საქართველოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო
06.03.2018
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
საპასუხო წერილს უგზავნის.
პატრიარქ კირილის მიერ ილია მეორისთვის გამოგზავნილ წერილს საქართველოს საპატრიარქო ასაჯაროებს.
"გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.
პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.
ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით", - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.