საპატრიარქო - საზოგადოების ნაწილში სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა, თუმცა, უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ
13.05.2018
მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად,
თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა, - ამის შესახებ საქართველოს საპარტიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა, თუმცა, უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ.
"ჩვენი მოქალაქეები შეძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა", - ნათქვამია განცხადებაში.