პატრიარქმა ზაზა სარალიძე და მისი ოჯახი მიიღო და დალოცა
05.06.2018
"პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ზაზა სარალიძის თქმით, მან პატრიარქს უამბო ყველა ის საკითხი დეტალურად, რასაც ნებისმიერ ადამიანს ეუბნება.
"ვიყავით შესული ლოცვა-კურთხევის ასაღებად. შეხვედრაზე ვიყავი ჩემს მეუღლესა და მეორე შვილთან ერთად. პატრიარქმა დაგვლოცა და გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. კონკრეტული მეტი არაფერი. ემოციებით გამოვედით შეხვედრიდან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდეც დიდი სურვილი ჰქონდა ოჯახთან ერთად პატრიარქთან შეხვედრისა და რადგან შანსი მიეცა, მას არ გაუშვებდა ხელიდან.