომელთაც ფრთების ნაცვლად სითბოთი, სიკეთით სავსე თვალები და მოყვასის სიყვარულით სავსე გულები აქვთ;
სოფლის მიღმა დამალული მზეთუნახავები, რომლებიც ჯადოსნურ მხარეში ცხოვრობენ, გასაიდუმლოებულნი, წუთისოფელს მოშორებულნი, იქ, სადაც ამა სოფლის ბატონობა არ ვრცელდება. ისინი სეფექალებისგან იგებენ ქვეყანაზე ბოროტების ამბებს და განმარტოებულნი, მთელი გრძნობით მღერიან, რათა გაამხნევონ განსაცდელში ჩავარდნილნი, აიმედებენ იმედდაკარგულებს და მომავალ ნათელ ცხოვრებას ჰპირდებიან ბედკრულთ; ობლები, რომელთაც წრფელი გულისა და უმწიკვლო სინდისის გარდა არაფერი გააჩნიათ. სულიწმიდა უკვალავს მათ გზას.
ზღაპრის სიბრძნე ასეთია: მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება გზაჯვარედინია. გზა წუთისოფლის კეთილსა და ბოროტს შორის გასავლელი. ნუ ჩაბღაუჭებიხარ დახეულ კაბაზე ამ წუთისოფელს. ნუ აჰყოლიხარ მაცდუნებელ, ეშმაკისეულ გულისთქმას. ნუ გეშინია, გაუშვი ხელი და გზას სულიწმიდა გაგიკვალავს.
ამ ზღაპრებში ორი სამყაროა: ეს სოფელი და ჯადოსნური მხარე - ზესთასოფელი, საიდანაც სასწაულმოქმედი საგნები გამოჩნდებიან ხოლმე.
ამ სამყაროების ზღვარი ამავე დროს ადამიანური შესაძლებლობების მიჯნაა. მას მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები - მორწმუნე და ფერნაცვალი გმირები გასცდებიან ხოლმე, ამ სამყაროებს აკავშირებენ და თავისუფლება და სიკეთე მოაქვთ. ეს ამბები დროისა და სივრცის მიღმა ხდება. თითქმის ყოველი ზღაპრის ბოლოს ადამიანები, გარკვეული მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც იჯერებენ, რომ ღმერთია მათთან, მათში და ამქვეყნად მკვიდრდება სიყვარული, სიკეთე, კაცთმოყვარეობა.
ზღაპრების მორალიც ასეთია: თუკი ადამიანი ივლის უფლის მიერ მითითებული გზით და საწუთროს არ შეიყვარებს მოყვასზე მეტად, ჭეშმარიტ ცხოვრებას და სიხარულს დაიმკვიდრებს. ხოლო თუ გული შურითა და ბოღმით ექნება სავსე, ასეთი ცხოვრება არ ღირს. უფალი გვეუბნება, რომ სასწაული ყოველ წუთას ხდება, ოღონდ დანახვა უნდა შეგვეძლოს. ყოველი დღე სასწაულია.
ზღაპარიც ხომ წუთისოფლის მიერ სისულელედ შერაცხულ სიბრძნესთან გვაზიარებს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებულია იქ, სადაც წუთისოფლის ლოგიკა და ბატონობა აღარ ვრცელდება.
გავყვეთ ჩვენს "მეგზურს სიკეთის სამყაროში" - მე-6 წიგნის შეძენა აგვისტოს თვეში კვლავ აქციის ფასში - 4 ლარად შეგიძლიათ.