თბილისის ანჩისხატის საკათედრო ტაძრის 1500 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის,
ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარის, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის, ვახტანგისა (ლიპარტელიანი) და ანჩისხატის ისტორიის მკვლევრისა და ამ ხატის ეკლესიაში დაბრუნების მოთხოვნაზე ხელმოწერების ინიციატორის, რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის თაოსნობით, სასტუმრო "მერიოტის" მირიან მეფის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, სასულიერო პირები, მეცნიერების და ხელოვნების წარმომადგენლები, ჟურნალისტები.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ანჩისხატის ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე, იმსჯელეს ამ სიწმინდის მუზეუმიდან მის სახელდებულ ტაძარში დაბრუნების შესაძლებლობაზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება ანჩისხატის ისტორიაზე, რომელიც მაყურებელს წარუდგინა მღვდელმსახურმა მალხაზმა (ყიფიანი). მისი განცხადებით: "ისტორიული მოვლენების საუკეთესო გაშუქებისათვის ფილმი არაერთგზის დაჯილდოვდა სხვადასხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ამ სიხარულის თანაზიარი გავმხდარიყავით. კიევში მან პირველი ხარისხის დიპლომი აიღო. კვიპროსის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, პოლონეთის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ეკლესიებსა და სათვისტომოებში ფილმმა მაყურებლის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა".
მეუფე ვახტანგის განცხადებით, ანჩისხატისა და მისი სახელდებული ტაძრის ირგვლივ შექმნილი ვითარება ფართო მსჯელობის საგანია. განვიხილავთ, როგორი გზა უნდა ავირჩიოთ თანამშრომლობისათვის. ეს კონფერენცია ამ გზაზე პირველი ნაბიჯია. ეკლესია მზად არის ღია კონსულტაციებისათვის. არაერთი წელია, არსებობს აზრი, ანჩისხატი დაუბრუნდეს საეკლესიო სივრცეს, რასაც მიეძღვნა ეს შეკრება. მომავალშიც ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ეს პროცესი ვრცელ სამუშაოს მოიცავს. ერთი მხრივ, არის საგამოფენო სივრცე, მეორე მხრივ - ეკლესია. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ მომავალში კონსესუსს მივაღწიოთ. მთავარია, ჩვენი გადაწყვეტილება უსაფრთხო იყოს ხატისთვის და ჩვენი ურთიერთობისთვისაც.
"საქართველოში უამრავი სიწმინდე მაშინ შემოვიდა, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა დაიწყო, - აღნიშნა საქართველოს ეკლესიის რეალური, მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგემ, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), - ბევრი სიწმინდე დაიკარგა. მრავალი, გადარჩენილი, დღესდღეობით მუზეუმებშია. ანჩისხატი არის ხელთუქმნელი პირი ღვთისა. იოანე დამასკელი ეუბნებოდა ხატმებრძოლებს, რომ თავად იესო ქრისტემ, ჩვენმა მაცხოვარმა შექმნა პირველი ხატი, პირი ღვთისა, რომლის სახე მანდილზე აღიბეჭდა და ეს ხატი დღეს მუზეუმშია. ეს არის ჩვენი ერის დიდება და მადლი უფლისა, სწორედ იმიტომ ვართ დღეს შეკრებილნი აქ, რომ განვიხილოთ, რა მდგომარეობაშია ეს სიწმინდეები. ათეიზმის დროს, მე-20 ს.-ის 30-იან წლებში, ანჩისხატის პატიოსანი თვლების 50% დაიკარგა. ამას წინათ გახლდით ცენტრალურ მუზეუმში მის სანახავად და ვერ ვიტყვი, რომ ის დაცული არ არის, მაგრამ რაიონული ეკლესიის საცავები, რომლებიც სავსეა ჩვენი ეკლესიის სიწმინდეებით, ოლარებით, ნაქსოვებით, სხვა ძველი ნივთებით, ნამდვილად ნადგურდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ბატონმა ზაზა ნანობაშვილმა ბევრი იმუშავა ამ საკითხზე. სვანეთში არის დაცული IV-V-X-XI სს.-ის საეკლესიო სიწმინდეები და, გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ ამ შესანიშნავ სიმდიდრეს თვითონ ხალხი იცავდა. მათ ათეიზმის დროსაც შეძლეს ამ ნივთების დაცვა. მჯერა, ჩვენი ხალხიც დაიცავს ანჩისხატს. ის ეკლესიაში უნდა იქნას გადატანილი. ანჩისხატის ტაძარიც საოცარია. იქ იჯდა კათალიკოსი, ან პატრიარქი, ეს უძველესი ტაძარია, რომელიც საგანგებოდ ააგო მცხეთელმა კათალიკოსმა. სიონი თბილელი ეპისკოპოსის საყდარი იყო. გელათი იყო ჩვენი უდიდესი სულიერი კერა. მას ახალ ათინას, ახალ იერუსალიმს უწოდებდნენ. როცა დაიკარგა მისი ძალა და ძლიერება, ეს ტვირთი ანჩისხატმა აიღო. ანტონ კათალიკოსის ეპოქაში აქ გაიზარდნენ საოცარი მეცნიერები, მღვდელმთავრები, თეოლოგები, ფილოსოფოსები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. მინდა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, და შევთხოვოთ უფალს, გააძლიეროს საქართველო".
