რუსთავი 2 – წმინდა სინოდის წევრები უცხოელ დიპლომატებს რუსულ საფრთხეებზე ესაუბრნენ
07.03.2018
წმინდა სინოდის წევრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მღვდელმთავრების შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში შედგა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო.
წმინდა სინოდის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრა არაფორმალური იყო, რომლის მიზანი იმ ოფიციალური შეხვედრების შეჯამება იყო, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დასავლეთში გამართეს.
"არავისთვის არ არის უცხო, რომ პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ბოროტება და უბედურება დასავლეთიდან მოდის და ეს მაინც მიმართულია საზოგადოების დეზორიენტაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანას სერიოზული ამოცანები აქვს განსახორციელებელი," – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, გულისტკივილი გამოხატა, რომ რუსეთს საქართველოსთან სათანადო ურთიერთობა არა აქვს.
"დღევანდელ დღეს ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნავთ და გამოვხატავთ, რომ რუსეთი სათანადოდ არ აფასებს საქართველოს და სათანადო ურთიერთობა არა აქვს. ეს გულისტკივილი არის. გადის დრო, არ იცვლება ურთიერთობა არც აფხაზეთში, არც ოსეთში. ხედავთ, რაც ხდება საერო მხარეზე, ასევე საეკლესიო მხრივაც. გვინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობა იყოს, მაგრამ პოზიტივს ვერ ვხედავთ," – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.