საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
29.03.2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიუნდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქსა
და პრეზიდენტს კემეროვოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს. თქვენო უწმინდესობავ, 26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,
თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით",- აღნიშნულია ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ილია მეორე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა. "მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში",- წერს უწმინდესი.
სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.
აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული. ვლადიმერ პუტინმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.