ბოლნისში, ელიას მთის ტერასებზე, რამდენიმე დასახელების ქართული ვაზი გაშენდა
01.06.2018
ბოლნისში, ელიას მთაზე, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე, რამდენიმე დასახელების ქართული ვაზი გაშენდა.
ვაზის დარგვის ცერემონიის დასრულების შემდეგ წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლნური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გამართა. დეგუსტაციაზე 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარდგენილი.
,,ელიას მთის ტერასებზე 90%-ზე უნიკალური ჯიშის ვაზი, კერძოდ, შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე, რქაწითელი და საფერავი გაშენდება. ვაზის ამ ჯიშებთან ერთად, შერეულად დაირგვება ყველა ის ჯიში, რომელიც ქვეყენაში ხარობს და აპრობირებულია აქაურ ჰავაზე, იქნება მუჟურეთული, ალექსანდროულიც, ცოლიკაურიც და ბევრი სხვა ჯიშიც. უნიკალური ვენახი გაშენდება და მისი ანალოგი საქართველოში არ იქნება",- განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მისივე თქმით, ელიას მთაზე უძველესი ქართული ჯიშის ვაზის გაშენება, მხოლოდ მათი იდეაფიქსი არ არის, ბოლნისი არის რეგიონი, სადაც თითქმის ყველა ჯიშის ვაზი ხარობს.
,მონასტერში უკვე ფუნქციონირებს მარანი, რომელიც ტაძრისა და კელიების პარალელურად აშენდა. მონასტერს ბოლნისის სხვა ტერიტორიაზე უკვე აქვს ვენახები, რომელიც არ არის იმ მასშტაბის, რომ მარანი მთლიანად შეივსოს, ამიტომ, ის ტაძრის მრევლის შემოწირულობით ივსება და ადგილზე იწურება მონასტრის ღვინო. ახალი ვენახის გაშენებით, მონასტრის მარანი უკვე ადგილზე მოყვანილი ყურძნით შეივსება", - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ვაზის დარგვის ცერემონიალში მონაწილეობას ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ეპარქიის მღვდელმსახურები, მიწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ. ღონისძიების ორგანიზატორი ბოლნისის ეპარქია და ადგილობრივი ხელისუფლებაა. ელიას მთაზე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით 2008 წელს შემოწირულობებით დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე, უნიკალური ვენახის გაშენების იდეაც, ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ეფრემს ეკუთვნის.