გამომცემლობა "პალიტრა L"- ი მკითველებს მორიგ უნიკალურ სერიას სთავაზობს - სამედიცინო რეცეპტების დიდი კრებული, რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები
და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო, მცენარეული რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნი მკითხველისთვის უცხო არ არის, ზემოთ აღნიშნული 2 ტომეული ერთ წიგნად გამომცემლობას უკვე გამოშვებული ჰქონდა, აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერი იყო და ძალიან მალე დეფიციტში აღმოჩნდა. სწორედ მომხმარებლის თხოვნითა და მათი სურვილების გათვალისწინებით კი ახლა წიგნი 2 ტომად გამოვა და გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან"" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება. მკითხველს 25 ივნისიდან, ,,2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტის"" პირველი ტომის შეძენა კვირის პალიტრასთან ერთად სპეციალურ ფასად, 12 ლარად შეეძლება.
წიგნის ავტორი და რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი:
- "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" "კარაბადინის" ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მკითხველში პოპულარობით და სანდოობით სარგებლობს და რაც მთავარია, თითქმის ყველა ოჯახში დაიდო ბინა. მივხვდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მკითხველისთვის მსგავსი შინაარსის წიგნის მიწოდებას, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამედიცინო რჩევები კიდევ ერთ წიგნად გამოგვეცა. მოგეხსენებათ, ფარმაცევტულ ბაზარზე პრეპარატების უმეტესობა მცენარულია - წიგნიც სწორედ მცენარეული რეცეპტების ბაზაზეა შექმნილი, გვაწვდის სხვადასხვა საჭირო რჩევებს მცენარეულ პრეპარატებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურ ანალოგებს და გაცილებით მარტივია გამოსაყენებლად. თანაც, მათი მიღება ხანგრძლივად შეიძლება, უსაფრთხოცაა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. ოფიციალური, კლასიკური მედიცინა ამ პრეპარატებს აღიარებს, საქართველოში კი მოგეხსენებათ, ფიტოპრეპარატებისა და რეცეპტების დიდი, ბუნებრივი წყარო გვაქვს, საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო მცენარეული მედიცინის სამშობლოდ. ექიმი გახლავართ და ამ თემით ძალზე დაინტერესებული ვარ. ჩემი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, მცენარეულ რეცეპტებს ყოველთვის ვიყენებ და შემიძლია ყველა მოქმედ ექიმებსაც ვურჩიო.
- სახლის პირობებში რამდენად მარტივადაა შესაძლებელი ამ მცენარეული პრეპარატების მომზადება? ზოგჯერ წიგნებში ისეთი იშვიათი მცენარეები და რთულად მოსამზადებელი რეცეპტები გვხვდება, რომ ბევრი უარს ამბობს რჩევების გათვალისწინებაზე და ისევ სააფთიაქო მედიკამენტების გამოყენებას არჩევს. ბუნებრივია, სანდოობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რეცეპტი რამდენად ზუსტი და უსაფრთხოა.
- წიგნი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ რეცეპტები სახლის პირობებში დამზადებისთვისაა გათვალისწინებული, მათი გამოყენების პირობები, რაიმე სახის გართულებები და გვერდითი ეფექტები დაზუსტებულია. ჩვენ მიერ მოწოდებული სამედიცინო რეცეპტების კრებული წარმოადგენს ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" 13-14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარ კრებულს, დავამატე რამდენიმე ახალი რეცეპტიც, რომლებიც აქამდე არ დაბეჭდილა, ასე რომ, სრული პასუხისგებლობით შემიძლია გითხრათ - ,,2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რომელიც სამედიცინო მიმართულებით გამოქვეყნებულა. მაქსიმალურად ვეცადეთ, წლების განმავლობაში რეცეპტები დაგვეხვეწა თავისი დოზებით და ა.შ. ის, რომ თითოეული მათგანი თავის დროზე ექიმების ჯგუფის მიერაა დაწერილი და შემოწმებული, სანდოობას, ცხადია, ზრდის. კრებულში მოხვდა მკითხველებისგან შემოსული რეცეპტებიც, რომელთაც ხშირად გვიგზავნიან რედაქციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ისინიც გადამოწმებულია. ხალხურ მედიცინაში მართლაც ხშირად გვხვდება ისეთი მცენარეები, რომლებიც რთულად მოსაპოვებელია, ჩვენს რეცეპტებში კი ინგრედიენტები მაქსიმალურადაა დაახლოებული რეალობასთან.
- კონკრეტულად, რომელი დაავადებების სამკურნალო რეცეპტებია წიგნში წარმოდგენილი?- რეცეპტები ორგანოთა სისტემების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, ცალ-ცალკეა გამოყოფილი კუჭ-ნაწლავის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა რეცეპტები, რათა მკითხველს მისთვის საინტერესო რეცეპტის მოძიება გაუადვილდეს.
შეგვიძლია, რამდენიმე მარტივი რჩევა გაგიზიაროთ - მაგალითად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ლიმონი, თაფლი და ალოეს კომბინაცია ძალიან სასარგებლოა, ტუბერკულოზის დროსაც კი იყენებდნენ ამ ძველ, ხალხურ რეცეპტს. ასევე სასარგებლოა შავი ღვინოს, ალოეს და თაფლის კომბინაციაც. ხველების შემთხვევაში ვირისტერფა ან ქონდრის ჩაი შეუცვლელი საშუალებებია, თუნდაც, დაჭრილი ხახვი შაქრით ან თაფლით, ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ქონდრის ჩაი პნევმონიის დროსაც კი, ანტიბიოტიკზე არანაკლებ ეფექტიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმის მიერ დანიშნულ ანტიბიოტიკზე უარი ვთქვათ და ქონდრით ვიმკურნალოთ - ის მხოლოდ დამხმარე საშუალებად უნდა გამოვიყენოთ მკურნალობის დასაჩქარებლად, ქონდრის ჩაი ბრონქიტების დროსაც საოცრად ეფექტურია. დღეში 2-3 ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ.
დღეს გახშირებულია ნერვული პათოლოგიები და ამ მხრივაც, ბევრი სასარგებლო რეცეპტი შეგიძლიათ ჩვენს წიგნში ამოიკითხოთ. იმის გამო, რომ სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, დღის ბოლოს, თუნდაც კატაბალახას, შავბალახას ნაყენის, კუნელის, ბარამბოს მიღება, სასარგებლოა. არაერთი რეცეპტი გვაქვს კანზე გამონაყარის ან თმის ცვენის სამკურნალოდაც. დღეს საქართველო იოდის დეფიციტის ზონას წარმოადგენს, ენდოკრინულ დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილავთ წიგნში და სასარგებლო რჩევებსაც ვთავაზობთ მკითველს. ცალკე პრობლემაა არასწორი დიაგნოზიც, რომელსაც საკუთარ თავს პაციენტები შეცდომით უსვამენ, დაუზუსტებლად, გამოკვლევის, ექიმის გარეშე. ასევე დაუშვებელია თვითნებურად ან არაპროფესიონალის რჩევით მისი მკურნალობა! ვიმეორებ, რეცეპტები, რომელთაც ამ წიგნში გთავაზობთ მკურნალობის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. დიაგნოზის დასაზუსტებლად კი ექიმს უნდა მიმართოთ.