ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
დეკანოზი შიო პაიჭაძე: -სამხედრო მუნდირი
იუნკერთა დაღვრილი სისხლი წითელი არმიის წინააღმდეგ, პირველი სისხლი წითელი ტერორის საწინააღმდეგოდ, კოჯორი და თალხი თბილისის თავზე, გულგახვრეტილი პატარა გოგონა მარო მაყაშვილი და მოზარდები, რომლებმაც საოცარი სიმამაცე აჩვენეს მტერს. აი კიდევ შინდისის გმირები და გმირი ბიჭების ჯერ კიდევ ცხელი სისხლი სამაჩაბლოს მიწაზე გმინავს. ეს უახლოესი წარსულია აფხაზეთი და ტკივილი დიდი. და აი, მოვიდა მომავალი გირჩებით ხელში და დესტრუქციული "სიმართლით" ქადაგებს ლიბერალიზმს. განა ეს არის ლიბერალიზმი?
დესტრუქციული სექტა პარტია "გირჩი" რელიგიურ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ახალგაზრდებს აწევრიანებს მის შემადგენლობაში მღვდლობის სტატუსით. განა მღვდლობა გაქცევაა სამშობლოს სიყვარულისგან? სამწუხაროდ, უამრავი ახალგაზრდა გაწევრიანდა "გირჩის" ორგანიზაციაში, როგორც "მღვდელი" და უნდათ გაექცნენ სამშობლოს დაცვის ვალდებულებას. რამდენიმე დღის წინ, ამ ორგანიზაციაში ხაშურის რაიონიდან 150 ქართველი მოზარდი გაწევრიანდა. ტრაგედია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს, რომ ვინმეს ისრაელის ან ინგლისის ან ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოს რიგებში გაეკეთებინა, აუცილებლად პატიმრობას შეუფარდებდნენ და სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადებდნენ. ნამდვილად ხართ სამშობლოს მოღალატეები და გმირი წინაპრების ქუსლის მკვნეტელნი.
განა ახალგაზრდა შეიძლება ასე დაეცეს და შეცდეს? დღეს სამხედრო სამსახური საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა და მის რიგებში საამაყოც არის მსახურება. იყო დრო, როცა ჩვენი თაობა სამხედრო სამსახურის დროს კარვებში ვცხოვრობდით და ასე ვიცავდით სამშობლოს საზღვრებს. ამაყები ვიყავით და ერთმანეთის გატანა შეგვეძლო. თითოოროლა თუ იყო ეგრეთ წოდებული "დეზერტირი". დღეს დეზერტირობა მოდად აქციეს და ახალგაზრდები ამაყად მიაბიჯებენ სამშობლოს მოღალატეთა რიგებში. ისე მართალია: "მარტო წვრთნაც კი რას უშველისო".. რატომ დაეცა ასე ქართული საზოგადოება? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან დიდი და ვრცელი, ასევე მწარეც. რა თქმა უნდა ბევრს გული ეტკინება ამის ანალიზის პროცესში, მაგრამ სჯობს ცუდად შეხორცებული თავიდან გახსნა რომ შემდგომ კარგად და სწორად შეხორცდეს.
როცა "გირჩი" გამოვიდა არენაზე, სახელმწიფომ არაფერი იზრუნა ამის გამო და ისიც კი გაბედეს გირჩელებმა, რომ ნარკოტიკი ტელევიზიით, პირდაპირ ჩართვაში დათესეს, რომ კიდევ ერთხელ დაეცინათ ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. თუმცა, სახელმწიფომ ამისი უფლება მისცა და დღეს მივიღეთ უმძიმესი შედეგი და ეს ის შედეგია, რომელის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ველოდოთ კიდევ უფრო მეტ აქტივობას ამ პროტესტანტულ რელიგიურ მარაზმისაგან, რომელსაც მისცა ქართულმა საზოგადოებამ იმისი უფლება, რომ იარსებოს. ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ შეურაცყოფილი, როგორც ქართველი, მღვდელი და ყოფილი სამხედრო პირი, რომელიც მუდამ მზად ვარ დავიცვა ჩემი ქვეყანა სისიხლის უკანასკნელ წვეთამდე. განა თორნიკე ერისთავი აღარ ისწავლება სკოლებში?
განა ცხრა ძმა ხერხეულიძის გმირობა მაინც არ გაგიგონიათ, განა უახლესი ისტორიიდან გიორგი ანწუხელიძის უდიდესი ენით გამოუთქმელი წამება არ გიხილავთ ინტერნეტში "იუთუბზე", როგორ ვერ დააჩოქეს და ქართული დროშის შეურაცხყოფა ვერ აიძულეს. შემდეგ ცოცხლად დაწვეს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მისი ფერფლი ასჯერ სჯობს ბევრ ცოცხალს, რომელსაც "გირჩის" ოფისებისკენ მიუწევს გული. მგონი დადგა დრო, ამ ოფისების დახურვა დაიწყოს და სახელმწიფომ იმოქმედოს როგორც წესია და მას შეეფერება. ეკლესია , როგორც მეუფე შიომ ბრძანა, კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე. დავანებოთ ერთმანეთის ჭამას თავი. სამშობლო და ჩვენი რწმენა საფრთხეშია. დადგა ჟამი იმისა, რომ გავერთიანდეთ, თორმემ სულ მალე კაცს კაცი აღარ ერქმევა საქართველოში. ქართველი ქალები უფრო მეტად რაინდულები არიან, ვიდრე კაცები, ამას ქართველი ქალი არ იკადრებს, რასაც ქართველი კაცები კადრულობენ.
გვახსოვდეს, რომ დიქტატურას ორი მხარე აქვს: უკიდურესი ლიბერალიზმი და უკიდურესი ტირანია. ორივე დიქტატურაა, მაგრამ ლიბერალიზმის დიქტატი უფრო მძიმედ დასამარცხებელია ვიდრე ტირანია.
ახლა მარიხუანას ლეგალიზებაც მოახდინეს და უკვე აისახა ეს ჩვენს საზოგადოებაზე. არავინ აღარ ერიდება არც ბავშვებს და არც ქალებს. ქუჩა ყარს ნარკოტიკის სუნით და უკვე ეს მძიმე შედეგამდე გავიდა. ნარკოტიკი არის მძიმე სენი და შეიძლება სნეულება ლეგალიზებული იყოს?
ლეგალიზებული სიკვდილი, აი ამას მისცა ხმა ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს ის სასამართლო არ არის, რომელიც ნარკო დამოკიდებულს ციხეში სვავდა? განა ციხე არის გამოსწორების საშუალება? საჭიროა ამის აკრძალვა და სწორი მიმართულების მიცემა. პატრიარქის მრავალი მოწოდებისა მაინც არ ისმენს იერარქნი პოლიტიკოსებისა მის შეგონებას. გრძელი სანთლებით ხელში ხშირად ნახავთ მდგომარეებს სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ ამაოდ!
ჩვენ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ და ვიღწვოდეთ, რომ აფხაზსა და ოს ძმებს ჩვენთან ყოფნა მოუნდეთ და ამ დროს პირიქით, ვიქცევით და ვკარგავთ მათ. ვკარგავთ ამით ჩვენს ტერიტორიებს და არა მარტო ტერიტორიებს, ქართველობას, ქრისტიანობას ღირსებას.
მამა შიო პაიჭაძე