საპატრიარქო - მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია
01.06.2018
ეკლესია გამაერთიანებელია და ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქო განცხადებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და გამოძიების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
"ეკლესია გამაერთიანებელია და ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.
ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.
თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.