ილია მეორე - ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა, სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, ასევე, აძლევს მისი ტარების ძალას
11.03.2018
ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა, სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, ასევე, აძლევს მისი ტარების ძალას,
- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
"განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ და დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელსაც ვატარებთ, ეს არის ღვთისგან ბოძებული, თუ ჩვენი ნებით აღებული. მძიმეა ჯვარი ღვთისგან ბოძებული, მაგრამ აუტანლად მძიმეა, როდესაც თვითონ იღებთ ჯვარს. ყოველ ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს (და ჯვარი განსაცდელია), იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი.
ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ღმერთი არის სიყვარული. გაჭირვების დროს უნდა თქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადამარჩენს. ღმერთმა ინებოს, რომ ის ჯვარი, რომელიც მოგვცა ღმერთმა, ბოლომდე მივიტანოთ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში",- განაცხადა პატრიარქმა.