მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
25.03.2018
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში ჩვენმა ერმა კიდევ ერთხელ
უდიდესი ჭრილობა მიიღო არჩილ ტატუნაშვილის სახით. მის ოჯახთან ერთად თითოეულმა ქართველმა დიდი ტკვილი განიცადა. მაგრამ გავიმეორებდი დიდი ქართველის სიტყვებს: " ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა" და ღვთის მადლითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით დღემდე ცოცხლები დავრჩით. და თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ასე იქნება ვიდრე აღსასრულამდე ამა სოფლისა.
უფალი ბრძანებს: " არა მოიღო სახელი უფლისა ღრმთისა შენისა, ამაოსა ზედა". სამწუხაროა და აღმაშფოთებელია ის ანტიმართმადიდებლური, ანტიეკლესიური კამპანია და მკრეხელური გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდება რუსთავი 2-ის, თუ სხვა უღმრთო მესვეურთა მიერ. სახეზე გვაქვს უკიდურესი შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობებისა, იმ უდიდესი საუნჯისა, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმ დროს, როცა მსოფლიო რუკიდან გაქრა არაერთი დიდი სახელმწიფო.
როდესაც ჩვენი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა თავისი ობიექტური ვნებათაღელვა, რასაც ჩემი აზრით, მეორე მხრიდან მოჰყვა მათი ემოციების პროვოცირება და "ცეცხლზე ნავთის დასხმა", ამან წარმოშვა ფზიკური დაპირისპირება.
ამ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ილახება მართმადიდებელთა უფლებები და ღირსება , კანონით კი არავინ ისჯება, ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს რამდენად მართლზომიერი და მიზანშეწონილი იყო ახალგზრდების პატიმრობაში გაშვება, რითაც მოხდა ფსევდოლიბერალური და უღმერთო საზოგადოების გუნდრუკის კმევა და ამით მათი უზნეო გამოხტომების წახალისება.
პიროვნებამ, რომელმაც შეურაცხყო უწმინდესი სახელი ღვთისა, უტიფრად არ მოიხადა ბოდიში და არ ითხოვა შენდობა. ვინც არ ითხოვს პატიებას, მას არც ღვთისგან მიეტევება...
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)
25.03.2018