"შემთხვევითი არ იყო, რომ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ უდიდესი ხატის და მისი სახელდებული ტაძრის ისტორიას გავცნობოდით, - განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა, - როგორც დღეს წარმოდგენილი ფილმიდან, ისე უძველესი ჟურნალებიდან, "ლოცვანებიდან", სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტებიდან, მრევლში, თუ მეუფე ანანიას კათედრაზე სტუდენტებთან შეხვედრისას, ღვთის ნებით, გვიხდება ასეთი სახის მუშაობა საქართველოშიც, უცხოეთშიც. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ბევრი მხარდამჭერი გვყავს ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, ბევრი მართლმადიდებელი, ამ ხელთუქმნელი ხატის წყალობით, აღმსარებელი გახდა. არ უნდა დაგვავიწყდეს უახლესი წარსული. ჩვენს თაობას ახსოვს, რომ ვორონცოვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია საწყობად იყო გადაკეთებული, მეტეხის ტაძარი - თეატრად, ანჩისახატი - სახელოსნოდ, ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი - აბანოდ და ა.შ. ქალაქში სულ რამდენიმე ტაძარი ფუნქციონირებდა. აღარაფერს ვამბობ უწმინდესი ილია მეორის უდიდეს ღვაწლზე, რომლის ხელმძღვანელობითაც ამ 40 წლის მანძილზე სულიერი უდაბნოდან მადლით მოირწყა და აღორძინდა ასეულობით ეკლესია, - ზაზა ნანობაშვილმა შეკრებილთ გააცნო 1923 წელს მიღებული კანონის ამონარიდი, რომელიც უარყოფითად აისახა შემდეგ წლებზე. თუნდაც ანჩისხატზე, რომელიც შემკული იყო ძვირფასი თვალ-მარგალიტით და მათგან დღეს თითქმის აღარაფერი დარჩა.
- მე უფრო ის მიხარია, რომ დღეს, ეკლესიაც და მთავრობაც, უკვე საქმიანად მსჯელობს და აქტიურად განიხილავს ამ საკითხს. მრავალწლიანი ბრძოლისა და მუდმივი მოთხოვნის შემდეგ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სახელმწიფოსთან ამ ხატის დაბრუნებაზე შესაბამისი დაცვითი პირობების შექმნით. რამდენიმე უცხოურ კომპანიასთანაც გვაქვს კონსულტაციები. მცირეოდენი წინააღმდეგობები ალბათ ისევ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია, სიმტკიცით, სიმშვიდითა და სიდინჯით დავხვდეთ ყოველ ახალ გამოწვევას.
კონფერენციას წინ უძღოდა საპატრიარქოს მიერ ბატონ ზაზა ნანობაშვილისადმი გადაცემული წერილი ანჩისხტის დაბრუნების თაობაზე ათასობით ხელმომწერთა მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც მადლობას უხდიან მას, როგორც ინიციატორს მორწმუნეებთან ერთად წლების მანძილზე გაწეული შრომისათვის:
"ჩვენ მადლობას გიხდით წლების მანძილზე გაწეული შრომისა და მონდომებისათვის, რაც მორწმუნეებთან ერთდ გამოიჩინეთ ანჩისხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით.თქვენი და ხალხის ჩართულობა მუზეუმში დაცულ სიწმინდეებთან დაკავშირებით, ალბათ, გაგრძელდება და ეკლესიასთან უფრო ახლო თანამშრომლობის სახეს მიიღებს."